გულახდილი საუბრები

ჩემმა დედამთილმა ვერ შემიყვარა, ჩემს შვილებს კი ზედ ჰყვება

№21

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 30.05

დედის აღსარება
დაკოპირებულია

პირველივე დღიდან დაწუნებული რძალი ვარ. ვერა და ვერ მოვიგე ჩემი დედამთილის გული. მისგან სიყვარულს არ ველი, უბრალოდ, პატივისცემა მინდოდა. ვცდილობდი, ქმრისთვის იდეალური ცოლი ვყოფილიყავი და ვარ კიდეც. ჩემი საყვარელი ადამიანი კი მაფასებს, მაგრამ დედამისი დასანახად ვერ მიტანს. ძალიან რთულია მის გვერდით ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, მაგრამ სხვა გზაა არაა. ვერ ხვდება, რომ ამ საქციელით მე კი არა, მის შვილს არ სცემს პატივს.

ცხრა წელია, მათი ოჯახის წევრი ვარ და ისე მექცევა, თითქოს მეზობელი ვიყო. თუმცა, შვილიშვილებზე გიჟდება. მათ გამო, ყველაფერს გააკეთებს. არ მესმის, როგორ შეიძლება, გიყვარდეს ბავშვი და დედამისს ვერ იტანდე? რა გავაკეთო, ასეა. მთელი სანათესავო ჩაერია, ელაპარაკნენ, მაგრამ აზრი მაინც ვერ შეაცვლევინეს. ცდილობს, ჩემსა და ჩემი ქმრის შუაში ჩადგეს, რას აღარ აკეთებს, რომ ჩვენ შორის ურთიერთობა გაცივდეს, მაგრამ ვერ ვხვდები, ეს რად უნდა. მე რომ მათი სახლიდან წავიდე, ხომ არ ჰგონია ბავშვებს მას დავუტოვებ? ერთხელ ვკითხე კიდეც: რა დაგიშავეთ ასეთი, რომ ვერ მიტანთ, მე ხომ თქვენი შვილი მიყვარს, თქვენი შვილიშვილების დედა ვარ, პატივს გცემთ, ვცდილობ, თავი შეგაყვაროთ და გამაგებინეთ, რაშია პრობლემა-მეთქი. არ დამავიწყდება, ზიზღის თვალით შემომხედა და მითხრა: ჩემი თქმა რად გინდა, მიდი სარკესთან და ჩაიხედე, სად ჩემი შვილი და სად შენ, ერთი ის გამაგებინე, ორმეტრიანი ბიჭი, როგორ შეაბი და დააბრმავე, მეტრ-ნახევრიანმა გოგომო. არადა, ნამდვილად არ ვარ დაბალი. საშუალო სიმაღლის ვარ, უბრალოდ, ჩემი ქმარი მართლაც მაღალია. ვერ ვხვდები, სიმაღლე და სიგანე რა შუაშია, როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს? ორი ბიჭის დედა ვარ და ღმერთმა დამიფაროს, ასეთი დედამთილი ვიყო. ჩემი ქმარი არ ეჭვიანობს ჩემზე, ამას კი კონტროლზე ვყავარ აყვანილი. ცხოვრება გამიმწარა. ამბობენ, ქმარიც საშინელ დღეში ჰყავდა, სულ აკონტროლებდა, ეჩხუბებოდა, ამცირებდაო. საწყალი, ინფარქტით გარდაცვლილა ორმოცდაათი წლის ასაკში. ნამდვილად არ ვამბობ, ცოლის ბრალი იყო მისი გარდაცვალება-მეთქი, მაგრამ წარმომიდგენია, რა დღეში ეყოლებოდა ის ცხონებული. მეშინია, ბავშვებს ჭკუა არ გადაუბრუნოს და ჩემ მიმართ ნეგატიურად არ განაწყოს. თუმცა, სწავლაში ეხმარება, სკოლიდან დაბრუნებულებს, სადილს ახვედრებს, საღამოს წიგნებს უკითხავს, სკვერშიც დაჰყავს სათამაშოდ. ბავშვებსაც ძალიან უყვართ. ენა როგორ მომიბრუნდება და ბებიაზე აუგს როგორ ვეტყვი, მაგრამ ხომ ხედავენ მის დამოკიდებულებას ჩემდამი. და რომელ შვილს მოსწონს, როცა მისი დედა არ უყვართ, მით უმეტეს, ოჯახის წევრებს. ჩემს ქმარს არაერთხელ დაველაპარაკე ამ თემაზე, მაგრამ მეუბნება: რა ვქნა, დედაჩემია, ხომ იცი, მის მეტი არავინ მყავს და არ მინდა, გული ვატკინო. მოითმინე, გთხოვ, ხომ იცი, მიყვარხარ და შენზე რაც არ უნდა მითხრას, ერთ ყურში შევუშვებ და მეორიდან გავუშვებო. სათქმელად ადვილია. გული დამიავადდა, ვხვდები, ნერვებიც წკიპზე მაქვს. მეც იმის გამო ვპატიობ ყველაფერს, რომ ჩემი ქმრის დედაა და ბავშვები უყვარს, მაგრამ მეც ხომ ადამიანი ვარ. ვის სიამოვნებს, როცა მასზე ნათესავებსა და მეზობლებში მხოლოდ ცუდს ლაპარაკობს. ვპატიობ, ვყლაპავ, თვალს ვხუჭავ, მაგრამ გულზე მხვდება და მტკივა. ზუსტად ვიცი, აქამდე თუ არ შეიცვალა ჩემზე აზრი, აწი კარგს არც უნდა ველოდო. უბრალოდ, მისი საქციელების გამო ჩემს ჯანმრთელობას ვიზიანებ და არ მინდა, ჩემს შვილებს დაავადებული დედა შერჩეთ ხელში. თანაც, რის გამო? ბებიის ახირებების გამო! ბევრისგან მსმენია, სანამ გავთხოვდებოდი, დაწუნებული რძალი ვიყავი ან ვარო და ვერ ვხვდებოდი და ვერ ვუგებდი, რამდენად რთული იყო. ახლა კი, როცა ჩემს თავზე დავცადე, არავის განვსჯი. დაქალმა ისიც კი მითხრა: შენი ქმრის ბრალია, დედამისს მოაკეტინოსო. მაგრამ, ამისიც მესმის, არ უნდა დედას აწყენინოს, ჰგონია, დედამისი ერთ დღეს მიხვდება, რომ უსამართლოდ მექცევა. მე კი, ასე არ ვფიქრობ. ზუსტად ვიცი, ცხოვრების ბოლომდე ასეთი დამოკიდებულებაში იქნება ჩემ მიმართ.

ნინო, 42 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა