საზოგადოება

როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები

№19

ავტორი: „თბილისელები“ 46 წუთის წინ

გვარები
დაკოპირებულია

იაშვილი

ყველაზე ადრინდელი ცნობა იაშვილთა საგვარეულოს შესახებ დაცულია კოტრიძეთა 1432 წლის სასისხლო სიგელში. ხოლო შერაზადაშვილთა 1484–1510 წლების სასისხლო სიგელში მეფის „დარბაისელთა“ შორის პირველ ადგილზე იხსენიება ვარდან იაშვილი.

იაშვილთა სათავადოს ჩამოყალიბება სავარაუდოა მეთხუთმეტე საუკუნის მიწურულს. მეჩვიდმეტე საუკუნეში იაშვილები ფრიად გავლენიანი თავადები ჩანან, ამიტომ იყო, რომ ქართლის მეფემ გიორგი მეთერთმეტემ თავისი ძმისწული ელენე, რომელიც ალექსანდრე იმერთა მეფის მიერ იყო „დაწინდული“, ქაიხოსრო იაშვილს მიათხოვა.

მეთვრამეტე საუკუნის დამდეგიდან იაშვილებს მეტად მძიმე სამეზობლო პირობები შეექმნათ. დაწინაურდა რაჭის ერისთავი. წაართვა მათ კვარის ციხე და იაშვილთა მამული თვითონ დაიპყრო, ამგვარად იაშვილთა სათავადოს რაჭის ერისთავებმა მოუღო ბოლო.

იაშვილების აზნაურები იყვნენ ტუნაძეები და მხეიძეები.

სულ საქართველოში 2 122 იაშვილი ცხოვრობს.

იონათამიშვილი

აზნაურული გვარი ქართლში. „აზნაურ იონათამიშვილთა წინაპართაგანი ვინმე იყო მონათესავე ციციშვილი, იონად წოდებულ და პირველივე მოსახლენი, გვერდის ძირს მოსულა კონსტანტინე მეფის დროს ცნობილნი მეფის როსტომისავე დროს და გაუვარდათ იონათამისა გამო შვილთა მათთა იონათამისშვილობა და არიან ტრაქტატს შინაც მოხსენიებულნი“.

სულ საქართველოში 42 იონათამიშვილი ცხოვრობს.

კლიმიაშვილი

აზნაურული გვარი ქართლში, ციციშვილების აზნაურები. ბარძიმ დიმიტრის ძე ციციშვილმა პაატა კლიმიაშვილს წიგნი მისცა: „...დაგვჭირდა, ჩვენს ქვეყანას აღარ გაიძლებოდა, ყიზილბაშში წამოველ, იქ დამჭირდა და მოგყიდეთ ჩვენი ალალი ბარათით წილხდომილი ხვედურეთს გულიაშვილი შიო თავისი შვილით, ძმით, ძმისწულებით“.

1799 წლის 18 ოქტომბრის გიორგი მეთორმეტის ბრძანებაში მოხსენიებულია აზნაურიშვილი ტეტია კლიმიაშვილი. შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.

სულ საქართველოში 172 კლიმიაშვილი ცხოვრობს.

კარგარეთელი

აზნაურული გვარი ქართლში. ყაფლანიშვილების აზნაურები. ქართველ კალიგრაფთა გვარი. სვიმონ კარგარეთელი მოღვაწეობდა მეთექვსმეტე საუკუნეში სამხრეთ საქართველოს სავანეებში. 1541 წელს გადაუწერია პოლემიკურ-დოგმატიკური სამეცნიერო კრებული.

გიორგი კარგარეთელი მეთექვსმეტე საუკუნის კალიგრაფი.

იესე კარგარეთელი. მეჩვიდმეტე საუკუნის კალიგრაფი.

ამბროსი გაბრიელის ძე კარგარეთელი. ლომსიანისძესა და საბა ნაჭოფაძესთან ერთად გადაუწერია ბედიის გულნი.

ვასილ დიმიტრის ძე კარგარეთელი. რუსეთის არმიის გენერალ–მაიორი, დაჯილდოებული იყო წმიდა სტანისლავის მესამე ხარისხისა და წმიდა ანას მესამე ხარისხის ორდენებით.

შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.

დღეს საქართველოში სულ 135 კარგარეთელი ცხოვრობს

ლადარია

ლადარია ტიპური მეგრული გვარია, -ია დაბოლოებით, რაც სამეგრელოსთვის დამახასიათებელ პატრონიმულ ფორმას წარმოადგენს. ფორმები „ლადარია“ და „ლატარია“ ერთსა და იმავე საგვარეულოს ეკუთვნის და ბგერითი ვარიაციით აიხსნება. გვარი წარმოიშვა ფუძიდან „ლადარ“, რომლის ზუსტი ეტიმოლოგია სრულად დოკუმენტირებული არ არის, თუმცა მისი სტრუქტურა სრულად ჯდება მეგრულ სახელდებით სისტემაში და მიუთითებს ადგილობრივ წარმოშობაზე. ლადარიები დოკუმენტურად ფიქსირდებიან ადრეულ პერიოდში. მეთხუთმეტე საუკუნის საბუთებში (1474 წელი) გვხვდება ფორმა „ლადარია მაშისძე“, რაც გვარის სიძველეს ადასტურებს. მეჩვიდმეტე საუკუნეში კი ხობის ტაძართან დაკავშირებულ ჩანაწერებში მოხსენიებულია ლადარიები, რომელთა შეწირულებები ლევან დადიანმა განუახლა (1628–1647 წლები), რაც მიუთითებს მათ ეკლესიურ-ქონებრივ სტატუსზე და სამთავრო ადმინისტრაციასთან კავშირზე. ამავე ეპოქაში უცხოურ წყაროებშიც ფიქსირდება გვარი – იტალიელი მისიონერის ცნობით, სამეგრელოში მოქმედებდა გავლენიანი მღვდელი ლადარია, რაც ადასტურებს გვარის ჩართულობას საეკლესიო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გვარის ძირითადი ბუდე სამეგრელოა (ზუგდიდი, მარტვილი, ხობი, წალენჯიხა), საიდანაც მოგვიანებით გავრცელდა სხვა რეგიონებში, მათ შორის აფხაზეთსა და თბილისში. ამრიგად, ლადარიების გვარი წარმოადგენს ძველ მეგრულ საგვარეულოს, რომელიც უკვე შუა საუკუნეებში ფიქსირდება, დაკავშირებულია ეკლესიასთან და ინარჩუნებს რეგიონულ იდენტობას მრავალსაუკუნოვანი ისტორიული უწყვეტობით.

სამწუხაროდ, ლადარია საკმაოდ ნალევი გვარია და მათი აღწერა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

მაკალათია

მაკალათიას გვარი პროფესიული წარმოშობისაა და უკავშირდება ძველ ხელობას – კალათის წვნას. მისი ეტიმოლოგია მოდის სიტყვიდან „მეკალათე“, რაც ნიშნავს კალათის დამამზადებელ ხელოსანს. თავად სიტყვა „კალათა“ აღნიშნავს წნულ ჭურჭელს, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა სოფლის მეურნეობაში, განსაკუთრებით ხილისა და სხვა პროდუქტების გადასატანად. შესაბამისად, გვარი მაკალათია თავდაპირველად უნდა ყოფილიყო მეტსახელი, რომელიც კონკრეტულ საქმიანობას ასახავდა. ისტორიული გადმოცემის მიხედვით, მაკალათიები სამურზაყანოდან გადმოსახლებულან და საბოლოოდ დამკვიდრებულან აბაშის რაიონის სოფელ ზანათში. ლეგენდა გვაუწყებს, რომ მათი წინაპარი ბატონის მკვლელობის შემდეგ იძულებული გახდა, გაქცეულიყო და თავი შეეფარებინა უდაბურ ადგილას, სადაც შემდგომში დასახლება ჩამოყალიბდა. მოგვიანებით სეფიეთში ორი ძმა – დავითი და ნიკოლოზი – გადმოსულან, რომელთაგან დავითის შთამომავლობა განსაკუთრებით გამრავლდა და გვარის ძირითადი ხაზიც მათგან განვითარდა. საგვარეულოს აქვს მკაფიოდ გამოხატული თემური და სარწმუნოებრივი იდენტობა. ისინი სეფიეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ეგრეთ წოდებულ, „სამაკალათიონოს“ უბანში ცხოვრობენ. მათი საძირკველი სიწმინდე („ჯინჯი“) ილორის წმიდა გიორგია, თუმცა სამურზაყანოდან გადმოსახლების შემდეგ, ილორში სიარულის შეუძლებლობის გამო, სეფიეთის წმიდა გიორგის ეკლესიას შეეკედლნენ. ეთნოგრაფიული მონაცემებით, ზანათიდან გადმოსული, დაახლოებით, 25 ოჯახი ერთიან თემად ჩამოყალიბდა.

დღეს მაკალათიების გვარი საშუალო გავრცელებისაა და საერთო ჯამში, დაახლოებით, 709 ადამიანს აერთიანებს.

ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და

ვალერიან ხიმშიაშვილი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი