გულახდილი საუბრები

აქვს, თუ არა ბედნიერების უფლება ყველა ქალს და როგორ უნდა ამოიცნოს მან „თავისი“ მამაკაცი

№5

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 10.02, 2023 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

არავის აქვს უფლება, ფლანგოს ცხოვრების საუკეთესო წლები და სხვა ადამიანს უმტკიცოს, რამდენად კარგი და სანდოა. აუცილებლად უთხარით საკუთარ თავს, რომ იმსახურებთ ბედნიერებას და იქიდან, სადაც ბედნიერი არ ხარ, უნდა წამოხვიდე. თუ ვისთანაც ცხოვრობ, იმ ადამიანთან ცუდად გრძნობთ თავს, ან საქმე, რომელსაც აკეთებ, საკმარისი აღარ არის, დატოვე. პირველ ადგილზე შენი თავი უნდა დააყენო.

ან ნამდვილად უნდა გჯეროდეთ ერთმანეთის, ერთად კარგად გრძნობდეთ თავს ან, უბრალოდ, დაშორდეთ. თითქოს მარტივი ჭეშმარიტებაა, მაგრამ რამდენი ქალი აცნობიერებს ამას? ძალიან ცოტა. ქალების უმრავლესობა გათხოვებიდან მხოლოდ რამდენიმე თვე არის ბედნიერი. შემდეგ კი ინერციით მიჰყვება ცხოვრებას. ებღაუჭებიან კაცს, რომელიც დიდი ხანია, მისი აღარ არის. არც თავად უყვარს, მაგრამ ვერ აცნობიერებს ამას. ერთი ინგლისელი ფსიქოლოგი გვირჩევს: „თუ თქვენი ცხოვრებიდან ვინმე მოულოდნელად გაქრა, უსიტყვოდ მიგატოვათ, გახსოვდეთ, რომ „მიცვალებულებს“ პატივისცემით უნდა მოექცეთ. ხოლო თქვენ - ცხოვრება უნდა გააგრძელოთ.

დიანა (37 წლის): დარწმუნებული, ვარ ბევრი ქალია ჩემს მდგომარეობაში. ბევრს ეცნობა ჩემი სიტუაცია: ვერ იხსენებს, როდის იყო ბედნიერი. დაუსვით საკუთარ თავს „მარტივი“ შეკითხვა – მახსოვს, ბოლოს როდის ვიგრძენი ნამდვილი ბედნიერება? ყოველდღიურად იღვიძებ, დგები და ჩვეულ რუტინას მიჰყვები. ეს გაბედნიერებს? არა, მაგრამ ყურადღებას არ აქცევ. შენთვის ყოველი დღე მხოლოდ გასაკეთებელი საქმეების მომდევნო გვერდია. დროდადრო ძალიან იღლები და შენში სხვა ადამიანი იწყებს ყვირილს. ამით იმის თქმა მინდა, რომ შეუძლებელია, სხვასთან, მით უფრო მამაკაცთან, გქონდეს ჯანმრთელი ურთიერთობა, თუ საკუთარ თავთან ტოქსიკური დამოკიდებულება გაქვს.

– ქალებს ბედნიერებაზე და სიყვარულზე „მყიფე“ წარმოდგენა აქვთ. ურთიერთობაში იმას არ აქცევენ ყურადღებას, რაც მნიშვნელოვანია.

– დიახ, ნამდვილად ასეა. თითქოს ღრუბლებში დავცურავთ. არადა, ცხოვრებაში მთავარია, რომ საკუთარ თავს არ გაუცრუოთ იმედი! იცით, რა არ გვესმის ქალებს? საკუთარი თავის სიყვარული ყოველთვის უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე სურვილი იმისა, რომ სხვებს უყვარდე. აბა, ვინ აცნობიერებს ამას, ქალების რამდენი პროცენტი? ამიტომაც, ცოტამ თუ იცის, როგორ აირჩიოს პარტნიორი, ქმარი. მერე კი ისე ხდება, როგორც მოლიპულ დაღმართზე – ნელ ნელა ქვევით მიჩოჩავ და მისრიალებ.

თუ ძველი ფოტოების დათვალიერებისას, ერთ ძალიან დიდი სხვაობას ხედავ – ადრე შენი თვალები ბრწყინავდნენ, ახლა კი ჩამქრალია, მაშინ ცხოვრების გადაფასების დროა. თუ არ გაქვს მისწრაფება, მაშინ ცხოვრება მხოლოდ ცარიელი დღეებისგან შედგება. შეიძლება, ეს მისწრაფება სამსახური იყოს ან ადამიანი, რომლისთვისაც იბრძოლე და ახლა შენ გვერდითაა, მაგრამ ახლა ისინი არ შთაგაგონებენ. სამწუხაროდ, გვიან აღმოაჩენ, რომ თურმე იმ ქმარსაც არაფერში სჭირდებოდი.

– და, უნდა გაშორდე?

– შეიძლება. უნდა იფიქრო, რომ იქნებ ეს შესანიშნავი დროა, დაემშვიდობო, გზა გააგრძელო და შენი თვალების დაკარგული ბრწყინვალება იპოვო. არ მისცეთ თავს უფლება, ჩრდილად იქცეთ, მით უმეტეს, როდესაც მუდამ გინდოდა, რაც შეიძლება, მეტად გაგენათებინათ სიბნელე.

– ისეთი არ ხართ, როგორიც გინდოდათ ყოფილიყავით?

– არა. აღარ ვარ. ამიტომ ყველა ქალს ვურჩევ, რომ მიჰყვნენ საკუთარ ინტუიციას. ყველაფერს აქვს მიზეზი: რატომ გრძნობ თავს არაკომფორტულად სამსახურში, რატომ შორდები ადამიანს და მერე ხელახლა ურიგდები, რატომ ტირი ღამღამობით… უბრალოდ, კარგად არ ხარ. ცხოვრებაში ზოგჯერ დგება მომენტები, როცა ყველაფერი, რასაც აკეთებ უაზრობად გეჩვენება. როდესაც შენი თავიც გეჩვენება უაზრობად. არ იცი, კიდევ შეძლებ თუ არა სხვა ადამიანის შეყვარებას. ეს ბუნებრივი მდგომარეობაა, მაგრამ ყველაფრიდან არსებობს გამოსავალი.

– ზოგჯერ ცვლილებები გვაშინებს, ძნელია ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყება.

– რა თქმა უნდა, ძნელია. მაგრამ იმ სიტუაციაში დარჩენა, სადაც კარგად არ ხარ, უფრო საშიშია. უნდა იპოვო ძალა, ამოძრავდე და სიარული განაგრძო, თუნდაც იმ გზაზე, რომელიც არ იცი, სად მიგიყვანს. არც ეს სამსახური და არც ეს ადამიანი ბედნიერებას ვერ მოგიტანს. ადამიანი დაბადებიდან ერთი მთლიანია და მასშია დამალული ბედნიერება. შენ საკმარისი ხარ, ზუსტად ისეთი, როგორიც ხარ. მიიღე ეს ფაქტი და გააგრძელე სვლა მომავლისკენ. თუ ადამიანს ნამდვილად უყვარხარ, მაშინ ის შენი ყველაზე დიდი მხარდამჭერია. მას აინტერესებს შენი ყველა სურვილი, იდეა თუ ინიციატივა, მისთვის მნიშვნელოვანია შენი წარმატება. ის ყველაფერს აკეთებს, რათა ცხოვრებაში განვითარდე და წინ წახვიდე. მაგალითად, როდესაც პრობლემის წინაშე იქნები, ის დაგეხმარება და შეეცდება, რომ საუკეთესო გამოსავალი შენთან ერთად მოიფიქროს.

კაცს თუ არ უყვარხარ, მაშინ რისთვის გჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ის ყოველთვის არ გეთანხმებოდეს, თუ უყვარხარ, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბედნიერი იყო. საყვარელ მამაკაცს ესმის, რა მნიშვნელოვანია უბრალოდ მოსმენა და არ ბრაზდება, თუ სამუშაო დღის ბოლოს, საკუთარ პრობლემებს უზიარებ. უფრო მეტიც, მას მოსწონს, რომ ისაა ადამიანი, რომელმაც შენ შესახებ ყველაზე მეტი იცის. თუ ადამიანი შეყვარებულია, მაშინ ის შენი წარმატებებით იამაყებს. შენი ბედნიერება მისი ბედნიერებაა. ხოლო შენი წარუმატებლობა, მისი სევდის მიზეზია.

დააკვირდით მამაკაცს, რომლის გვერდითაც ცხოვრობთ ან აპირებთ ცხოვრებას. თუ კარგა ხანია, ერთად ხართ, მაგრამ ის მაინც თავდაპირველი სინაზითა და ვნებით გიყურებს, მაშინ ეს ნამდვილი სიყვარულია. ეს ნიშნავს, რომ განვლილი დროისა და დაბრკოლებების მიუხედავად, მის გულში, კვლავ განსაკუთრებული ადგილი გიკავიათ.

შენი მამაკაცისთვის მისი პრიორიტეტი ხარ. თუ ერთად არ ცხოვრობთ, ის ყველაფერს აკეთებს, რათა რაც შეიძლება ხშირად გნახოს. ხოლო თუ ერთად ცხოვრობთ, ხედავ, რომ მას ყოველთვის ეჩქარება სახლში მოსვლა – შენთან მოსვლა. და ის გიღებს ისეთს, როგორიც ხარ.

შეუძლებელია ადამიანის შეცვლა და ეს არც არასოდეს სცადოთ. უბრალოდ, დაემშვიდობეთ და გზა განაგრძეთ. საყვარელ ადამიანზე ზრუნვა, განურჩევლად სქესისა, ყველა ადამიანის ვალდებულებაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი