საზოგადოება

რატომ არ სწყალობდნენ ქეთევან კიკნაძეს ბავშვობაში და რა ასაკში დაიწყო მან ლექსების წერა

№22

ავტორი: ეკატერინე პატარაია 17:00

ქეთევან კიკნაძე
დაკოპირებულია

თეატრალური ისტიტუტი, მარჯანიშვილის თეატრი, რუსთაველის თეატრი, შემდეგ ისევ მარჯანიშვილის თეატრი... 1977 წლიდან გადაღებულია 16-ზე მეტ მხატვრულ, სატელევიზიო ფილმსა და სერიალში. ის იყო თეატრისა და კინოს ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობი. 1999 წელს კი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით...

დღეს მე ქეთევან კიკნაძის განვლილ ცხოვრების გზაზე მოგიყვებით იმ ბეჩუნიზე, ფილმიდან „დათა თუთაშხია“, როლზე, რომელიც ამ ფილმის რეჟისორმა, მისმა პირველმა ნახევარმა გიგა ლორთქიფანიძემ უბოძა მას და მაყურებელს ყველაზე მეტად ასე ახსოვს. მოდი, გავიგოთ, რას ყვება ეს არაჩვეულებრივი ქალბატონი თავისზე და თავისი მეუღლის თანაცხოვრების წლებზე.

რეპრესირებულის შვილი

„ბორჯომში ვცხოვრობდი. მამა რომ დააპატიმრეს, მე ათი დღის ვიყავი. ამ გადასახედიდან, ბავშვობა ძალიან ცუდი მქონდა – სიღარიბე, ულუკმაპურობა, ყველაფერი ჩემს თავზე გამოვცადე... დედაჩემი წელებზე ფეხს იდგამდა, რომ გვეჭამა, გვესვა, ჩაგვეცვა... ერთხელ დედა სოფელში, ბებიასთან და ბაბუასთან იყო წასული, იქიდან რაღაცები ჩამოჰქონდა ხოლმე. რომ ბრუნდებოდა, თურმე, ხაშურში გაქურდეს, ყველაფერი წაართვეს და მხოლოდ თავის პატარა ჩანთა დარჩა, სადაც ლაკის „ტუფლები“ ეწყო. დილით რომ გავიღვიძე, მახსოვს, დედა საწოლთან მეჯდა. მახსოვს, ჩამაცვა ეს ლაკის ტუფლები და ამ ფეხსაცმელებით ვიწექი.

ბავშვობიდან სპორტში ვიყავი ჩართული, ტანვარჯიშის ყველა ილეთს ვაკეთებდი. კარგად ვცეკვავდი, ამის გამო სკოლიდან გამომაგდეს – ეგ ბიჭთან ცეკვავს და არაფერს სწავლობსო. ძალიან მიყვარდა კინო, თეატრი და ოცნება მქონდა, რომ მსახიობი გამოვსულიყავი. როგორც რეპრესირებულის შვილს, არ მწყალობდნენ და კონცერტებზე არ გამოვყავდით. ერთხელ, რაღაც „პარადი“ იყო და ჩავერთე, შპაგატში ჩავჯექი, დროშა მომქონდა და როგორ მიხაროდა, რომ ბოლოს და ბოლოს ადამიანად ჩამთვალეს...

რისკიანი ვიყავი და ვარ, როცა საჭესთან ვზივარ, ხანდახან საჭიროა რისკი, რომ ვიღაც არ შეგეჯახოს. ყველანაირი ტრანსპორტი მიტარებია, გარდა თვითმფრინავისა. ერთხელ, გადაღებაზე ცირკის მოცეკვავე ქალის როლში ვიყავი და იქ ვცეკვავდი. იქ იყო მოტოციკლეტი, გავრისკე და დავჯექი. მე და ჩემი მამიდაშვილი ჩუმად ვსხდებოდით ბიძაჩემის მანქანაზე, ის ატარებდა და მე ვცდილობდი მესწავლა. ჯერ „მოსკვიჩზე“ ვიჯექი, მერე „ვოლგაზე“, „მიცუბიშიზე“, ახლა „ჯიპი“ მყავს, ასე რომ, თავის დროზე ნატო ვაჩნაძეს უტარებია მანქანა წინა საუკუნეში, მაგრამ მე რომ მანქანაზე დავჯექი, თბილისში საჭესთან ქალი არ იჯდა...

გაცნობა და ოჯახი

რეჟისორმა გიგა ლორთქიფანიძემ და ქეთევან კიკნაძემ ერთმანეთი თეატრალური ინსტიტუტის ბანკეტზე გაიცნეს. ერთ თვეში დაქორწინდნენ. წყვილს სამი ქალიშვილი შეეძინათ – ნინო, ნანა და მაია. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ასაკობრივი სხვაობა დიდი იყო, ამას მათ ცოლქმრულ ურთიერთობაში ხელი სულაც არ შეუშლია. გიგა, როგორც რეჟისორი, სცენასა თუ კინოში, მეუღლის მიერ შესრულებული მიზანსცენების მთავარი წამქეზებელი იყო. ერთ-ერთ სპექტაკლში, თურმე, ცოლს მთელი სიმკაცრით, დაჟინებით სთხოვდა, მისი პარტნიორისთვის უფრო ვნებიანად ეკოცნა, ვიდრე ამას აკეთებდა.

„სიყვარული ადრეულ ასაკში ცოტა არასერიოზულია, მაგრამ ადამიანი მაინც ამისთვისაა მოწოდებული. პატარა ბავშვებსაც კი აქვთ ეს განცდა, მაგრამ მათთვის ეს შეუცნობელი და ხელშეუხებელია. დრო რომ გადის, მაშინ ფიქრობ, რომ თურმე, ის გატაცება იყო და არა სიყვარული. რომ გითხრათ, ისე გავთხოვდი, ამის არაფერი გამეგებოდა-მეთქი, მართალი არ ვიქნები. იყვნენ ბიჭები, რომლებიც მომწონდა, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ ვდგებოდი, აღმომიჩენია, რომ ის არ არის, რომელთან ერთადაც ოჯახს შექმნი და მთელი ცხოვრება გაგყვება. გიგა თანდათან მომეწონა. ძალიან კარგად მღეროდა, უკრავდა, ნიჭიერი რეჟისორი იყო. მასში ბევრი თვისება მომეწონა. მეოთხე კურსზე ვიყავი, როცა გავიცანი. მაშინ ასეთი ტრადიცია იყო, კურსდამთავრებულებს შეხვედრას ვუწყობდით. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა ბანკეტით დაგვირგვინდა. დავინახე, სუფრასთან ჩემთვის უცნობი მამაკაცი ზის. ვიკითხე, ვინ არის-მეთქი. როგორ არ იცი, ვინ არის, რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძეაო. ვცეკვავდი და თან, მისკენ თვალს ვაპარებდი. შევამჩნიე, რომ ისიც დაჟინებით მიყურებდა. ასე შევხვდით ერთმანეთს, ჯერ მეგობართა საერთო წრეში, შემდეგ რამდენჯერმე – განმარტოებით. სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, ერთი თვე ვხვდებოდით. გიგა ჩემზე 11 წლით უფროსია, ოჯახის შექმნა უნდოდა და ჩვენი ამბავიც ამან დააჩქარა. ჩემს პროფესიასთან ახლოს იყო და ვფიქრობდი, ერთმანეთს კარგად გავუგებდით. ასეც მოხდა. მე და გიგას ერთი ცხოვრება გვაქვს, რამაც ჩვენი ოჯახი კიდევ უფრო გაამყარა. პატარა ვიყავი და შეიძლება, ეს ნაბიჯი არც გადამედგა, მაგრამ იმდენად მყარი იყო გიგას გადაწყვეტილება, უკან აღარ დავიხიე. უწინდელი ტრადიციები ჩვენს დროსაც მოქმედებდა. ოჯახი აუცილებლად კითხულობდა: რა გვარის ქალია, რა ოჯახიდან არის... ეს კარგიც იყო. დედაჩემი გახლდათ ჩვენი შეუღლების წინააღმდეგი. არ უნდოდა ასაკით ჩემზე ბევრად უფროსს გავყოლოდი... ჩემსა და გიგას შორის ეჭვიანობა იყო. ორივე ეჭვიანები ვიყავით, მაგრამ რომელიმეს რომ გვეფიქრა ოჯახის დანგრევაზე ან რაიმე სერიოზული ყოფილიყო, არ მახსენდება. შეიძლება, გიგას ჩემთვის უღალატია კიდეც, მაგრამ ეს სერიოზული არ ყოფილა. ვინმე რომ შეყვარებოდა, იმას ვერ გააჩერებდი, აუცილებლად წავიდოდა. ძალიან ბევრჯერ მისაყვედურია, რა არის ეს ეჭვიანობა-მეთქი. 70 წლის ვიყავი და მაინც ეჭვიანობდა. ვეუბნებოდი, ხომ არ გადაირიე, სირცხვილია, უკვე ამხელა ქალი ვარ, სულ მეკითხები, სად იყავი, სად იყავი... მიპასუხა: როცა არ ვიეჭვიანებ და არ შეგეკითხები, სად ხარ, მაშინ ჩემთვის სულერთი იქნებიო.

გიგას ინტიმური სცენები არასდროს დაუშლია, ასეთი შემთხვევა არ მახსოვს. დეკოლტეები რომ მოდაში შემოვიდა, ყოველთვის მეცვა. ბევრჯერ კი კარიდან მოვუბრუნებივარ: წადი, ეს ფეხსაცმელი გაიხადე, ამ კაბას არ უხდებაო. თვითონ რას ჩაიცვამდა, სულერთი იყო.

ინტრიგაც ბევრი ყოფილა ჩვენს თავს, მაგრამ რამდენადაც ეცადნენ, ჩვენი ოჯახი მით უფრო შეიკრა. ერთხელ, ვიღაცამ სახლში დარეკა. გიგამ უპასუხა და მე მიკითხეს. გიგამ უთხრა, სახლში არ არისო. ცოტა ხანში ისევ დარეკეს – იცით, თქვენი ცოლი სად არისო? სად არისო? – ჰკითხა გიგამ. ჰოდა, გაარკვიეთო. გიგამ უპასუხა: გარკვეული მაქვს, გენაცვალე, წადი თეატრში და იქ ნახავთ სპექტაკლზე, ქეთინო დღეს თამაშობსო. როგორ შეიძლება, გიგას არ სცოდნოდა, მე სპექტაკლი მქონდა თუ არა. ყოფილა შემთხვევა, როდესაც გიგა ვიღაცასთან მუშაობდა და იმის მეუღლეს ჩემთვის ცუდი რამ გაუკეთებია, მაგრამ მე ეს არ შემიმჩნევია, იმიტომ რომ იქ რომ სხვა ძაფია გაბმული, შენ ამით ხელს უშლი. ყველაფრის წამოყვირება არ არის ჩემი თვისება“...

წერე, წერე, ჩემო ნესტორ...

„ლექსების წერა 68 წლის ასაკში დავიწყე. ერთხელ, გიგამ გვერდზე ჩამიარა და მომაძახა:

წერე, წერე, ჩემო ნესტორ,

მტერს დაასვი ნესტარიო,

თუ პოეტი ვერ გამოხვალ,

წერას მაინც ისწავლიო...

უჩემოდ არსად წავიდოდა. სახლში დაღლილი მოვიდოდა, ხუთ წუთს დაისვენებდა და მერე მეტყოდა, ახლა, აქა და აქ მივდივართო. მე კი სახლში საქმიანობით ვიღლებოდი და ვეუბნებოდი, – არ შემიძლია, დაღლილი ვარ, შენ წადი-მეთქი. როგორ შეეძლო ამდენი? ერთადერთი იმას ვნანობ, რომ ოქროს ქორწილი ვერ გადავიხადეთ, ჯანმრთელობამ გვიღალატა. არადა, 56 წელი ვიცხოვრეთ ერთად და რა ცოტა ყოფილა“.

სულ მენატრები!

„როცა ცოლად გავყევი, არც ვიცოდი, რომ უკრავდა და მღეროდა. ის მოწონება და სიყვარული, რომელმაც მასთან შემაუღლა, სულ უფრო ძლიერდებოდა, როცა ვხედავდი, როგორ ილხენდა მეგობრებში, რა მშვენივრად უკრავდა და მღეროდა. ამ დროს მის გვერდით ყველა ძალიან ბედნიერი იყო. მისი ავადმყოფობის პერიოდში მე თვითონაც ცუდად ვიყავი. მენინგიტი შემხვდა და დიდხანს ვიავადმყოფე. მისი მოვლა არ შემეძლო, ჩვენი ქალიშვილები უვლიდნენ. როცა ოთახში შევდიოდი და სასთუმალთან დავუჯდებოდი, მიმეორებდა: სულ მენატრები, სულ მენატრები...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი