გულახდილი საუბრები

არასოდეს ვინანებ, რომ სკოლის მოსწავლე გავთხოვდი, რადგან ჩემს მშობლებს დავაღწიე თავი

№7

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 22.02

40 წლის ქალი
დაკოპირებულია

ჩემს ოჯახში იდილია და სიმშვიდე არასოდეს ყოფილა. 

მამას სმა უყვარდა და ამის გამო დედა სულ ეჩხუბებოდა. მე და ჩემი და, ფაქტობრივად, სულ ჩხუბსა და აყალმაყალში გავიზარდეთ. ხშირად, მამისგან დედას ხელიც მოხვედრია და მის ჩალურჯებულ თვალს რომ ვუყურებდი, ერთი სული მქონდა, გავზრდილიყავი, ოჯახიდან წავსულიყავი და დამოუკიდებლად მეცხოვრა. რასაკვირველია, დედა მეცოდებოდა, მაგრამ ისიც ტყუოდა. საკმაოდ მკაცრი ხასიათი ჰქონდა. მართალია, მამა სვამდა, მაგრამ სახლში რომ მოვიდოდა, დაწვებოდა და ხმას არ იღებდა. დედა კი იქამდე უჩიჩხინებდა, სანამ წყობიდან არ გამოიყვანდა და საცემრად არ წამოუხტებოდა. ერთი სიტყვით, ეს ოჯახი არ იყო. არც კი ვიცი, მე და ჩემი და როგორ გავიზარდეთ ისე, რომ გზას არ ავცდით. სკოლის პეიროდში ერთ ბიჭს მოვეწონე. სკოლასთან მხვდებოდა ხოლმე. ვსეირნობდით, ხან კინოში მეპატიჟებოდა, ხან შოკოლადებით დატვირთული მოდიოდა, ხან ყვავილები და ხან ფუმფულა სათამაშოები მოჰქოდა, რომლებიც დღემდე შენახული მაქვს. რასაკვირველია, ამას სახლში ვერ მივიტანდი და მეზობლის გოგოსთან მიმქონდა, რომელიც ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი იყო და თან, ჩემი მესაიდუმლე. ეს ამბები ჩემმა დამაც იცოდა, მაგრამ გაფრთხილებული მყავდა, სახლში სიტყვა არ დაცდენოდა. ერთი სიტყვით, სულ მალე, ფაქტობრივად სამ თვეში, თექვსმეტი წლის ასაკში გავიპარე იმ ბიჭთან ერთად. ის თვრამეტი წლის იყო, მაგრამ უფრო დიდი შეხედულება ჰქონდა. ჩემებმა რომ გაიგეს, ერთი ამბავი ატყდა, დედას, თურმე, ვერ აკავებდნენ, მამაჩემს დაუნგრევია ყველაფერი. ქმრის სახლში რომ მივედი, ისინი იქ დამხვდნენ. ჩემი დედამთილი ძალიან კარგი ქალია, თავად მისულა ჩემთან სახლში და უთქვამს ჩვენი გაპარვის ამბავი. იცოდა, რომ მის შვილს ვუყვარდი, თუმცა, არ იცოდა ასე მალე თუ მომიყვანდა ცოლად. ასე იყო თუ ისე, რომ არა ჩემი დედამთილი, დედაჩემი ისეთი გაავებული და გაცეცხლებული იყო, ალბათ, თმისგან გამცლიდა, მწყევლიდა და საცემად იწევდა. ფაქტია, მე სახლში დამბრუნებელი არ ვიყავი. დავრჩი და ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი საცოდავი და კი გაუთხოვარი დარჩა. უმაღლესიც დაამთავრა, პედაგოგადაც მუშაობს, ბევრ ბიჭსაც მოსწონდა, მაგრამ როგორც მითხრეს, ოჯახის გამო იკავებდნენ თავს. რომ გაიგებდნენ დედაჩემის კაპასობის და მამაჩემის ლოთობის ამბავს, ეგრევე სცილდებოდნენ და კი დარჩა გაუთხოვარი და დღემდე მათი მომვლელია. მე კი, მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ ასაკში გავრისკე და გავთხოვდი, გამიმართლა. არაჩვეულებრივი ქმარი მყავს, დედამთილი, შვილები და ვცხოვრობ ისეთ სიყვარულში და ბედნიერებაში, რაც მანამდე არ მქონია. ბევრჯერ მიფიქრია, ჩემმა შვილმაც რომ იგივე გააკეთოს და ასე ადრე გათხოვდეს, რას ვიზამ-მეთქი. მაგრამ, ზუსტად ვიცი, ასე არ მოიქცევა. მე გარემოებამ მაიძულა. ალბათ, ისე ძალიანაც არ ვიყავი შეყვარებული, როგორც თავის დახსნა მინდოდა იმ ჯოჯოხეთიდან. რასაკვირველია, არ ვარ მომხრე ადრეულ ასაკში გათხოვების, მაგრამ კიდევ ვამბობ, მე გამიმართლა. ალბათ, მაშინ რომ არ გადამედგა ეს ნაბიჯი გაუაზრებლად და ვნებააყოლილს, მერე საერთოდ აღარც ვიფიქრებდი გათხოვებაზე. ვცდილობ, ის ბავშვობის წლები დავივიწყო, როცა ყვირილის, ჩხუბისა და კამათის მეტი არაფერი მესმოდა, მაგრამ არ გამომდის. ხანდახან სიზმარში ვხედავ, როგორ იწევს მამა დედისკენ საცემად და ოფლიანს გამიღვიძია. მართალია, დღეს მამა ისე ვეღარ სვამს, რადგან ავადმყოფობს, მაგრამ დედას იგივე ხასიათი შერჩა და ჩემი და ძალიან მეცოდება. მადლობა ღმერთს, რომ დედამთილი მყავს ტკბილი და თბილი ქალი. თამამად შემიძლია, ვთქვა, მან გამიწია დედობა, მან დამანახვა, როგორი უნდა იყოს დედა და როგორ შეიძლება შვილის მიმართ სითბოს გამოხატვა. დედაჩემს კი ერთხელაც კი არ გამოუხატავს სითბო. ბევრი წელი გავიდა ჩემი გათხოვებიდან და შვილი არ მყავდა. ამის გამო ერთხელაც კი არ უსაყვედურიათ დედამთილსა და ქმარს. დედაჩემი კი სულ იმას მაძახებდა: ჩემმა წყევლამ გიწია და ამიტომაც ისჯებიო. წლების მერე კი, როცა თავად გავხდი დედა, არც კი მომილოცა. ნამდვილად არ არის კარგი, როცა გოგონა ადრეულ ასაკში თხოვდება, მაგრამ მე ამაში გამოსავალი ვიპოვე და გამიმართლა.

ეკა, 38 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული