საზოგადოება

ქალის ჯანმრთელობა და დედობის გზა მეან–გინეკოლოგ ეკა თედოზაშვილის 30-წლიანი გამოცდილება

№14

ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:04

ეკა თედოზაშვილი
დაკოპირებულია

ბავშვობიდანვე იცოდა, რომ ადამიანების ჯანმრთელობაზე იზრუნებდა. დღეს, 30-წლიანი გამოცდილებით, მეან-გინეკოლოგი ეკა თედოზაშვილი ასობით სიცოცხლის ისტორიის თანაზიარია. რა უნდა იცოდეს ქალმა საკუთარი ჯანმრთელობის, ორსულობის დაგეგმვისა და უსაფრთხო მშობიარობის შესახებ – გაგუას კლინიკის ექიმი მეან-გინეკოლოგი, ქალბატონი ეკა თედოზაშვილი ჩვენს კითხვებს პასუხობს.

– ქალბატონო ეკა, რა ასაკში უნდა განხორციელდეს პირველი ვიზიტი გინეკოლოგთან?

ეკა თედოზაშვილი: როგორც წესი, ახალშობილს დაბადებიდანვე აქვს გეგმიური ვიზიტები პედიატრთან და სხვა სპეციალისტებთან – ორთოპედთან, კარდიოლოგთან და ასე შემდეგ. გოგონების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ამ ვიზიტებს შორის გინეკოლოგის კონსულტაციაც იყოს გათვალისწინებული ადრეულ ასაკში. თუ ყველაფერი ნორმალურად ვითარდება, შემდეგი ვიზიტი რეკომენდებულია გარდატეხის ასაკში. რაც შეეხება პირველ დამოუკიდებელ ვიზიტს, ის სასურველია სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ განხორციელდეს.ნორმალური მდგომარეობის ფონზე, როდესაც არ აღინიშნება ჩივილები ან პათოლოგია, აუცილებელია წელიწადში ერთხელ პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება – პაპ ტესტი და ექოსკოპია.

– როგორ უნდა მოემზადოს ქალის ორგანიზმი ორსულობისთვის?

– ორსულობის დაგეგმვამდე აუცილებელია რიგი კვლევების ჩატარება: ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, სისხლის საერთო ანალიზი, D ვიტამინი, B12, ჰემოგლობინი, პაპ ტესტი და საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგიური კვლევა, რათა გამოირიცხოს ინფექციები. ბოლო წლების პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია პარტნიორის გამოკვლევაც – სისხლის ანალიზი, ფარისებრი ჯირკვლის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში, სპერმოგრამა. ხშირად ხდება, რომ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულად ნორმაშია, თუმცა ორსულობა არ დგება და მხოლოდ ამის შემდეგ ირკვევა მამაკაცის ფაქტორი. ამიტომ უმჯობესია ორივე პარტნიორის შეფასება თავიდანვე მოხდეს.

– ასაკი და ორსულობა – რა უნდა გაითვალისწინონ ქალებმა?

– თუ წყვილთან ყველაფერი წესრიგშია, 30-35 წლის ასაკში ორსულობის დადგომას შეიძლება, დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში ველოდოთ. 35 წლის ზემოთ კი ეს ვადა 6 თვემდე მცირდება, რადგან გახშირდა საკვერცხეების ფუნქციის შემცირების შემთხვევები. თუმცა, ინდივიდუალური მაგალითებიც არსებობს: მყავს პაციენტი, რომელმაც 42 წლის ასაკში ბუნებრივად დაორსულდა, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ მეორედაც – ყოველგვარი ჩარევის გარეშე. ასეთი შემთხვევებიც რეალურია, თუმცა თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია.

– ორსულობის დადასტურების შემდეგ რა არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები?

– ძალიან მნიშვნელოვანია პირველი ვიზიტი ორსულობის ადრეულ ეტაპზე დაახლოებით, პირველი 2 კვირის განმავლობაში. შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპია გულისცემის დაფიქსირება, რაც მაქსიმუმ, 7 კვირამდე უნდა მოხდეს. 8-9 კვირის პერიოდი კრიტიკულია, რადგან ამ დროს ყველაზე ხშირად ფიქსირდება შეწყვეტილი ორსულობა, ამიტომ აუცილებელია ექოსკოპიური კონტროლი. ასევე მნიშვნელოვანი ეტაპია 12 კვირა. თუ ორსულობა გართულებების გარეშე მიმდინარეობს, შემდგომში თვეში ერთხელ ვიზიტი სტანდარტულ რეკომენდაციას წარმოადგენს.

– რა შეზღუდვები აქვს ორსულს კვებისა და ფიზიკური აქტივობის თვალსაზრისით?

– ორსულობა არ არის დაავადება ეს ფიზიოლოგიური პროცესია. თუმცა მოსაზრება, რომ ორსულმა ყველაფერი უნდა მიირთვას, რაც მოუნდება, არასწორია. აუცილებელია ჯანსაღი და დაბალანსებული კვება – მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ფასტფუდი, ნახევარფაბრიკატები და გაზიანი სასმელები. რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობას – თუ ქალი ორსულობამდე აქტიური იყო, შეუძლია, აქტივობის გაგრძელება შედარებით მსუბუქ რეჟიმში. მაგრამ თუ მანამდე პასიურ ცხოვრებას ეწეოდა, ორსულობის პერიოდში აქტიური ვარჯიშის დაწყება რეკომენდებული არ არის.

- ორსულობა და ნიკოტინის მოხმარება – რა რისკებთან არის დაკავშირებული?

– მნიშვნელოვანი პრობლემაა, როდესაც ორსული ქალი ეწევა. ამ დროს ნაყოფი 9 თვის განმავლობაში იღებს ნიკოტინით გაჯერებულ სისხლს. დაბადების შემდეგ კი ახალშობილი გადის რთულ ადაპტაციის პერიოდს, რადგან ორგანიზმიდან ნიკოტინის გამოდევნა მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორსულმა მაქსიმალურად შეამციროს და საბოლოოდ შეწყვიტოს ნიკოტინის მოხმარება, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო თვეებში.

– მშობიარობის მეთოდის არჩევა – ფიზიოლოგიური მშობიარობა თუ საკეისრო კვეთა?

– დღეს საკმაოდ მოთხოვნადია საკეისრო კვეთა, რასაც ხშირად შიშის ფაქტორი განაპირობებს. თუმცა, თუ სამედიცინო ჩვენება არ არსებობს, ფიზიოლოგიური მშობიარობა ყოველთვის უკეთესი არჩევანია.საკეისრო კვეთა ქირურგიული ჩარევაა და მას უფრო მეტი გართულება შეიძლება მოჰყვეს, ვიდრე ბუნებრივ მშობიარობას, ამიტომ გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს სამედიცინო საჭიროებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი