საზოგადოება

თაკო ჩარკვიანი: ჩემი ნახევარი სიცოცხლე წაიღო იმ პერიოდმა - ორსულად ვიყავი და ნერვიულობის გამო დავკარგე ბავშვი

№47

ავტორი: ნონა დათეშიძე 23:00 25.11

თაკო ჩარკვიანი
დაკოპირებულია

ამბობენ, სიყვარული დროთა განმავლობაში ფერს იცვლის, ხუნდება და გრძნობაც ნელდებაო. ამ აზრს თაკო ჩარკვიანი არ ეთანხმება, რადგან მისთვის სიყვარული, ამაღლებულ გრძნობასთან ერთად, მყარ მეგობრულ პრინციპებს ესაბამება. მისი და ჯონი გიგანის 30-წლიანი სიყვარული და ოჯახური თანაცხოვრება, არამცთუ გახუნდა, პირიქით, გამყარდა და მეტი საინტერესო ფერი შეიძინა.

თაკო ჩარკვიანი: ახლა რომ უკან ვიხედები, ძალიან საინტერესო ცხოვრების გზა გამოვიარე, ტყუილების გარეშე. ასაკს, გამოცდილებასთან ერთად, უთუოდ მოაქვს მოთმინება, რომელსაც ბევრი სიბრძნეს ეძახის. თუმცა, მოთმინება სხვაა და სიჩუმე სხვა. ერთხელ, მახსოვს, ახლობელი შემხვდა და საყვედურივით მითხრა: სიჩუმე უფრო მომგებიანიაო... ფეხით ამოვიარე სახლამდე გზა და ჩემთვის ვფიქრობდი: ნუთუ წამგებიანია საუბარი, თქმა და ბრძოლა? არავითარ შემთხვევაში, მე არ ვიცხოვრე წამგებიანად, სიჩუმე არასოდეს შემძლებია. ერთი წამით წარმოიდგინეთ, მოაზროვნე ადამიანები საჭირო მომენტში რომ გაჩუმებულიყვნენ, ხომ არ იქნებოდა ეს ჩვენი ქვეყნისთვის მომგებიანი? ამიტომ, ვფიქრობ, სიჩუმეს, უბრალოდ, ყური უნდა მიუგდო. მამაჩემს აქვს საინტერესოდ ნათქვამი: „ყური მიუგდე, მეგობარო, იმ დიდ სიჩუმეს, იგი სავსეა ტალღის ხმაურით და სინანულით“. ასე რომ, სიმყუდროვეში, სიჩუმეს შეიძლება, ყური მიუგდო და გაყუჩდე, გადაავლო თვალი მოვლენებს, რაღაც დღეები გეტკინოს, გეწყინოს, შეიგრძნო, შეინანიო, მაგრამ ბრძოლა აუცილებლად უნდა განაგრძო. მე ასე მგონია სწორი. ვფიქრობ, სიტყვა „კმაყოფილება“ ცხოვრებისთვის ყოვლად შეუსაბამოა, ჩემი განვლილი ცხოვრებისთვის უფრო „საინტერესო“ მგონია სწორი და შესაბამისი.

– რას ფიქრობთ, ცხოვრებაში ყველაზე მეტად რაში გაგიმართლათ?

– ყველაზე მეტად ცხოვრებაში გამიმართლა, რომ მყავდა ჯანსუღი, მყავს მამუკა, მყავს დედა, მყავს ჩემი ვაჟკაცი მეუღლე და შვილი ირმა გიგანი – ამაზე მეტი გამართლება რაღა უნდა იყოს. მგონია, რომ იმ საინტერესო განვლილ წლებში, უთუოდ გამიმართლა. ჩემს მოთხრობების კრებულს წავუმძღვარე: მადლობელი ვარ ჩემი სახლის, რომელშიც ვიგულისხმე ის ადამიანები, ვისაც ვიცნობდი, მიყვარდა, ვისთანაც მიმღერია, ვისი სიტყვა, ლექსი, სიმღერა მომისმენია და სითბო და სიყვარული მიგრძნია, ის დიდი სამეგობრო წრე. ამ დიდი სიყვარულისთვის მადლიერი ვარ იმ ჩემი მოთხრობების გმირების, რომლებიც რეალურები არიან და ისე განვიცადე ისინი, რომ ჩემს მოთხრობებში შემოვიდნენ. ამ ყველაფრის მადლობელი ვარ. თუმცა, ტკივილი რომელიც მოგყვება, ესაა ცხოვრება, ეს არის ის, რაც უნდა მიიღო და პირჯვარი გადაიწერო, თუ უზარმაზარი ხანჯალი არ გაგირჭო ცხოვრებამ გულში და მთელი ცხოვრება ღია ჭრილობა არ დაგრჩა. თუ ასეთი რამ ცხოვრების განმავლობაში არ მიიღე, ეს უკვე დიდი ბედნიერებაა და კმაყოფილი უნდა იყო ადამიანი.

– ცნობილი ოჯახის შვილი იყავით, გათამამებული, გამორჩეული გარეგნობის და ნიჭიერი გოგო. ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელი გყავდათ. როგორ გამოხატავდნენ თქვენდამი სიყვარულს?

– სკოლის პერიოდში ყვავილები მოჰქონდათ, თაიგულები. იყო სახლის ფანჯრებთან სიმღერებიც (იცინის). თუმცა, აქვე გეტყვით, რომ იოლი ხასიათი არ მქონდა, მძიმე არტილერია ვიყავი და არ იყო ასე ადვილი ჩემი გულის მონადირება (იცინის). ჯონი რომ გავიცანი, მას მერე ოცდაათი წელი გავიდა და რომ მეუბნებიან, სიყვარული წლების განმავლობაში ხომ ნელდებაო, მეღიმება. სიყვარული კი არ ნელდება, წლების მატებასთან ერთად, ღრმავდება. ამას ემატება უდიდესი მეგობრობა და ვამბობ ხოლმე, მის გარეშე ერთი დღეც არ მაცოცხლა-მეთქი.

– რამდენი წლის იყავით, როცა ოჯახი შექმენით?

– ოცდარვა წლის ვიყავი და მე და ჯონიმ აბსოლუტურად შეგნებულად შევქმენით ოჯახი. სხვათა შორის, სრული შემთხვევითობა იყო ჩემი და ჯონის გაცნობა. ჩემს ძმისშვილს, მამუკას გოგონას, ირინოლას ჰქონდა გამოსაშვები საღამო. დედა და მამა ქალაქში არ იმყოფებოდნენ. მე კი წყნეთში ბავშვს გამოსაშვები საღამოსთვის ვამზადებდი. კარი გავაღე ოთახის გასანიავებლად და დავინახე მანქანამ აიარა და გივი სიხარულიძის ხმა გავიგე, კოტეჯს ეძებდა. გავძახე: აქ არის-მეთქი. კარგად მახსოვს, გამომეტყველება ადამიანის, რომელიც მის გვერდით იდგა – გაჩერდა და არ ინძრეოდა. ეს ბიჭი იყო ჯონი. არ მივაქციე ყურადღება. ჩემთან მეგობრები მოვიდნენ და გივი და ჯონი უკან რომ ბრუნდებოდნენ, შემომიარეს. ქართველების ამბავი ხომ იცით? გაიშალა სუფრა, დაიწყო ქეიფი. გულწრფელად ვამბობ, ჯონისთვის არც შემიხედავს სხვა თვალით. მეორე დღეს მეგობართან ერთად ვიყავი. ირინოლა რომ გამოსაშვები საღამოდან დაბრუნდა, ფარდა გადასწია და მეუბნება: გუშინ რომ სიმპათიური ბიჭი იყო, ის ბიჭი მოვიდაო. კარი გავაღე: იდგა კარში, მართლაც სიმპათიური ბიჭი და აი, მაშინ კი დავაკვირდი და მომეწონა (იცინის). ყვავილები და უამრავი ტკბილეულობა მოგვართვა. მერე ხუმრობდა: იმიტომ მოგიტანეთ იმდენი, ორი კვირა გეყოფოდათ და ამ ხნის განმავლობაში ხომ მაინც გაგახსენდებოდი და მახსენებდიო (იცინის). დღესაც კი ეუბნება ირინოლას: შენ რომ არ ყოფილიყავი, მამიდაშენი არც კი გამოიხედავდა ფანჯრიდან, შენ მიაქცევინე ყურადღება და იმიტომ მიყვარხარ უფრო მეტადო (იცინის). სხვათა შორის, იმ დღიდან რამდენიმე თვე გავიდა და ისევ გივი სიხარულიძის ზარი გაისმა – სასტუმრო „საქართველოში“ პრეზენტაციის გადაღება მთხოვა. მაშინ მუსიკალურ რედაქციაში საავტორო გადაცემა მქონდა, ამიტომ ეს ზარი უცხო არ იყო, დიზაინერი და მხატვარი მივიყვანე, მაგრამ რას ვიფიქრებდი, რომ იქ მისულს ჯონი დამხვდებოდა კაბინეტში. საქმიანი, ოფიციალური საუბარი შედგა და სიმართლე გითხრათ, არ მომეწონა ასეთი საუბარი (იცინის). მხატვარი და დიზაინერი დავტოვე და მალევე გამოვბრუნდი. ტაქსიში რომ ვჯდებოდი, ჯონი დამეწია, მთხოვა, ჩემი ავტომობილით წაგიყვანო და უარი ვუთხარი. ჩემი ჭკუით, დავსაჯე. ხომ, გითხარით, მძიმე არტილერია ვარ-მეთქი (იცინის). მერე გოგოებმა მითხრეს, რომ წამოხტა და გავარდა კაბინეტიდან, გივიმ თქვა: ისე არ აინტერესებს ჯონის ახლა ეს პრეზენტაცია, როგორც მე მაო ძედუნიო (იცინის). რამდენიმე დღეში გავაღე კარი და თაიგულით დამხვდა. მეუხერხულება ამაზე საუბარი, მაგრამ საოცარი, ძალიან ღრმა და ვაჟკაცი ადამიანია. თავისი თვისებებით ისე მომხიბლა და შემაყვარა თავი, უკვე ოცდაათი წელია, ერთად ვართ და მის გარეშე ვერ წარმომიდგენია ვერცერთი წამი. ყველა, ვინც მე მიყვარს, მასაც უზომოდ უყვარს, უთბილესი ადამიანია და ვინც მას იცნობს, დამეთანხმება.

ემოციურები ვართ, ორივე ჯიუტი ხასიათის და რასაკვირველია, ჩვენ შორის კამათიც ყოფილა, მაგრამ ეს ყველაფერი იქვე მთავრდება, ყოველგვარი გაგრძელების გარეშე. კამათსაც ხომ გააჩნია, რატომ და რისთვის? საკმაოდ მძიმე პერიოდი გამოვიარეთ და იმ დროს რომ ვღელავდი და ვეკამათებოდი, მხოლოდ იმიტომ, რომ მას ვუფრთხილდებოდი. თუ არ გიყვარს, არც უფრთხილდები და არც ეკამათები.

– ამბობენ, წყვილს შორის აუცილებელია დათმობაზე წასვლა, ისე იდილია ოჯახში ვერ დაისადგურებსო. თავად რისი დათმობა მოგიწიათ მეუღლის გამო?

– ურთიერთობაში, ერთი მხრიდან დათმობა არ უნდა ხდებოდეს. ჯონიმაც დათმო და მეც, ერთმანეთისთვის, რასაკვირველია, ბევრი რამ დაგვითმია. მაგალითად, ჯონიმ ჩემ გამო, უფრო სწორად, ირმას – ჩვენი შვილის და ჩემ გამო დათმო წარმოუდგენლად დიდი პროექტი, ერთ-ერთ ძალიან დიდ ქვეყანაში, იმიტომ რომ დიდი ხნით არ დავეტოვებინეთ. ყოველდღიურად ვგრძნობ, რომ მისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი ვარ.

– რთული პერიოდი ახსენეთ. ვინც არ იცის, ალბათ, ვერც წარმოიდგენს რამდენი ტკივილისა და განცდის გადატანა მოგიწიათ, თან არაერთხელ. როგორ გადალახეთ ის რთული პერიოდები და თუ დატოვა კვალი?

– აღარც მინდა იმ დროის გახსენება, მაგრამ რადგან მკითხეთ, გიპასუხებთ. არ მთავრდებოდა, ჯოჯოხეთივით მახსოვს. იმ პერიოდმა, ფაქტობრივად, ნახევარი ჩემი სიცოცხლე წაიღო. ახალი გათხოვილი ვიყავი, ორსული, ბავშვს ველოდებოდი, რომელიც ამ ამბავს შეეწირა – ნერვიულობის გამო დავკარგე. საშინელი პერიოდი იყო, ბიზნესის დაუფლების მიზნით რეკეტი მიდიოდა. ჯონის შეუვარდა 40 კაცი სასტუმრო „საქართველოში“. რასაკვირველია, სვან კაცთან „ჭიდილი“ არ იქნებოდა ადვილი და ვერც ფულს „შეაწერდნენ“. ცხონებული კოტე მახარაძე შეესწრო ამ ამბავს, გონება დაკარგა და თავად ის ადამიანები ასულიერებდნენ, ვინც ამას სჩადიოდა. ჯონი ფიზიკურად საკმაოდ ძლიერია, თან ყოფილი სპორტსმენი, ძიუდოისტი, თუმცა ამდენ ადამიანთან გამკლავება რთულია და ნაცემი კი არა, ნაწამები იყო. ბრძანება არ იყო გაცემული ჯონის მოკვლაზე, ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია. ამ ამბის შემდეგ, მიუგზავნეს ოთხგზის ნასამართლევი, რეციდივისტი, ვინმე ტარიელ ხერკილოვი, ზედმეტსახელად „საულა“. იარაღით შევარდა ეს კაცი ჯონის კაბინეტში და ორივე მხრიდან მოხდა გასროლა. ჭიდაობის დროს, ჯონიმ ლულას ხელი დააფარა და საკმაოდ მძიმე ჭრილობა მიიღო. ოპერაცია გაუკეთდა და ხელს ხმარობს, მაგრამ თითს დღემდე ვერა. მერე მანქანაში ტროტილი ჩაუდეს და ააფეთქეს. მოკლედ, ფულის „შეწერვის“ გამო ოთხჯერ გადაურჩა სიკვდილს, ოთხი ოპერაცია აქვს გაკეთებული. რომ მკითხეთ, როგორ გადალახეთ და გაუძელით რთულ პერიოდებსო, გიპასუხებთ: როცა ადამიანი გიყვარს, იცი, წესიერია, ქართველი ვაჟკაცია, მართალი, მის გვერდით შენც ძლიერდები. დამიჯერეთ, ვაჟკაცი კაცის ცოლობა რთულია, მაგრამ როცა გიყვარს, ყოველთვის მის გვერდით ხარ, თუნდაც ყველაზე რთულ პერიოდში – როცა საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება. იმ ყველაფერმა ძალიან მძიმე კვალი დატოვა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა