გულახდილი საუბრები

არის თუ არა ყოველთვის დამნაშავე ქალი, როცა დაოჯახებულ მამაკაცთან იწყებს ურთიერთობას

№6

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 17.02, 2023 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

სასიყვარულო სამკუთხედი ყოველთვის მტკივნეულია. ეს ის შემთხვევაა, როცა მოგებული არავინ რჩება. ბედნიერება შეუძლებელია სხვისი უბედურების ხარჯზე. დანგრეული ოჯახი ყოველთვის პრობლემაა. თავისი შორსმიმავალი გართულებებით. თუმცა, უფრო ხშირად მამაკაცებს ჰგონიათ, რომ ღალატმა უკვალოდ ჩაიარა და დანაშაული სრულად შერჩათ... რატომ იტყუებიან კაცები, რატომ მალავენ ცოლებს და ცდილობენ, ურთიერთობა ჰქონდეთ სხვა ქალთან, შემდეგ კი გაურბიან პასუხისმგებლობას. ამ კითხვებზე პასუხი, ზოგჯერ მამაკაცებს თავად არა არ აქვთ. დაზარალებული და „დამნაშავე“ კი გამოდის ქალი, რომელიც „მოსიყვარულე“ ცოლ-ქმრის „შუაში ჩადგა“.

მარიკა (27 წლის): ვინ დამიჯერებს, რომ უდანაშაულო ვარ და არასოდეს მნდომებია სხვისი ოჯახის არევა, დანგრევა – მით უმეტეს... ძალიან მიყვარდა. მართლა არ ვიცოდი, ცოლშვილიანი რომ იყო. თავის ბინაშიც დავყავდი და ამბობდა, ჩვენ აქ ერთად უნდა ვიცხოვროთო. 23 წლის ვიყავი, როცა გავიცანი და შემიყვარდა. მომატყუა და დღეს მასთან ურთიერთობას ვნანობ. თუმცა მომხდარში მაინც საკუთარ თავს ვადანაშაულებ.

– მომატყუაო, რომ თქვით, ვიფიქრე მთელი ბრალეულობა მასზე გადაგქონდათ.

– ერთი მხარე ასი პროცენტით დამნაშავე არასოდესაა. მე არავის აზრს არ ვითვალისწინებდი და ვცდილობდი, სხვებისთვის არ მომესმინა. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, ასეთ გამოუსწორებელ შეცდომას თუ დავუშვებდი. სხვებისთვის რომ მომესმინა, ამ მდგომარეობაში არ ჩავვარდებოდი. ახლა უკვე ვხვდები ჩემს შეცდომებს, მაგრამ ამაზე წუწუნს რაღა აზრი აქვს. დღეს ჩემი საფიქრალი ჩემი შვილია და იმას ვცდილობ, რომ მას არაფერი მოვაკლო. თუმცა, სანამ წელში გავიმართებოდი, მანამდე უმძიმესი დღეები გამოვიარე. ბევრჯერ საშინელ დეპრესიაში ჩავვარდნილვარ, სიცოცხლე აღარ მინდოდა, მაგრამ თავის მოკვლაზე ფიქრს მაშინვე ვწყვეტდი იმის შიშით, რომ ჩემი შვილი მარტო დარჩებოდა.

– ქმრის გარეშე ბავშვის გაჩენა, თამამი გადაწყვეტილებაა.

– დიახ, ასეა. როცა ახლობლებმა ჩემი ორსულობის ამბავი გაიგეს, ბევრმა გამკიცხა და ზურგი მაქცია. ირგვლივ ყველა ჩემი ლანძღვით იყო დაკავებული და ყველა ჩემს ასაკს უსვამდა ხაზს. ამბობდნენ, სამაგისო რა სჭირდა, ცოლშვილიან კაცთან რომ რომანი გააბაო. სხვისი განსჯა ძალიან ადვილია. ბევრი ტკივილი მომაყენეს, არ ვმალავ, რომ ის ძალიან შემიყვარდა, მაგრამ როცა გავიცანი, მართლა არ ვიცოდი, რომ ცოლშვილიანი იყო. ჩემზე 7 წლით უფროსია. ისე ვხვდებოდით ერთმანეთს, როგორც შეყვარებულები. მითხრა, რომ ძალიან ვუყვარდი. მეც მომწონდა და მის მიმართ გრძნობა გამიჩნდა.

– არ გიცდიათ მასზე რამე ინფორმაცია მოგეპოვებინათ?

– არ მიმაჩნდა საჭიროდ – თავის ბინაშიც დავყავდი. მეუბნებოდა, ჩვენ აქ ერთად უნდა ვიცხოვროთო. მომავალს ლამაზ ფერებში მიხატავდა. მე მჯეროდა მისი. ყველა შეხვედრაზე ვთხოვდი, ეთქვა, ცოლად როდის მომიყვანდა. ხან რას იმიზეზებდა, ხან – რას. ასე ვიყავით თითქმის ერთი წელი. მერე გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. გახარებულმა მას ეს ამბავი ვუთხარი და ისიც, რომ ახლა ცოლად დროულად უნდა მომიყვანო-მეთქი. საშინელი რეაქცია ჰქონდა, კატეგორიულად მთხოვდა, ბავშვი მომეცილებინა. სერიოზულად ვიჩხუბეთ და სახლში ტირილით წამოვედი. მალე გავიგე, რომ ცოლი და შვილი ჰყავდა და ის სულაც არ იყო მისი ბინა. რომ მცოდნოდა, ცოლიანი იყო, მას არ შევხვდებოდი. მითხრა: გამორიცხულია, ოჯახი დავანგრიო, ამიტომ ჯობია, ბავშვი დროზე მოიცილოო. ეს სრული შოკი იყო ჩემთვის. ნაყოფის მოცილებაზე ლაპარაკი არ მინდოდა, არც ის ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. ჩემი მშობლების რეაქციის მეშინოდა. დედა სამუშაოდ იტალიაშია წასული. ჩემმა დაქალმა დაურეკა დედაჩემს იტალიაში და უთხრა ეს ამბავი. დედას საშინელი რეაქცია ჰქონდა. გამაფრთხილა, მამაჩემისთვის არაფერი მეთქვა. ჩემს მეგობარს და მის ოჯახს ვუმადლი, რომ მე დღეს ცოცხალი ვარ. ისინი დამიდგნენ გვერდით, როცა მიხვდნენ, რომ შვილის გაჩენა გადავწყვიტე. მხარში მედგნენ და ხელს მიწყობდნენ. მეგობრის აგარაკზე ვცხოვრობდი. მამა დღემდე არ მელაპარაკება. ისევ დედას შევეცოდე. ფული გამოგზავნა, ბინა დავიგირავე, ახლა იქ ვცხოვრობთ მე და ჩემი შვილი. ძალიან რთული დღეები გამოვიარე, რომლის გახსენებაც არ მინდა. საბედნიეროდ, გამოვძვერი. ახლა ჩემი გოგო გაიზარდა, უკვე ბაღში დადის. მე სამუშაოც მაქვს, შემიძლია შვილის რჩენა და ვცდილობ, სხვაზე ფინანსურად დამოკიდებული არ ვიყო.

– ის კაცი აღარ გამოჩენილა?

– არა. ულამაზესი გოგონა მყავს. ისე, მამას ძალიან ჰგავს და ამას განვიცდი, არ მინდა, მას ჰგავდეს და მისი შეხედვა მას მახსენებდეს. ძალიან მიამიტი გოგო ვიყავი, ამით ისარგებლა და მომატყუა. დღეს ჩემი შვილის გარეშე ერთი წუთითაც ვერ ვძლებ. ძალიან არ მინდოდა, უმამოდ გაზრდილიყო, მაგრამ, რა ვქნა? მთავარია, კარგად იყოს. ამ ამბავმა ძალიან შემცვალა. უფრო მებრძოლი გავხდი, ცხოვრება ვისწავლე და დღეს არავის დავაჩაგვრინებ თავს. რაც შეეხება დედას, ის მამას მალულად ცდილობს, დამეხმაროს. ფულსაც მიგზავნის და ბავშვისთვის ტანსაცმელსაც. საბუთები გააკეთა და ერთხელ საქართველოშიც ჩამოვიდა. მაშინ მოვიდა ჩვენთან და ბავშვიც ნახა. მერე ისევ უკან წავიდა. მეუბნება, რომ ბინის ყიდვაში დამეხმარება. დედის გული მაინც სხვაა, ვფიქრობ, მაპატია. თუმცა ძალიან განიცდის, რომ ასეთი რამ მოხდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი