ტესტები

გრაფოლოგია ანუ რას ხატავთ

№33

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 25.08

ტესტი
დაკოპირებულია

ყვავილები, გულები, ხვეულები, ფისოები, თვალები – რას არ ხატავენ ადამიანები ტელეფონზე საუბრის ან შეხვედრა-თათბირებზე ჯდომის დროს. ხატავენ და ვერც ხვდებიან, რომ მათი „შედევრებით“ შეიძლება, ფსიქოლოგმა და გრაფოლოგმა თქვენ შეგაფასოთ.

რას ხატავთ თქვენ?

• სწორი ხაზებით შექმნილი ფიგურები

კვადრატები, მართკუთხედები, სამკუთხედები მეტყველებენ, რომ მათი ავტორი ძალიან ორგანიზებული პიროვნებაა. თუ გეომეტრიული ფიგურები ერთმანეთს ფარავენ და ერთი მეორეზე გადადიან, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ავტორს პრობლემური სიტუაციიდან გამოსავლის მონახვა ურთულდება. სქელი, მკაფიო შტრიხები ნიშნავს, რომ „მხატვარი“ მიზანმიმართული ადამიანია და ხშირად აღწევს საწადელს.

• ყვავილები, ხვეულები

ვარდების თაიგულებს, ფერად გვირილებს და სხვა ყვავილებს ხატავენ გულისხმიერი და კომუნიკაბელური ადამიანები. თუ კომპოზიციაში, ყვავილების გარდა, არის ბალახი ან ხეები, მაშინ, დიდი ალბათობით, თქვენ წინ ძალიან პოზიტიური ადამიანია.

• აბსტრაქციონიზმი

ნახატებს კანდინსკის ან მალევიჩის სტილში ხატავენ კრეატიული ადამიანები, რომლებსაც სულაც არ სურთ მოსაწყენი საქმეების კეთება. აბსტრაქტული ჩანახატები საკმაოდ ეფექტური საშუალებაა სტრესთან ბრძოლაში. კრეატიული ნახატების ავტორებს არ უყვართ, როდესაც ვინმე ცდილობს მათი ჩანაფიქრების გაგებას – მათ ურჩევნიათ, თავისი ფიქრები და აზრები თავისთვის შეინახონ.

• თვალები

ადამიანები, რომლებიც თვალებს ხატავენ, სხვებზე მეტად მიდრეკილები არიან ფილოსოფიური ფიქრებისკენ. მათ მიერ დახატული თვალი მეტყველებს, რამდენად არის ადამიანი კმაყოფილი თავისი სამსახურით. თუ ნახატი ფურცლის ზედა კიდესთან არის, მაშინ მისი ავტორი კმაყოფილია პერსპექტივით. მაგრამ თუ ნახატი ქვედა ბოლოსკენ არის გაკეთებული, მაშინ ახლანდელი საქმიანობა ნახატის ავტორს არ აღაფრთოვანებს.

• კატა - ცხოველები

ადამიანი, რომლის რვეულშიც თათბირის შემდეგ ზოოპარკი ჩნდება, როგორც წესი, კარგი გუნდური მოთამაშეა, რომელიც თავის თავზე ფიქრობს, როგორც ერთი დიდი მთლიანის ნაწილზე. ასეთმა ადამიანებმა იციან მოსმენა, დახმარება და ლიდერის თანადგომა. დახატული კატა იმის ნიშანია, რომ ადამიანს სიახლოვე არ ჰყოფნის, ჩიტები თავისუფლების სურვილზე მეტყველებს, ნიანგები – ძალაუფლების წყურვილზე, სპილოები კი – კარგ თვითშეფასებაზე.

• გულები

გული, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ფიგურაა. რაც უფრო მომრგვალებული და დიდი ზომის გულია, მით ემოციურია ნახატის ავტორი. თუ მთელი სურათი გულებით არის დაფარული, მაშინ ავტორი ზემგრძნობიარე პიროვნებაა, რომელსაც უყვარს გაბუტვა და თან ხშირად ამას უმიზეზოდ აკეთებს. თუ გულის ფორმა უფრო სამკუთხედს წააგავს, ვიდრე წრეს, მისი ავტორი უკრძალავს თავის თავს სისუსტეების გამოვლენას სხვების წინაშე.

• წარწერა

თუ ადამიანი განუწყვეტლივ თავის სახელს წერს – არ ელოდოთ მისგან მეგობრულ თანადგომას, რადგანაც ეს ძლიერი ეგოიზმის ნიშანია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა