წარმატებული ბიზნესლედი მანანა კაციტაძე – „ბენო სთოუნის“ შექმნისა და განვითარების ისტორიაზე
ავტორი: „თბილისელები“ 11:00 30.12, 2024 წელი
„ბენო სთოუნი“ – ხარისხი, ბუნებრიობა, სილამაზე და გემოვნება
მიყვარს ძლიერ და თავდაჯერებულ ქალებთან საუბარი, გადამდებია მათი ქარიზმა, მოტივაცია. მერე გგონია, მთებს გადადგამ, უსმენ და საიდანღაც ძალა მოგდის. ჩვენი მთავარი გმირი მანანა კაციტაძე შპს „ბენო სთოუნის“ წარმატებული ლიდერია. თუმცა, მანამდე იყო გრძელი გზა, რომელიც ტურისტული კომპანიით იწყება. წარმატებამდე გზა ქალბატონმა მანანამ დამოუკიდებლად გაიარა, სხვების ხელშეწყობისა თუ დახმარების გარეშე. ეს პერიოდი 90-იან წლებს უკავშირდება, ბრძოლას არსებობისა და თავის გატანისთვის. ქალბატონმა მანანამ გამოსავალი არა მხოლოდ საკუთარი ოჯახისთვის, არამედ ბევრი ადამიანისთვის იპოვა და ტურისტული კომპანია შექმნა. ამ კომპანიის წყალობით, ადამიანებს საქართველოდან სარეალიზაციოდ გაჰქონდათ და ასევე, შემოჰქონდათ კონკრეტული ნივთები. ეს კომპანია წლების განმავლობაში წარმატებით ოპერირებდა ქართულ ბაზარზე.
მანანა კაციტაძე: პედაგოგიური განათლება მაქვს უცხო ენების მიმართულებით, მაგრამ ჩემი პროფესიით არასდროს მიმუშავია, 18 წლის ასაკში დავოჯახდი, სამი შვილი შემეძინა და გარკვეულიპერიოდით ოჯახზე ვიყავი გადართული. 1996 წელს გადავწყვიტე, რაიმე საქმე წამომეწყო, რადგან უცხო ენებს ვფლობდი, დავაარსე ტურისტული კომპანია, სადაც ჩემი ცოდნა გამომადგა, ჯერ დავდიოდი სირიაში, შემდეგ ირანში. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სხვა ენებიც ვისწავლე, სწორედ ამ დროს გავიცანი ირანელი, ჩვენი კომპანიის დამფუძნებელი, რომელმაც მასთან მუშაობა შემომთავაზა. რა თქმა უნდა, არ იყო მარტივი ამ წინადადების მიღება, რადგან ყველაფერი თავიდან უნდა დამეწყო, მაგრამ ეს ადამიანი იმდენად მართალი და წესიერი იყო, ვიცოდი მასთან მუშაობა არ გამიჭირდებოდა და რა თქმა უნდა, დავთანხმდი.
– საერთო კომპანია როგორ დააარსეთ?
– საერთო კომპანია – „ბენო სთოუნი“, 2014 წელს დავაარსეთ. ძალიან მალე მე შევქმენი შპს „დეკორი 2016“, რომელიც შემდგომ „ბენო სთოუნს“ შეუერთდა და დღეს ის ერთ-ერთი დიდი და ძლიერი მოთამაშეა ქართულ ბაზარზე; ბუნებრივი ქვების წარმოების კუთხით. სულ ახლახან კომპანიას წარმატებული ოპერირებისთვის ნაციონალური ბიზნესრეიტინგების კავშირისა და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა.
– რას სთავაზობთ მომხმარებელს?
– „ბენო სთოუნი“ ბუნებრივი ქვების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიაა. მომხმარებელს ვთავაზობთ მოსაპირკეთებელ ქვებს როგორც შიდა, ასევე, გარე ინტერიერისთვის. გვაქვს ასევე, ხელოვნური კვარცისა და პორსელანის კერამიკა. ჩვენს შოუ-რუმში ყველანაირ ბუნებრივ ქვას შეხვდებით – როგორც სამზარეულოს ზედაპირისთვის, ასევე აბაზანისა და გარე ფასადის მოსაპირკეთებლად.
– როგორია თქვენი ტექნიკური აღჭურვილობა?
– მცხეთაში გვაქვს უძლიერესი ქარხანა, რომელიც იტალიური დანადგარებითაა აღჭურვილი. მსგავს დანადგარებს იშვიათად შეხვდებით მთელს ამიერკავკასიაში. ხაშურის რაიონში შევიძინეთ ასევე, დიდი მიწის ნაკვეთი, სადაც ჩვენი კიდევ ერთი დიდი წარმოება შენდება, იქვე იქნება სამშენებლო მასალების დიდი სუპერმარკეტი. მომავალში ვაპირებთ, ახალციხის მხარეს გავხსნათ მსგავსი ობიექტი.
– პროდუქცია საიდან შემოგაქვთ?
– პროდუქციის ძირითადი ნაწილი თურქეთიდან, ირანიდან და აზერბაიჯანიდან შემოდის, მაგრამ გვაქვს ადგილობრივი, ქართული ქვებიც. რაოდენობაც ყოველთვის გვაქვს მარაგში და ყველა ტიპის მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ. გვაქვს ადგილზე მიტანის სერვისი; გვყავს მომხმარებლები მთელი საქართველოს მასშტაბით.
– რამდენ ადამიანს ასაქმებთ კომპანიაში და როგორ ახერხებთ თანამშრომლების კეთილგანწყობის მოპოვებასა და შენარჩუნებას?
– ოფიციალურად, 60 მუდმივი თანამშრომელი გვყავს. თითოეული თანამშრომელი ჩვენი დიდი ოჯახის წევრია, ყველა მათგანი თანაბრად ძვირფასია და ვცდილობთ, ჩვენი მათდამი პატივისცემა ღირსეული ანაზღაურებითა და სამუშაო პირობების შექმნით გამოვხატოთ. წლის ბოლოს ყოველთვის გვაქვს კორპორატიული ღონისძიება, ვაჯილდოვებთ თითოეულ თანამშრომელს, ყველას აქვს ჯანმრთელობის დაზღვევა, ჩვენი ხელმძღვანელი – ბატონი ბენო, არაჩვეულებრივი ადამიანია, ძალიან უყვარს საქართველო და ქართველი ხალხი. გარკვეული პერიოდი საქართველოში იცხოვრა კიდეც ოჯახთან ერთად. მისთვის ყოველი თანამშრომელი ოჯახის წევრებთან არის გაიგივებული და მუდმივად ზრუნავს მათი პირობების გაუმჯობესებაზე. ყველა დღესასწაულზე გამოყოფს გარკვეულ თანხას, უზრუნველყოფს, რომ თითოეული თანამშრომელი დასაჩუქრდეს საკუთარ დაბადების დღეზე. თანამშრომლების წახალისების ორგანიზებას კი მე ვაკეთებ. ვფიქრობ, ჩვენს სამუშაო პირობებზე მეტყველებს ის, რომ ბევრ ადამიანს სურს ჩვენს კომპანიაში დასაქმება. თანამშრომლები დედასავით მიყურებენ, ჩვენი ხელმძღვანელიც დედას მეძახის, თავად სამი შვილი და შვიდი შვილიშილი მყავს – 6 ბიჭი და ერთი გოგონა.
– რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?
– როგორც აღვნიშნე, რთულ 90-იან წლებში დავიწყე გამოსავლის ძებნა, რომელმაც გაამართლა და მადლიერი ვარ, რომ ამ გზაზე მხოლოდ კარგი ადამიანები მხვდებოდნენ. წარმატება თავდაუზოგავი შრომის გარეშე არ მოდის და თუ ბევრს იშრომებ, ისიც არ დააყოვნებს.
– ძლიერი ქალის თვალსაჩინო მაგალითი ხართ, რას ურჩევდით იმ ქალბატონებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს კარიერაში?
– ქართველი ქალბატონები განსხვავდებიან სხვა ეროვნების ქალებისგან, ბევრად უფრო რისკიანი და მიზანდასახულები არიან. მინდა, ვურჩიო, არ დააბრკოლონ სიძნელეებმა. თუ დაისახავენ მიზანს და ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე არსებულ გარდაუვალ სირთულეებს არ შეუშინდებიან, შედეგს აუცილებლად მიაღწევენ. ჩვენი უფროსი ამბობს, რომ თუ არ გიყვარს ის საქმე, რასაც ემსახურები, ვერასდროს მიაღწევ წარმატებას, რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან