გულახდილი საუბრები

არის თუ არა მამაკაცის ერთგულება სანდო და როდის არ გაურბის მას თვალი მეძავისკენ

№35

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 08.09

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

არსებობს მითი, რომ ყველა მამაკაცი მოღალატეა. რომ არ არსებობს კაცი, რომელიც ბოლომდე გიერთგულებს. თვალები ყველა „აფრიალებული კაბისკენ“ „არ გაექცევა“ და სიცოცხლის ბოლომდე მხოლოდ ერთი ქალი ეყვარება. ყველა მითი იმიტომ არსებობს, რომ მათი გაბათილება რეალური ფაქტებით შევძლოთ. თუმცა, შეუძლებელია, ხელაღებით ილაპარაკო ყველა მამაკაცსა და ქალზე. ჩვენ ხომ ყველანი ასეთი განსხვავებულები და ინდივიდუალურები ვართ.

ეკა (28 წლის): ყველა კაცი მოღალატე არ ყოფილა. მამაკაცებსაც სცოდნიათ ერთგულება. ჩვენ სტუდენტობიდან შეყვარებულები ვიყავით. მალევე დავახლოვდით. ხშირად რჩებოდა ჩემთან. მეხმარებოდა და ბევრ პრობლემას მიგვარებდა. მოკლედ, წყვილი ვიყავით. საქმესაც ვინაწილებდით. თუმცა, არც ერთი არ ვჩქარობდით დაქორწინებას. ერთმანეთს კარგად ვუგებდით და არც ეჭვიანობა გვაწუხებდა.

– ასეთი ნდობა გქონდათ ერთმანეთის მიმართ?

– აზრადაც არ მომსვლია, საყვარელ მამაკაცთან დამერეკა – სად ხარ, როდის მოხვალ-მეთქი... ვფიქრობდი, რომ ამის საჭიროება არ არსებობდა. მერე ვიგრძენი, რომ ჩემს შეყვარებულს ეს არ მოსწონდა. ჩემგან მეტ ყურადღებას ითხოვდა, მე კი სულაც არ მივიჩნევდი ასეთ დამოკიდებულებას უყურადღებობად.

– ფიქრობდით, უპირობო ნდობა საკმარისი იყო?

– ვფიქრობდი, დატვირთულია, ისეთი მძიმე სამსახური აქვს, დაკითხვებით რატომ უნდა შევაწუხო-მეთქი. თუ უნდა, ჩემთან მოვა, თუ უნდა, დედამისთან წავა ან მეგობრებთან-მეთქი. ეს ბუნებრივად მიმაჩნდა. მიჩვეული ვიყავი შუაღამისას მის მოულოდნელ გამოჩენას და დილამდე გულახდილ საუბარს. ვგრძნობდი, რომ ვუყვარდი, მენდობოდა და მიაჩნდა, რომ ჩემთვის ყველაფერი უნდა გაემხილა.

ერთხელ შუაღამისას დამირეკა, მოვდივარ, ცუდად ვარ, უნდა გელაპარაკოო. მივხვდი, რაღაც უსიამოვნება შეემთხვა, მაგრამ რაც მიამბო, იმას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. აღელვებულმა გულში ჩამიხუტა და მითხრა, მეძავები მძულსო. ეს ისე თქვა, პატარა ბავშვივით, ცუდი დეიდები რომ არ უყვართ, რაღაც რომ დაუშავეს. თურმე, იმ საღამოს მისი ერთი მეგობრის დაბადების დღე ყოფილა და ბიჭებს ორიგინალურად აღუნიშნავთ – დაუქირავებიათ ძვირად ღირებული, ეგრეთ წოდებული, მაღალი კლასის მეძავები და მცხეთის ერთ-ერთ რესტორანში წასულან. რა თქმა უნდა, მისთვისაც დაუხვედრებიათ მეძავი. ეს გაბრაზებულა, მაგრამ არ შეუმჩნევია.

„ქეიფს რომ მოვრჩით, ყველამ თავისი გოგო ჩაისვა. „ჩემმაც“ უსიტყვოდ გამოაღო მანქანის კარი და გვერდით მომიჯდა. თბილისში მოდიხარ-მეთქი? კიო, თან, რაღაცნაირად, ვითომ მაცდურად გამიღიმა. მანქანაში რომ იჯდა, ისიც კი მაღიზიანებდა, მაგრამ ქუჩაში ხომ არ დავაგდებდი. თუმცა, მაინც მომიწია ამის გაკეთება. არ მასვენებდაო. ხელების ფათური დამიწყო. შემეშვი, შენი არაფერი მინდა-მეთქი. გაუტყდა, არაფერი შეგიძლია თუ მე ვერ მოგხიბლეო? გავაჩერე მანქანა და გადავუშვი მანქანიდან. დიდი დიღმის შესასვლელთან დავტოვე. ალბათ, არ დაიკარგებოდა, მაგრამ მაინც ვწუხვარ, რომ ქალი შუაღამისას ქუჩაში დავაგდეო“, – მომიყვა და ვატყობდი, ყველა სიტყვას მართალს ამბობდა.

– თქვენ სრულიად მშვიდად შეხვდით ამ ამბავს?

– რა თქმა უნდა. გავგიჟდი, როგორი პატიოსანია. ხომ შეეძლო, არ ეთქვა? მე ხომ ვერასოდეს გავიგებდი, ვისთან ერთად იყო დაბადების დღეზე, ვინ რა დაუპირა, ვის როგორ მოექცა. საოცრად სუფთა გული და გრძნობები აქვს. არ ესმის იმ კაცების, ვისაც მიაჩნია, რომ ცოლის გარდა ერთი-ორი საყვარელიც უნდა ჰყავდეს და დროდადრო მეძავებზეც არ თქვას უარი. ასეთ ხალხთან ურთიერთობა ყოველთვის უჭირს.

ერთხელ იმაშიც გამომტყდა, რომ მისი მეზობელი აღიზიანებდა. ლამაზი, თამამი და გამომწვევი ქალი ყოფილა. თურმე, ყოველ დილით ეზოში ხვდებოდა სპეციალურად. მითხრა, მივუხვდი, რომ მდარაჯობდა. ვერ ვიტან ასეთ ქალებს. როგორი უზნეობაა, კაცს ჩაუსაფრდე და მის გამოჭერას ცდილობდეო.

აი, ამ ყველაფრის მერე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მართლა ძალიან ვუყვარდი. იმ იშვიათი მამაკაცების რიცხვშია, ვისაც ერთგულება ნამდვილად შეუძლია. მოკლედ, ბედნიერი ვარ, რომ ასეთი კაცი მარგუნა განგებამ. მართლა მჯერა, როდესაც მეუბნება, – ერთადერთი ქალი შემიყვარდა და ის ქალი შენ ხარო. არა მგონია, არსებობდეს ქალი, რომელსაც ასეთი კაცის გვერდით ცხოვრება არ მოეწონება. ახლა დაქორწინებას ვაპირებთ და ვიცი, ჩემზე ბედნიერი ქალი არ იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...