რომელი მწერლის სიკვდილმა დააკარგვინა გონება სიკო დოლიძეს ბერიას კაბინეტში
ავტორი: ეკა პატარაია 16:00 22.12, 2020 წელი

პირველად კინო 1900-იანი წლების დასაწყისში ჩოხატაურში იხილა. ყმაწვილმა სიკომ ბებიის მიერ ჯაყვის საყიდლად მიცემული ორი შაური ვაჭარ არშაკას სარდაფში მოწყობილ ილუზიონში გადაიხადა, სადაც მან ვასილ ამაშუკელის მიერ ბაქოში გადაღებული ქრონიკა „აქლემებით ნავთის გადაზიდვა“ იხილა…
ქართული კინოს კლასიკოსის სიკო დოლიძის შედევრი „უკანასკნელი ჯვაროსნები“
ჩვენს დროში სათანადოდ დაუფასებელმა, მართლაც ბუმბერაზმა რეჟისორმა ქართული და მსოფლიო კინოს ეს გამორჩეული ნაწარმოები 1933 წელს შექმნა. 2001 წელს ვისბადენის საერთაშორისო კინოფესტივალზე ორგანიზატორებმა სურათი ჩართეს სპეციალურ რეტროსპექტივაში, რომელიც კავკასიის კონფლიქტებს მიეძღვნა. რეტროსპექტივის პარალელურად, გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომლის მონაწილეებმა – დასავლეთის ავტორიტეტულმა კულტუროლოგებმა, ფილოსოფოსებმა, სოციოლოგებმა – „უკანასკნელი ჯვაროსნები“ შეაფასეს, როგორც „ფესტივალის სენსაცია“, როგორც ფილმი, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს ეპოქას, კავკასიელ ხალხთა ზნე-ჩვეულებებს; ისტორიული დოკუმენტი, რომელიც კინოავანგარდისტთა ილუზიებსაც ასახავს, თავისებურ უტოპიას, რომელსაც, ფაქტობრივად, ყველა ავანგარდისტი ამკვიდრებდა...
„უკანასკნელი ჯვაროსნები“ ფროიდიზმის კინოენით გადმოცემის პირველ მცდელობასაც წარმოადგენდა. გაუხმაურებელი ფაქტია, რომ სიკო დოლიძის ლიბრეტოსა და იდეის საფუძველზე შეიქმნა მსოფლიოში (ამერიკის შეერთებული შტატების ჩათვლით) აღიარებული კოტე მიქაბერიძის კინოშედევრი – „ჩემი ბებია“.
გოგი გვახარია რეჟისორის იუბილესთან დაკავშირებით წერდა:
„დღეს, მაგალითად, ბევრმა არც კი იცის, რომ სიკო დოლიძემ 20-იანი წლების მიწურულს დააარსა და ხელმძღვანელობდა დოკუმენტური ფილმების სტუდიას და რომ სწორედ, მისი ინიციატივით დაიწყო მიხეილ კალატოზიშვილის „ჯიმ შვანთეს“ გადაღება.
ბევრმა არ იცის, რომ 40-იანი წლების დასაწყისში კრემლის იდეოლოგებმა კატეგორიული უარი უთხრეს სიკო დოლიძეს „გიორგი სააკაძის“ ლეონიძის სცენარის მიხედვით გადაღებაზე და უპირატესობა ანა ანტონოვსკაიას სცენარს მიანიჭეს, რათა ფილმი სტალინის „ფავორიტ“ მიხეილ ჭიაურელს გადაეღო.
ბევრმა არ იცის, რომ 1937 წლის ივლისში სიკო დოლიძე სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. მოსკოვში, ლავრენტი ბერიასთან სპეციალურად ჩაყვანილმა, უარყოფითი ჩვენება არ მისცა თავის ახლო მეგობარ პაოლო იაშვილზე, რომელმაც წინა დღით, 1937 წლის 22 ივლისს, საბჭოთა ხელისუფლების მიერ განხორციელებული წარმოუდგენელი ზეწოლის შედეგად მოისწრაფა სიცოცხლე. დოლიძემ ეს ტრაგიკული ამბავი პირველად იქ, ბერიას კაბინეტში შეიტყო და დიდი ემოციის გამო გონება დაკარგა. ლავრენტი პავლოვიჩის ოთახიდან რეჟისორი გულწასული გაიყვანეს. გონს მოსული და კაბინეტში უკან შემობრუნებული კი თავის აზრზე ბოლომდე მყარად იდგა, რითაც ძალზე გაუოცებია ბერია, რომელსაც, სამაგალითო სიმტკიცისთვის დოლიძე ქებით გამოუსტუმრებია. სიკომდე ხომ ათიოდე ადამიანმა შიშის გამო ვერაგულად გასცა სამაგალითო პოეტი. იაშვილის საჯარო გაკიცხვაზე ასევე უარი თქვა პაოლოსა და სიკოს საერთო მეგობარმა ტიციან ტაბიძემ. ამის გამო ტიციანი თავად გახდა რეპრესიების მსხვერპლი. გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირს მიმავალი მატარებლიდან ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში ეულად დატოვეს.
აღსანიშნავია სიკო დოლიძის თანამშრომლობა სერგო ზაქარიაძესთან მის დაუვიწყარ ოთხ ფილმში: „უკანასკნელი ჯვაროსნები“, „დღე პირველი, დღე უკანასკნელი“, „შეხვედრა წარსულთან“ და „პალიასტომის ტბა“. ასევე, ნატო ვაჩნაძის, თამარ ციციშვილის, ვერიკო ანჯაფარიძისა და ბელა მირიანაშვილის როლები. სიკო დოლიძე მუშაობდა ანიმაციაშიც. მაგალითად, მას ეკუთვნის „ჩხიკვთა ქორწილისა“ და კიდევ მრავალი სხვა პოპულარული მულტფილმის სცენარი. სიკო დოლიძემ 22 მხატვრულ ფილმს შეასხა ხორცი. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია: „ჯურღაის ფარი“, „დარიკო“, „ფატიმა“, „ჭრიჭინა“ და „კაცია-ადამიანი?!“
სიკო დოლიძემ დააარსა კინოს სახლები თბილისსა და ბიჭვინთაში. ის ადრეულ ასაკში მეგობრობდა და მიმოწერა ჰქონდა სერგეი ეიზენშტეინთან. რეჟისორი პირადად იცნობდა იუგოსლავიის ლიდერ იოსიფ ბროზ ტიტოს. დოლიძე იყო ადამიანი, რომელმაც „გოსკინოს“ მიერ „ანდრეი რუბლიოვის“ დახურვის შემდეგ, გაჭირვებაში მყოფი ანდრეი ტარკოვსკი სამი კვირით საქართველოში ჩამოიყვანა და მისი ფილმის ჩვენებებით რამდენიმე ქალაქი მოატარა, რათა უმცროს კოლეგას მწვავე ფინანსური პრობლემები მოეგვარებინა. მართებულია, აგრეთვე, გავიხსენოთ დოლიძის სერგო ფარაჯანოვისადმი დამოკიდებულების ამბავი. ბატონი სიკო მას უნიკალური და გენიალური ნიჭის მქონე ადამიანად მიიჩნევდა და მისი ცხოვრების რთულ გზაზე სულ გვერდში ედგა. დოლიძე საოცრად ამაყობდა უმცროსი კოლეგის დიდი წარმატებებით.
სიკო დოლიძემ გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოსა და 60-იანების დასაწყისში ევროპული და ამერიკული ფილმები (იტალიური ნეორეალიზმი, ფრანგული ახალი ტალღა, პროგრესული ამერიკული კინემატოგრაფი და ასე შემდეგ) საქართველოში ჩამოიტანა და ვიწრო საზოგადოებისათვის დახურული ჩვენებების მოწყობა დაიწყო. მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე ქართველი ახალგაზრდები უკეთ იცნობდნენ სიკო დოლიძის შემოქმედებასა და მის განუზომელ ღვაწლს ქვეყნის წინაშე.“
🎥
„ვლადიკავკაზში „მამის მკვლელს“‘ ვიღებდით. გადაღებაზე თან წავიყვანეთ ქართველი გოლიათი სანდრო კანდელაკი. ერთ დღეს, როდესაც სცენარის დაზუსტებაზე ვმუშაობდით, ოთახში შეშფოთებული ადმინისტრატორი შემოვარდა:
– ჩქარა გვიშველეთ, ბატონო სიკო, ჩვენი სანდრო ვიღაც ლუდის გამყიდველმა გააჯავრა და ახლა აქეთ მოდის გამყიდველით და ჯიხურით ხელშიო. ყველა გარეთ გავვარდით და მოულოდნელობისაგან ენა მუცელში ჩაგვივარდა. სანდროს ადგილიდან მოეგლიჯა ბაზრის თავში მდგარი ჯიხური, აეტაცებინა და ჩვენსკენ მოჰქონდა. ჯიხურის შიგნით შეშფოთებული გამყიდველი, როგორც ორაგული ფაცერში, ისე ფართხალებდა.
– სიკო, ამ ქურდბაცაცას ვერაფერი გავაგებინე, მომყავს და იქნებ თქვენ მაინც შეუტოკოთ გაყინული ტვინის ძარღვი.
ლუდის გამყიდველს ტვინის შეტოკება აღარ სჭირდებოდა. ისე იყო შეშინებული, რომ კარგა ხნის განმავლობაში დაეკარგებოდა ლუდის ქაფის მოპარვის სურვილი.“
🎥
ოლღა თაბუკაშვილი იხსენებს:
„ბატონ სიკოს ჰქონდა სურათები, რომელიც არც მაყურებელს მოსწონდა, არც კრიტიკას, არც თვითონ. ალბათ, ამიტომაც არასდროს ღიზიანდებოდა, როცა აკრიტიკებდნენ. ის იყო კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი, როცა მისი „სემირამიდას ბაღები“ თავდასხმას შეეწირა, მაგრამ არასდროს არ მახსოვს არც საყვედური, არც უკმაყოფილება, არც წყენა. ამბობდა, მე ყველაზე კარგად ვიცი, რასაც ვაკეთებო.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან