საზოგადოება

რატომ გადმოფრინდა მოსკოვიდან გიგა ლორთქიფანიძის მამა შვილის სანახავად დიდი რისკის ფასად და როგორ მოატყუა მისმა ექიმმა ჩეკისტები

№45

ავტორი: ეკატერინე პატარაია 18 წუთის წინ

გიგა ლორთქიფანიძე
დაკოპირებულია

გიგა და მარიკა ლორთქიფანიძეები. ერთი რეჟისორი, მეორე – ისტორიკოსი. თბილისში მაღალი კულტურის წარმომადგენელი და-ძმა. ჰოდა, თავად იყვნენ საინტერესო ადამიანები და ამიტომაც შეიტანეს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი ქართულ კულტურაში.

მარიკა ლორთქიფანიძე:

გიგას ბატკანი

„გიგა ჩემზე ხუთი წლით არის უმცროსი. მე დავიბადე 1922 წლის 28 აგვისტოს, გიგა – 1927 წლის 19 ოქტომბერს. ბავშვობაში ეს განსხვავება ძალიან საგრძნობი იყო, შემდეგ თანდათან აღარავითარი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. გიგა ძალიან მგრძნობიარე ბავშვი იყო. 5-6 წლის იქნებოდა. სააღდგომოდ ვიღაცამ ჩვილი ბატკანი მოგვიყვანა. მაშინდელი მლეთის, ახლანდელ ხორავას 5-ში ვცხოვრობდით და ჩვენს სახლთან ახლოს პატარა მინდორი იყო. გიგას იქ დაჰყავდა ეს ბატკანი. აღდგომის წინა დღეს ბატკანი დაიკლა, როდესაც ეს გაიგო, საშინლად განიცადა, ისე ტიროდა, მთელი სამეზობლო შეიკრიბა. რადგან საჭმელს მართა ბებია – მამის დედა ამზადებდა, ბატკნის დაკვლაც მას დააბრალა. რასაკვირველია, იმ ბატკნის ხორცი პირში არ ჩაუდია, მართა ბებიამ კი, კარგა ხნის შემდეგ ძლივს შეირიგა. ეს იყო პირველი ტრაგედია მის ცხოვრებაში. სანამ მამა სახლში იყო, ნორმალურად ვცხოვრობდით ორ ოთახში, პირველ სართულზე. როცა მამას მოაკითხეს, მოსკოვში იყო. საერთოდ, ხშირად დადიოდა იქ სამსახურებრივი მივლინებით. დედას მისამართი მოსთხოვეს, დედამ კი უპასუხა, რომ მისამართი არ იცის, რომ მას იქ ოჯახი ჰყავს და თუ აუცილებელია, ფოსტით „მოკითხვამდე“ უკავშირდება. როცა ჩამოდის, ჩვენთან მოდისო. გამიკვირდა დედას პასუხი, მაგრამ მივხვდი, არ უნდოდა მამას მისამართის მიცემა. მთელი ღამე ჩხრეკა იყო ჩვენთან, არ ვიცი რას ეძებდა ის ორი. ბოლოს ერთ-ერთმა მამას სანადირო თოფი მხარზე გადაიკიდა და წავიდნენ. დედა მაშინვე დაუკავშირდა მამას, მან უთხრა: არ ჩამოვალ, მაგათ ციხეში ვერ ჩავჯდებიო. დედა რამდენჯერმე დაიბარეს. ძალიან გვეშინოდა, რომ დააპატიმრებდნენ. ვიცოდით, თუ დააპატიმრებდენ, მაშინვე უნდა შეგვეტყობინებინა მამასთვის, მაგრამ მალე დედას თავი დაანებეს. შემდეგ გავიგეთ, რომ გამომძიებელი, ვინმე შარია, ის, ვინც მამას თოფი წაიღო, მალე თვითონაც დაუპატიმრებიათ. იმ წლებში ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

მოკვეთილი ფეხი

როცა გიგამ ფეხი მოიტეხა, სასამართლოს ქუჩაზე, საავადმყოფოში სასწრაფოთი მიიყვანეს და თაბაშირი დაადეს, მაგრამ მოტეხილობა ღია იყო. ორგანიზმში განგრენის ინფექცია შევიდა და ფეხის მოკვეთის საკითხი დადგა. მამას შევატყობინე. დედა გიგასთან იყო საავადმყოფოში. შევთანხმდით, რომ მეორე დღეს თავის მეგობარ დავით ქვარიანთან პირველ საათზე დამირეკავდა. სამ საათამდე ველოდე. არ დარეკა. ვიფიქრე, ალბათ, გუშინდელი ზარით მიაგნეს და დააპატიმრეს-მეთქი და საავადმყოფოში წავედი. შენობის წინ აურაცხელი ხალხი ტრიალბდა. ოთარ ჯაფარიძემ მითხრა: მამაშენი იყო მოსული, ცოტა ხნით შევიდა, მეგობრები ელოდებოდნენ მანქანით და წავიდაო... ვერ მოეთმინა და გადმოფრენილიყო... მამას წასვლიდან რაღაც წუთების შემდეგ ოთახში ორი კაცი შესულა და დედასთვის უკითხავთ, თქვენი ქმარი ახლა აქ იყოო? დედას უთქვამს, არაო. იგივე შეკითხვით მიმართეს ოთახში მყოფ ქირურგ ოთარ ჭეიშვილს, ვინც გიგას ფეხი მოკვეთა. მან კი, უპასუხა: ოპერაციიდან რომ გამოვიყვანეთ, იმის მერე სულ აქ ვარ და არავინ მოსულაო. დამეთანხმებით, მაშინ ეს გმირობის ტოლფასი იყო. ჭეიშვილმა მათ გიგას დაკითხვის ნებაც არ მისცა, ნარკოზიდან არ გამოსულაო, მაგრამ მამას დაპატიმრების ამბავი მისმა მოსკოველმა მეგობრებმა მალევე შეგვატყობინეს.

***

...გიგა ძალიან ცოცხალი, მხიარული ბავშვი იყო. ცეკვავდა, ფეხბურთს თამაშობდა. ფეხი 13 წლის ასაკში დაკარგა. გული აიცრუა სწავლაზე, მუსიკაზე... ცნობილი დირიჟორი, ევგენი მიქელაძე ჩვენი ბიძა იყო. მე და გიგა ხშირად დავდიოდით მის რეპეტიციებზე ოპერაში, მესამე სართულზე ვსხდებოდით. ევგენი წინასწარ გააფრთხილებდა ორკესტრის რომელიმე წევრს ყალბი ნოტი აეღო. გიგა მაშინვე ხვდებოდა. ევგენი ამბობდა, რომ გიგასგან დიდი დირიჟორი დადგებაო. ავბედითმა რეპრესიებმა ეს უნიჭიერესი კაციც შეიწირა. იმ საღამოს ოპერაში ვიყავით როცა დააპატიმრეს...

თბილისიდან გაქცევა

ოპერის თეატრის წინ „ბირჟა“ იყო. ომის დროს თბილისი გაივსო ინვალიდებით... ხშირად ჩხუბიც იმართებოდა. ერთხელ, გიგა ძლივს გადარჩა. მიუხედავად თავისი ფიზიკური მდგომარეობისა, თავისი წრის ლიდერი იყო. ოპერის უკან, მაშინდელ ძნელაძის ქუჩაზე, მილიციის განყოფილება იყო და გიგას გამოსაყვანად მისვლა მე მიხდებოდა. დედა გათენებიდან დაღამაებამდე მუშაობდა. კარგი ნაცბობობა მქონდა მილიციის უფროსთან. ერთ საღამოს გიგა ადრე მოვიდა და გვითხრა: აქ აღარ გავჩერდები, სოფელში უნდა წავიდე, მამას ძმასთან და სწავლა იქ გავაგრძელოო. ავიღე სკოლიდან ცნობები და გავემგზავრეთ. ბიძაჩვენი – აპოლონ ლორთქიფანიძე მარტო ცხოვრობდა, ეგრეთ წოდებულ, „ქუხნა სახლში“ – 1921 წელს სახლი ჩამოართვეს, უთხრეს: კნიაზობა გეყოფაო და, იქ უბრძანეს გადასვლა. ცოლი გარდაეცვალა, შვილები წავიდ-წამოვიდნენ, დარჩა მარტო. გიგამ სკოლა იქ დაამთავრა. შემდეგ, ჯერ თბილისში სწავლობდა, მერე – მოსკოვში. დიდი ხნის მერე გამომიტყდა, თურმე მილიციასთან თანამშრომლობა შეუთავაზებიათ და ამიტომ, ფაქტობრივად, თბილისიდან გაიქცა. თავს ნებას არ მივცემ შევაფასო გიგას შემოქმედება, მაგრამ როდესაც მოსკოვიდან ჩამოვიდა და ქართულ თეატრში დაიწყო მუშაობა, გადაუჭარბებლად ვიტყვი, ყოველი მისი სპექტაკლი ზეიმი იყო, როგორც შემდეგ სულ“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი