გულახდილი საუბრები

ჩემი დის დაქალმა ქმარი წამართვა და შვილიც გააჩინა მისგან

№40

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 10.10

დედის აღსარება
დაკოპირებულია

არაჩვეულებრივი ოჯახი მქონდა. ქმრისგან სიყვარულისა და სითბოს გარდა, არაფერი მიგრძნია. დედამთილიც ჩვენთან ცხოვრობდა და ზედ მყვებოდა, მეც ყოველთვის პატივისცემით ვექცეოდი. სამი შვილი გავაჩინე და როგორც ყველა ნორმალური ქალი, მაქსიმალურად ვცდილობდი, ჩემს ოჯახზე მეზრუნა, არც ქმრისთვის დამიკლია რამე. ჩემი და ხშირად მოდიოდა ჩვენთან. ბავშვებიც მიჰყავდა სასეირნოდ და მათ გაზრდაში მეხმარებოდა. ბავშვობის მეგობარი ჰყავდა, რომელსაც მეც ვიცნობდი და პატივს ვცემდი. ჩვენთან ხშირად რჩებოდა და ჩემი და და ის მთელ ღამეს ჭორაობაში ატარებდნენ. გადაბმული დაქალები იყვნენ. თუმცა, ჩემი ქმრის ოჯახში არასოდეს მოსულა. ერთხელ, ჩემმა დამ მითხრა:

ხათუნას შენი ქმრის ფოტოები უნახავს შენს ფეისბუქ-გვერდზე და აღფთოვანებული მეუბნებოდა, რა სიმპათიური ქმარი ჰყავს შენს დას, როგორ გაუმართლა, მეც მინდა ესეთი ბიჭის ცოლობაო. რასაკვირველია, გამეცინა და ვუპასუხე: ასე გადაეცი შენს დაქალს, კარგად მიმოიხედოს გვერდით და აუცილებლად ნახავს ჩემი ქმრისნაირ მამაკაცს და ჩემნაირი ბედნიერი ოჯახის შექმნაც არ გაუჭირდება-მეთქი. ამ საუბრიდან ერთი კვირის მერე ჩემს დასთან ერთად ისიც მოვიდა ჩემთან. ყავა დავლიეთ, ვიჭორავეთ და ბევრი ვიცინეთ. ამასობაში, ჩემი ქმარიც მოვიდა, შემოგვიერთდა, გაიცნო ხათუნა და დიდხანს ვისაუბრეთ ათას თემაზე. ხუმრობით ისიც კი ვუთხარი ჩემს ქმარს: იცი, თურმე, ხათუნას ძალიან მოსწონხარ და შენნაირ ქმარს ეძებს-მეთქი. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ დღის მერე, ხათუნამ მოუხშირა ჩვენთან ვიზიტებს, ხან ჩემს დას მოჰყვებოდა, ხან იმიზეზებდა, აქეთ ვიყავი და ამოგირბინეთო. რასაკვირველია, იოტისოდენა ეჭვიც არ გამჩენია, რომ ჩემი ქმრის სანახავად მოდიოდა და არა ჩემთან და ბავშვებთან. არადა, სულ გადაპრანჭული იყო. ერთხელ ჩემს ქმარს შესჩივლა, პატრა ბიზნესი მაქვს და შენთან მინდა, კონსულტაცია გავიარო, გაფართოებაზე ვფიქრობ და იქნებ შენ დამაკვალიანო, როგორ მოვიქცე სწორადო. თან, მოიმიზეზა, ახლა მეჩქარება და ხვალ ცოტა ხნით სამსახურში რომ შემოგირბინო, თუ მოიცლიო. ჩემი ქმარი დათანხმდა და თურმე, სწორედ იმ დღეს დაიწყო ყველაფერი. აღმოჩნდა, ერთმანეთს ხვდებოდნენ და მე ეს მხოლოდ ექვსი თვის მერე გავიგე, როცა ქალბატონი უკვე სამი თვის ორსული იყო. ბუნებრივია, ჩემს დასაც უმალავდა. კი უთხრა, ორსულად ვარ საყვარელი მამაკაცისგანო, მაგრამ ვისგან იყო, დაუმალა. ყველაფერი მაშინ გაირკვა, როცა ხათუნას დედამ დაიბარა ჩემი ქმარი და ბავშვზე გვარის მიცემა აიძულა. ჩემს ქმარს უთქვამს: ჩემმა ოჯახმა არ იცის, რომ ბავშვს ჩემგან ელოდება. მიყვარს ჩემი ცოლი, არ მინდა მასთან კონფლიქტი, იქნებ ეს ამბავი დავმალოთ, ბავშვს გვარს მივცემ, ვუპატრონებ კიდეც, ოღონდ შორიდანო. დედამისი კი დათანხმებულა, მაგრამ ქალბატონი გადარეულა, თავის მოკვლით დამუქრებია, სკანდალები მოუწყვია და ჩემი შტერი ქმარიც დაურწმუნებია მის ყალბ მუქარებში. ჩემმა ქმარმა ეს ამბავი მე ვერ მითხრა, დედამისს გაანდო. ჩემმა დედამთილმა დამისვა და მშვიდად მომიყვა ეს ამბავი. მითხრა: ახლა ჩხუბს და გაწევ-გამოწევას აზრი აღარ აქვს, ჩემს შვილს უყვარხარ, ეს დანამდვილებით ვიცი, შეცდა, იმ გოგომ დაუგო მახე და გამოსავალი ერთად მოვნახოთო. ჩემს დას და ჩემს ქმარს დავურეკე, მოვიდნენ და აღმოჩნდა, ჩემი დაც ჩემსავით ჭურში იჯდა. ჩემს ქმარს ვეჩხუბე, ყველაფერი თავზე დავამხე, ხელით გავიწიე და სახლში მოსვლა ავუკრძალე. იმ დღიდან იმ ქალბატონის სახლშია ჩასიძებული. მე, სამ შვილთან ერთად, დედამთილთან ვცხოვრობ, ის კი, თავის მეოთხე შვილს ელოლიავება. ღმერთი მოწყალეა, მე და ჩემს შვილებს არ გაგვწირავს, იმ ქალბატონს კი თავისი მიეზღვება.

მაია, 38 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა