არის თუ არა მყარი ურთიერთობა წყვილში, სადაც ქალი მამაკაცზე 11 წლით უფროსია
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 06.09
როდესაც ორი ზრდასრული ადამიანი განიზრახავს ოჯახის შექმნას, ეს მხოლოდ მათი საქმეა. აჯობებს, არავინ ჩაერიოს და მათ ნაცვლად არაფერი გადაწყვიტოს. დიახ, შეიძლება დედა აჩენს და ზრდის შვილს, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ ის დამოუკიდებელი პიროვნებაა. შესაბამისად, პატივი უნდა სცეს მის არჩევანსაც. არცთუ ცოტა დედა თავს ვალდებულად მიიჩნევს, ძალიან დიდი ხანი შვილის ნაცვლად თავად მიიღოს გადაწყვეტილება, რაც ძალიან დიდი შეცდომაა.
ვახო (30 წლის): სამწუხაროდ, ახლა ისეთი სიტუაცია მაქვს, დედაჩემს არ უნდა გავეკარო. დავრწმუნდი, რომ გაცლა სჯობს. არაფრის გაგონება არ უნდა. მისგან მხოლოდ აგრესია მოდის. თუმცა, ვიმედოვნებ, როდისმე მოვა გონს. ჩვენს ვაჟს, მომავალ პატარას სიამოვნებით ჩაიკრავს გულში და იტყვის, რომ ეგოიზმის გამო ეს დიდი სიამოვნება დროებით გამოტოვა. დედაჩემს კი ჰგონია, რომ მე ეს ყველაფერი სპეციალურად მის გასამწარებლად დავგეგმე. მაგრამ, გულწრფელად ვამბობ, არასდროს მიფიქრია, რომ 11 წლით უფროსი ქალი მომხიბლავდა, მომხიბლა კი არა, ისე შემიყვარდა ღამეები არ მეძინა. უარზე იყო – ჩვენ შორის ასაკობრივი განსხვავებაა და მისი პირველი წარუმატებელი ქორწინება ძალიან ადარდებდა. თუმცა მე, როგორც ჩემი მეგობრები ამბობენ, გასაოცარი სიჯიუტე გამოვიჩინე. იმდენი ვქენი, ქალს ჯერ თავი შევაყვარე, მერე კი ცოლობაზეც დავიყოლიე. უკვე გვყავს ჩვენი ორი წლის ბიჭი და მეორეს ველოდებით. ძალიან ბედნიერები ვართ.
– არ გაწუხებთ ის ფაქტი, რომ დედათქვენმა ომი გამოგიცხადათ?
– არა. ჩვენ ბედნიერები ვართ. არ აღვიქვამ სერიოზულად დედაჩემის შხამიან გამონათქვამებს. მაგალითად, გამომიცხადა, ბებერი ცოლით შინ არ შემოგიშვებ, თუ არ გეთმობა, ჩემი სახელი არ ახსენოო. აი, ეს როგორ უნდა აღვიქვა სერიოზულად. გული კი მწყდება, მაგრამ დედაჩემის ეგოისტური დამოკიდებულება იმდენად მიუღებელია, რომ გადავწყვიტე, ახლოს არ გავეკარო. თუ გონს მოვა და მიგვიღებს, ხომ კარგი, თუ არა, თავის თავს დააბრალოს. მე, 30 წლის კაცს, დედა ვერ მიკარნახებს, ვინ შევიყვარო.
– თქვენი მეუღლე რას ფიქრობს ამაზე?
– მე ვცდილობ, ნაკლებად მივიდეს მის ყურამდე ყველაფერი, რასაც დედაჩემი მასზე ლაპარაკობს. დიდხანს ვცდილობდი მისი გულის მონადირებას. იმის გამო, რომ ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, ძალიან ეშინოდა – იქნებ, ეს მხოლოდ ვნებაა და როცა გაივლის, უცებ ყველაფერი ხუხულასავით არ დაინგრესო. ცდილობდა, ჩემთვის დაენახვებინა სირთულეები, რომელიც შესაძლოა, ჩვენს ურთიერთობას მოჰყოლოდა, მაგრამ...
– რა სირთულეებს გულისხმობდა?
– მართალია, ჯერ არ მეტყობა ასაკი, მაგრამ მე ხომ უფრო მალე მომერევა წლები, ვიდრე შენო. სხვა უფრო ახალგაზრდა გამოჩნდება, წახვალ და მე ამას ვერ გადავიტანო. მე კი ვეუბნებოდი, როცა ქალი, როგორც პიროვნება, გიყვარს, ნაოჭებს კი არა, თვალის ფერსაც ვერ შეამჩნევ. გულწრფელად გეუბნებით – მე ჩემი ცოლის სუნთქვა, ხმა და მისი კეთილი გული მიყვარს. ვინ იცის, ამ მუდმივი საფრთხით სავსე სამყაროში ვის უფრო მალე ამოეწურება აქ ყოფნის ვადა ან როცა გიყვარს, რატომ უნდა იფიქრო ცუდზე. მთავარია, ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარდეს და ერთნაირად ახალგაზრდულები იყვნენ. ჩვენ ერთნაირი ადამიანები ვართ და ასაკი ჩვენთვის მხოლოდ ციფრებია. როგორ შეიძლება, ასაკი სიყვარულის საზომად გამოიყენო.
– თქვენს ცოლს უცდია დედამთილთან კონტაქტი?
– რამდენჯერმე ერთად ვცადეთ. ჩემს ცოლს ძალიან აწუხებდა იმაზე ფიქრი, რომ დედა-შვილი მის გამო დაშორდა ერთმანეთს. მაგრამ შემოგვითვალა, მოგივარდებით და საქვეყნოდ გაგლანძღავთო. ამის მერე მასთან ლაპარაკს აზრი ჰქონდა? ჩემს ცოლს მართლა დიდხანს ჰქონდა დანაშაულის შეგრძნება, თითქოს მის გამო დედამ ხელი მკრა. არადა, ეს დედობრივი, წრეგადასული ეგოიზმის ბრალია. როდესაც ორი ზრდასრული ადამიანი გადაწყვეტს ოჯახის შექმნას, ეს მხოლოდ მათი საქმეა. სამწუხაროდ, ახლა დედასთან გაცლა სჯობს. დარწმუნებული ვარ, მოვა გონს და ჩვენს ბიჭს და მომავალ პატარას სიამოვნებით ჩაიკრავს გულში. იტყვის, რომ უაზრო ეგოიზმის გამო ძალიან დიდი სიამოვნება გამოტოვა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან