როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები
ავტორი: „თბილისელები“ 18 წუთის წინ
ირემაძე
ირემაძე ძველი ქართული გვარია, რომლის ფუძეა შუა საუკუნეების საქართველოში გავრცელებული საკუთარი სახელი ირემა. გვარსახელი პატრონიმული წარმოშობისაა: ირემა + ძე — „ირემას ძე“, „ირემას შთამომავალი“. გვარის ძირითადი ისტორიული სამშობლოა გურია და აჭარა, საიდანაც ირემაძეთა ცალკეული შტოები იმერეთში, სამეგრელოსა და ლეჩხუმშიც გავრცელდნენ.
ირემაძეები განსაკუთრებით მრავლად სახლობდნენ ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ქობულეთის მხარეებში. გვარი გვხვდება აკეთში, აცანაში, ბახვში, ლიხაურში, მთისპირში, ნაბეღლავში, ძიმითში, ხიდისთავში და მრავალ სხვა სოფელში. იმერეთში ირემაძეები დასტურდებიან კუხში, მაღლაკსა და ხონის მხარეში, სამეგრელოში – ძველ ხიბულასა და პირველ გურიფულში, ხოლო ლეჩხუმში – მახაშში, ნასპერში, საირმესა და ღვირიშში.
მეჩვიდმეტე საუკუნიდან ირემაძეები ხობის საყდრის მეხვერეთა შორის იხსენიებიან. 1790 წლის საბუთში გვხვდება გიორგელა ირემაძე, ხოლო 1790-1803 წლების ხონის წმიდა გიორგის ტაძრის საბეგრო ნუსხებში – მახარა, დავით, ხუტალა და ბუჭუელა ირემაძეები.
მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში განსაკუთრებით გამოირჩევა ლეჩხუმის სასულიერო შტო – ირემაძეთა რამდენიმე თაობა ღვირიშისა და სხვა ეკლესიებში მღვდლებად, მღვდელმონაზვნებად და მედავითნეებად მსახურობდა. პირველი მსოფლიო ომის სამხედრო საბუთებშიც გვარის არაერთი წარმომადგენელია დაფიქსირებული.
ამჟამად საქართველოში 4 554 ირემაძე ცხოვრობს და რაოდენობით 95-ე ადგილზეა. მათგან ჩოხატაურის რაიონში აღრიცხული იყო 513, ოზურგეთის რაიონში – 480, ქობულეთის რაიონში – 435 სული.
ირემაძეთა ცნობილი წარმომადგენლები არიან ქართველი გენერალი გიგლა ირემაძე (1960-2004) და მწერალი ქეთევან ირემაძე (1912-1945).
კვეტენაძე
კვეტენაძე ძველი ქართული, იმერული გვარია. გვარის ძირითადი ისტორიული კერებია ზოვრეთი და სვირი. კვეტენაძეთა გარკვეული შტოები აზნაურულ ფენას მიეკუთვნებოდნენ, თუმცა წყაროებში გვარის წარმომადგენლები საბატონო გლეხთა შორისაც გვხვდებიან.
კვეტენაძეთა აზნაურობის ისტორიისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის იმპერიის სენატის ჰერალდიკის დეპარტამენტში დაცული ორი საქმე. 1887 და 1889 წლებში ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის საქმეებში ერთად იხსენიებიან დათიაშვილები და კვეტენაძეები. ეს დოკუმენტები კვეტენაძეთა აზნაურული შტოს ისტორიის მნიშვნელოვანი საარქივო წყაროა.
პირველი მსოფლიო ომის მონაწილე კვეტენაძეთაგან ცნობილია დარისპან დიმიტრის ძე კვეტენაძე, სოფელ ზოვრეთიდან, რომელიც 201-ე ქვეით ფოთის პოლკში მსახურობდა და 1914 წელს დაიჭრა ან კონტუზია მიიღო. სამხედრო საბუთებში ასევე იხსენიებიან ისმაილ პროკოფის ძე, ამბროსი ალექსანდრეს ძე და სერგეი ფიოდორის ძე კვეტენაძეები.
გვარის ძველ კერასთან კავშირი დღემდე გრძელდება. 2014 წელს ზოვრეთში, ძველი ნატაძრალის ადგილზე, აშენდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია, რომლის ქტიტორები იყვნენ გელა კვეტენაძე და ძმები – მიხეილ და იაკობ კვეტენაძეები.
კვეტენაძეები სახლობენ ზოვრეთში, სვირსა და საქართველოს სხვა დასახლებებში.
დღეს საქართველოში, დაახლოებით 9 618 კვეტენაძე ცხოვრობს.
ლაშქარაშვილი
ლაშქარაშვილი – ძველი ქართული, ძირითადად, ქართლური გვარია. გვარსახელის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ლაშქარა, ხოლო -შვილი შთამომავლობას აღნიშნავს. ძველ საბუთებში გვარი გვხვდება ლაშქარასშვილის ფორმითაც.
ლაშქარაშვილები წერილობით წყაროებში მეჩვიდმეტე საუკუნიდან ჩანან. მეჩვიდმეტე საუკუნის შუა ხანებში მამუკა ლაშქარაშვილი ერთ-ერთ საბუთში მოწმედ იხსენიება, ხოლო 1695 წლის 20 ნოემბრის დოკუმენტში გვხვდება პაპუნა ლაშქარაშვილი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 1721 წლის აღწერა, სადაც გვარი ძველი ფორმით – „ლაშქარასშვილი“ – არის წარმოდგენილი. გოდერძა და შერმაზან ლაშქარაშვილები ჩხიკვათში საგინაშვილების ყმებად არიან მოხსენიებული. ლაშქარაშვილების ამავე ისტორიულ გარემოში არსებობას 1844 წლის აღწერაც ადასტურებს.
გვარის ისტორიული გავრცელების ძირითადი არეალი ქართლია. ლაშქარაშვილები ცხოვრობდნენ გორში, კასპში, აღაიანში, ბერბუკში, ძევერაში, ხიდისთავში, ქვემო ხანდაკსა და თეთრიწყაროში.
ამრიგად, ლაშქარაშვილი ძველი ქართლური გვარია, რომლის დოკუმენტური ისტორია სულ მცირე მეჩვიდმეტე საუკუნის შუა ხანებიდან იკვეთება, ხოლო მეჩვიდმეტე-მეცხრამეტე საუკუნეების წყაროები გვარის ქართლში ხანგრძლივ და მყარ დამკვიდრებას ადასტურებს.
დღეს საქართველოში 598 ლაშქარშვილი ცხოვრობს
მიროტაძე
მიროტაძე ძველი ქართული გვარია, რომლის ძირითადი ისტორიული კერა იმერეთია. გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მიროტა, რომელსაც შთამომავლობის აღმნიშვნელი სუფიქსი -ძე“დაერთო.
მიროტაძეები ისტორიულად სახლობდნენ მორძგვეთში, საზანოში, ქვედა ბაშსა და წირქვალში. განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია გვარი ჭიათურის მხარეში. მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევრის ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში იხსენიება ქვემო ძვიმლეთში მცხოვრები ნასყიდა მიროტაძე, ბეჟანა ტატიშვილის ყმა, რომელსაც ერთი ვაჟი ჰყავდა. 1873 წლის აღწერაში კი მოხსენიებულია გიორგი დავითის ძე მიროტაძე.
მიროტაძეები საეკლესიო ცხოვრებაშიც ჩანან – ივანე მიროტაძე 1870 წელს ქარელის წყაროთცხოვრების ეკლესიის მეფსალმუნე იყო. პირველი მსოფლიო ომის საბუთებში გვარის არაერთი წარმომადგენელი გვხვდება, მათ შორის ვარლამ, მიხეილ, ისიდორ, მოსე, ანტონ და თეოფილ მიროტაძეები.
ცნობილი წარმომადგენლები არიან ჟურნალისტი და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწე ანი მიროტაძე და მევენახეობის მკვლევარი ა. ბ. მიროტაძე, ნაშრომის „რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშები“ (1939) ავტორი.
სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში აღრიცხული იყო 857 მიროტაძე: ჭიათურის მხარეში – 455, თბილისში – 181, ქუთაისში – 40.
ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და
ვალერიან ხიმშიაშვილი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




