როგორ მიიღო მზეო-მარიამ გორგაძე ერთდროულად საუკეთესო 11-მა უნივერსიტეტმა და როგორ გაიზიარა მისი სიხარული მთელმა საქართველომ
ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:00
მეთორმეტე კლასის მოსწავლე, მზეო-მარიამ გორგაძე ევროპის 11 საუკეთესო უნივერსიტეტში ერთდროულად ჩაირიცხა. აღსანიშნავია, რომ ის, დამატებით არცერთ საგანში არ მომზადებულა. უნივერსიტეტები, სადაც მან სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა გახლავთ: KU Leuven (ბელგია); SKEMA Business School (საფრანგეთი); Emlyon Business School (საფრანგეთი); University of Pécs (უნგრეთი); Masaryk University (ჩეხეთი); IE University (ესპანეთი); Esade (ესპანეთი); Vilnius University (ლიტვა); Constructor University (გერმანია); John Cabot University (იტალია); Modul University Vienna (ავსტრია).
მის მიერ მოპოვებული საუნივერსიტეტო გრანტების ჯამური ოდენობა კი, დაახლოებით, 250 000 ლარს შეადგენს.
მზეო-მარიამმა არჩევანი უკვე გააკეთა – ის სწავლას ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში, მსოფლიოს Top 40 უნივერსიტეტს შორის არსებულ, 600-წლიანი ისტორიის მქონე KU Leuven-ის ბიზნესადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე გააგრძელებს.
მზეო-მარიამ გორგაძე: სწავლის უცხოეთში გაგრძელებაზე დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი. არაერთი გამოცდის ჩაბარების, ინტერვიუების გავლის, საჭირო ქულების დაგროვების შედეგად, ევროპის 11 საუკეთესო უნივერსიტეტში ჩავაბარე და ჯამში 250 000 ლარზე მეტი დაფინანსება მივიღე.
– ამ მიღწევამ, ალბათ, ძალიან დიდი ემოცია გამოიწვია...
– დიახ, ვხვდები, რომ საკუთარი თავით უნდა ვიამაყო. წლების განმავლობაში საჭირო აქტივობებს ვაგროვებდი, რადგან ეს ჩემი მიზანი იყო და ძალიან ვნერვიულობდი, როცა კულმინაციური მომენტი მოახლოვდა. ასეთი შედეგი რომ მივიღე, რა თქმა უნდა, საოცრად გამიხარდა, ამაყი ვარ.
ეს პროცესი განსაკუთრებით სასიამოვნო იყო. ჯერ ერთი უნივერისტეტიდან მოვიდა ჩარიცხვის შესახებ შეტყობინება, მალე მას მოჰყვა მეორე, მესამე და ასე, ჯამში, 11 დადებითი პასუხი მივიღე. პროცესში ღელვა არ გამნელებია, ნებისმიერ უნივერსიტეტს შეეძლო უარი ეთქვა, მაგრამ საბედნიეროდ, ფაქტობრივად, ყველა უნივერსიტეტმა მიმიღო, სადაც კი ჩემი მონაცემები გავაგზავნე.
– არჩევანი უკვე გააკეთეთ. როგორი გადაწყვეტილება მიიღეთ?
– მეექვსე დადებითი პასუხი ბელგიის უნივერსიტეტ KU Leuven-დან მივიღე. ის ჩემს პრიორიტეტებს შორის პირველ ადგილს იკავებდა, რადგან 600-წლიანი ისტორია აქვს და ევროპის მასშტაბით ტოპ 40 უნივერსიტეტს შორისაა. იმდენად ბევრი ნიშნით გამოირჩევა, მიუხედავად იმისა, რომ მის შემდეგ კიდევ 5 უნივერსიტეტისგან მივიღე დადებითი პასუხი, საბოლოო ჯამში, მაინც მასზე შევაჩერე არჩევანი.
– რაც შეეხება პროფესიას?
– ბიზნესადმინისტრირებაზე ვისწავლი. დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში ვფიქრობდი, რა პროფესია ამერჩია. ბევრჯერ შევიცვალე აზრი. თავიდან საერთაშორისო ურთიერთობები მიზიდავდა, შემდეგ – ინტერიერის დიზაინი, პროგრამირება და ასე შემდეგ. საბოლოოდ, ბიზნესადმინისტრირებისადმი ინტერესმა გადაწონა. საქმე ისაა, რომ სკოლაში სწავლის პარალელურად, სხვადასხვა აქტივობებში ვიღებდი მონაწილეობას, მათგან ერთ-ერთი ბიზნესიდეის შემუშავება იყო. სწორედ ამ პროცესში გავიაზრე, რომ ეს სფერო ძალიან მომწონდა.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– ვფიქრობ, ბაკალავრიატშივე ვიზრუნებ სტაჟირების გავლაზე. ასევე, ჩვენი ბიზნესიდეის განვითარებაზე, რომელიც ჩემს სკოლის მეგობართან, მარიამ რურუასთან და ინგლისურის მასწავლებელთან, გიორგი კვიკვინიასთან ერთად შევიმუშავე. ამ პროექტის მიზანია აპლიკაციის შექმნა, რომელიც ქართველ მოსწავლეებს უცხოეთში სწავლის შესახებ საჭირო ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარება. ვეცდები, ამ იდეის განხორციელებაზე ვიმუშავო, რადგან ვფიქრობ, რომ ქართველი მოსწავლეებისთვის ძალიან საჭიროა.
– თავად როგორ მოიძიეთ ინფორმაცია უცხოეთში სწავლის შესახებ, რა დაგეხმარათ ამ პროცესში ან რა ეტაპები გაიარეთ?
– მეთერთმეტე კლასის დასაწყისში ინგლისურის მასწავლებელმა, გიორგი კვიკვინიამ დაიწყო ჩვენი TOEFL-ში მომზადება. ტოეფელის ტესტი რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი და ყველას გავლაში გვეხმარებოდა. მარტში გავედი გამოცდაზე და პირველივე მცდელობაზე სათანადო ქულა ავიღე.
შემდეგ იყო SAT-ის გამოცდა, რომელზეც ზაფხულში გავედი და ასევე, წარმატებით ჩავაბარე. ეს ამერიკის გამოცდაა, თუმცა ევროპაშიც გამომადგა.
უნივერსიტეტების შესახებ ინფორმაციების მოძიებაც მე-11 კლასიდან დავიწყე და ბოლოს ჩემთვის სასურველი სია შევადგინე. საბუთების შეკრებასა და მონაცემების გაგზავნაში ისევ და ისევ ინგლისურის მასწავლებელი დამეხმარა. შემდეგი საფეხური კი, როგორც დასაწყისშივე აღვნიშნე, თითოეულ უნივერსიტეტთან გამოცდები და ინტერვიუები იყო, რაც ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდებოდა.
– რომელ სკოლაში სწავლობთ და რა როლი მიუძღვის სკოლას ამ წარმატებაში?
– 11 წელია, „თანამედროვე განათლების აკადემიაში“ ვსწავლობ. ამ სკოლის გახსნისას ლენტი მე გავჭერი. აქაურობა ძალიან მომწონს. მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ერთმანეთთან ძალიან მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს. სწავლის ძალიან კარგი სისტემაა, ყველანაირად გიწყობენ ხელს. გარემო ძალიან მეგობრული და სამოტივაციოა. ზუსტად ამ გარემომ მომცა მოტივაცია, სწავლა უცხოეთში გამეგრძელებინა. თითოეული მასწავლებელი ხელს მიწყობდა მიზნის მიღწევაში.
ბევრი ბავშვისგან მსმენია, რომ სკოლაში სიარულის სურვილი არ აქვთ და ამას ძალით აკეთებენ. ამ დროს ჩვენს სკოლაში ისეთი გარემოა, რომ ყოველთვის მახარებდა მისვლა.
– ყოველთვის კარგად სწავლობდით? ასევე, საინტერესოა მშობლების როლი ამ პროცესში და თქვენი მოტივაციის მნიშვნელობა...
– პირველი კლასიდანვე ძალიან ბეჯითი ბავშვი ვიყავი. ჩემმა მშობლებმა და ახლობლებმა ყველანაირად შემიწყვეს ხელი ამაში. მათი როლი ამ პროცესში ძალიან დიდია. ყოველთვის ცოდნის მიღებაზე ვიყავი ორიენტირებული და არა ნიშნებზე. შეიძლება რამდენიმე საგანი ნაკლებად მომწონდა, მაგრამ მათი საჭიროება გააზრებული მქონდა, ვიცოდი, რომ მიღებული ცოდნა აუცილებლად გამომადგებოდა და ეს სწავლის პროცესში მოტივაციას მაძლევდა.
ისეც მომხდარა, რომ სწავლის პროცესში რაღაც დამზარებია და მშობლებს ცოტა დაძალება დასჭირვებიათ. მალევე დამინახავს, რომ ამას კარგი შედეგი მოჰყვა და იმ „დაძალების“ მნიშვნელობაც გამიცნობიერებია. რეალურად, ეს წამიერი დისკომფორტია, რომელიც სასურველი მიზნის მიღწევაში გეხმარება.
ვფიქრობ, მეც მოვინდომე. ბევრჯერ მქონია დანებების მომენტი. მიფიქრია, შეიძლება არაფერი გამოვიდეს-მეთქი, მაგრამ ყოველთვის ერთი აზრი მამოძრავებდა: „აქამდე მოვედი, ახლა რატომ უნდა გავჩერდე?! პირიქით, აუცილებლად უნდა გავაგრძელო მცდელობა“ და ასეც მოვქცეულვარ.
სწავლის პარალელურად, ძალიან ხშირად ვმონაწილეობდი სხვადასხვა პროექტში, მათ შორის იყო: ბიზნესპროექტი, რომელიც უკვე ვახსენე; ასევე, ორი წლის განმავლობაში ვსწავლობდი პროგრამირებას და რამდენიმე საინტერესო პროექტიც შევქმენი; ჩართული ვიყავი გაეროს მოდელირების პროექტშიც და ასე შემდეგ...
გარდა კონკრეტული ცოდნისა, ამ ყველაფერმა კომუნიკაციის უნარების განვითარების შესაძლებლობაც მომცა. მანამდე შედარებით მორიდებული ვიყავი და სწორედ ეს გამოცდილებები დამეხმარა გავხსნილიყავი.
– როგორია თქვენი კლასგარეშე ინტერესები?
– ოთხი წლიდან მოყოლებული ვხატავ, ჯერ ტრადიციული სტილით, ახლა კი ელექტრონულად. ევგენი მიქელაძის სამუსიკო სასწავლებელი ათებზე დავამთავრე, მეთერთმეტე წელია, ფორტეპიანოზე ვუკრავ და აღმოვაჩინე, რომ შემიძლია, ამ ინსტრუმენტზე ავაწყო ნებისმიერი მუსიკა, რომელსაც მოვისმენ. ცოტა ხნის წინ ახალი ინსტრუმენტის შესწავლა მომინდა და ახლა გიტარას ვეუფლები. ცურვაზეც დავდიოდი, ბოქსზეც და ლათინოამერიკულ ცეკვებზეც – სალომე ჭაჭუასთან. მიყვარს პინგ-პონკისა და ფრენბურთის თამაში.
– სწავლისა და ჰობის შეთავსება კარგად გამოგდიოდათ?
– დიახ, არ მქონია პრობლემა. ჩემი ჰობის გამო გაკვეთილი არასდროს გამიცდენია. სწავლასა და სხვა ინტერესებს ერთმანეთს კარგად ვუთავსებდი და დღემდე ასეა.
– სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა თქვენი წარმატების ამბავი. ალბათ, უამრავი მოლოცვა, სითბო და დადებითი ემოციები მიიღეთ.
– პირველ რიგში, არ ველოდი, რომ ასეთი მასშტაბით გავრცელდებოდა ეს ინფორმაცია. ამდენი ადამიანის მოლოცვამ და დადებითმა გამოხმაურებამ დამანახვა, რომ ჩემი წარმატების შესახებ, უკვე ჩემს ოჯახს მიღმაც იცოდნენ და ამან კიდევ უფრო მეტად მაგრძნობინა, რომ რაღაც მნიშვნელოვანს მივაღწიე. ეს ჩემზე ძალიან დადებითად მოქმედებს და მინდა, თითოეულ ადამიანს მადლობა ვუთხრა.
ბოლოს, მინდა, იმ მოსწავლეებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ უცხოეთში ჩაბარება და სწავლის გაგრძელება წარმოუდგენელია, ვუთხრა, რომ თუ ნამდვილად იშრომებენ და საჭირო ეტაპებს ნაბიჯ-ნაბიჯ გაივლიან, მიზანს აუცილებლად მიაღწევენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




