საზოგადოება

რატომ იქცა ნიკოლოზ სანიშვილის ყველა ფილმი ჰიტად და როგორ გადაიღო რეჟისორმა ბოლო სურათი 90 წლის ასაკში

№23

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00

ნიკოლოზ სანიშვილი
დაკოპირებულია

ნიკოლოზ (კოლია) სანიშვილი - მისი ფილმები საქართველოში ყველა თაობამ ზეპირად იცის, რეჟისორის, რომელიც ქართული კინოს ისტორიაში ყველაზე კომერციულ კინორეჟისორადაა მიჩნეული. შეიძლება, პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ ფაქტია: საბჭოთა ცენზორები ერთნაირი ეჭვითა და განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებდნენ თვალს როგორც ანტისაბჭოთა მოღვაწეობაში შემჩნეულ, სერიოზულ კინორეჟისორებს, ისე, ეგრეთ წოდებულ, „კომერციულ კინემატოგრაფისტებს“, პოპულარულ რეჟისორებს, რომელთა ფილმებს მაყურებელი ყოველთვის ჰყავდა. პოპულარობა კომუნისტურ კულტურაში საშიში იყო, მით უფრო, როცა პოპულარული ხელოვანი ხელისუფლებასთან გარიგებაზე უარს ამბობდა.

1979 წელს, როცა ეკრანებზე, ეგრეთ წოდებულ, ისტორიულ-რევოლუციურ ჟანრში გადაღებული ქართული ფილმი – „სახლი ლესნაიაზე“ – გამოვიდა, ფილმის რეჟისორი ნიკოლოზ სანიშვილი 77 წლის იყო. იმხანად მოსკოვი აღარ მალავდა გაღიზიანებას ქართველ კინემატოგრაფისტთა საერთაშორისო წარმატებების გამო. ამავე დროს, საბჭოთა კავშირის კინოკომიტეტის ჩინოვნიკები პრესაში აღნიშნავდნენ, რომ კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ გადაღებულ სურათებს მაყურებელი არ ჰყავს იმიტომ, რომ ქართველი კინემატოგრაფისტები თითქმის დემონსტრაციულად გამოხატავენ გულგრილობას საბჭოთა ხალხის „გმირული წარსულის“ მიმართ, არადა, საბჭოთა კინოს იდეოლოგების მტკიცებით, სწორედ ამ ჟანრში გადაღებულ ფილმებზე იყო იმხანად ყველაზე დიდი მოთხოვნილება. კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექცია იძულებული გახდა, მოსკოვის შენიშვნა გაეთვალისწინებინა და რუსების მიერ მოგონილ ისტორიულ-რევოლუციურ კინოჟანრში ფილმის გადაღება ნიკოლოზ სანიშვილს დაავალა. კინოსტუდიის დირექცია, როგორც ჩანს, დარწმუნებული იყო, რომ რეჟისორი, რომლის ყველა ფილმმა აქამდე არნახული მოგება მოუტანა კინოგაქირავებას, ამჯერადაც მოიზიდავდა მასებს კინოთეატრებში (გ. გვახარია), მით უმეტეს, რომ მსგავსი ამოცანა ნიკოლოზ სანიშვილმა ერთხელ უკვე წარმატებით გადაწყვიტა: 1969 წელს გადაღებული მისი ფილმი „განგაში“, რომელსაც ქართველ მეშახტეთა პორტრეტები უნდა შეექმნა, პუბლიკამ პირველივე ჩვენებისთანავე შეიყვარა, ოღონდ არა მეშახტეთა პორტრეტების გამო, არამედ იმიტომ, რომ რეჟისორმა საინტერესო ხასიათები შექმნა. „განგაშში“ მეშახტის პროფესია მხოლოდ ნიღაბი იყო. ფილმის გმირები მეშახტეები რომ არ ყოფილიყვნენ და ყოფილიყვნენ, ვთქვათ, მშენებლები ან მეზღვაურები, სასიყვარულო სამკუთხედის „დრამას“, უფრო სწორად, „მელოდრამას“, ისინი მაინც ვერ გადაურჩებოდნენ. პუბლიკა კი „განგაშზე“ სწორედ ამ მელოდრამის სანახავად დადიოდა. სანიშვილი „მთის თემის“ ოსტატი იყო. მისი ფილმები – „ხევისბერი გოჩა“ და „შეხვედრა მთაში“ დღესაც ყველაზე პოპულარულ სურათებად მიიჩნევა ქართული კინოს ისტორიაში. სანიშვილი დარწმუნებული იყო, რომ მარტივი სიუჟეტი, სქემატური კონფლიქტი, ბევრი ვნება საკმარისია იმისთვის, რომ პუბლიკამ თავი აღარ იგრძნოს იდიოტურ მდგომარეობაში, როცა ეკრანს უყურებს, მაგრამ არაფერი ესმის. ჩვენში მხოლოდ სანიშვილს თუ შეეძლო, გადაეღო კინო „დაკვეთილ ჟანრში“ და მაინც გაემხიარულებინა პუბლიკა. მხოლოდ სანიშვილს შეეძლო ისეთი არაფრის მთქმელი სიუჟეტიდან, როგორიც აქვს ფილმს „შეხვედრა მთაში“, იმის გათვალისწინებით, თუ რა აკლდა 60-იანი წლების ქართულ პუბლიკას, გადაეღო ეროვნული კინოს „ჰიტი“, რომელიც იმხანად ყველამ ზეპირად იცოდა. პუბლიკას კი ნამდვილად აკლდა მაღალი დონის გასართობი კინო – კარგი მსახიობებით, სიუჟეტის მოულოდნელი განვითარებით და, რა თქმა უნდა, სიმღერებით, რომელსაც ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ესტრადის მომღერლები აიტაცებდნენ და ამით სანიშვილის ფილმებს კიდევ უფრო გაუგრძელებდნენ სიცოცხლეს.

„შეხვედრა მთაში“ არის „გადამღერება“ ამერიკელი რეჟისორის, ჯონ კიუკორის 1942 წელს გადაღებული ფილმისა – „ქალი, ორმაგი სახით“, იმ განსხვავებით, რომ იქ ლეილა აბაშიძის გმირს გრეტა გარბო განასახიერებს. მაგრამ 60-იან წლებში, როცა სანიშვილის მუსიკალური ფილმი ეკრანებზე გამოვიდა, ჩვენში კიუკორის სურათი არავის ენახა. არც სანიშვილის კიდევ ერთმა ჰიტმა, „აბეზარამ“, გაახსენა ვინმეს 30-იანი წლების გერმანული და უნგრული კინოკომედიები, ფრანჩესკა გაალით მთავარ როლში. ამ ფილმებს ჩვენში არ უჩვენებდნენ, მაგრამ მათი „არსებობის“ შესახებ იცოდა ნიკოლოზ სანიშვილმა და ისიც იცოდა, როგორი წარმატება ჰქონდათ ამ ფილმებს დასავლეთში. 60-იან წლებში, როცა ნიკოლოზ სანიშვილმა „აბეზარა“, „თოჯინები იცინიან“, „შეხვედრა მთაში“ გადაიღო, დასავლეთში უკვე სხვა ტიპის გასართობ კინოზე იყო მოთხოვნილება. მაგრამ რეჟისორი იმასაც მშვენივრად გრძნობდა, რომ ჩვენი საზოგადოების მენტალიტეტი სწორედ 30-იანი წლების კლიშეებზე იყო აგებული. ოღონდ 30-იანი წლების ფილმების აუცილებელი „ატრიბუტი“ – მტრის სახე – სანიშვილის ფილმებში იცვლება „მეშჩანით“, „ობივატელით“, ვინც მხოლოდ სიმდიდრეზე, ნაჭრებზე, კეთილმოწყობილ სახლზე ოცნებობს. მათ უპირისპირდებიან კეთილშობილი გოგონები, ისინი, ვისთვისაც მატერიალური კეთილდღეობა არაფერს ნიშნავს... ცენზურას, რა თქმა უნდა, ხელს აძლევდა ნიკოლოზ სანიშვილის ფილმების, ამ თანამედროვე საბჭოთა ზღაპრების, წარმატება, იმიტომ რომ პუბლიკას ფიქრით მაინცდამაინც თავი არ ასტკიებოდა და, ამავე დროს, დარწმუნებულიყო, რომ კერძო საკუთრება, ფული, წარმატება – ყველაფერი ეს „ბოროტებაა“.

რეჟისორი საბჭოთა კავშირის დანგრევასაც მოესწრო. 1995 წელს კინოფესტივალ „ოქროს არწივზე“, სადაც მას სპეციალური პრიზი გადასცეს, ყველას არწმუნებდა, გადამიხადეთ ფული და ქართულ კინოს მოგებას მოვუტანო.

თავდაპირველად ნიკოლოზ სანიშვილი ტექნიკური მიმართულებით სწავლობდა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრო-მექანიკურ ფაკულტეტზე. „თავიდანვე ხელოვანი იყო და კინოში იმიტომ წავიდა“ – არ ყოფილა. ტექნიკური აზროვნება ჰქონდა, კინოში მერე გადავიდა. მას მუსიკალური განათლებაც ჰქონდა – ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებელი დაამთავრა. ეს, ალბათ, ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც მის ფილმებში მუსიკალური ატმოსფერო ხშირად ძალიან ძლიერია. ნიკოლოზ სანიშილი თავადაც კარგი მსახიობი იყო. ბევრს მხოლოდ რეჟისორად ახსოვს, მაგრამ 1920-იან წლებში რამდენიმე ფილმში თამაშობდა. ანუ ეს ადამიანი კინოს „შიგნიდან“ იცნობდა, კამერის ორივე მხარეს იდგა. მისი კარიერა ძალიან რთულ ეპოქას დაემთხვა – სტალინურ საბჭოთა კინოს. ასეთ დროს რეჟისორს მუდმივად უწევდა ბალანსის დაცვა: როგორ გადაერჩინა საკუთარი ხედვა ცენზურის პირობებში. ამიტომ, მისი ფილმები ხშირად ორმაგ სტანდარტზე იდგა – საბჭოთა თემატიკა, შიგნიდან ადამიანური ტრაგიზმითა და სევდით. ფილმი „დავით გურამიშვილი“ მხოლოდ ისტორიული დრამა არ იყო – იმ ეპოქაში ეროვნული ფიგურების ეკრანზე გამოტანა უკვე გარკვეულ რისკსაც შეიცავდა. საბჭოთა კულტურა ყველაფერს აკონტროლებდა, განსაკუთრებით ეროვნულ თემებს. „ხევისბერი გოჩა“ მის ყველაზე მძიმე და ფსიქოლოგიურად მუქ ნამუშევრებად მიიჩნევა. საინტერესოა, რომ ნიკოლოზ სანიშვილი თითქმის მთელი მეოცე საუკუნის ქართულ კინოს მოესწრო – მუნჯი კინოს პერიოდიდან გვიან საბჭოთა ეპოქამდე. ფაქტობრივად, ცოცხალი ხიდი იყო ძველ ქართულ კინოსა და ახალ თაობებს შორის. თანამედროვეები ახასიათებდნენ, როგორც ძალიან დისციპლინირებულ და გადასაღებ მოედანზე მკაცრ ადამიანს. უყვარდა წესრიგი და დეტალებზე კონტროლი, თუმცა იმ დროის რეჟისორებში ეს საკმაოდ ცნობილი თვისება იყო. ჯიუტი იყო შემოქმედებით საკითხებში. დაფინანსებას სახელმწიფო აძლევდა, სცენარს ცენზურა ამოწმებდა, პარტიული ჩინოვნიკები წყვეტდნენ, რა შეიძლებოდა ეჩვენებინა და რა – არა. ნიკოლოზ სანიშვილი კი შემოქმედებით საკითხებში ძალიან ჯიუტი ხასიათის ადამიანი იყო – ზედმეტ ჩარევა და პირდაპირ აპროტესტებდა. ცდილობდა, თავიდან აეცილებინა ზედმეტი საბჭოთა პათოსი, რომ ფილმი „დაკვეთილი ლოზუნგივით“ არ გამოსულიყო. მის ფილმებში ხშირად იგრძნობა „მთის ადამიანის“ თემატიკა და ეს შემთხვევითი არ იყო: მას ძალიან იზიდავდა ქართული ეთნოგრაფიული და ფსიქოლოგიური გარემო. სიცოცხლის ბოლომდე აქტიური დარჩა – ბოლო ფილმი, „მევლუდი“, ძალიან ხანდაზმულ ასაკში რომ გადაიღო – უკვე 90 წელს იყო მიღწეული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი