საზოგადოება

როგორ ცდილობდა არზაყან ემუხვარი საქართველოსა და აფხაზეთის გაერთიანებას და როგორ გახდა ის კონსტანტინე გამსახურდიას რომანის გმირის პროტოტიპი

№18

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 10.05, 2023 წელი

არზაყან ემუხვარი
დაკოპირებულია

„ვინც საქართველოსა და აფხაზეთის ისტორიას იცნობს, შეუძლებელია, მათი განცალკევების თუნდაც წარმოდგენა!” – წერდა აფხაზეთის ეროვნული მთავრობის პირველი თავმჯდომარე, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი არზაყან (დიმიტრი) ემუხვარი, რომელსაც სწამდა, რომ აფხაზეთის გადარჩენა და განვითარება, მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაში შეიძლებოდა, ამიტომაც აფხაზი საზოგადოების ერთმა ნაწილმა მტრად შერაცხა.

არზაყან (დიმიტრი) ემუხვარი 1880 წელს გალის რაიონის სოფელ ჩხორთოლში დაიბადა. მშობლები ადრე გარდაეცვალნენ და პატარა არზაყანი ძიძის ოჯახში იზრდებოდა. ძიძის ოჯახმა ის ოქუმის პირველდაწყებით სკოლაში შეიყვანა, შემდეგ – ახალი სენაკის სასულიერო სკოლაში. იქიდან ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში გადავიდა, შემდეგ კი ქუთაისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა. სემინარიაში სწავლისას არზაყანი სემინარიელების ახალგაზრდულ ჟურნალ „რიჟრაჟს“ რედაქტორობდა. დაუახლოვდა ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას და მესამე დასელებს მიემხრო. ეს ძალიან გაბედული ნაბიჯი გახლდათ იმ აფხაზისგან, რომელიც ქრისტიანობის გამავრცელებელი საზოგადოების სტიპენდიატი იყო. საზოგადოებას იმედი ჰქონდა, რომ მისი სტიპენდიანტი მღვდლად ეკურთხებოდა, აფხაზეთს წარჩინებულ მისიონერად მოევლინებოდა, რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკას გაატარებდა და აფხაზთა გულსა და გონებას რუსეთის ინტერესებს დაუმორჩილებდა. მაგრამ არზაყანმა საზოგადო მოღვაწისა და რევოლუციონერის გზა აირჩია.

სემინარიის დამთავრების შემდეგ არზაყან ემუხვარი აფხაზეთში დაბრუნდა და ხალხში რევოლუციური მუშაობა დაიწყო. აქტიურად მონაწილეობდა 1905-1907 წლების რევოლუციურ მოძრაობაში და რევოლუციის შედეგად შექმნილ „სოხუმის რესპუბლიკის“ ხელმძღვანელი გახდა. რევოლუციის დამარცხების შემდეგ დააპატიმრეს და ერთი წელი მიუსაჯეს. სოხუმის ციხეში პატიმრობამ მოსახლეობაში მისი ავტორიტეტი კიდევ უფრო გაზარდა. სასჯელის მოხდის შემდეგ არზაყან ემუხვარი კვლავ აქტიურ რევოლუციურ მუშაობას დაუბრუნდა. 1917 წელს კი ის სოხუმის ოლქში კავკასიის საგანგებო კომიტეტის ერთ-ერთ რწმუნებულად დაინიშნა.

არზაყან ემუხვარის პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივმა მოღვაწეობამ განსაკუთრებით ფართო მასშტაბები 1917-1921 წლებში შეიძინა. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამ რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებითი ცვლილებები შეიტანა. 1918 წელს რუსეთში დაწყებული სამოქალაქო ომი სულ მალე ჩრდილოეთ კავკასიასაც მისწვდა და აფხაზეთს რუსეთიდან შემოჭრილი ბოლშევიკები დაეუფლნენ. აფხაზი მოსახლეობის ფართო ფენებში კი, არზაყან ემუხვარის მცდელობით, სულ უფრო მძლავრდებოდა დემოკრატიული მოძრაობა ლოზუნგით – „გავერთიანდეთ არა ჩრდილოეთ კავკასიასთან, არამედ საქართველოსთან”.

1919 წლის 12 მარტს აირჩიეს აფხაზეთის ეროვნული საბჭო, რომელმაც 20 მარტს დაადგინა აფხაზეთი ავტონომიის სტატუსით შესულიყო საქართველოს შემადგენლობაში. არზაყან ემუხვარმა ყველა ღონე იხმარა ამ დადგენილების მისაღებად. ის აირჩიეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ, ასევე იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.

1921 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, არზაყანმა მეუღლე და შვილები ქუთაისში სიმამრთან გახიზნა. თვითონ კი საქართველოს დემოკრატიული მთავრობის წევრებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. დაიწყო საქართველოში ოჯახის წევრებისათვის წერილების, ღია ბარათებისა და ვიზების გაგზავნისა და უსაზღვრო მოლოდინის, იმედისა და იმედგაცრუების წლები.

1939 წელს არზაყან ემუხვარი პარიზს გაემგზავრა. მას დიდი სიხარულით შეხვდნენ მეგობრები აკაკი ჩხენკელი, კონსტანტინე კანდელაკი, გრიგოლ ურატაძე და სხვები. პარიზში არზაყან ემუხვარი, ყველასთვის მოულოდნელად, 1939 წლის 24 მარტს სისხლის მოწამვლით კლოდ ბერნარის საავადმყოფოში გარდაიცვალა. არსებობს ეჭვი, რომ ის ბოლშევიკების აგენტებმა მოწამლეს.

არზაყან ემუხვარის ემიგრაციაში წასვლის შემდეგ საქართველოში დარჩენილ მის ოჯახს ცხოვრება ძალიან გაუჭირდა.

არზაყანმა მომავალი მეუღლე მარიამ მიხეილის ასული ჩიკვაიძე ქუთაისში სწავლისას გაიცნო. აფხაზეთში მარიამი სათავეში ედგა ქართული ენის სწავლებას. წყვილს სამი შვილი შეეძინა: უფროსი ვაჟი, 1908 წელს დაბადებული ვლადიმერი (კუჭიკო) 1937 წლის რეპრესიებს შეეწირა, შუათანა პატარაობაშივე გარდაიცვალა, გივი ემუხვარი კი მუდმივ დევნასა და შევიწროებას განიცდიდა. ერთხანს, სამშობლოდან გადახვეწილი, რუსეთში იმალებოდა. იქვე შეირთო მეუღლე ლუდმილა მიხეილის ასული კოვალენსკაია, რომელთანაც ერთადერთი ასული მარინე ემუხვარი შეეძინა. მარინე ემუხვარი მეუღლესთან ამირან ხაჭაპურიძესა და ვაჟიშვილ დავითთან ერთად სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

კონსტანტინე გამსახურდიამ არზაყან ემუხვარის ვაჟს, ვლადიმერ ემუხვარს წერილი მისწერა:

„ჩემო პატარა ემუხვარო!

ჩემს ნაწარმოებში – „მთვარის მოტაცებაში“, შენი მამის პროტოტიპად მთავარი გმირი, რომელშიდაც მე ჩემი სიყრმის მეგობარი კეთილი აფხაზი არძაყან, იგივე დიმიტრი ემხვარი გამოვხატე, რომელთანაც გავატარე პარიზში ჩემი ცხოვრების ყველაზე ტკბილი დღენი, ენგურის დიდ ზვირთებთან ბრძოლაში დავამარცხე, ვინაიდან მისი მიზნების განხორციელება არ ძალმიძდა. გიჟი ენგურის ზვირთებთან შეკაჟება ეს მისი იდეების შებრძოლება იყო მის იდეალისა და არსებული მიმდინარეობისა. მომიტევეთ...“

კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცების“ ერთ-ერთი გმირის, თარაშ ემხვარის პროტოტიპი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეროვნული მთავრობის პირველი თავმჯდომარე და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი არზაყან (დიმიტრი) ემუხვარი საფრანგეთში, ლევილის ქართველთა სასაფლაოზეა დაკრძალული.

გამოყენებული მასალების წყარო: მარშანია, ნატო. ქედუხრელი რაინდი / ნატო მარშანია; ნიკოლეიშვილი ავთანდილ. არზაყან (დიმიტრი) ემუხვარი // ქართველოლოგიური ეტიუდები : ა. ნიკოლეიშვილი. - ქუთაისი; ემუხვარი არზაყან // ქართველები უცხოეთში : რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი; „ამბები.ჯი“; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

26 მაისი - 1 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა