გულახდილი საუბრები

ჩემი მაზლისგან სექსუალურ მზერებს ვგრძნობ

№30

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 05.08, 2022 წელი

40 წლის ქალი
დაკოპირებულია

გამომწვევი და ვულგარული გოგო არ ვარ, თუმცა, ისეთი აღნაგობა მაქვს, არასოდეს მაკლდა ბიჭების დაჟინებული მზერა. 

დიდი მკრედისა და ქალური ტანის ფორმების გამო, თინეიჯერობიდან მოყოლებული, დაკომპლექსებული ვარ და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიხდება, არც მოკლე ქვედაბოლოს ვიცვამ და არც გულამოღებულ ზედებს. ვცდილობ, უბრალო და დახურული სამოსი მეცვას. მით უმეტეს, რაც გავთხოვდი, ვერიდები ისე ჩაცმას, რომ ვინმეს ყურადღება მივიპყრო. მართალია, პათოლოგიურად ეჭვიანი ქმარი არ მყავს, მაგრამ არ სიამოვნებს, როცა ყურადღების ცენტრში ვარ და მეც ანგარიშს ვუწევ. ამ ბოლო დროს მაზლისგან ვიგრძენი დაჟინებული მზერა. ჯერ ვიფიქრე, ალბათ, მომეჩვენა, თვალი გაუშტერდა-მეთქი, მაგრამ, რომ გავიარე და მოჭუტული თვალი გამომაყოლა, მივხვდი, გულში რასაც ფიქრობდა. ზოგადად, ძალიან მექალთანეა და ცოლიც სხვა ქალის გამო გაშორდა. ვცდილობ, როცა სახლშია, მოვერიდო და თვალში არ მოვხვდე, მაგრამ საკუთარი სახლიდან ხომ არ გადავიკარგები? ეს რომ მისმა ძმამ შეამჩნიოს, ვიცი, მოკლავს და შარს ვერიდები. თან, უხერხულად ვგრძნობ თავს. მანამდე, სანამ ამას შევამჩნევდი, სექსუალურ თემებზე დამიწყო საუბარი. ვიფიქრე, ალბათ აინტერესებს ქალის ფსიქოლოგია ამ მხრივ-მეთქი და ავყევი. დაუკრეფავში რომ გადავიდა, საუბარი შევაწყვეტინე და ოთახიდან გავედი. მერე ტრუსიკით დაიწყო სახლში სიარული, ცხელა და რა ვქნაო. თუმცა, როცა მისი ძმა, ანუ ჩემი ქმარი სახლშია, ვერ ბედავს. მეც იძულებული ვარ, სანამ ის სახლში შიშველი დატანტალებს, ან სამზარეულოში ვიყო და ან ჩემს საძინებელში. სამი წელია, გათხოვილი ვარ და შვილი არ გვყავს. ამას წინათ ჩემს ქმარს გაეხუმრა: რა არის, ბიჭო, ერთი შვილი ვერ გაგიკეთებია? მე ხომ ვერ დაგეხმარები ყველაფერშიო. ისეთი თვალებით გახედა ჩემმა ქმარმა, ვიფიქრე, შემოაკვდება-მეთქი, მაგრამ სიტუაცია ისევ ჩემმა მაზლმა გაანეიტრალა – რას იფოფრები, გეხუმრე ბიჭო, რაც ცოლი მოიყვანე ხუმრობა აღარ გესმისო. ისე გავბრაზდი, მინდოდა სილა გამეწნა. მოკლედ, ამ ბოლო დროს, გავივლი – გამომაყოლებს თვალს, გამოვივლი და ისევ მის დაჟინებულ მზერას ვაწყდები. არ ვიცი, რა გავაკეთო. მინდა დავისვა და დაველაპარაკო, მაგრამ ისევ მე მერიდება.. ვიცი ისეთი ინტრიგანია, აქეთ მომდებს შარს. ამას წინათ დედამთილთან ერთად მითხრა: რა არის, გოგო, ამ პაპანაქება ზაფხულში რომ დახურული მაისურითა და შარვლით დადიხარ, თუ შენი ქმარი არ გყიდულობს, მე გიყიდი შიფონის გამჭვირვალე სარაფანს და იქრიალე სახლში, ნიავმა გაგიაროსო. სანამ მე მკვახედ ვუპასუხებდი, დედამთილმა დამასწრო და ხმა ჩააკმენდინა. მაგრამ სულ ვიღაც ხომ არ მეყოლება გვერდით? თან, ცდილობს, როცა ოჯახის წევრები სახლიდან გადიან, ჩემთან უფრო ახლოს იყოს. არ დამავიწყდება, ახალი რძალი ვიყავი, სამსახურიდან მოსულმა, ლამაზად შეფუთული საჩუქარი მომიტანა და მითხრა: შენი თვალის ფერს მოუხდება და სიხარულში ატარეო. გამიხარდა, ვიფიქრე, მაზლს როგორ ვუყვარვარ-მეთქი. გადავკოცნე, მადლობა გადავუხადე, ერთი სული მქონდა გამეხსნა და რომ გავხსენი, ლამის წნევამ დამარტყა – აბრეშუმის შარფს შიშველი ქალები და ქალის და მამაკაცის ეროტიკული პოზები ეხატა. ეგრევე გადავმალე და მერე კი გადავაგდე. კი ვიფიქრე, ალბათ ნაჭერი და ფერები მოეწონა და ზედ რა ეხატა ვერ შეამჩნია-მეთქი, მაგრამ ახლა ვხვდები, ეს განგებ მაჩუქა. რამე რომ მეთქვა, იტყოდა: უი, არც დამიხედია, რა ეხატა, ფერი მომეწონა და გიყიდეო. ვიცი, ეს ამბავი, ასე არ დასრულდება და მეშინია, რამე არ მოხდეს და საბაბი მე არ ვიყო. ჩემი ქმარი ნამდვილად არ მოუთმენს ჩემდამი ასეთ დამოკიდებულებას და თუ მისი მზერა შეამჩნია, ნამდვილად ვერავინ გააკავებს, ვერც უშველის და ძმა ხელში შემოაკვდება.

ნინი, 27 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი