გულახდილი საუბრები

ჩემს პირადში მშობლების ჩარევამ სიცოცხლის ბოლომდე ჯოჯოხეთური განაჩენი გამომიტანა

№15

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 18.04

ქალის აღიარება
დაკოპირებულია

ჩემი მშობლები ადრეულ ასაკში დაქორწინდნენ და მეც მალევე გავჩნდი. ყოველთვის მემაყებოდა, ასეთი ახალგაზრდა დედ-მამა რომ მყავდა. მათთან ერთად ყველგან მიხაროდა წასვლა. ბავშვობიდან ვფიქრობდი: მეც მალე უნდა გავთხოვდე, რომ ჩემს შვილებსაც ასეთი ახალგაზრდა მშობლები ჰყავდეთ და იამაყონ-მეთქი. 

არ ვიცი, რატომ, მაგრამ თაყვანისმცემელი ბიჭების სიმრავლით ყოველთვის გამოვირჩეოდი თანატოლებისგან. ბოლო კლასებში კი ერთი უბნელი ბიჭი გადამეკიდა, ყველა თაყვანისმცემელი ჩამომაცილა და გასაქანს არ მაძლევდა. ძალიან ავარდნილი იყო და მასთან შეხვედრას ყოველთვის ვერიდებოდი. ხან თბილად მელაპარაკებოდა, ხან შეხვედრებს მაძალებდა, ხან მაშანტაჟებდა და მისი ასეთი არეული ხასიათი და მიდგომები ძალიან მაშინებდა. რასაკვირველია, სახლში ამას ვერ ვამხელდი. თუმცა, ერთ დღესაც ჩემმა მასწავლებელმა დაურეკა დედას და უთხრა: ესა და ეს ბიჭი ყოველდღე სკოლასთან ხვდება თქვენს გოგოს. გავიგე, მოტაცებას უპირებს და გთხოვთ, ყურადღება მაიქციეთო. გადაირია დედა, მამას ვერ გაუმხილა, შეეშინდა, კაცები ერთმანეთს არ დაპირისპირებოდნენ და რამე ცუდი არ მომხდარიყო, ამიტომ ამხელა გოგო დილით ხელჩაკიდებული მივყავდი სკოლაში, გაკვეთილების დამთავრების მერეც სკოლასთან მხვდებოდა და სახლში ერთად მივდიოდით. იმ ბიჭმა შემომითვალა: როდემდე გდევს დედიკო, დაამთვრებ სკოლას და მაინც ჩემი ცოლი გახდები, ეს კარგად დაიმახსოვრეო. მოკლედ, მისი შიშით, ფეხს ვერსად ვადგამდი. სკოლა რომ დავამთავრე, დედამ შეაპარა მამას: ბევრ ბიჭს უყვარს ჩვენი გოგო, არ მინდა, ვინმე უბედურს გადაეკიდოს, ჯერ კიდევ ბავშვია, მეც სულ კუდში ხომ არ ვდევ, იქნებ ვინმე წესიერ ადამიანს ჩავაბაროთ და გავათხოვოთო. არ ვიცი, დედას ეს აზრი საიდან გაუჩნდა, რომ ასე უსიყვარულოდ, მართლა ბავშვი, გავეთხოვებინე და არც ის ვიცი, მამა როგორ დაითანხმა, მაგრამ არავის უკითხავს ჩემთვის, რამდენად ვიყავი მზად გათხოვებისთვის, ოჯახური თანაცხოვრებისთვის და უცხო ოჯახში დიასახლისობისთვის. მოკლედ, ყველაზე ბედნიერი ვიყავი იმ წელს, როცა სკოლის დამთავრებისთანავე სტუდენტი გავხდი. იმ დღეს დიდი სუფრა გაიშალა ჩვენს ოჯახში და არა მარტო ნათესავები, მამას მეგობრებიც მოვიდნენ. მათ შორის იყო ერთ-ერთი, რომელიც არასოდეს მინახავს. როგორც გაირკვა, მშობლებმა სწორედ ის ამირჩიეს საქმროდ. ის კაცი მამაზე მხოლოდ ხუთი წლით იყო უმცროსი. თუმცა, შევამჩნიე, რაც ხდებოდა და ვცდილობდი, ოთახიდან ხშირად გამოვსულიყავი და ჩემს ოთახში ვმჯდარიყავი. ერთი სიტყვით, ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმ კაცმა რამდენიმე დღეში დამნიშნა და მას შემდეგ ქორწილამდე, ყოველდღე ძვირფასეულობით, საჩუქრებითა და ყვავილების თიგულებით ამოდიოდა ჩვენთან. სიმართლე გითხრათ, არც მიფიქრია მშობლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. რა ხდებოდა ჩემს თავს, ვერ ვაანალიზებდი და ისე აღმოჩნდა, რომ უნივერსიტეტში, პირველ კურსზე, პირველ ლექციაზე, საქმრომ მიმიყვანა მანქანით და იმ საღამოს მის სახლში ამოვყავი თავი. რამდენიმე დღეში ქორწილიც გადაიხადეს. სწორედ ამ დღიდან დაიწყო ნამდვილი ტანჯვა ჩემთვის. უკვე თხუთმეტი წელია, მისი ცოლი ვარ, უსიყვარულოდ გავლიე ამდენი წელი, მართალია ფუფუნებაში და უზრუნველად, მაგრამ უგულოდ და ცივად. რთულია, როცა იცი, მხოლოდ ცოლის მოვალეობას ასრულებ და ქმრის მიმართ სიყვარულის ნაპერწკალიც არ გაგაჩნია. ამ წლების განმავლობაში, სრულიად გაჭაღარავდა და ბავშვებთან ერთად რომ მივდივართ სადმე, იფიქრებთ, მათი ბაბუაა, მე კი – მისი შვილი. ასეთი უსიყვარულო ცხოვრება ნამდვილად ჯოჯოხეთია და ძალიან ვნანობ, მაშინ რომ წინააღმდეგობა არ გავუწიე მშობლებს, რომლებიც სიყვარულით დაოჯახდნენ, დღემდე ის სიყვარული მოჰყვებათ და აბედნიერებთ.

თათია, 33 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

17-23 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი