გულახდილი საუბრები

დედამთილმა წამომაძახა: ჩემმა შვილმა ფულის გამო მოგიყვანა ცოლად, სილამაზით შენ არ ბრწყინავ და აღარც სხვისკენ გაიხედოსო

№19

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 19.05, 2022 წელი

40 წლის ქალი
დაკოპირებულია

საკმაოდ შეძლებულ ოჯახში გავიზარდე. არაფერი მაკლდა, თუმცა, საახლობლო და სამეგობრო წრეს ქონების, ჩაცმისა და სხვა რამის გამო არასოდეს ვირჩევდი. არც ჩემს მშობლებს უთქვამთ, ღარიბთან არ იმეგობრო ან მდიდარი ბიჭი მოძებნე, შენი შესაფერისიო. 

ვცდილობდი, იმ მეგობრებს დავხმარებოდი, ვისაც უჭირდა. არასოდეს მენანებოდა გაცემა და მათაც ანგარების კი არა, უბრალოდ, ჩემი ადამიანური ხასიათის გამო ვუყვარდი. გიგა რომ გავიცანი, სტუდენტი ვიყავი. თავიდანვე თბილი ურთიერთობა გვქონდა და არც შეყვარებულობის პერიოდში მოგვსვლია კამათი. ისე იქცეოდა, ასე მეგონა, ჩემ გარდა სამყაროში გოგოს ვერ ხედავდა. საჩუქრებითაც მანებივრებდა და სიურპრიზებითაც. მამამ მანქანა რომ მიყიდა, ტარება არ ვიცოდი და გიგიმ მასწავლა. ჩემს ოჯახში რომ ამოვიდოდა, მოკრძალებულად, ზრდილობიანად იქცეოდა. ჩემს მშობლებს ძალიან შეაყვარა თავი. მართლა სიგიჟემდე მიყვარდა და ვენდობოდი. ცოლად რომ გავყევი, მაშინ დაიწყო პრობლემები. ერთ დღესაც მითხრა: როდემდე უნდა ველოდო შენებს, ბინას როდის გვიყიდიან, რომ ცალკე გადავიდეთო. ვიფიქრე, ალბათ, ხუმრობს, თორემ ასეთ რამეს სერიოზულად როგორ მეტყოდა-მეთქი და მეც ხუმრობით ვუპასუხე: რამდენი ბავშვიც გვეყოლება, მამაჩემი იმდენ ბინას გვიყიდის-მეთქი. გაღიზიანდა: რა ბავშვი, ახლა მინდა ცალკე ცხოვრებაო. არადა, დედასთან და ძმასთან არაჩვეულებრივი დამოკიდებულება ჰქონდა. თან, მე დედისერთა ვარ და რატომ უნდა ეყიდათ სხვა სახლი? მამამ ისედაც უზარმაზარი საკუთარი სახლი ააშენა, თავისი ბაღითა და ისიც ჩემი არ არის? მეორედაც რომ მითხრა სახლის ყიდვაზე, მაშინ კი მოგვივიდა კამათი. არაფერი დაუკლიათ ჩემს მშობლებს. რომ გავთხოვდი, ავეჯიდან, ფარდებიდან და ჭაღებიდან დაწყებული, ჩასაცმელ-დასახურით, ჭურჭლით დამთავრებული, ყველაფერი ახალი მიყიდეს და ნამდვილად ვერ ვეტყოდი, ბინაც მიყიდეთ-მეთქი. თან, გიგას ნათქვამი ჰქონდა, არასოდეს ვიცხოვრებ სიდედრ-სიმამრთან, სულ რომ ქუჩაში მომიწიოს ყოფნაო. ერთი სიტყვით, კამათის მერე ურთიერთობა გაგვიცივდა. ვხვდებოდი, ჩემ მიმართ როგორ შეიცვალა და იმასაც კარგად ვხედავდი, ჩუმად სხვა გოგოებს როგორ ეკურკურებოდა. ეს ვერ მოვითმინე და კატეგორიულად დავაყენე საკითხი: ჩემთან ყოფნა თუ გინდა, სხვა გოგოები დაივიწყე, არ ვაპირებ ღალატის მოთმენას და თავზე რქების დადგმას-მეთქი. დედამთილს გაუგია ჩემი ხმამაღალი ნათქვამი და სანამ გიგა გამცემდა პასუხს, შემოვარდა და დამიწყო ყვირილი: ამდენი ვითმინე და უნდა გითხრა! რა გგონია, ჩემმა შვილმა რის გამო მოგიყვანა ცოლად? სილამაზით შენ არ ბრწყინავ და აღარც სხვისკენ გაიხედოს ბიჭმა? დიახ, უნდა მოითმინო და შეეგუო, დიახ, ზუსტად ფულის გამო მოგიყვანა ცოლად, აქამდე ვერ ხვდებოდიო. კინაღამ სისხლი ჩამექცა ტვინში. ენა ჩამივარდა, ვერაფერი ვუთხარი და ტირილი დავიწყე. გიგა კი იდგა გაჩუმებული და ხმას არ იღებდა. იმ დღესვე ვაპირებდი ჩემს მშობლებთან წასვლას და ქმართან დაშორებას, მაგრამ ჩემმა მაზლმა შემაჩერა. მითხრა: ხომ იცი, დედა აფექტურია. მეც ცივად მექცევა, გიგა ჰყავს კერპად და გეხვეწები, ნუ მიიტან გულთან მის ნათქვამს, თვითონვე მიხვდება და შერცხვებაო. თან, მამა ტრადიციული კაცია, ვერ აიტანდა ჩემი ოჯახის დანგრევას, ისედაც გულის პრობლემები აქვს და ვიცი, ისე ინერვიულებდა, ცუდად გახდებოდა. იძულებით დავრჩი ქმრის ოჯახში, თუმცა, ხშირად მივდივარ ჩემებთან და რომ ვრჩები, ეჭვობენ და მეკითხებიან: რამე ხომ არ მოხდა, ქმრის გარეშე რატომ რჩები, გიგაც მოვიდეს, რამდენი ხანია, აღარ გვინახავსო. რა ვუთხრა? ვუმალავ და ვეუბნები, გიგა დაკავებულია და ვერ ახერხებს მოსვლას, მე მენატრებით და მოვდივარ-მეთქი. ნამდვილად ვერ ვეტყვი, რომ ცოლად ფულის გამო მომიყვანა და ახლა კი იმას ითხოვს, ცალკე ბინა უყიდოთ-მეთქი. არ ვიცი, როდემდე შევძლებ ტყუილში ცხოვრებას და ქმრის სახლში ყოფნას. თან, დედამთილს არ ველაპარაკები, ქმარიც ისე გვიან მოდის სახლში, უკვე დაძინებული ვხვდები და მხოლოდ მაზლი თუ დამიჯდება და დამელაპარაკება. ხანდახან ვფიქრობ, ალბათ, ღმერთმა დამიფარა, რომ ორსულად არ დავრჩი და დროულად გამოააშკარავეს თავი-მეთქი. თუმცა გამოსავალს მაინც ვერ ვხედავ. ისიც არ ვიცი, როდემდე ავიტან ასე ყოფნას.

ლიზი, 26 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი