გულახდილი საუბრები

აქვს თუ არა მნიშვნელობა ქორწინებაში ასაკს და რა ეშლებათ ქალებს ქმრებთან

№29

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 26.07

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

პარტნიორისგან ერთგულების სურვილი ყველა ადამიანს აქვს, განურჩევლად სქესისა. დაქორწინებული ქალების უმრავლესობის მთავარი პრობლემა ურთიერთობაში ერთგულების შენარჩუნებაა. მაგრამ, გავრცელებული სტერეოტიპი, რომ ყველა კაცი მოღალატეა და ამ მოცემულობას ქალი უნდა შეეგუოს, ბევრს აკომპლექსებს და აიძულებს, შეეგუოს რეალობას. თუმცა არიან გამონაკლისებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ოჯახი ნდობასა და ერთგულებაზე უნდა იდგეს, გაცილებით მგრძნობიარედ და ხმამაღლა გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას ამ საკითხზე და ოჯახსაც ანგრევენ.

ლიკა (37 წლის): მე და ჩემმა მეუღლემ 17 წლის ასაკში შევქმენით ოჯახი. მაშინ მეტისმეტად გულუბრყვილო გოგო ვიყავი და ყველაფერს იოლად ვიჯერებდი. ეჭვიც არასოდეს შემპარვია, რომ შესაძლოა, ჩემი მეუღლე ჩემგან რამეს მალავდა.

– იმის თქმა გინდათ, რომ ვერ ხვდებოდით, რომ შეიძლება, მისი საქციელი თქვენთვის მიუღებელი ყოფილიყო და ზოგადადაც არასწორი?

– კი. ზუსტად. არასოდეს ვეჭვიანობდი, მაგრამ ერთხელ ისე მოხდა, რომ მეუღლე უმნიშვნელო ტყუილში გამოვიჭირე. ამის შემდეგ ჩვევად მექცა, მისი ყველა ნათქვამი გადამემოწმებინა. რამდენჯერმე ისევ გამოვიჭირე ტყუილში. ვნერვიულობდი და ვეძებდი მიზეზს, რის გამოც ჩემი ქმარი იტყუებოდა, მაგრამ ვერ ვპოულობდი.

– იფიქრეთ, რომ ქმარს შეიძლება, საყვარელი ჰყოლოდა?

– ბოლოს მაინც მაგ დასკვნამდე მივედი. წლების განმავლობაში ჩემი მეუღლე ერთსა და იმავე სამსახურში მუშაობდა და ვიცოდი, რომ დასვენების დღე მხოლოდ კვირას ჰქონდა. დანარჩენ დღეებში შინ 9-10 საათზე ბრუნდებოდა. ყოველ მე-4 დღეს კი მორიგეობდა და მთელი დღე-ღამე იქ რჩებოდა. ერთ დღეს კი მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ მის სამსახურში შაბათი დასვენების დღე იყო, ხოლო მორიგეობა საერთოდ არ არსებობდა. ამის გაგებამ საერთოდ ჭკუიდან გადამიყვანა, მაგრამ ქმრისთვის არაფერი მითქვამს. გადავწყვიტე, მეთვალთვალა მისთვის – სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. ასე ვეღარ გაგრძელდებოდა, შეიძლება, გავგიჟებულიყავი. ერთ შაბათ დღეს, შინიდან გასულს, უკან ავედევნე. სადგურში მივიდა, რაიონში მიმავალ „მარშრუტკაში“ ჩაჯდა და წავიდა. მე, რა თქმა უნდა, ვეღარ გავყვებოდი. შემდეგ, როცა სამსახურში „მორიგეობა“ უწევდა, ისევ გავყევი უკან. ის ისევ ისე მოიქცა და რაიონისკენ აიღო გეზი. ვხვდებოდი, რომ ჭკუიდან გადავდიოდი. მომდევნო „მორიგეობაზე“ კი მის „მარშრუტკას“ ტაქსით ავედევნე და ბოლომდე მივყევი. საკუთარი თვალით დავინახე, როგორ შევიდა ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში. შორიახლოს ვიდექი და ვუთვალთვალებდი. რამდენიმე საათის შემდეგ, რომ არ გამოჩნდა, მივედი და ჭიშკარი შევაღე. იქვე, ასე, ხუთიოდე წლის გოგონა სილაში თამაშობდა. ჩემი ქმრის სახელი ვუთხარი, აქ არის-მეთქი? თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. ვთხოვე, დაეძახა. ბავშვი სახლისკენ გაიქცა და თან, მამა, მამაო, იძახდა. მიკვირს, გულწასული იქვე როგორ არ დავეცი. კარი გაიღო და სპორტულ შარვალსა და ოთახის ჩუსტებში გამოწყობილი ჩემი ქმარი გამოვიდა. რომ დამინახა, ფერი ეცვალა, აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. გამოვბრუნდი და გაოგნებული გავუყევი ორღობეს. მესმოდა, როგორ მეძახდა, მაგრამ უკან აღარ მიმიხედავს. არავის ვუსურვებ იგივე გამოცადოს. ჯოჯოხეთი გამოვიარე.

– არ გამოგკიდებიათ?

– არა. ორი დღე საერთოდ არ გამოჩნდა. სახლში მისული ვერც ვტიროდი, ვერც ვიცინოდი. რაღაცნაირად, გაქვავებული ვიყავი და მხოლოდ იმ ბავშვის ხმა ჩამესმოდა ყურში, რომელიც ჩემს ქმარს მამას ეძახდა. ორი დღის მერე დაბრუნდა. ამას მოხოხდა ჰქვია. წელში მოხრილი და გასაცოდავებული იყო, თითქოს ასაკიც მომატებოდა. ზედმეტად სიტყვაც არ მითქვამს, არც ახსნა-განმარტება მომითხოვია. მხოლოდ მისი ნივთებით სავსე ჩანთა გამოვუტანე და წინ დავუდე. მიხვდა, რომ სახლიდან უნდა წასულიყო.

– ვერ აპატიეთ?

– ვერა. ვერაფრით შევძელი, გადამელახა ის შეურაცხყოფა, რაც მომაყენა. წასვლამდე მკითხა, კარგად დაფიქრდი, არ ინანებო? ხმა არ გავეცი. ყურადღებაც არ მივაქციე. ადგა და წავიდა. აი, რას მალავდა ჩემი ქმარი – მეორე ოჯახს! არ ვიცი, მისთვის არჩევანის საშუალება რომ მიმეცა, მაინც წავიდოდა თუ ჩემთან და ჩვენს ორ შვილთან დარჩებოდა, რომლებმაც დღესაც არ იციან, რომ უმცროსი და ჰყავთ. ღმერთო, როგორ ახერხებდა ამ საიდუმლოს დამალვას და ასეთ ტყუილსა და სტრესში ცხოვრებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული