გულახდილი საუბრები

ჩემმა მშობლებმა იმ კაცზე გამათხოვეს, ვინც ჩემზე იძალადა

№8

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 02.03, 2023 წელი

30 წლის ქალი
დაკოპირებულია

თავს არ ვიქებ, მაგრამ გარეგნულად ყოველთვის გამორჩეული გოგო ვიყავი. ჩემს მშობლებს საკმაოდ კარგი თანამდებობები ეკავათ და არც ჩაცმა-დახურვა მაკლდა. 

მოკლედ, რაიონში გამორჩეული ოჯახის შვილი ვიყავი და თან, წარმატებული მოსწავლე. სკოლის დამთავრების შემდეგ სამედიცინოზე მინდოდა ჩაბარება. ჩემს უმცროს დას დაბალი იმუნიტეტი ჰქონდა, მცირე გაციებაზეც კი სიცხე უწევდა და ექიმი პედიატრი ხშირად დადიოდა ჩვენთან სახლში და მეც, მას რომ ვუყურებდი, ბავშვობიდან მინდოდა, პედიატრი გამოვსულიყავი. მოკლედ, სკოლა წარჩინებით დავამთავრე, ბოლო კლასში კერძო რეპეტიტორებთანაც ვემზადებოდი და გამოცდების ჩასაბარებლად თბილისში ვაპირებდი წამოსვლას. ვინ დამაცადა ოცნებების ახდენა. ერთ დღესაც, მეგობართან მიმავალი, მანქანაში ჩამტენეს და მომიტაცეს. ის ბიჭი, ანუ კოტე, სულ ორჯერ მყავდა ნანახი, არც კი ვიცნობდი. რამდენიმეჯერ ყვავილები გამომიგზავნა და დაბადების დღეზე ნახატი მაჩუქა, რომელიც არ მივიღე და მის ძმაკაცს უკან გავატანე. მეგობრები კი მაფრთხილებდნენ, თავზე ხელაღებული ტიპია, ფრთხილად იყავიო, მაგრამ მე მეღიმებოდა და ვპასუხობდი: მამაჩემის შიშით, ზედმეტს ვინ რას მეტყვის-მეთქი. მითხრა კი არა, დამავლო ხელი და გამიტაცა. რასაკვირველია, ატყდა ერთი ამბავი, ჩემი მშობლები და მთელი სანათესავო ფეხზე დადგა. გაიკითხ-გამოიკითხეს და იმ საღამოსვე თავზე დაგვადგნენ. კოტეს ნათესავთან ვიყავით, რაიონთან ახლოს. იმ ნათესავს ვთხოვდი, ვემუდარებოდი: ნუ დამღუპავ, წამიყვანე სახლში, ახლა დავამთავრე სკოლა, ინსტიტუტში უნდა ჩავაბარო, თან, ჯერ არ მინდა გათხოვება და კოტესაც კარგად არ ვიცნობ-მეთქი. მაგრამ, ვინ მათხოვა ყური. ერთი სიტყვით, ჩემები რომ მოვიდნენ, დედამ და დეიდამ გამიყვანეს გვერდით და მკითხეს: რამე მოხდა თქვენ შორის? დამორცხვებით ვუთხარი: კი, მოხდა, მაგრამ არ მიყვარს და ამ ბიჭთან არ დამტოვოთ-მეთქი. ცივად შებრუნდა ორივე, მამას რაღაც უჩურჩულეს, ისიც გატრიალდა და მანქანაში ჩაჯდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ძალადობით, ისე, რომ არც კი ვიცნობდი კოტეს, მისი ცოლი გავხდი და იმის გამო, რომ ქალიშვილი აღარ ვიყავი, მშობლებმა სახლში წაყვანაზე უარი მითხრეს. მეტი გზა არ მქონდა, შევეგუე ბედს და იმ ადამიანის გვერდით ცხოვრებას, ვინც არ მიყვარდა. მისი ეჭვიანობის გამო, ფაქტობრივად; ყოველდღე ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ვიყავი. რასაკვირველია, სწავლის გაგრძელებაზე უარი მითხრა, მეგობრებსაც ჩამომაშორა და სახლში გამომკეტა. რამდენჯერაც დედაჩემ-მამაჩემთან გაშორებაზე ჩამოვაგდე საუბარი, გადაირივნენ და ბოლოს გამაფრთხილეს: ეს საკითხი დახურულია, ძალიან გთხოვთ, თუ ოდნავ მაინც პატივს გვცემ, მეორედ არ გაიმეოროო. ვიფიქრე, ესაა ჩემი ბედი, ალბათ; ეს მეწერა შუბლზე-მეთქი და ბედს დავემორჩილე. შვილი რომ მეყოლა, მთელი ყურადღება მასზე გადავიტანე და კოტე ამაზეც კი ეჭვიანობდა. სულ წუწუნებდა: რა არის, შვილი ვის არ ჰყოლია... ზედ არ მიყურებ, მარტო შვილი ხომ არაა, მე ადამიანი არ ვარ? ბოლო-ბოლო კაცი ვარ და მეც მინდა ყურადღებაო. ასე მეგონა, ის შვილიც კი არ უყვარდა და საერთოდ, მეც მისი ახირება ვიყავი და არა სიყვარული. ერთხელ მისი ძმაკაცი მოვიდა, ხუმრობით წამოცდა საუბარში: ბიჭები ვიდექით ბირჟაზე. ჩანთით, სკოლაში მიდიოდი და რომ ჩაგვიარე, ყველამ ვთქვით, ვა, რა ლამაზი ბავშვიაო და კოტემ მაშინ დაიფიცა, ეს გოგო ჩემი უნდა გახდესო. თან დააყოლა, მანამდე სხვა გოგო უყვარდა, ის გოგო გათხოვდა და მისი ქმარი სასიკვდილოდ სცემა, საავადმყოფოში მოხვდა, ძლივს გადაარჩინეს საწყალი. ისეთი ხასიათი აქვს კოტეს, შენ სხვებსაც მოსწონდი, მაგრამ ამას ვინ რას გაუბედავდაო. მაშინ მივხვდი, მისი ეჭვიანობა და უნდობლობა ჩემდამი საიდან მოდიოდა. თან, რადგან ბევრ ბიჭს მოვწონდი, ამან „იკაცა“, სხვებს დაასწრო და ჩემი თავი გასტაცა. მოტაცების ავბედითი დღიდან საკმაო ხანი გავიდა, მაგრამ იმ ქმედებას, რაც მან ჩემ მიმართ ჩაიდინა, ვერ ვპატიობ. ფაქტობრივად, ბავშვი ვიყავი და ამით ისარგებლა. შვილი მეზრდება და ასე რომ ვინმე მოექცეს, ერთი წამით არ გავაჩერებ მის გვერდით. სხვათა შორის, ახლა ხვდებიან ჩემი მშობლები, რომ შეცდომა დაუშვეს. მითხრეს კიდეც: გვეცოდები, ქმრის გვერდით უსიყვარულოდ რომ ცხოვრობ. გვეგონა, შეგიყვარდებოდა, მაგრამ მოვტყუვდითო. მადლობა ღმერთს, ჩემი და მაინც სიყვარულით გათხოვდა და მას რომ ვუყურებ როგორი ბედნიერია, მიხარია.

ნინო, 36 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი