გულახდილი საუბრები

ბარბარობას სურვილის ჩაფიქრებამ და ნანახმა სიზმარმა პირად ცხოვრებაში ბედნიერება მომიტანა

№52

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 04.01

გარიგებით გათხოვება
დაკოპირებულია

ისე გავხდი ოცდაშვიდი წლის, არასოდეს ჩამითქვამს სურვილი, არც მარილიანი კვერი მიჭამია და არც სხვა რაიმე რიტუალი ჩამიტარებია საბედოს ნახვის ინტერესით. არადა, მთელი ჩემი სადაქალო სუფსარქისის დადგომას ელოდა, რომ მარილიანი კვერები ეჭამათ და სიზმრად მომავალი ქმარი ენახათ. სხვა დღეებშიც ათასნაირ რიტუალს ატარებდნენ. ამაზე ბევრს ვიცინოდი და სულ ვეუბნებოდი: როდემდე უნდა გჯეროდეთ ცრურწმენების-მეთქი.

ისე მოხდა, რომ მთელს სადაქალოში, მხოლოდ მე დავრჩი გასათხოვარი. ნამდვილად არ ვამტკიცებ იმას, რომ მათ ამ ჯადოქრობებმა უშველა, პირადი ცხოვრება მოიწყვეს და მეორე ნახევრები იპოვეს-მეთქი, მაგრამ ფაქტია, ოჯახები შექმნეს. ერთი სიტყვით, შარშან, არ ვიცი რატომ, მაგრამ ბარბარობა დღეს, მომინდა, ზუსტად 12 საათზე სანთლის ანთება და სურვილის ჩაფიქრება. დადგა თუ არა ბარბარობა, სანთელი ავანთე და ჩუმად, გულში ვთქვი: ვიცი, ამ დღეს უდიდესი ენერგეტიკა და ძალა აქვს, მეც მინდა, ჩემი მოკრძალებული სურვილი ჩავიფიქრო და ამიხდეს – უბრალოდ, ისეთი ადამიანი მაპოვნინე, რომლის გვერდითაც თავს მშვიდად ვიგრძნობ-მეთქი. სულ ეს იყო, არც სიყვარული მითხოვია და არც გათხოვება. იმ ღამით სასწაული სიზმარი მესიზმრა: მთაზე ავდიოდი, ირგვლივ თოვლი იდო და შიგადაშიგ პატარა ყვავილები ჩანდა, რომელსაც ვკრეფდი და თან, მაღლა-მაღლა ავდიოდი. უცებ, ფეხი დამისხლტა თოვლზე და დაბლა რომ უნდა ჩავსრიალებულიყავი, ვიღაც სიმპათიურმა ბიჭმა დამიჭირა. გაბნეული ყვავილები ამიკრიფა და გამიღიმა. რომ გამომეღვიძა, რაღაცნაირი სასიამოვნო განცდა მქონდა. მოკლედ, ავდექი, მოვწესრიგდი, სამსახურში წასასვლელად მოვემზადე თან ჩემი სურვილი და სიზმარი მახსენდებოდა და მეცინებოდა – ამხელა გოგოს როგორ მჯერა სისულელეების-მეთქი. გზად მიმავალს ბებო შემხვდა ქუჩაში, ლამაზ პატარა ყვავილების თაიგულებს ყიდდა. ვიფიქრე, სამსახურში კი მივდივარ, მაგრამ ბებო სიცივეში ცოდოა, ვიყიდი რამდენიმე კონას და სამსახურში გოგოებს დავურიგებ, მაგიდებს გავილამაზებთ-მეთქი. ასეც მოვიქეცი. ბებომ ბევრი მლოცა და რას წარმოვიდგენდი თუ მისი ლოცვა წინ დამხვდებოდა. მოკლედ, სამსახურში მისული, ფოიეში ლიფტს ველოდებოდი, ერთ ხელში ყვავილების კონები მეჭირა და მეორე ხელით ჩანთიდან ტელეფონის ამოღებას ვცდილობდი. როცა ლიფტის კარი გაიღო, არ დამიხედავს იატაკზე ისე ვცადე შესვლა ღია კარში. თურმე ახალი მოწმენდილი ყოფილა იატაკი და ნაბიჯი რომ გადავდგი, ფეხი ამიცურდა, ყვავილები დამიცვივდა და ვიგრძენი ვიღაცამ ხელი როგორ შემაშველა და დაცემას გადამარჩინა. მოვიხედე და მართლა გავშეშდი – ზუსტად ის ბიჭი იდგა, ვინც სიზმარში ვნახე. იატაკიდან ყვავილების თაიგულები ამიკრიფა, მომაწოდა, გამიღიმა და მითხრა: ლამაზო, ცოტა ყურადღებით იყავიო. თურმე, ერთ შენობაში, სხვადასხვა სართულზე ვმუშობდით და მანამდე არც კი შემინიშნავს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით გაგრძელდა და სიყვარულში გადაიზარდა. მალევე დავქორწინდით და სულ მალე პატარასაც ველოდებით. ზუსტად ვიცი, ყველა ბარბარობა დღეს აუცილებლად ჩავიფიქრებ სურვილს, დავიჯერებ, რომ ახდება და ყველას მოვუყვები, რომ ეს დღე ნამდვილად ახდენს სასწაულებს. წელსაც ჩავიფიქრე სურვილი, რომ ჩვენი პატარა ჯანმრთელი და ბედნიერი დაიბადოს, სიხარული და ბედნიერება შემოიტანოს ოჯახში და ირგვლივაც ყველა ჯანმრთელი მყავდეს. ასე რომ, ალბათ, უნდა გჯეროდეს, რომ სასწაულები ხდება, სურვილები სრულდება და კონკრეტულ დღეს გააზრებულად ნათქვამ სიტყვებს ნამდვილად ახდენა უწერია.

ნინა, 28 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №8

19-25 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი