საზოგადოება

რატომ ეპყრობოდნენ ლადო ასათიანს ყველაზე დაუნდობლად და როგორ დააჩქარეს მისი სიკვდილი

№34

ავტორი: ეკატერინე პატარაია 49 წუთის წინ

ლადო ასათიანი
დაკოპირებულია

მეოცე საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს ქართულ მწერლობაში ნიჭიერი ჯგუფი მოვიდა – პოეზიაში მარად ჭაბუკებად დარჩენილი თაობა. ისინი ადრე წავიდნენ ამქვეყნიდან, მაგრამ წარუშლელი კვალი დატოვეს პოეზიაში მათ შორის იყო ლადო ასათიანი.

როსტომ ჩხეიძე: „…ჩვენს შეხედულებას ლადო ასათიანის პიროვნულ ხასიათზე, ცხოვრების ყაიდასა და, რაც მთავარია, მხატვრული აზროვნების თავისებურებაზე მნიშვნელოვნად ავსებდა მისი ეპისტოლეები, უბის წიგნაკის ჩანაწერები და ის პოეტური მახვილსიტყვიანობანი, რაც შემოგვინახეს და პაოლო იაშვილის ექსპრომტებივით არ გამქრალა. ავსებდა მოგონებანიც ლადოზე: აქ, ის გარემოც იყო წარმოსახული, სადაც მას და მის თანატოლებს მოუხდათ ცხოვრება.

ნიკა აგიაშვილის დოკუმენტურ რომანში – „ჭაბუკები დარჩნენ მარად” გარემო და ფონი მთლიანად რომანტიკულია და ეს ვითარება სულაც არ ყოფილა რაიმეს შელამაზება – ესეც რეალობა გახლდათ… თითქოს უცნაურია ჭაბუკის ჭლექით გატანჯული ხანმოკლე ცხოვრება… მარტო ჭლექით გატანჯული? მხოლოდ ეს რომ ყოფილიყო, კიდევ რა უშავს – ამ ნებისყოფისა და სიმტკიცის შემოქმედს ის ვერ დათრგუნავდა სულიერად და აკი ვერც დათრგუნა, იუმორით, შინაგანი ხალისით იგერიებდა მის შავ ჩრდილებს და მოახლოებული სიკვდილის წინაშეც სიცოცხლის საგალობელს ქმნიდა, მაგრამ სხვა რამ უწეწდა და უფორიაქებდა სულს, სხვა რამ ანადგურებდა.

სასოებით და მოუთმენლობით მოელის პირველი წიგნის გამოცემას, იმედოვნებს – იქნებ მისმა გამოსვლამ ცოტა სული მომათქმევინოს, გამახალისოს და ეს ხანმოკლე და უღიმღამო სიცოცხლე ოდნავ გამიხანგრძლივოსო; წუხს, საშველი არ დაადგაო და 1941 წლის 10 მარტს მეუღლეს იმასაც მისწერს, „რა ეშმაკი მოუვიდა ამ „ერთცახე“ წიგნს, მაგან გამიჩინა ჭლექი”. არადა, დღის სინათლეს მხოლოდ სასიგნალო ცალი იხილავს, რადგან მთელ ტირაჟს დაჭრიან და ცეცხლს მისცემენ… როგორ ამოუყრიან უკეთეს ლექსებს, გადაუხაზავენ უკეთეს სტრიქონებს…

ლადოს ყველაზე დაუნდობლად ეპყრობოდნენ. ის არ თმობდა, რაც ყველაზე ძვირფასი ეჩვენებოდა, იმის წაშლასა და ამოგდებას არ თანხმდებოდა და ეს სიჯიუტე იყო, რაც ულმობელი ლოგიკით აახლოებდა პირველი წიგნის განადგურებას. ის მაინც ბორგავდა და ეს მღელვარება მის ბარათებშიცაა გაფანტული. ყველაზე გულისმომკვლელად მაინც ერთ ბარათში (დაუთარიღებელია) – თვითონ აბასთუმნისთვის ვერ დაუღწევია თავი და მეუღლეს სულს ხელში უდებს: „გიგზავნი ლექსებს (სულ 6 ლექსია)… უნდა დაიბეჭდოს აუცილებლად ასე – ექვსივე. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მინდა, თუ რაიმე შეიცვლება, თუ გინდა ერთი სიტყვა, არც მაშინ არ მინდა, არაფერია აქ შესაცვლელი და არც სადავოა რამე. ისევ გიმეორებ, თუ ასე დაიბეჭდება, თორემ არ მინდა. იცოდე, გავგიჟდები, რომ სხვანაირად რამე მოხდეს. ქვეყანას შევაწრიალებ. თუ დაბეჭდვა გადაწყვიტონ, მაშინ მანქანაზე რომ გადააბეჭდვინებ, მერე ნიკას შეადარებინე, თორემ შეცდომები იქნება და გავგიჟდები. თუ ასე არ დაიბეჭდოს, მაშინ გამოართვი, არ დაკარგო, შეინახე, ნურავის ნუ აჩვენებ, ჩუმად და წყნარად გააკეთე ეს”.

კიდევ უფრო დაუვიწყარია დედის მონატრება, მისი გადასახლებით გამოწვეული ღრმა და გაუნელებელი ნაღველი, რაც ლადოს ყველაზე სახიერ სილუეტს ამოზიდავს ჩვენ თვალწინ. ამ წუხილის ნატეხები ცალკეულ ლექსებშიც გამოკრთის, თუმც შეფარულად, რადგან მონატრებისა თუ ცრემლის დაღვრის ნებას სხვაგვარად არ დართავდნენ, არც სიცოცხლეში და არც მერე: პოეტურ კრებულებში კვლავ გაფანტული უნდა ყოფილიყო ეს ტკივილი, რათა გამჭვირვალე ასოციაციები არ გამოეწვია და არც დრამატულ გოდებად აღექვა მკითხველს. მხოლოდ ბოლო ხანს გახდება შესაძლებელი ამ სტრიქონთა ერთმანეთთან დაკავშირება:

ავდექი დარდით გულგასერილი…

გინატრა შვილმა, იტირა ლექსმა…

ნეტავ სადა ხარ ან რომელ

მხარეს, სულზე უტკბესო,

დედილო ჩემო?

დედისადმი მიძღვნილ ლექსში გაბნეულია ბიოგრაფიული დეტალები („დედა, სიზმრებმა არ მომასვენა, შენს ბნელ საკანში გადმომახედა“; „გეძახი, მინდა გაგესაუბრო შუა აზიის ურწყულ მხარეში“; „ჩვენი სახლ-კარი ააწიოკეს დაუბანელმა გლეხის კაცებმა“; „მამა ბუხართან ზის თავდახრილი, ცეცხლში აფურთხებს და იგინება“…), ეს მწარე პირადი ტკივილები, მაგრამ უპირველესია იმ ძარღვის მიგნება, რაც განაზოგადებს პიროვნულ ტრაგედიას, ყოფით სურათებს სიმბოლური აზრით განმსჭვალავს და მთელი ერის სულიერ ცხოვრებად განგვაცდევინებს. პირადი და საქვეყნო ტკივილები ერთმანეთს გადაეჭდო და ჭაბუკს თვალნათლივ გადაეშალა გარემომცველი სინამდვილე მთელი თავისი ულმობელობითა და იდეოლოგიური საბურველით.

***

…კოტე ხიმშიაშვილი დაკითხვაზე ამტკიცებდა: შეთქმულებაზე, ჩვენს საიდუმლო ორგანიზაციაზე, ლადომ არაფერი იცოდა, ვაპირებდი მეთქვა, მაგრამ ვერ მოვახერხეო. შესაძლოა, ლადოს გადარჩენას ლამობდეს და „ვერ მოვახერხე“ ამისთვის იყო გამიზნული. ყოველ შემთხვევაში, ლადო, როგორც მძიმე სნეულებით გატანჯული, აქტიურ მონაწილეობას ვერ მიიღებდა შეთქმულებაში… თუმც მეტი მონაწილეობა რაღა უნდა ყოფილიყო, როცა თაობის ბედისწერის მესიტყვედ დარჩა… „მე – დაწყევლილი ლადო ასათიანიო“, ასე რომ მისწერეს ნიკა აგიაშვილს 1942 წლის 24 სექტემბერს, ეს სწორედ მისი და მთელი თაობის ბედის მეტაფორაა... ლადო ასათიანის პირველი პოეტური კრებულიც – „წინაპრები“. მოსპეს იმ საბაბით, რომ ხელისუფლებასა და ახალ პოლიტიკურ რეჟიმს საგალობლებს არ უძღვნიდა და არც ბელადებს ეთაყვანებოდა. ეს უჩვეულო მოვლენა გახლდათ და ხელისუფლებას თუ შეატყობინებდნენ, წიგნს აღარაფერი უშველიდა. მუშები სინანულით ხევდნენ და ჭრიდნენ დაბეჭდილ გვერდებს, ერთმა კეთილისმსურველმა – სახელდობრ, მარიკა ჯაფარიძემ (ვინც მოსალოდნელი ხიფათის მიუხედავად რამდენიმე ეგზემპლარი მალულად გამოიტანა სტამბიდან და გადაარჩინა) – ლადოს მოძებნა რომ სცადა, იქნებ რაიმე იმედი მაინც არსებობდა, მაგრამ იმას უკვე სცოდნია, რა მეხიც დაატყდა და ცოცხლ-მკვდარს უთქვამს: აღარაფერი ეშველებაო. ასე დააჩქარეს პოეტის სიკვდილი. ჩვენ მხოლოდ დოკუმენტური ჩანაწერები შემოგვრჩა, რომლის მეოხებითაც „წინაპრების“ განადგურების პირუთვნელი ისტორია თავის დროზე დეტალურად გამომჟღავნდება.

ოღონდ როგორი კანონზომიერიც იყო ამ წიგნის დაწვა, ისევე კანონზომიერი გახლდათ გადარჩენილი ეგზემპლარის მიხედვით მისი აღდგენა და გამოცემა რამდენიმე წლის შემდეგ. საბედნიეროდ, ასეთი პიროვნებანიც არსებობდნენ, ვინც ავ ბედისწერას არ დაუთმობდნენ ლადო ასათიანის სახელს. და სიმონ ჩიქოვანს საშუალება მიეცა თუ არა, უპირველესად ეს მოიმოქმედა – „წინაპრების“ გამოცემაზე იზრუნა...“

***

დასასრულს ლადო ასათიანის პირადი წერილების ნაწილს გთავაზობთ, რომელბსაც ცოლსა და მირზა გელოვანს უგზავნის. აქ კარგად ჩანს მისი ბუნება, ხასიათი, ემოციები, სურვილი, ყველაფერი.

***

„ანიკუშა! გაზეთი და წერილი მივიღე, როდის დაიწყე ასეთი მოკლე წერილების წერა? შენ თუ ცუდ ხასიათზე ხარ, მერე მე რა დავაშავე? ცუდ ხასიათზე რომ იყავი, მაშინ უფრო მწერდი, მგონი, და ახლა რა მოგივიდა, ა? პასუხს მოგწერო, რას ჰქვია, პასუხს მომწერ… ხომ იცი, რომ მე მიყვარხარ და მიყვარხარ არა ისე, როგორც უყვართ, არამედ უფრო მეტად და სხვანაირად, ამიტომ ასეთი რამეები არ არის საჭირო.

ახლა ერთ რამეს გეტყვი: ამ თვის ბოლოს შვებულება აიღე… იქნებ, ჩემი წიგნის დარჩენილი ჰონორარის აღება მოახერხო, შენც ხომ მიიღებ ფულს და ჩამოდი. აქ საჭმელი, ხომ იცი, იშოვება… თუ ფეხმძიმობა ძალიან არ შეგაწუხებს და თუ სუსტად არ იქნები, აგვისტო აქ რომ გავატაროთ, არაფერი გიჭირს, მეც შენთან ერთად უზომოდ გავიხარებ…

ასე თუ მოხერხდება, ეს გავაკეთოთ, ძალიან გთხოვ, შენთვისაც კარგი იქნება. მერე აქედან ერთად წავიდეთ. სხვაგან წასვლაზე კი ვერ დაგეთანხმები, შენზე გაბრაზებული ვარ, დღეს შენს წერილს ველი, თუ მივიღე, შეგირიგდები.

ასე. გკოცნის შენი ლადო ასათიანი

12. 7. 1940. აბასთუმანი.“

***

„ჩემო ანიკო! წაიკითხე ახლა ეს წერილი და გაიგე, ერთხელ და სამუდამოდ, როგორ არის საქმე და როგორ უნდა მოიქცე. რომ მწერ, ზამთარში მანდ დარჩიო, ზამთარში აქ ძალიან მკაცრი სიცივე იცის, საჭიროა კარგი თბილი ოთახი, შეშა, ნავთი, საჭმელი, ესენი კი ზამთარში აქ ძალიან ძნელი საშოვნელია, ბაზარი იხურება, სურსათი თითქმის არ იშოვნება, შეშა არ არის. ტყეები რომაა, ხომ არ გგონია, აქ ბევრი შეშა იყოს? ოჯახები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, აქედანვე იმარაგებენ შეშას, სურსათსა და ყველაფერს. ჩემსავით მარტოკაცის ცხოვრება აქ ზამთარში შეუძლებელია. ასე მირჩია ყველამ, ექიმებმაც და სხვებმაც. მერე მე, კიდევაც რომ მქონდეს ეს პირობები, ხომ იცი, რანაირი კაციცა ვარ, ჩემი თავის მოვლაც როგორ შემიძლია, ხომ იცი?!

რა ვქნა, შენ ძალიან შეწუხდები, ფეხმძიმედ ხარ, საერთოდ ხალხის შეწუხება კიდევ სირცხვილია. და ამიტომ თბილისში ეცადე ისევ ბინის შოვნას. მოვრჩები, ნუ გეშინია. არჩილმა კიდევ გამსინჯა და უკეთესი მდგომარეობააო, მერე ჩემი ავადმყოფობა, ხომ იცი, სხვანაირია, ნელ-ნელა მიდის. ჩემი გამოგზავნილი ამანათი თუ მიიღე. ფული არ მაქვს 5 მანეთის მეტი და ფეხსაცმელიც დამეხა. ასე, ჩემო ანიკო, მე უშენოდ ერთ თვესაც ვერ გავჩერდები, გინდა აქ იყოს და გინდა სხვაგან, ასეა ეს!

შენი ლადო

1940. აბასთუმანი“.

***

მირზა გელოვანს:

„საყვარელო ძმაო მირზა!

გაგიკვირდება, ალბათ, თბილისიდან წერილს რომ გწერ, მაგრამ წუთისოფლის ბრუნვამ ასე ისურვა და მე, სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლებული, ისევ დავბრუნდი ტფილისს, ვარ ისე, საშუალოდ. არა მიშავს რა. დავდივარ უსამსახუროდ და უფულოდ თბილისის ქუჩებში და მაინც არ ვწუხვარ, რადგან საქართველოში ვარ, ხომ იცი, სხვა საქართველო სად არის…

საინტერესოა შენი ამბავი. როგორ შეეთვისე, გედევანოვიჩ, ჯარსა, ლეიტენანტობა ხომ არ მიგიღია მეყვსეულად, ახლა „მნათობში“ ვზივარ და ვწერ წერილს. ჩემ ირგვლივ მთელი გალერეაა შესანიშნავი ადამიანებისა. კონსტანტინე ლორთქიფანიძე და დემნა შენგელაია რაღაც მოთხრობას ჩაჰკირკიტებენ, კარლო კალაძე ახლა შემოვიდა (გორში იყო, „ნაგორალია“), „მნათობის“ მე-9 ნომრის ჰონორარს წერს. ასე რომ – ჩაიბარა ჟურნალი, რომელიც ახლახან მოიტანა შაოსანმა შიკრიკმა. ნიკა აგიაშვილი დივანზე ზის და იოსებ ნონეშვილს ელაპარაკება ჰომეროსზე, გაბრიელ ჯაბუშანური „მნათობს“ კითხულობს. ალეკო შენგელია დნება ჰონორარის გამოწერის მოლოდინში და ასე, ამგვარად, არის დაუსრულებელი მოძრაობა და წვა პოეტთა, პროზაიკოსთა, კრიტიკოსთა, პოეზიის მოყვარულთა, მემანქანეთა და მრავალთა…

მირზაჯან, რა კარგი იქნებოდა, რომ შენც მოხვიდე ახლა აქ, ძველებურად ავივლიდეთ, ჩავივლიდეთ… ყოჩაღად იყავი, ყოჩაღად! ლექსები დაწერე და გამოგზავნე. მე აქ ვარ, იცოდე, ყოველ წუთს გავახსენებ შენს თავს ყველას. ჩვენი ლექსები მე-10 ნომერში უნდა დაბეჭდილიყო. ხომ იცი, გადაუდვიათ მე-11-ში. ამაზე მე ავტეხე ერთი ამბავი და აწი აღარ განმეორდება ესეთები.

მირზა, მომწერე წერილი, წერილებით მაინც ვიბაასოთ და ამასობაში ეს დროც მალე გაიარს. დღეს მივდივართ დედაშენთან მე და ნიკა აგიაშვილი, მიმაქვს შენი სურათი და გვინდა, გავახაროთ მშობელი შენი.

იყავი რკინასავით.

გკოცნის შენი ძმა ლადო ასათიანი

22. 12. 1939. თბილისი.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი