საზოგადოება

ვინ დასწყევლა ჯანსუღ ჩარკვიანი და სად უღალატა მან ცოლს

№39

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 08.10

ჯანსუღ ჩარკვიანი
დაკოპირებულია

„პოეტი შუა კაცია. მე მინდა, სურვილი მაქვს, ამ ქვეყანაზე შუა კაცი ვიყო, აუცილებელია, რომ ხელოვნებას, მწერლობას პარლამენტში თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს. არ მიყვარს ორგული კაცი. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ერთგული ვარ და ეს ერთგულება არის ჩემი ამოსავალი წერტილი.“ ეს ჯანსუღ ჩარკვიანია თავისი ძალიან საინტერესო ცხოვრებისეული ამბებით.

პატრიოტული ლექსები თუ კალამბურები

„პატრიოტული ლექსები უფრო მაშინ იყო საჭირო, როცა საქართველოს ძალიან უჭირდა. მაშინ, მოქალაქეობრივი ლირიკა იყო აუცილებელი. ახლა, უკვე ისეთი დრო დადგა, რომ ჩემს ლექსებში მეტი ირონიაა. გალაკტიონმა თქვა: „თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარა“. ახლა თქვენ არ გეგონოთ მეთერთმეტე არმია შემოვიდა და ის მოსწყურდა გალაკტიონს. მას დღევანდელი დღე სწყუროდა, ანუ თავისუფლება. მაქვს ისეთი კალამბურები, სადაც მეტი ბილწისტყვაობაა. მაგალითად, „პრალამენტარი დაცვით“. მე არა მგონია საჭირო იყოს, პარლამენტარი დადიოდეს და დაცვა დაჰყვებოდეს. ეს, თავისთავად, საშინელებაა. ჯერ შენი ნამუსი უნდა გიცავდეს, შენი კაცობა, შენი პრინციპი. რატომ მე არ დამყვება დაცვა და რატომ უამრავ პარლამენტარს არ დაჰყვება, მაგის უფლება არც გაქვს. ახლა, თუ ვიღაცის გეშინია ყოველწუთს, მაშინ სხვა საქმეა.

დაცვა დაგდევს, რომ არ გცემონ და რამე არ გეტკინოს, ბოლოს ისეთ რამეს გეტყვი, უცებ მოგაკეტინო: ვის ახსოვხარ, ვის სჭირდები შე ბრიყვო და კრეტინო.

გამოცანები მაქვს კიდევ გაკეთებუული ლექსად.

ხალხი ხეზე დაცმული ჰყავს, ყარამანობს, ყანთელობს, ეს პატარა კაცუნიკა ურევს მთელ საქართველოს.

მეორე გამოცანა

კარგად იცნობს პარიზი და თბილისი და ცხინვალი, პარლამენტში სუყველაზე ნაძირალა ვინ არის?

მე რომელ პოეზიასაც ვაღიარებ, ეს არის კლასიკა, ანუ კლასიკური პოეზია. კოტე ყუბანეიშვილის პოეზიას კი წააგავს, თითქოს, ჩემი ეს კალამბურები, მაგრამ კოტე ყუბანეიშვილი აუცილებელი ხაზია ამ დიდი მწერლობისა თავისი ირონიული ლექსებით, ამ სატირული კალამბურებით. მართალია, მისი ლექსები ყველა არ წამიკითხავს, გამიგია უცაბედი შეძახილები მისი – „თუ არ წაიკუზები, არ მოგივა მუზები“ და ასე შემდეგ.

დიდი ბაბუ თუ ხარ

იყო დიდი ბაბუა, ეს სიყვარულზე მეტად, ალაბათ, უფრო სიამაყის და წასვლის გრძნობაა. ვიღაცამ რომ მითხრას, შვილიშვილის შვილს მოეწროო, ცოტა მეუხერხულება, იმიტომ რომ ვთქვათ და ჩამიარა გვერდით და ვერ ვიცნო, მაშინ რას შვრები, ხომ აღარ შეიძლება შვილიშვილის შვილი იცნო. ვერ იცნობ და ამიტომ აღარ უნდა იყო აქ. აი, შვილიშვილის გრძნობა უფრო სხვა. მეტი სიახლოვეა, მეტი სიამაყეა, მეტი ურთიერთობებია. იმდენად ვარ შეჩვეული ამ გრძნობას, რომ არ ვნანობ, იმიტომ, რომ ისეთი გენიალური ცხოვრება მაქვს გავლილი, გენიალური სიმდიდრით კი არა, ისეთი, სხვანაირი, ჯიგრიანი, სავსე ერთგულებით, სიმართლით, ბიჭობით, ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე, თავისი ჩხუბებითა და ყოველმხრივ საინტერესო ამბებით. მთელი თაობის ჭეშმარიტი ნაწილი იმ საქართველოშია, ზეციურში. უკეთესობას აწი არც ველი. მე, თავად, სულ მეგონა, რომ რაიმე უკეთესს გავაკეთებდი. ახლა რა უნდა გავაკეთო უკეთესი, 69 წლი ვარ. უბრალოდ, ვიქნები ისეთივე კეთილი, როგორიც ვიყავი, მაგრამ მაშინ სიკეთეს მეტი ენერგია, მეტი მოძრაობა ახლდა. ადამიანებიც უფრო გიგებდნენ. ახლა, ქვეყანა ისე მოდის ჩემთან, როგორც მოდიოდა, რომ სამსახური ვუშოვნო. ის კი არ იციან, რომ მაშინდელი ჩემი დარეკვა სხვა იყო, რომ იქ, სხვა იჯდა, რომელსაც მე ვჭირდებოდი. ახლა იმას, ჩემი სახელი და გვარი კი აღარ სჭირდება, იმას სჭირდება ფული და მაშინ, ვთქვათ, როცა იყო რაიკომის მდივანი, იმას უნდოდა, რომ პოეტიც მისი მეგობარი ყოფილიყო. ახლა შენკენ არც იხედება. ერთ წიგნსაც არ გამოსცემს შენსას. არადა, ეს ხალხი ისევ მოდის ჩემთან, ძველი მენტალიტეტით თუ უშველე.

მარტოობის ორდენის კავალერი

სულ ახალხან ცაგერში ვიყავი ჩასული. ჩემს ძველ, წინაპრების კუთხეში. ლადო ასათიანი ჰყავდა ამ კუთხეს, იცით, ალბათ. ჩავედი ერთ ჩემს ამხანაგს მივემხრე, კენჭს იყრიდა პარლამენტში. გამოვიდა ვიღაც ძველი ზვიადისტი, თურმე, აღმოჩნდა ისიც კენჭს იყრიდა. გამოვედი, რაღაც ჩემი სიტყვა ვთქვი – იმ მხარემ დამისტვინა. მოკლედ, ისეთი რაღაცები გააკეთეს, ძალიან შეურაცხყოფილი დავრჩი. რა გაგიკეთებია ლეჩხუმისთვისო. წერილიც მომივიდა. რა უნდა გავაკეთო. მე ვარ ჯანსუღ ჩარკვიანი. მე ვფიქრობ, გაკეთება ვიღაცას ჰგონია, რომ სამედიცინოზე მოვაწყობ მის შვილს, ისე, ერთხელ ვეებერთოეა ფული კი გადავრციხე, მეწყერი რომ მოადგა ლეჩხუმს, მაგრამ... დავწერე ასეთი ლექსი ცაგერში – „აღორძინებულ ზვიდონებს“. „რაო, რა ბრძანეთ, ლადო მიყვარსო, ლადოს აზრი და სიტყვა? როცა მოვკვდები, მეც შემიყვარეთ, თქვენ წასულები გიყვართ. რადგან შეხება არ გვაქვს სანთელთან, არა გვაქვს რწმენა მწირიც, ამიტომ, წესი გახლავთ ქართველის, ჯერ მოკლავს, მერე ტირის“. ქართველ კაცს რომ უყვარს მკვდარი პოეტი, მიცვალებული, ისე, ალბათ, მსოფლიოში – არავის. კიდევ ვამბობ: ეს არ არის ჩემზე, ეს არის ქართველ პოეტზე ნათქვამი. არ იციან, ვინ დადის ამ ქვეყანაზე და ჭამენ. მერე მოკვდება და თავში ხელს იცემენ, ეს რა უბედურება დაგვატყდაო, მაგრამ გვიანია. ისე, როგორც ახლა გადაიღეს, სხვათა შორის, ძალიან საინტერესო ფილმი – „მარტოობის ორდენის კავალერი.“ მაშინ რატომ ჰყავდათ მარტოდმარტო მიტოვებული გალაკატიონ ტაბიძე, ვკითხოთ ახლა, რაშია საქმე, რატომ იყო მარტოობის ორდენის კავალერი გალაკტიონი?

უღელი მაინც ერთი გვაქვს

კალაზე როცა შეაბამენ ხოლმე ახალგაზრდა ხარს, უფრო გარედან აბამენ ხოლმე, რომ ნაკლები სახრე მოხვდეს მას, ვინც შიგაა შებმული. ასეა მუღლეობაც. მეუღლე შეიძლება, კალაში შიგნითაა შებმული და შენ გარედან ხარ, რომ მეტი სახრე მოგვხდეს, მაგრამ უღელი მაინც ერთი გვაქვს. ერთხელ ბორია წიფურიამ მე და გიგა ლორთქიფანიძე, მეუღლეებით, თავის გადაცემაში მიგვიწვია და მეკითხება: დავიჯერო ახლა ცოლისთვის ერთხელაც არ გიღალატიაო. მოსკოვში ვარ-მეთქი. ისეთ ადგილზე, რომ ერთ მხარეს რესტორანი „ფიროსმანია“, მეორ მხარეს – სასაფლაოები. ჰოდა, ვზივარ ამ რესტორანში ჩემს მეგობრებთან ერთად. ვხედავ მოპირდაპირე მაგიდიდან ვიღაც გოგო მიმზერს. რაღაც არ მომეწონა, ისეთნაირად მიმზერდა. ავდექი, მივატოვე ის მაგიდა და გავრბივარ. გავრბივარ, უკან მომსდევს. შევვარდი ამ სასაფლაოებში, ვიფიქრე, ახლა გვიანია და იქ მაინც ვეღარ შემომყვება-მეთქი, მაგრამ იქაც შემომყვა. გავრბივარ ისევ და უცებ, ფეხი დამიდო. ახლა, ბორია მეკითხება, გაუხარდა ამ ადგილას რომ მივედი, მერე, მერე რა მოხდაო. მერე აღარაფერი აღარ მახსოვს-მეთქი. ახლა მიუტრიალდა ჩემს ცოლს, როგორ, ქალბატონო ირმა, ესე იგი, გიღალატათ ჯანსუღმაო? ჩემმა ცოლმა უპასუხა – აბა, თავს ხომ არ შეირცხევნდაო... საერთოდ, რა არის, იცით? მე მგონია, რომ კაცი, რომელიც თავის ცოლს უღალატებს, ის კაცი უნდა დაჭრა ნაკუწ-ნაკუწ და ჩადო მარილწყალში, მაგრამ ახლა ამას მე ხომ არ გავაკეთებ. ეს ქალმა უნდა გააკეთოს.

როგორც პირველი კოცნა

8 წლის ვიყავი, როდესაც დავწერე – „მიყვარს ნატო, მაგრამ მარტო“, რატომ მარტო, ახლა რომ მახსენდება, მეცინება. აი, როგორც პირველი კოცნა მახსოვს, ასე დამამახსოვდა ის სიბინძურე, როდესაც 1991 წელს ვერის ბაღში ჩემი წიგნები დაწვეს იმ, ეგრეთ წოდებულმა, კარვის ქალებმა. ჩემს სიცოცხლეში არ დამავიწყდება ეს. არ შეიძლება, საქართველოს წიგნის დამწველი ჰყავდეს და ის ერი წიგნიერი იყოს. ასევე, კარგად მახსოვს, ნოდარ დუმბაძემ, ჩემმა დიდმა მეგობარმა ერთ-ერთ რაიონში პედაგოგებს შეატყობინა, ჯანსუღ ჩარკვიანს შეხვედრა უნდა მოვუწყოთო. ჩავედით და გზაზე რომ მივდივართ, ვხედავ სულ ყვავილებს მიფენენ. მივდივარ და თან, ჩემთვის ვამბობ გულში – არა ჭამო, ჯანსუღ, არა ჭამო, ჯანსუღ! ამ დროს ვიღაც სახელოში მწვდა. არ დაიჯერო, ჯანუკი, ბიჭო. ესე იგი, ეს რომ დამემთხვა, გავოცდი რა... გავიდა მართლაც დრო, ათი წელი. დღესაც კი მაქვს შენახული იმ მასწავლებელი ქალის წერილი. მე ამისთანა წყევლა ჩემს სიცოცხლეში არ გამიგია. შვილიშვილებსაც კი მიწყევლიდა. სულ ვფიქრობდი ჩემთვის, როდის იყო ეს ქალი მართალი. ახლა, რა თქმა უნდა და, არა. მაშინ, როცა გზაზე ყვავილებს მიფენდა და ლამაზი სიტყვებით მამკობდა?! ეს იგი, რა მინდა იცით ამით ვთქვა? რომ კაცს არ უნდა უთხრა გამარჯობა და არ უნდა იყოს მასში წადი შენი დედაც... ან იმ გამარჯობაში უნდა იდოს შენი გამარჯვებაც. ასე იყო უწინ და რა ვიცი. დაბრუნდება ალბათ, ის დროც.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №39

29 სექტემბერი-5 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა