გულახდილი საუბრები

ჩემი ქმრის შვილმა დედა რომ დამიძახა, თითქოს მეორედ დავიბადე

№1

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 14.01, 2021 წელი

ქალის ამბავი
დაკოპირებულია

„თბილისელების“ მკითხველი პირად ცხოვრებაზე გვიყვება 👇

ბოლო წლებში ჩემი ქმარი განსაკუთრებულად ყურადღებიანი და თბილი გახდა ჩემ მიმართ. არც კი მიეჭვია, რომ ეს მის ცხოვრებაში შემოჭრილ ახალ ურთიერთობას უკავშირდებოდა. რას წარმოვიდგენდი, რომ საყვარელს გაიჩენდა, ასეთი რამ აზრადაც არ გამივლია, თუმცა, მისი ასეთი დამოკიდებულება და შეცვლა კი მაფიქრებდა.

ვერც კი გავიგებდი მისი საყვარლის შესახებ, თავად რომ არ ეთქვა: ხომ იცი, როგორ პატივს გცემ, არ მინდა, შენგან დამალული რამე მქონდეს, შევცდი, გიღალატე, გრძნობებს ავყევი და გეხვეწები, მაპატიეო. მეგონა, ხურმობდა და ჩემი რეაქცია აინტერესებდა და მეც გავეხუმრე: კარგი რა, რა ვნება, რა სისუსტე, რას ბავშვობ-მეთქი. ერთი სიტყვით, გამომიტყდა, რომ ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა ასაკით პატარა გოგოსთან, რომელიც მისგან ორსულად იყო და შვილს ელოდებოდა. დავიბენი, გავბრაზდი, მეწყინა, მეტკინა – ყველაფერი ერთად განვიცადე. ტიროდა და მემუდარებოდა, არ ვაპირებ მასთან ურთიერთობის გაგრძელებას, მაგრამ დაიჟინა ბავშვს არ მოვიცილებ, უნდა გავაჩინოო. დაიფიცა და მეც დავუჯერე.

გავიდა დრო და ბავშვი გაჩნდა. არ ვეკითხებოდი ჩემს ქმარს, ნახა თუ არა, მივიდა თუ არა, ბავშვი ხელში აიყვანა თუ არა. თავადაც არაფერს ამბობდა. ერთ დღესაც, სამსახურიდან დაბრუნებული, დამიჯდა და მომიყვა – იმ გოგოს შვილი რაიონში, მშობლებთან დაუტოვებია, თავად თურქეთში წასულა სამუშაოდ თუ მამაკაცებთან გასართობად, არავინ იცის, ბავშვი ძალიან ცუდ პირობებშია და არ ვიცი, რა ვქნა, მაინც ჩემი შვილიაო. მე ვუთხარი: მე ვერაფერს გეტყვი, ბავშვი ცოდოა, მაგრამ მე თვითონ რა გავაკეთო-მეთქი.

შარშან, ახალი წლის მეორე დღეს გადაწყვიტა ბავშვის მონახულება და წავიდა. არ დამიშლია. ზუსტად ბედობა დღეს, 2 იანვარს კი ბავშვით ხელში შემოაღო კარი. საოცრად ლამაზი გოგონა მოიყვანა და მთხოვა: რა ვქნა, ვერ გავიმეტე სიღარიბეში, უპატრონიდ დასატოვებლად. გთხოვ, არ ჰკრა ხელი, ჩვენ გავზარდოთ, ბიჭები გვყავს და დას მიხედავენო. სიმართლე გითხრათ, იმდენად ლამაზი და საყვარელი იყო, მოფერება მომინდა. ქმარი კი გავაფრთხილე: კი ბატონო, გავზარდოთ, ლუკმას არ დავამადლი და არც სითბოს მოვაკლებ, მაგრამ დედამისი აქ არ დავინახო ფეხმოდგმული. ბავშვს ვერც გარეთ გავაგდებ, გავზრდი და მერე თავად მიხვდება, როგორი დედაც ჰყავს-მეთქი.

ორი ბიჭი მყავს და თოჯინასავით ექცეოდნენ პატარა დაიკოს. ისე უყვართ, დღემდე მას იფიცებენ. ისე შეგვაყვარა თავი და ისეთი „მაიმუნჩიკია“, ვერც კი წარმომიდგენია მის გარეშე ცხოვრება. უბრალოდ, მეშინია, დედამისი არ მოვარდეს, არ მოჰკიდოს ხელი და წაიყვანოს. ჩემი ქმარი ამბობს, სასამართლოს წესით ჩამოვართმევ დედობას და ვერ წაიყვანსო. ახლა წლინახევრისაა და ძალიან ჰგავს მამას.

მოკლედ, ამ საახალწლოდ, სანამ ბავშვებს ეძინათ, ნაძვის ხე ავაწყვე, სახლი გავალამაზე, ბუხარზე საჩუქრები დავალაგე და დივანზე მივწექი, მათ გაღვიძებას ველოდებოდი. დაღლილს ჩამძინებია და უცებ მესმის ხმა: დედა! თვალები დავაჭყიტე და რას ვხედავ: ჩემი პატარა გოგო დგას ჩემ წინ და გაბრწყინებული თვალებით მიყურებს, თან, ხელს ნაძვის ხისკენ იშვერს. ვიფიქრე, მომეჩვენა-მეთქი და უცებ, ისევ გაიმეორა: დედა!

ვერ გეტყვით, რა დამემართა, ავიტაცე ხელში, ჩავიხუტე და ბევრი, ბევრი ვკოცნე. მანამდე, მხოლოდ მამას იძახდა და გაურკვეველ სიტყვებს წარმოთქვამდა და დედა რომ დამიძახა, გეფიცებით, ასე მეგონა, მეორედ დავიბადე.

ნამდვილად არ ვაპირებ, ეს ბავშვი დავთმო. მთავარი სამშობიარო ტკივილები და მშობიარობა ხომ არ არის? ვისაც გაზრდი და ვისზეც ამაგი გაქვს, ის გიყვარს და ისაა შენი შვილი. ჩემი ქმარი სულ იმას მეუბნება: ვერასოდეს მოვინელებ, რომ გიღალატე და ასე ცუდად მოგექეცი, მაგრამ ამ ბავშვს რომ ვუყურებ, ყველაფერი მავიწყდებაო.

წარმოიდგინეთ, ამდენი დრო გავიდა და დედამისს არც კი მოუკითხია. უბრალოდ, იცის, რომ ჩვენთან ცხოვრობს და ვზრდით. ან რა გულით იძინებს ღამით, ან როგორ სუნთქავს, არ ვიცი. მე კი ერთი რამ ზუსტად ვიცი, ეს ბავშვი, თითქოს ღმერთმა გამომიგზავნა, გოგოს სხვა სიყვარული და სითბო სცოდნია, მისი პატარა თითებით მოფერებას, ნამდვილად არაფერი შეედრება.
ირმა, 38 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი