გულახდილი საუბრები

ახალი წლის დღეებში გაცნობილმა ადამიანმა ცხოვრების ჭაობიდან ამომიყვანა

№52

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 06.01

30 წლის ქალი
დაკოპირებულია

ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ჩემი ცხოვრება ასე ცუდად წავიდოდა. 

ბავშვობიდან უზრუნველყოფილი და ბედნიერი ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ დედა ასაკში იყო, ხშირად ავადმყოფობდა, სამ ადგილას მუშაობდა დამლაგებლად, ყველაფერს აკეთებდა, რამე არ მომკლებოდა და რომ იტყვიან, ხელისგულზე მზრდიდა. ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა სკოლასთან ახალგაზრდა, გაპრანჭული და ლამაზი ქალი მოვიდა. აღმოჩნდა, ეს ქალი ჩემი ნამდვილი დედა იყო. გარდატეხის ასაკში ვიყავი და ისე ამებნა თავგზა, ვეღარ მივხვდი, რა გამეკეთებინა. ბიოლოგიური დედა მთხოვდა, არავისთვის მეთქვა, რომ გამოჩნდა, ცოტა მომეთმინა და ჩემს და-ძმებთან, თავისთან წამიყვანდა. ეს ამბავი გამზრდელ დედას დავუმალე, თუმცა, ის, რომ აყვანილი ვიყავი და ვიცოდი, ვუთხარი. ძალიან ინერვიულა, იტირა, ყველაფერი მომიყვა – როგორ დამტოვა ვიღაც ქალმა მის კართან, როგორ ამიყვანა და როგორ მივეკარი მკერდზე, რომ ვეღარ მომიცილა. როგორ გავაბედნიერე, როცა ჩემი დედა გახდა და ასე შემდეგ. მართლა ძალიან მიყვარდა გამზრდელი დედა და ვერავის გამო ვერ დავტოვებდი მას. თუმცა, ახალგაზრდა და ლამაზი ქალის, ანუ ბიოლოგიური დედის გვერდით თავს ამაყად ვგრძნობდი. ისე მოხდა, გადავწყვიტე, გამზრდელი დედისთვის ყველაფერი მომეყოლა, თუმცა დამასწრეს. ჩემმა მასწავლებელმა დაგვინახა, დედას დაურეკა და უთხრა: ვიღაც უცხო ქალი მოდის და შენს შვილს ელაპარაკება, ეფერება, არ მომწონს მისი ეს საქციელი და იქნებ მიაქციო ყურადღებაო. გადაირია დედა, ყოველდღე მაკითხავდა სკოლაში, თავად მივყავდი და მოვყავდი, მეკითხებოდა, ვინ გაკითავდა მითხარიო. თუმცა, მე ვატყუებდი, არავინ, უბრალოდ, უცნობი იყო-მეთქი. ბოლოს მაინც გამომტეხა. მოვუყევი და ისე ინერვიულა, ინფარქტით საავადმყოფოში მოხვდა. სიმართლე გითხრათ, კი მიყვარდა დედა, მაგრამ იმ ქალის გვერდითაც მინდოდა ყოფნა. ყველაფერი აიწეწა, ავირიე და გზას ავცდი. დედას ავადმყოფობის გამო მუშაობა უჭირდა, მე მიწევდა რესტორანში საღამოს ჭურჭლის რეცხვა, რომ გამომუშავებული ფულით საჭმელი გვეყიდა. ბიოლოგიური დედა სადღაც დაიკარგა, აღარ მოსულა. არადა სულ ველოდებოდი. იმ პერიოდში გამოჩნდა ერთი ბიჭი, რომლსაც დავუახლოვდი, გული გადავაყოლე და ვენდე. ოცნების კოშკებს მიგებდა, საოცარ ცხოვრებას მპირდებოდა და იმ ასაკში მეც მეტი რა მინდოდა? ვენდე და შევცდი. ნაქირავებ ბინაში ვხვდებოდი და ორსულად რომ დავრჩი, მანაც მიმატოვა. 15 წლის გოგოს გვერდით მხოლოდ გამზრდელი დედა დამიდგა. ბავშვი გავაჩინე და ის მიზრდიდა, მე ვმუშაობდი. სამწუხაროდ, ორ წელში დედა გარდამეცვალა და პატარა ბავშვით ხელში მარტო დავრჩი. არც ბიოლოგიურ დედას მოუკითხავს ჩემთვის, არც და-ძმას და არც იმ ბიჭს, ვისგანაც შვილი გავაჩინე. ბევრჯერ შევცდი ცხოვრებაში, თუმცა ყველაზე მეტად მაშინ, როცა გამზრდელ დედას ჩემ გამო ინფარქტი მოუვიდა. მოკლედ, რამდენიმეჯერ ვცადე ცხოვრების თავიდან დაწყება და ყველა ჯერზე წარუმატებლად. ახალი წლის დღეებში, ბავშვისთვის მინდოდა საჩუქრის ყიდვა. ბაზრობაზე გავედი, რომ რამე შემერჩია და იაფად მეყიდა. დახლთან ერთი ბიჭი იდგა, სათამაშოებს ყიდდა და მას მივადექი. არც შემიხედავს და დავკვირვებივარ, ისე დავუწყე დაკლებაზე ვაჭრობა. არ ვიცი, როგორ მიხვდა, მაგრამ მკითხა: მარტოხელა დედა ხარ? აი, მაშინ კი ავხედე და რაღაცნაირად გული გამითბა. პირველივე შეხედვისას რაღაც ვიგრძენი. მოკლედ, პატარა პულტიანი მანქანა ამირჩია ლამაზად შემიფუთა, თან უამრავი პატარა სათამაშო მოაყოლა და ფული არ გამომართვა. უბრალოდ, მთხოვა: სიამოვნებით გავიცნობდი იმ პატარა ბიჭს, ვისთვისაც ეს მიგაქვს. თუ აქ მოხვდებით, გამაცანით, სულ აქ ვდგავარ და ვვაჭრობო. იმ ერთმა დღემ გადაწყვიტა ჩემი ბედი. ცხოვრებისგან ათასჯერ მოტყუებულმა, ახალი წლის დღეებში ის ერთადერთი გავიცანი, რომლის გამოც სამყაროს დავუპირისპირდები. ძველით ახალ წელს ერთად შევხვდით. დღეს ეს ადამიანი ჩემი ქმარია, გვყავს ორი საერთო შვილი, ჩემს შვილს არაჩვეულებრივ მამობას უწევს, ცდილობს, დღე და ღამე იმუშაოს, რომ არაფერი მოგვაკლოს. ღმერთს მადლობა, რომ ეს ადამიანი შემახვედრა. ალბათ, მართალია, რომ ამბობენ ჯადოსნურია ახალი წლის დღეები, ამ დროს სასწაულები ხდებაო. ამ ადამიანმა ჭაობიდან ამომიყვანა, ფეხზე დამაყენა და გზას აცდენილი, საუკეთესო მეოჯახე ცოლად მაქცია.

ნინო, 24 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

24-30 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

შეუცნობელი

რას გვიწინასწარმეტყველებს თანამედროვე მინიშნებებიდ...