დედაჩემის ხასიათის გამო ჩემი და ადრეულ ასაკში გათხოვდა, მე კი გაუთხოვარი დავრჩი
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 16.11, 2023 წელი

არასოდეს მიფიქრია, ჩემი ოჯახის ამბავი და მით უმეტეს, დედას საქციელი, საჯაროდ გამომეტანა, მაგრამ ვფიქრობ, ჯობს, ასე მოვიქცე, იქნებ ვინმეს მაგალითად გამოადგეს. არ ვიცი, რისი ბრალია, მაგრამ დედას ისეთი ხასიათი აქვს, ოჯახის ვერცერთი წევრი ვერ ვუგებთ.
დასავლეთში, ზღვისპირა ქალაქში დავიბადე. მშვიდი ბუნების ვარ და არასდროს ვყოფილვარ ჯიუტი და ურჩი. დღემდე მორჩილი ხასიათით გამოვირჩევი, მაგრამ ეს დედაჩემს არასდროს აკმაყოფილებდა და ჩემდამი ასეთი განწყობით არასრულფასოვნების კომპლექსი ჩამომიყალიბა. ბავშვობიდან იმას მაგონებდა, რომ ვერასოდეს მივაღწევდი იმას, რა ოცნებებიც მქონდა, არასოდეს მოვეწონებოდი ჭკვიან და კარგი ოჯახის შვილს, ვერასოდეს ვიქნებოდი წარმატებული. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე სიყვარულში გამომტყდომია, სულ ეჭვი მეპარებოდა, რომ მატყუებდნენ ან დამცინოდნენ. თუ რამეს დავისახავდი მიზნად, სულ დედის სიტყვები მახსენდებოდა, რომ ვერ ავიხდენდი ოცნებას და უკან ვიხევდი. იმავეს უმეორებდა ჩემს დას და გოგომ სკოლა არც კი დაამთავრა ისე გათხოვდა. დღეს წარმატებული ქალიცაა და საუკეთესო ოჯახიც აქვს. კიდევ კარგი, ჩემსავით არ დაუჯერა დედას და დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება, რაც მის პირადს ეხებოდა. მართალია, არ ვამართლებ, რომ ისე გათხოვდა, სკოლაც კი არ ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ გაუმართლა და დღეს უბედნიერესი ადამიანია. სხვათა შორის, დედაზე იყო გაბრაზებული და ამიტომ გადადგა ეს ნაბიჯი. მახსოვს, თანაკლასელის დაბადების დღეზე იყო, სახლში მოსვლა დააგვიანდა და დედა ისე ეჩხუბა და ისეთები უთხრა, იმ საღამოსვე დაურეკა ბიჭს, რომელსაც უყვარდა და ცოლად გაჰყვა. მამა, წლებია, სოფელში გადავიდა საცხოვრებლად. სოფლის მეურნეობას ეწევა. ასე რომ, დედაჩემს მხოლოდ მე შევრჩი ხელში და თუ ვინმეზეა გაბრაზებული, მთელი დღე ჩემზე ანთხევს ბოღმას, ჩხუბობს და ჩემი გაკეთებული არაფერი მოსწონს. სულ იმას მაყვედრის, რომ ჩემზე ორსულობისას ძალიან ცუდად იყო და მშობიარობისას სიკვდილს ძლივს გადაურჩა. დედამთილთანაც, ანუ ბებიაჩემთან, ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვს. სოფელში, სადაც ის და მამა ცხოვრობენ, საერთოდ არ ჩადის. მე რომ მივდივარ მათ სანახავად, ჯუჯღუნებს, მაგრამ კატეგორიულად ვერ მიკრძალავს. ხანდახან ვცდილობ, მის სიტყვებს ყურადღება არ მივაქციო, მაგრამ მიჭირს. რამდენჯერაც მამა ჩამოვიდა, მაშინ აუტყდა ჩხუბი და კამათი, გამონახა მიზეზი და იმდენი ქნა, ახლა საერთოდ აღარ ჩამოდის. მისმა ჩხუბმა მართლა მომაბეზრა თავი. ერთი სიტყვით, მისმა ამ დამოკიდებულებამ დამანგრია, გაუთხოვარი დამტოვა. რამდენ ბიჭსაც მოვეწონე, ყველა დაიწუნა. ზოგის გარეგნობა არ მოსწონდა, ზოგის – გვარიშვილობა, ზოგის – ოჯახის წევრები, ზოგის – სამუშაო და ზოგის – სანათესავო. ყველა დედას ვთხოვ: დაუფიქრდით ყოველ სიტყვას, რასაც შვილს ეტყვით ან სანამ რამეს გააკეთებთ. იფიქრეთ იმაზე, რომ შვილს ცხოვრება არ დაუნგრიოთ. თქვენი საქციელით ნუ დააზარალებთ და დააკომპლექსებთ შვილებს, თორემ, მათაც მოუსპობთ ბედნიერ მომავალს და თავადაც ცუდად დაგიბრუნდებათ ეს ყოველივე. დედაჩემის გამო მე ვერც საყვარელი მამაკაცი დავიყენე გვერდით, ვერც მამას ვხედავ, ვისზეც მზე და მთვარე ამომდის და ვერც დასთან ვატარებ ბევრ დროს. ისეთი ეგოისტია, მხოლოდ მის გარშემო უნდა იტრიალოს ყველამ, მისი სიტყვაა მთავარი და მართალი. უკვე იმ ასაკში ვარ, ვცდილობ, სხვა ავარიდო მის ხასიათს და ჩემს თავზე გადატყდეს ჯოხი. ამის გამო იძულებული ვარ, ყველას და ყველაფერს მოვწყდე და გამოვაკლდე. თუმცა ძალიან მტკივა გული, რომ მის გამო ყველა ჩემს ოცნებაზე ავიღე ხელი, უარი ვუთხარი ბიჭს, მიყვარდა, ჩამოვიცილე და დავრჩი მარტო. ახალგაზრდებსაც ვეტყვი: დამიჯერეთ, ყოველთვის მშობელი როდია მართალი. რასაკვირველია, უნდა მოუსმინოთ, გაითვალისწინოთ, მაგრამ თავად უკეთ იცით, რა და ვინ არის თქვენი მომავლისთვის კარგი.
თეონა, 42 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან