როცა პროფესიონალიზმს არც სქესი აქვს და არც - შეზღუდვები!
ავტორი: „თბილისელები“ 18:36
ნატალია ჩებანოვა – ფინანსური ანალიტიკოსი რაოდენობრივი ფინანსების მიმართულებით. შპს „ფენიქს ფინანს რევოლიუშენის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ასევე ფინანსისტების პროფესიული გაერთიანების შექმნის ინიციატორი.
ნატალია ჩებანოვა: „ჩემი პროფესიული გზა ფინანსებში დაახლოებით შვიდი წლის წინ დაიწყო. თავიდანვე მიზნად მქონდა არა უბრალოდ თეორიული ცოდნის მიღება, არამედ ისეთი სპეციალისტი გავმხდარიყავი, რომელსაც ბიზნესისთვის რეალური ღირებულების შექმნა შეუძლია.
შემდგომ წლებში სხვადასხვა მიმართულებით ვიმუშავე — ფინანსურ ანალიზში, ბუღალტერიაში, მენეჯმენტში, სტარტაპებთან, საერთაშორისო ფინანსურ საკითხებსა და საკონსულტაციო სფეროში. განსაკუთრებით დიდი გამოცდილება მივიღე საკონსულტაციო კომპანიაში მუშაობისას, სადაც ჩართული ვიყავი როგორც კლიენტებთან ურთიერთობაში, ისე ფინანსური და ადმინისტრაციული სისტემების გამართვაში.ჩემი პროფესიული განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო მენტორი – ჩემი პირველი ფინანსური დირექტორი, რომელმაც დამიჯერა მაშინ, როცა ბევრს უბრალოდ ჩემი ასაკი, გარეგნობა ან გამოცდილების არქონა უფრო მეტად აინტერესებდა, ვიდრე ჩემი პოტენციალი. ის ადამიანი იყო, რომელმაც მასწავლა არა მხოლოდ პროფესია, არამედ პასუხისმგებლობა, პროფესიული ეთიკა და კრიტიკული აზროვნება. დღეს უკვე მაქვს საკუთარი საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ქართულ და საერთაშორისო მიმართულებებზე მუშაობს. ჩემი საქმიანობა მოიცავს რისკ-მენეჯმენტს, ფინანსურ დაგეგმვას, პროგნოზირებას, ბიზნესების ფინანსურ ანალიზს და პრობლემების აღმოჩენას ფინანსური ანგარიშგებების სწორად წაკითხვით. ამ ეტაპზე ასევე დავიწყე IT მიმართულების განვითარება. ჩემს ახალ პროფესიულ პარტნიორთან ერთად ვქმნი ინოვაციურ CRM სისტემას, რომელიც ბიზნეს პროცესების უფრო ეფექტიანად მართვაზე იქნება ორიენტირებული.
ჩემი კარიერული გზა მარტივი არასდროს ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მაღალი აკადემიური მოსწრება მქონდა და პროფესია უზომოდ მიყვარდა, დასაწყისში ძალიან ბევრ სირთულეს შევეჯახე. საქართველოში პრაქტიკული გამოცდილების გარეშე ფინანსებში სამსახურის დაწყება რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალგაზრდა ხარ და საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება მუდმივად გიწევს. ამას ემატებოდა სტერეოტიპებიც. ხშირად არსებობს წარმოდგენა, რომ ფინანსები უფრო კაცების სფეროა, ხოლო ქალები ძირითადად ბუღალტერიაში უნდა იყვნენ წარმოდგენილები. მე ამ მოსაზრებას არასდროს ვეთანხმებოდი და დღემდე ვცდილობ ჩემი საქმიანობით ვაჩვენო, რომ პროფესიონალიზმს სქესი არ აქვს.
ასევე შშმ პირი ვარ და ცხოვრებაში ძალიან ხშირად მომიწია ბრძოლა არა მხოლოდ პროფესიული, არამედ ადამიანური მიღებისთვისაც. ხშირად ადამიანები პირველ შეფასებას გარეგნობით აკეთებენ, სანამ შენს ცოდნას, აზროვნებას და შესაძლებლობებს დაინახავენ. სწორედ ამიტომ ძალიან ადრე ვისწავლე, რომ ყველაზე ძლიერი პასუხი არის არა ემოციური რეაქცია, არამედ – კომპეტენცია, განათლება და შედეგი!
ჩემი მთავარი მოტივაცია იყო სურვილი, დამემტკიცებინა, რომ შეზღუდვები ყოველთვის რეალური არ არის – ხშირად ისინი მხოლოდ საზოგადოების წარმოდგენებია.ჩემი ცხოვრების მთავარი პრინციპია: „იყავი მაგალითი იმისა, რომ კარგი ადამიანები არსებობენ.“ ვცდილობ ამ პრინციპით ცხოვრებას როგორც პროფესიაში, ისე – ადამიანურ ურთიერთობებში.გარდა ფინანსებისა, ძალიან მიყვარს მწერლობა და მომავალში საკუთარი კინო-კომპანიის შექმნაზეც ვოცნებობ – მინდა ისეთი ისტორიების მოყოლა, რომლებიც ადამიანებს გაახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ღირსება, სიკეთე და ადამიანობა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





