რატომ იყო მედეა ძიძიგურის პირადი ცხოვრება საიდუმლოებებით მოცული და როგორ სპექტაკლებს დგამდა ის სცენაზე
ავტორი: ეკატერინე პატარაია 18:36
ოჯახი, რომელზეც ახლა გიამბობთ, გასული საუკუნის თბილისის ნაღები საზოგადოების სული და გული იყო. ამ ოჯახისადმი სწრაფვისა და სიყვარულის მთავარი საიდუმლო ის იყო, რომ იმ საზოგადოებაში, რომელიც ხშირად იყრიდა თავს მათთან სახლში, მამა, ოჯახის უფროსი, ქმნიდა კულტურულ სივრცეს, ქალიშვილი – ხასიათს. თბილისური კულტურული ცხოვრება ხშირად ასეთი ოჯახების გარშემო ტრიალებდა. კაკო და მედეა ძიძიგურებზე მოგითხრობთ. ალბათ, საინტერესოა ისიც რომ მამას არ სდომებია ქალიშვლის სცენაზე დგომა. ამას ეწინააღმდეგებოდა. ამიტომ, მედეამ უცხო ენათა ინსტიტუტში ჩააბარა, მაგრამ როდესაც მედეა სცენაზე მაინც დადგა და ხალხმაც შეიყვარა, მაშინ მკაცრი და პრინციპული კაკო ძიძიგური სიამოვნებას ვეღარ მალავდა.
კაკო ძიძიგურის საქმიანობა ბევრ სფეროს მოიცავდა – ტელევიზიას, ბიბლიოთეკას, კულტურულ ორგანიზაციებს, შემოქმედებით წრეებს, ღონისძიებებს. ის იმერეთში, ხონის რაიონში სოფელ მათხოჯში დაიბადა. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ – კონსერვატორიაში. ამ ორი მიმართულების კომბინაცია – ჰუმანიტარული განათლება და მუსიკა – დიდ გავლენას ახდენდა მის საქმიანობაზე. აკაკი ძალიან კარგად ერკვეოდა კულტურაში, ხელოვნებასა და საორგანიზაციო საქმიანობაში. 50-იანებში საქართველოში ტელევიზია ჯერ მხოლოდ იქმნებოდა. სწორედ ამ პერიოდში გახდა აკაკი ძიძიგური საქართველოს ტელევიზიის ხელმძღვანელი. მას ეს თანამდებობა ორ პერიოდში ეკავა 1956-1959 და 1964-1969 წლებში. მაშინ იქმნებოდა პირველი გადაცემები, კულტურული პროგრამები, მუსიკალური გადაცემები, ტელესპექტაკლები... ამ წლებში იქცა ტელევიზია კულტურის მთავარ პლატფორმად საქართველოში. თანამშრომლები ხშირად ამბობდნენ, რომ კაკო ძიძიგური იყო საუკეთესო ადმინისტრატორი, რომელსაც ხელოვნების ენა ყველაზე კარგად ესმოდა, რაც იშვიათი თვისება იყო. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ეროვნული ბიბლიოთეკაც, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან. აკაკი ძიძიგური რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ბიბლიოთეკის დირექტორი და ამ ხნის განმავლობაში ის ცდილობდა, რომ ბიბლიოთეკა ყოფილიყო არა მხოლოდ წიგნების საცავი, არამედ ინტელექტუალური ცხოვრების ცენტრი. ამ პერიოდში ბიბლიოთეკაში ხშირად იმართებოდა ლიტერატურული საღამოები, შეხვედრები მწერლებთან, კულტურული დისკუსიები, ამიტომაც ამბობდნენ, რომ ძიძიგურის დროის ბიბლიოთეკა ცოცხალი კულტურული სივრცე გახდა. აკაკი ძიძიგური იყო მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი, იუმორით სავსე, ყვებოდა სახუმარო ამბებს. ალბათ, ამიტომაც უყვარდა მასთან ურთიერთობა ყველას. ის არ იყო ცივი, ბიუროკრატი კაცი, რაც იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი იყო თანამდებობის პირთათვის. ხშირად დადიოდა თეატრში, კონცერტებზე და სულ ხელოვანებთან მეგობრობდა. იყო თეატრის მოღვაწეთა კავშირის წევრი, კინომატოგრაფიტთა კავშირის წევრი, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი, საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში კი – საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი. მიღებული აქვს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება, ღირსების ორდენი. გარდაცვალების შემდეგ კი თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსი მიენიჭა.
აკაკის ქალიშვილი – მედეა ძიძიგური, იმ მომღერალთა თაობას ეკუთვნოდა, ვინც თბილისური ქალაქური სიმღერა პოპულარული გახადა. მისი კონცერტები ხშირად მეგობრულ გარემოში გამართულ საღამოებს უფრო ჰგავდა, ვიდრე ოფიციალურ გამოსვლებს. სიმღერის წინ უყვარდა საინტერესო ისტორიების მოყოლა თბილისზე, მეზობლებზე, სიყვარულზე, სკანდალებზეც. ამიტომ, მისი ეს საღამოები ყოველთვის ქმნიდა ნოსტალგიის ატმოსფეროს.
წესრიგის კაცი
მამა-შვილს შორის ურთიერთობაც იყო ძალიან მეგობრული და საინტერესო. აკაკი ძიძიგური გახლდათ წესრიგის კაცი – დოკუმენტები, გეგმა, დრო... მედეა თავისუფალი, უფრო თანამედროვე გაგების ადამიანი იყო. ერთხელ ბატონმა კაკომ მას უთხრა: არტისტს დისციპლინა უნდა ჰქონდესო. დისციპლინა კი მაქვს, მაგრამ სცენაზე როცა ვარ, თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანიაო, – უთხრა მედეამ. ერთხელ, კონცერტზე შუა სიმღერისას მიკროფონი გაითიშა, ვერაფრით ჩართეს. ორკესტრი გაჩერდა. მედეამ მიკროფონი დადო და თქვა – თბილისში სიმღერა მიკროფონის გარეშე დაიბადაო, და დაიწყო უბრალო ხმით სიმღერა... მამისგან ხასიათითაც განსხვავდებოდა. მედეა სრულიად სხვა ტიპის ადამიანი იყო: თუ აკაკი დიპლომატიური, მშვიდი იყო, მედეა ემოციური, ხალისიანი და ცოტა მეამბოხეც. ის სცენაზე არ გამოდიოდა მხოლოდ სიმღერისთვის. სცენაზე გამოსვლისას დიდ დღესასაწაულს ქმნიდა.
კაკო ძიძიგური განსაკუთრებით ახლოს იყო მუსიკოსებთან. ახლაც ხშირად ახსენებენ მის მეგობრობას ქართველ ფოლკლორისტთან, ანზორ ერქომაიშვილთან. 1960-იან წლებში ახალგაზრდა მუსიკოსებს ფოლკლორის პოპულარიზაცია უნდოდათ, მაგრამ მაშინ ბევრს ეჭვი ეპარებოდა. ამის მომხრე არც ტელევიზიის საბჭო იყო, რადგან ტელევიზია მაინც უფრო, ესტრადისკენ მიდიოდა. კაკო ძიძგურმა მაშინ თქვა: თუ ქართველი ხალხი საუკუნეებია, მღერის ხალხურ სიმღერას, რატომ არ უნდა აჩვენოს ეს ტელევიზიამო. ასე რომ, ფოლკლორულმა სიმღერებმა ადგილი ტელევიზიაში მისი მხარდაჭერით დაიკავა. ერთხელ, ერთმა ახალგაზრდა რეჟისორმა საკმაოდ თამამი მუსიკალური გადაცემა მოამზადა. ამ პროქეტში იყო თანამედროვე მუსიკა, თავისუფალი სცენოგრაფია, ისეთი მოძრაბებით, რაც იმდროისთვის საბჭოთა ეთიკისათვის, ზედმეტად „დასავლურად“ მიიჩნეოდა. კომიტეტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გადაცემის ნახვის შემდეგ თქვა: ეს ტელევიზიაა თუ კაბარეო?.. გადაცემის მოხსნას ითხოვდნენ, მაგრამ აკაკი ძიძიგურმა გადაცემა მაინც გაუშვა ეთერში. თუ გადაცემა ახალგაზრდებისთვის არ იქნება, მაშინ ტელევიზია მუზეუმად იქცევაო.
ორი სიყვარული
მედეა ძიძიგური საკმაოდ ახლოს იყო თეატრალურ სამყაროსთან. მის მეგობრებს შორის ხშირად მოიხსენიებდნენ სოფიკოს და რამაზ ჩიკვაძეს. ერთ საღამოს, როცა ისინი მედეასთან სახლში იყვნენ შეკრებილი, სოფიკომ უთხრა: მედეა, შენ რომ სცენაზე დგახარ, სიმღერა კი არა, პატარა სპექტაკლი იწყებაო. მედეამ კი უთხრა: სიმღერა ყოველთვის პატარა ამბავიაო. ამიტომ იყო, რომ ბევრი რეჟისორი ამბობდა, რომ მედეას მსახიობის ბუნებაც ჰქონდა.
მისი პირადი ცხოვრება ყოველთვის ცოტა საიდუმლოებით მოცული იყო. როგორც მისი მეგობრები იხსენებდნენ, ახალგაზრდობაში ძლიერი გრძნობა ჰქონდა ერთ ცნობილ მუსიკოსთან, რომელიც ფილარმონიაში მუშაობდა. ერთ დროს ისედაც გამოდიოდნენ ერთად კონცერტებზე, მაგრამ იმ პერიოდში საბჭოთა კულტურულ გარემოში კარიერა ხშირად რთულ არჩევანს მოითხოვდა. სწორედ, კარიერისა და მუდმივი გასტროლების გამო ეს ურთერთობა დაიშალა. ერთხელ მეგობარმა ჰკითხა: არ ნანობო. მედეამ უთხრა: სიმღერასაც სიყვარული უნდა. ხანდახან, ორი სიყვარული ერთად ვერ ცხოვრობსო.
ამბობენ, როდესაც მედეა კონცერტისთვსის ემზადებოდა, მას ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა – სცენაზე გასვლამდე რამდენიმე წუთით მარტო რჩებოდა. მეგობარმა რომ ჰკითხა, რას აკეთებ მაგ დროსო, მან უპასუხა: ძველ თბილისს ვიხსენებ, მერე უფრო გულით ვმღერიო.
„პაჟიზნენნი“ დირექტორი
ლევან თაქთაქიშვილი: „...მნიშვნელობა არა აქვს იმას, რამდენ ხანს გრძელდებოდა ამა თუ იმ პიროვნების ხელმძღვანელობის დრო. ბატონ ნოდარ წულეისკირის დირექტორობა რამდენიმე თვეში ამოიწურა (1991 წლის 9 ივლისი – 1992 წლის 19 მარტი), მან პუტჩის მერე „ქუდი დაიხურა“ და თვითონ წავიდა, არავის გაუთავისუფლებია. ბატონი ნოდარის შემდეგ დაბრუნდა კაკო ძიძიგური, რომელიც ზვიად გამსახურდიას მოსვლისას წავიდა. ისიც არავის გაუთავისუფლებია. ბატონი ნოდარი დარჩა ისტორიაში, როგორც უპატიოსნესი და მოკრძალებული დირექტორი, რომელიც წიგნთსაცავის მდგომარეობით დაინტერესებულა. აი, პუტჩის ფონზე დაბრუნებულმა აკაკი ძიძიგურმა თავისი ბუნებრივი თვისებებით ის მოახერხა, რომ პუტჩთან არ აღმოჩნდა ასოცირებული. პირიქით. როდესაც სახელმწიფო საბჭომ ბიბლიოთეკისთვის ადმინისტრაციული კორპუსის ჩამორთმევა გადაწყვიტა, ბატონმა კაკომ აიღო ყურმილი და თავის აღელვებულ მოადგილე, მერაბ ვეკუას უთხრა: დაწყნარდი და დაჯექიო (მერაბისგან ვიცი ეს ამბავი). რამდენიმე წუთში, ბატონ ლაშა თაბუკაშვილს ეუბნება ტელეფონში: „ლაშა, კაკო ვარ, ძიძიგური, ბიბლიოთეკიდან გირეკავ, იცოდე, ამ შენობაში ვერავინ შემოვა! ჯაბას ჩემი სახელითა და თქვენი ოჯახის სახელით გადაეცი. მორჩა!“ ასეთივე წარმატებით მოიშორა კულტურის სამინისტროს დიდმოხელე.
აკაკი ძიძიგური სხვებს იცავდა: ასაკის მიხედვით შემცირებას რომ მთხოვთ, ფეხბურთის გუნდი კი არ არის, ეს ბიბლიოთეკააო. თუმცა, ჩემი მონაცემებით, ბოლოს მას უპირებდნენ, პენსიაზე გაეშვათ, კომისიაც შეუქმნეს, მაგრამ რადგან სიმსივნე დაუდგინდა, დააცადეს დარჩენილი დღეები... ახდა ბატონი კაკოს სიტყვები: მე „პაჟიზნენნი“ დირექტორი ვარო.
ხელსახოცით მიღებული სამსახური
ბუბა კიკაბიძე: პირველ ფილმში „დიელოში“ სიმღერისას გადამიღეს – ეს იყო „შეხვედრა მთაში“. პირველი როლის შემდეგ მეგონა, რეჟისორები არ მომასვენებდნენ, მაგრამ, თქვენც არ მომიკვდეთ. 4 წელი არავინ შემხმიანებია. მაშინ კინოსტუდიის დირექტორი გახლდათ ბატონი კაკო ძიძიგური. სუფრასთან შევხვდი ერთხელ. მითხრა: ბუბა, კინოსტუდიაში არ გინდა მუშაობა, კარგი ხელფასი გექნებაო. როგორ არ მინდა-მეთქი, ვუპასუხე. ქაღალდის ხელსაწმენდზე დაწერა: „ჩემო ჟორა, მოვა კიკაბიძე. გააფორმე“. ასე, ქაღალდის ხელსაწმენდით მიმიღეს სამსახურში.
გამოსამშვიდობებელი საღამო
გია ჭირაქაძე: „ქალბატონი მედეა ირინე ჟღენტისა და აკაკი ძიძიგურის ტრადიციულ, ინტელიგენტურ და საოცრად მოსიყვარულე ოჯახში დაიბადა. მათ სახლში ხშირად იმართებოდა სალონური ტიპის საღამოები. ბატონ აკაკის კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული და ჩინებულად მღეროდა, ხოლო მამა-შვილის სიმღერის მოსმენა ერთ რამედ ღირდა. როდესაც ბატონი კაკო უკვე ცუდად იყო, მედეამ მამას თავის სახლში წვეულება მოუწყო – ეს იყო მამასთან გამოსამშვიდობებელი წვეულება... ყველა მოიწვია, ვისაც მამამისი იცნობდა და უყვარდა. ყველაზე კარგად იმ საღამოს იმღერა მამასთან ერთად.“
ჩურჩულით ნამღერი
1960-იანი წლების ბოლოს, როცა მედეა უკვე ფილარმონიის ერთ-ერთი პოპულარული სოლისტი იყო, მას გასტროლებზე ხშირად აგზავნიდნენ უცხოეთში. ის მღეროდა არა მხოლოდ ქართულ სიმღერებს, რუსულ რომანსებსაც და უცხოური რეპერტუარიც ჰქონდა. ერთხელ, კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე ხმა თითქმის საერთოდ დაეკარგა. ექიმმა უთხრა: დღეს არ იმღერო, თორემ შეიძლება, ხმა საერთოდ დაგიზიანდესო. ორგანიზატორები პანიკაში ჩავარდნენ, რადგან ბილეთები უკვე გაყიდული იყო. მაყურებელი ჩემთვის მოვიდა, სცენაზე მაინც გავალო, თქვა მედეამ და გავიდა. კონცერტი დაიწყო. პირველი სიმღერის წინ მაყურებელს მიმართა: დღეს ხმა არ მიწყობს ხელს, მაგრამ თქვენთან შეხვედრა მაინც მინდაო. მედეამ კონცერტი ნახევრად ჩურჩულით, ძალიან მშვიდი ხმით იმღერა. სწორედ ეს გახდა იმ საღამოს მთავარი ეფექტი. ერთმა მუსიკოსმა უთხრა, პირველად გავიგე, რომ შეიძლება, ჩუმადაც იმღერო და მაინც მთელ დარბაზს შეეხოსო. კოლეგები ამბობდნენ, რომ მედეა ძიძიგურის ძალა მხოლოდ ხმაში არ იყო, ის ემოციით მღეროდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





