გულახდილი საუბრები

ასაკით უმცროს საყვარელ მამაკაცზე დაქორწინებას მიშლიან

№9

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 09.03, 2023 წელი

ოჯახური ურთიერთობა
დაკოპირებულია

ნამდვილად არ მინდოდა, შემყვარებოდა ბიჭი, რომელიც ჩემზე ასაკით პატარა იქნებოდა, მაგრამ ბედს ვერ გაექცევი, ასე მოხდა და ვეღარაფერს შევცვლი. 

როცა გავიცანი, ასაკი დამიმალა. იმდენად მამაკაცურია, სოლიდური და საქმიანი, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ იმაზე გაცილებით პატარა იქნებოდა, რაც მითხრა. ადამიანს სიტყვაზე ვენდე და ხომ არ მოვთხოვდი, პირადობა მომეცი გადავამოწმო-მეთქი? ერთი სიტყვით, დავიწყეთ შეხვედრები, ინტიმური ურთიერთობაც გვქონდა და ექვსი თვის მერე, შემთხვევით გავიგე მისი ასაკი. ანუ, ჩემზე 11 წლით პატარა აღმოჩნდა. შორიდან ვიცოდი, რომ მისი მშობლები წინააღმდეგი იყვნენ ჩვენი შეუღლების, თუმცა ამას მე არ მაგრძნობინებდნენ. მის დასთან მქონდა ურთიერთობა და მისგან გადაკვრით ვიგებდი ამბებს. სწორედ, მას წამოსცდა ძმის ასაკი. საუბარში მოაყოლა და ისეთი უხერხული სიტუაცია შეიქმნა, ყველანი დავიძაბეთ. როგორც ჩანს, მისი და გაფრთხილებული ჰყავდა, ასაკზე არ ესაუბრა, მაგრამ შემთხვევით წამოაყრანტალა თუ განგებ, ღმერთმა უწყის. ფაქტია, ჩვენ შორის კონფლიქტი მოხდა და გარკვეული პერიოდი დაშორებულები ვიყავით. ზუსტად ვიცოდი, თავს არ დამანებებდა და აუცილებლად შემომირიგებდა, რადგან ნამდვილად გულწრფელი სიყვარული გვაკავშირებდა. დამიჯერეთ, საკუთარ თავზე დავცადე სიტყვები – „ასაკი მხოლოდ ციფრებია“ და ამას იმიტომ ვამბობ ხმამაღლა. მის გვერდით ვერ ვგრძნობ ვერც ასაკის სხვაობას და ვერც იმას, რომ პატარა გოგო აღარ ვარ. საკმაოდ კარგად შოულობს ფულს, საკუთარი ბიზნესი აქვს და ცდილობს, ყოველდღიურად გამანებივროს. ხშირად მიმეორებს: შვილი მინდა, გვყავდეს და გეხვეწები, არ დამიმალო თუ ორსულად დარჩები, რაიმე არ მოიმოქმედო, თორემ არ გაპატიებო. სიმართლე გითხრათ, მეც მინდა მისგან შვილი, მაგრამ მისი ოჯახი როგორ მიიღებს, არ ვიცი. ხელის მოწერა რომ შემომთავაზა, არ დავთანხმდი, რადგან ამაზე სულ გადაირევიან. ამას წინათ მისი და იყო ჩვენთან და საუბარში გადამიკრა: ნეტა ჩემმა ძმამ თავისი ფასი იცოდეს, ბავშვობიდან სისულელეებს სჩადის, ხან ვინ უყვარდა, ხან ვინ, ვერ ჩამოყალიბდა, სანამ მამაჩემი არ მოუყვანს ცოლს და სახლში არ დაუსვამს, მანამდე არ მოისვენებსო. რა უნდა მეთქვა? გავიღიმე, ვითომ არაფერი. თუმცა, ძალიან მომხვდა გულზე და მეწყინა. საღამოს მის ძმას ყველაფერი მოვუყევი. ისეთი ამბავი დააწია, კინაღამ მოკლა. მეც მომდგა: რას ჩამომდგარხარ და უსმენ ამის სისულელეებს, თავის თავებს მიხედონ, 16 წლიდან დამოუკიდებლად ვცხოვრობ, კაპიკი არ მომითხოვია მათთვის, თავადაც არ მოუკლავთ თავი და არავის ვეკითხები, ვინ იქნება ჩემს გვერდით და ვინ არაო. აღარ ვიცი, რა გავაკეთო. მინდა, ამ ადამიანის გვერდით მთელი ცხოვრება ვიყო, შვილები გავაჩინო და მშვიდი ოჯახი მქონდეს, მაგრამ ვინ მაცდის? ჩემებმა იციან, იცნობენ და მოსწონთ კიდეც ჩემი არჩევანი, მაგრამ ის არ იციან, რომ ასაკით ჩემზე ამდენით პატარაა და მისი ოჯახი წინააღმდეგია ჩვენი ერთად ყოფნის. ვუთხარი, სამი წლით პატარაა-მეთქი. მეგობრებთანაც ის ასაკი მაქვს ნათქვამი, რაც თავიდან მითხრა და ახლა ნამდვილი ასაკის თქმა მერიდება. თან, ისე მიყვარს, ამის გარეშე ერთი დღეც ვერ წარმომიდგენია და სულ იმის შიშში ვარ, მისმა ოჯახმა ტვინი არ გადაუბრუნოს.

ნინი, 36 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი