გულახდილი საუბრები

არის თუ არა დამნაშავე დედამთილი, როცა მისი შვილი რძალზე ძალადობს

№34

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 29.08

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

სამწუხაროდ, ოჯახური ძალადობა ქართულ რეალობაში არცთუ ისე იშვიათი შემთხვევაა და თუ მკვლელობა არ მოხდა, როგორც წესი, ფაქტი არც ხმაურდება „რას იტყვის ხალხი?!“ – ძველებურად აქტუალური მდგომარეობაა ქართველი საზოგადოებისთვის. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ქალები უფრო სასტიკები აღმოჩნდებიან ხოლმე და თითს ისევ მსხვერპლისკენ იშვერენ. არანაირი თანაგრძნობა, პირიქით, „ეტყობა, გადარია კაცი“, „ალბათ, ღირსი იყო “, „კაცია და ხანდახან თუ წაგარტყამს, მერე მოგეფერება“... ასეთებს ხშირად გაიგებთ „ბრძენი“ ქალებისგან. სწორედ ეს ქალები ზრდიან მოძალადე მამაკაცებს. მსხვერპლი კი ხშირად ისეთ ოჯახშია გაზრდილი, სადაც საკუთარი თვალით ხედავდა, როგორ ძალადობდა მამა დედაზე.

მარიკა (31 წლის): ამბავი, რომელიც მე გადამხდა თავს, მართლაც, საჟურნალეა. ვერასოდეს წარმომედგინა ჩემი თავი პოლიციაში დაკითხვაზე, მაგრამ... ქმრის სასტიკად ცემაში დედამთილმა დამადანაშაულა. იცით, თქვენ რატომ გიყვებით ამ ამბავს? მინდა, რომ ასეთი ამბები გასაჯაროვდეს, რათა მხოლოდ ჩემმა ქმარმა კი არა, ვერცერთმა კაცმა ვერ გაბედოს ცოლის ცემა. მძიმე ოჯახურ გარემოში გავიზარდე. მამაჩემი მოძალადე იყო და დედასთან ერთად, არც შვილებს გვინდობდა. ბიჭზე მეოცნებეს, სამი ქალიშვილი ვყავდით და აშკარად, ვძულდით. დედას უჯიშოსა და უვარგისს ეძახდა. სხვა ქალებში დაწანწალებდა და ამას არც მალავდა. პირდაპირ ეუბნებოდა ცოლს: ვინც ბიჭს, გვარის გამგრძელებელს გამიჩენს, იმას შევიყვარებ და დავაფასებო.

– დედათქვენი ამ ყველაფერს ითმენდა?

– არ ვიცი, რატომ უთმენდა დედა და არ მიდიოდა მისგან. ისე მწარედ მახსოვს მამის ხელი, მიკვირს, მე და ჩემი დები ნორმალურები რომ დავრჩით. სრულწლოვნები გავხდით თუ არა, მაშინვე წამოვედით სახლიდან და ვერც მამის მუქარამ დაგვაბრუნა, ვერც დედის თხოვნამ და ცრემლებმა. დედას კარგა ხანს ვთხოვდით, მიეტოვებინა მოძალადე ქმარი და ჩვენთან წამოსულიყო, მაგრამ ამბობდა, ოჯახს ვერ დავანგრევ, ხალხს არ ვალაპარაკებო. მერე დედას სიმსივნე გამოუვლინდა და გარდაიცვალა. ექიმთან მისვლაც არ ღირსებია, ტანჯვაში ამოხდა სული. ეჭვიც არ მეპარება, ის სიმსივნე მამის მძიმე მუშტებმა გაუჩინა, დაუნდობლად რომ ურტყამდა თავში.

– ამ ყველაფრის გადატანა მცირეწლოვანს მოგიხდათ?

– მე ბავშვობა არ მქონია. დედასთან ერთად მეც ვტიროდი. მამაჩემმა კაცის სახელი შემაძულა და ნებით არასოდეს გავთხოვდებოდი, მაგრამ ჩემი ქმარი იმ სახლის მეპატრონის დისშვილი აღმოჩნდა, სადაც მე და ჩემი დები ოთახს ვქირაობდით. მოვეწონე და ცოლობაზე ნებით რომ არ დავთანხმდი, მომიტაცა. სამწუხაროდ, დედაჩემის მძიმე ბედი გამომყვა. არც კი ვიცი, რატომ დავრჩი მასთან. მძიმე ხასიათი რომ ჰქონდა, მალევე გამოავლინა, მაგრამ არც მე დავუთმე და გავაფრთხილე, არც ეცადო ჩემზე ძალადობას, თორემ ყველაფერზე წამსვლელი ვარ-მეთქი. არ ვიცი შეეშინდა თუ დამიჯერა და რამდენიმე წელიწადი, თითქოს, დამთმობიც გახდა, მაგრამ დედამისი არ ასვენებდა და ჩემს გასაგონად აღიზიანებდა: უნებისყოფო ხარ და ცოლი თავზე დაისვიო. არადა, ქმრისთვის ზედმეტი არასოდეს არაფერი მიკადრებია. ცოლისა და დედის მოვალეობასაც პირნათლად ვასრულებდი. ორი ბიჭი შეგვეძინა. თინეიჯერები რომ გახდნენ, მამას ყველაფერს აღარ უჯერებდნენ და ხშირად კამათობდნენ. ერთხელაც, საშინელი გინებისა და მტვრევის ხმა შემომესმა: ჩემი ქმარი თხუთმეტი წლის ბიჭს ქამრით მისდევდა და მოკვლით ემუქრებოდა. წინ გადავუდექი და გაცოფებულმა ის ქამარი მე გადამიჭირა: შენ რომ მიგიშვი შენს ჭკუაზე, იმიტომ მიბედავენ შენი შვილები ამდენსო. ვითომ მისები არ ყოფილიყვნენ.

– ეს პირველი შემთხვევა იყო თქვენზე ძალადობის?

– ფიზიკური ძალადობის – კი. სიმწრით გონება დამებინდა და ქმარს ხელი ვკარი. რაღაცას წამოედო და წაიქცა. ის ქამარი ხელიდან გამოვგლიჯე და არც კი ვიცი, რამდენ ხანს, გამეტებით ვურტყამდი. თან, ბოლო ხმაზე გავკიოდი: ხომ გაგაფრთხილე, რომ ჩემზე ხელის აწევას არასოდეს გაპატიებდი და რატომ ვერ შეიგნე-მეთქი. ისევ ბავშვებმა იყოჩაღეს და გამაკავეს, თორემ შეიძლებოდა, მართლა მომეკლა. ხელი მოსტყდა და „სასწრაფომ“ საავადმყოფოში წაიყვანა. მე კი დედამთილმა დამაბეზღა და პოლიციაში წამიყვანეს. არ დამიჭირეს. ვერ გამოუვიდა ჩემს დედამთილს, რაც უნდოდა. ქმართან გამჩერებელი აღარ ვარ. მოვკიდე ჩემს ბიჭებს ხელი და სოფელში დავბრუნდი, სადაც დაკეტილი სახლი მქონდა. მამაჩემი უკვე კარგა ხნის გარდაცვლილია. ყველაფერს გავაკეთებ და შვილებს იმისთვის არ გავწირავ, რაც დედის უმოქმედობის გამო მე და ჩემს დებმა გადავიტანეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

2-8 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი