საზოგადოება

როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები

№22

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 10.06

გვარები
დაკოპირებულია

მამულია

მამულია ტიპურად მეგრული გვარია, რომელიც სამეგრელოშია ჩამოყალიბებული და -ია დაბოლოებით დასავლეთქართული გვარების კლასიკურ ფორმას წარმოადგენს. გვარი წარმოიშვა სიტყვა „მამულიდან“, რომელიც ნიშნავს სამშობლოს, საკუთრებას ან მამაპაპისეულ მიწას და ატარებს პატრონიმულ-მეტსახელურ ხასიათს. მამულიები დოკუმენტურად ფიქსირდებიან უკვე მეჩვიდმეტე საუკუნეში – 1621 წლის ჩანაწერში მამულია მოხსენიებულია როგორც აფხაზეთის საკათალიკოსოსადმი ბეგარის გადამხდელი, რაც ადასტურებს გვარის არსებობას და ეკლესიურ-სამეურნეო სისტემაში ჩართულობას. გვარის ძირითადი ბუდე სამეგრელოს ცენტრალურ ნაწილშია (სენაკი, ჩხოროწყუ, კირცხი, ნოსირი და სხვა სოფლები), საიდანაც მოგვიანებით სხვა რეგიონებშიც გავრცელდა.

დღეს მამულია შედარებით მცირერიცხოვანი, მაგრამ სტაბილური მეგრული გვარია, დაახლოებით, 423 წარმომადგენლით, რომელიც ინარჩუნებს მრავალსაუკუნოვან ისტორიულ უწყვეტობას და ადგილობრივ იდენტობას.

მარინდაშვილი (მარიამული)

მარინდაშვილი (მარიამული) ქართული პატრონიმული გვარია, რომელიც მომდინარეობს ბიბლიური სახელიდან — მარიამი. „მარინდა“ მისი კნინობითი ფორმაა, რის საფუძველზეც ჩამოყალიბდა ორივე ვარიანტი – მარიამული და მარინდაშვილი.

გვარი დოკუმენტურად უკვე მეჩვიდმეტე საუკუნიდან ფიქსირდება.

1606–1615 წლებში მარიამული დემეტრე მოხსენიებულია დიღმის წმიდა გიორგის ეკლესიისთვის მამულის შეწირულობის აქტში.

1656 წელს მარინდაშვილი თანდილა მონაწილეობს სამამულო დავის განხილვაში, ხოლო 1669 წელს ესტატე მარინდაშვილი (მარიამული) მოწმედ ჩანს მიწის ნასყიდობის საბუთში.

მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში გვარის წარმომადგენლები უკვე მიწათმფლობელებად და აქტიურ საზოგადოებრივ ფენად გვევლინებიან, ხშირად მონაწილეობენ სამართლებრივ გარიგებებსა და ადგილობრივ საქმეებში.

მარინდაშვილი და მარიამული ერთი და იგივე გვარია, რაც ისტორიულ დოკუმენტებშიც დასტურდება. გვარი, ძირითადად, გავრცელებულია მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, კახეთსა და თბილისში.

სულ საქართველოში ცხოვრობს 102 მარინდაშვილი (მარიამული).

ლიფონავა

ლიფონავათა (ლეფონავათა) გვარი დასავლეთ საქართველოს, სამეგრელოს სივრცეში ჩამოყალიბებული საგვარეულოა, რომლის დოკუმენტური კვალი მეჩვიდმეტე საუკუნიდან იკვეთება. მისი ძირითადი კერა იყო ზუგდიდის მხარე, განსაკუთრებით სოფელი ხორგა, სადაც გვარი ადრეულ წყაროებშიც და მოგვიანებითაც კომპაქტურად ფიქსირდება.

ისტორიული საბუთები აჩვენებს, რომ ლიფონავები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი ეკლესიასთან. მეჩვიდმეტე საუკუნეში ისინი არაერთხელ შეუწირავთ ბიჭვინთისა და ხოფის ღვთისმშობლის ეკლესიებისთვის (მაგალითად, ისუფ ლიფონავა, 1673–1680 წლები), რაც მათ საეკლესიო-ფეოდალურ სისტემაში ჩართულობაზე მიუთითებს. ამავე კონტექსტში იხსენიება ინალუხუ ლეფონავა და მისი ოჯახიც, რომლებიც სიგელებში მრავალჯერ ფიქსირდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთ დოკუმენტებში ისინი ხშირად „შეწირულებად“ მოიხსენიებიან, ეს არ გამორიცხავს შედარებით მაღალ სოციალურ სტატუსს. პირიქით, მოგვიანებით, მეცხრამეტე საუკუნისთვის, ლიფონავათა ნაწილი უკვე აზნაურის წოდებით იხსენიება, განსაკუთრებით ხორგაში მცხოვრები ოჯახები.

ეტიმოლოგიურად, გვარი მომდინარეობს მეგრული სიტყვიდან „ლეფონი“ (ლაფანი), რაც მცენარის სახელია და ქართულ ონომასტიკაში ხშირად გვხვდება, როგორც პირადი სახელის ან მეტსახელის ფუძე.

სულ საქართველოში 114 ლიფონავა ცხოვრობს.

კაცაძე

კაცაძე ძველი ქართული გვარია, რომელიც წერილობით წყაროებში მეთექვსმეტე საუკუნიდან ფიქსირდება და განსაკუთრებით გავრცელებულია იმერეთში. მისი ფუძეა პიროვნული სახელი „კაცა“, რაც სიმტკიცესა და ვაჟკაცობას აღნიშნავს, ხოლო სუფიქსი -აძე ნიშნავს „შთამომავალს“.

ადრეულ საბუთებში კაცაძეები ჩნდებიან, როგორც საეკლესიო მეურნეობასთან დაკავშირებული გლეხები, რომლებიც ასრულებდნენ ბეგარას და მონაწილეობდნენ სოფლის ეკონომიკურ ცხოვრებაში. მეჩვიდმეტე საუკუნეში ისინი უკვე ფიქსირდებიან მიწათმფლობელურ ურთიერთობებში, რაც მათ აქტიურ სოციალურ როლზე მიუთითებს.

მეცხრამეტე საუკუნეში კაცაძეები სენატის დოკუმენტებში იხსენიებიან, როგორც გლეხები, რომლებიც იბრძვიან პირადი თავისუფლებისთვის, რაც მათი სოციალური მდგომარეობის ნათელი მაჩვენებელია. მიუხედავად ამისა, გვარში ძლიერად ვითარდება საეკლესიო ხაზი – არიან მღვდლები, მედავითნეები და სასულიერო პირები.

კაცაძეები არიან ისტორიულად გლეხური ფენის, მაგრამ შრომითა და სულიერი ცხოვრებით გამორჩეული საგვარეულო, რომელთა ისტორია ასახავს ბრძოლას, შრომასა და ეკლესიურ ტრადიციას.

ამჟამად საქართველოში 1 861 კაცაძე ცხოვრობს.

ირემაშვილი

ირემაშვილი ერთ-ერთი ძველი ქართული გვარია, რომელიც დოკუმენტურად უკვე მეთხუთმეტე საუკუნიდან ფიქსირდება და თავდაპირველად შიდა ქართლს, საეკლესიო მიწათმფლობელობის სივრცეში ფიქსირდება.

გვარის ფუძეა „ირემა“, რომელიც შეიძლება, უკავშირდებოდეს როგორც სიტყვა „ირემს“, ისე ბიბლიურ სახელ იერემიას გარდაქმნილ ფორმას. ადრეულ საბუთებში ირემაშვილები ჩნდებიან როგორც მიწასთან დაკავშირებული, ვენახისა და მამულის მქონე მოსახლეობა, ასევე აქტიურად მონაწილეობენ სამართლებრივ გარიგებებში, ხშირად მოწმეებადაც ფიქსირდებიან.

მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში გვარში ძლიერდება საეკლესიო ხაზი – ბერები, მღვდლები და ეკლესიის მსახურნი, რაც მიუთითებს მათ განათლებასა და სოციალურ ავტორიტეტზე.

მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში ირემაშვილები უკვე ჩნდებიან როგორც სამხედრო, ისე საზოგადოებრივ და ინტელექტუალურ სივრცეში, მათ შორის პირველი მსოფლიო ომის მონაწილეებად და შემდგომი პერიოდის საზოგადო მოღვაწეებად.

ირემაშვილები არიან მრავალსაუკუნოვანი, ეკლესიასთან მჭიდროდ დაკავშირებული და შემდეგში საზოგადოებაში დამკვიდრებული ინტელექტუალურად განვითარებული ქართული საგვარეულო.

ამჟამად სულ საქართველოში ცხოვრობს 2 112 ირემაშვილი.

ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და

ვალერიან ხიმშიაშვილი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი