ჩემი ქმარი სხვა ქალებისთვის კომპლიმენტებს არ იშურებს, ჩემთვის კი ერთხელაც არ უთქვამს თბილი სიტყვა
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 25.01
ჩემი ქმარი ჩემ მიმართ არც შეყვარებულობის დროს გამოირჩეოდა სითბოთი, კომპლიმენტსაც არასდროს იმეტებდა, რასაც ვერ ვიტყვი სხვა ქალების მიმართ მის დამოკიდებულებაზე. რასაკვირველია, როცა ლამაზ, მოწესრიგებულ და გაპრანჭულ ქალს ვხედავ, მეც მომწონს, მაგრამ ეს იმდენად ზედმეტად გამოხატავს მათ მიმართ ყურადღებას, გამაღიზიანებელი ხდება. ადრე მეგონა, ერიდება, ხომ არიან ადამიანები, სითბოს გამოხატვა რომ რცხვენიათ-მეთქი, მაგრამ თუ სხვა, უცხო ქალს კომპლიმენტებით ავსებ და შენს ცოლს ერთ თბილ სიტყვას არ ეტყვი, ეს რას ნიშნავს?
არ დამავიწყდება, ზღვაზე ვიყავით დასასვენებლად, სანაპიროზე ქალი მოეწონა და იმდენი ქნა, ისე შეაწუხა, სანამ ის ქალი პატრულით არ დაემუქრა. გვერდით ვიჯექი და ვერაფერს ვამბობდი. რა უნდა მეთქვა კაცისთვის, გვერდით რომ ცოლი ჰყავს და სხვებს გაფართოებული თვალებით უყურებდა. დარწმუნებული ვარ, მე რომ უცხო კაცი ასე მომექცეს, ადგილზე მოკლავს. საკმაოდ ეჭვიანია და ვერ იტანს, როცა, თუნდაც, სუფრაზე ვინმე მამაკაცი კერძის გადაღებას რომ შემომთავაზებს ან სასმელს დამისხამს. თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. არადა, თავად ისე იქცევა, ცოლს კი არა, ყველაზე უვარგის ქალს რომ არ მოექცევი. მეზობლად გოგონა გადმოვიდა, რომელსაც მხოლოდ გამარჯობით ვიცნობდით. ამას წინათ ფანჯრიდან დაინახა, მაღაზიიდან სურსათი რომ მოჰქონდა. ისე გავარდა, კინაღამ კიბეზე დაგორდა, პარკები გამოართვა და ამოატანინა. მე საცოდავი კი ისე დავდივარ ბაზარში, მარკეტში თუ სოფელში პროდუქტის მოსატან-ჩამოსატანად, არასოდეს მოუფიქრებია, რომ შემშველებოდა. სახლში სულ კომფორტს, სისუფთავეს და წესრიგს ითხოვს. არადა, სამსახურისა და შვილების გამო ისე ვიღლები, ხანდახან ფეხზე დგომა მიჭირს. ათი წელია, ცოლ-ქმარი ვართ და არ მახსოვს, ერთი თეფში გაერეცხოს. სულ იმას იმეორებს: ქალი რომ ხარ და თხოვდები, ოჯახსაც უნდა მიხედო და ქმრის მოთხოვნებიც დააკმაყოფილოო. არადა, მეც მინდა, მის გვერდით კომფორტულად, ბედნიერად და მშვიდად ვიგრძნო თავი. მხოლოდ შემოსავალი ხომ არ არის? სულ იმას გვაყვედრის: გაიხედეთ ირგვლივ, ხალხს როგორ უჭირს, მე კიდევ არაფერს გაკლებთო. გეფიცებით, არ მინდა ასეთი დაყვედრებული. დიახ, ქმარია, მამაა და ვალდებულია, ოჯახში ფული შემოიტანოს, მაგრამ ხომ შეიძლება, ამის გარდა სხვა რამეშიც შემეშველოს. არც ეს მინდა. უბრალოდ, შემაქოს, კომპლიმენტი მითხრას, თბილად დამელაპარაკოს. ამდენმა უხეშობამ და უყურადღებობამ მის მიმართ გრძნობაც გამიცივა. ნამდვილად არ მიყვარს ისე, როგორც მიყვარდა და არც მრცხვენია ამის თქმის. მართლა არ ვიცი, როგორ დამიბნელდა თვალები და ისე როგორ შემიყვარდა, რომ ყველაფერზე თვალი დავხუჭე და ცოლად გავყევი. თან, საკმაოდ დიდ ასაკში ვიყავი და როგორ ვერ ვხვდებოდი, რომ სხვა გოგონებს კომპლიმენტებითა და ყურადღებით ანებივრებდა, მე კი პაემანზე გაპრანჭული რომ მივიდოდი, უბრალოდ, რა ლამაზი ხარ ან რა ლამაზად გამოიყურები, არასოდეს უთქვამს. გოგონები მეზრდება და ნამდვილად არ მინდა, ცხოვრების მეგზურად ასეთი მამაკაცი აირჩიონ. ჯერ პატარები არიან და ვერაფერს ავუხსნი, მერე კი აუცილებლად ორივეს მოვუყვები, რა რთულია ქალის ცხოვრება, როცა მამაკაცი არც ცოლის მიმართ იჩენს სითბოს და არც შვილების მიმართ. სხვათა შორის, არც დედისა და მისი დის მიმართ არის თბილი. ნათესავმა მითხრა: არ ვიცი, ვის ჰგავს, მთელი ოჯახი სითბოსა და სიყვარულს ასხივებს და ეს ვის დაემსგავსა თავისი ღრჯო ხასიათითო. ჩემი შვილები ღმერთმა კარგად მიმყოფოს, მაგრამ ნამდვილად ვნანობ ამ კაცზე გათხოვებას. ერთადერთი იმის იმედი მაქვს, რომ ასაკში შესული შეეშვება სხვა ქალების განებივრებას და მიხვდება, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი მე ვარ.
ლილიკო, 43 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან