როგორ მოახერხა ტყვეების საკონცენტრაციო ბანაკებიდან გათავისუფლება ერთ-ერთმა ყველაზე შეძლებულმა ქართველმა ემიგრანტმა, გიორგი მაღალაშვილმა
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00
გიორგი მაღალაშვილი დაიბადა 1904 წელს, თბილისში, ექიმ ალექსანდრე მაღალაშვილისა და ელენე ჯავახიშვილის ოჯახში. დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი. უნდოდა უმაღლესი განათლება გერმანიაში მიეღო, ამიტომ თბილისის გერმანული რეალური გიმნაზიის კურსიც გაიარა. ჩაირიცხა თბილისის უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულტეტზე, შემდეგ სწავლა განაგრძო ტიუბინგენისა და მიუნხენის უნივერსიტეტებში. მიუნხენის უნივერსიტეტშივე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.
გიორგი მაღალაშვილმა სამედიცინო საქმიანობა მიუნხენის საავადმყოფოებში დაიწყო, ამავე დროს მუშაობდა ბავარიის სოფლებშიც. დიდი გამოცდილების დაგროვების შემდეგ დამოუკიდებელ მოღვაწეობას შეუდგა ფალკენშტეინში, სადაც დასახლდა კიდეც.
გიორგი მაღალაშვილს მჭიდრო კავშირი ჰქონდა საქართველოდან გახიზნულ პოლიტიკურ ემიგრაციასთან და აქტიურად მონაწილეობდა სამშობლოს საკეთილდღეოდ წამოწყებულ ყველა ღონისძიებაში. ის გახლდათ ეროვნული დარაზმულობა “თეთრი გიორგის“ წევრი. მეორე მსოფლიო ომის დროს ქართველ პოლიტიკოსთა იმ ჯგუფს შეუერთდა, რომელმაც საქართველოს გათავისუფლება გერმანიის გამარჯვებას დაუკავშირა. გერმანიის ხელისუფლებამ, თანამშრომლობის სანაცვლოდ, მათ დახმარება აღუთქვა. 1942 წლის შემოდგომაზე ბერლინში შეიქმნა ქართული ნაციონალური კომისია, 1943 წლის ოქტომბერში მას სამხედრო ორგანიზაცია – ქართული საკავშირო შტაბი შეენაცვლა. მისი განყოფილების გამგეები გახდნენ გიორგი მაღალაშვილი, მიხეილ კედია და გივი გაბლიანი. შტაბის მუშაობას მხარს უჭერდა საქართველოს ემიგრანტული მთავრობაც. გიორგი მაღალაშვილის კანდიდატურა სამოქალაქო განყოფილების ხელმძღვანელის პოსტზე მიხეილ წერეთელმა წამოაყენა და მოძრაობა თეთრი გიორგის ფაქტობრივი ხელმძღვანელობაც გადაულოცა.
1943 წლის გაზაფხულზე დაარსდა „ქართული ეროვნული კომიტეტი“, მიხეილ წერეთლის თავმჯდომარეობით (წევრები – ზურაბ ავალიშვილი, სპირიდონ კედია, გიორგი მაღალაშვილი). კომიტეტს ევალებოდა გერმანიასთან თანამშრომლობა, ქართველთა გაერთიანება, ყველა ქართული საქმის ხელმძღვანელობა და საქართველოს ინტერესების დაცვა გერმანიის ხელისუფალთა წინაშე. ეროვნულ ძალთა მობილიზაციის მიზნით, გიორგი მაღალაშვილის რედაქტორობით, ბერლინში 30 000 ტირაჟით გამოიცა ჟურნალი „ქართველი ერი“. ჟურნალი ეგზავნებოდა ტყვეებსა და ემიგრანტებს.
აღმოსავლეთის ფრონტზე სამხედრო მარცხმა და ხალხის უკმაყოფილებამ 1945 წლის დასაწყისში გერმანიის სამხედრო ხელმძღვანელობა აიძულა, კავკასიური შტაბები კომიტეტებად ეცნო. კომიტეტად ქცეული „ქართული ცენტრის“ თავმჯდომარედ გიორგი მაღალაშვილი დასახელდა. გერმანიის მარცხის შემდეგ მთავარი საკითხი დამარცხებულთა ბანაკში მოხვედრილ თანამემამულეთა გადარჩენა გახდა. გიორგი მაღალაშვილის უშუალო ძალისხმევით, ბევრი ქართველი ტყვე გათავისუფლდა საკონცენტრაციო ბანაკიდან.
გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ მიხეილ კედია, კავკასიური საბჭოს წევრებთან ერთად, შვეიცარიაში გადავიდა. მოამზადა დაწვრილებითი ანგარიში არარუსი ეროვნული ჯგუფების ანტისაბჭოთა მოქმედებების შესახებ და მოკავშირეებს მიმართა თხოვნით, გადაერჩინათ მათი სამხედრო შენაერთები. 1946 წლის 3 მაისს ფიცის ქვეშ მისცა წერილობითი ჩვენება, რომელშიც ვკითხულობთ: „გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციის განმავლობაში, მე შევძელი უამრავი ქართველი და სხვა ეროვნების ებრაელი მეხსნა ზოგიერთი გერმანელი ფუნქციონერის დასჯისაგან... ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ამის გაკეთება შევძელი მხოლოდ სამი ჯენტლმენის შემწეობით. ესენი არიან: გიორგი მაღალაშვილი, მიხეილ ალშიბაია და გივი გაბლიანი, რომლებსაც ამ საკითხზე ჩემნაირი შეხედულება ჰქონდათ და დახმარებაც გამიწიეს“.
ომის შემდეგ გიორგი მაღალაშვილი ბავარიაში დაბრუნდა და აიზინგში, თავის მამულში ცხოვრობდა. მართალია, მოძრაობა „თეთრი გიორგი“, ფაქტობრივად, დაიშალა, მაგრამ მის ყოფილ წევრებს ერთმანეთთან კვლავ ჰქონდათ ურთიერთობა. ასე მაგალითად: გიორგი წერეთელი და გიორგი მაღალაშვილი ერთად მოღვაწეობდნენ კალისტრატე სალიას „ბედი ქართლისაში“, ხოლო მოგვიანებით კალისტრატე სალია და მიხეილ წერეთელი, გიორგი მაღალაშვილის ხელმძღვანელობით, მიუნხენში შექმნილ „ქართულ პოლიტიკურ–კულტურულ კავშირში“ იყვნენ გაერთიანებული. ორივე შემთხვევაში მათ გვერდით იდგა გრიგოლ რობაქიძეც.
1953–1958 წლებში გიორგი მაღალაშვილი დასავლეთ გერმანიაში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს გამგეობის თავმჯდომარე იყო.
ექიმობა და პოლიტიკური მოღვაწეობა არ იყო გიორგი მაღალაშვილის საქმიანობის ერთადერთი სფერო. მას იტაცებდა საქართველოს ისტორია და ნაყოფიერ ლიტერატურულ მოღვაწეობასაც ეწეოდა.
გიორგი მაღალაშვილი ერთ–ერთი ყველაზე შეძლებული ქართველი ემიგრანტი გახლდათ. მისი მეუღლე მონიკა უიტი იყო უმდიდრესი მრეწველის ქალიშვილი. მათი ვაჟი – კონსტანტინე მაღალაშვილი გერმანიაში ცხოვრობს, ის ქართველთა სათვისტომოს წევრი და აქტიური მხარდამჭერია.
გამოყენებული მასალების წყარო: მაღალაშვილი გიორგი // ქართველები უცხოეთში: წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი; ძველი მეგობარი. გიორგი მაღალაშვილი // კავკასიონი; ნიჟარაძე ენვერ. პროქართული კავკასიური პროექტისა და გავლენიანი ქართველების შესახებ; nplg.gov.ge.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





