როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00
კორძაია
კორძაია ძველი ქართული, ისტორიულად აზნაურული გვარია, რომელიც იმერეთსა და ოდიშს უკავშირდება. კორძაიები იმერეთის სამეფოს აზნაურები იყვნენ და საჭილაოს სამეფო მოურავობის თანამდებობას იკავებდნენ. მოგვიანებით ისინი ოდიშის ტახტის აზნაურებადაც იხსენიებიან. იოანე ბაგრატიონის ცნობით, კორძაიები კურტნისძეთა საგვარეულოდან იყვნენ, ქართლიდან გადასულნი, რომელთაგან ნაწილი თავადის, ნაწილი კი აზნაურის ღირსებას ატარებდა.
მეჩვიდმეტე საუკუნის შუა ხანის საბუთში მოხსენიებულია სეხნია კორძაია, რომელიც სანავარდოში სახლობდა. 1850 წელს, როდესაც ქუთაისში რუსეთის იმპერატორის მემკვიდრის მიღებას აწყობდნენ, ოდიშის მთავარმა, დავით დადიანმა წარსადგენ ცხრა აზნაურს შორის ზალიკა, სიკო და გიგო კორძაიებიც შეარჩია, რაც გვარის მაღალ საზოგადოებრივ მდგომარეობას ადასტურებს. კორძაიათა გვარს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს ეკლესიის ისტორიაშიც. ამ გვარის წარმომადგენლები იყვნენ არქიმანდრიტი თეოფანე კორძაია (1839-1911), დეკანოზი იოანე კორძაია (1915-1986) და მღვდელი გრიგოლ კორძაია, რომლებიც სვანეთის ეკლესიებში მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწეობდნენ.
დღეს საქართველოში კორძაიას გვარი 763 ადამიანს აქვს. მათგან ზუგდიდში ცხოვრობს 246, თბილისში – 117, სენაკში – 91.
ლევანიძე
ლევანიძე შედარებით იშვიათი ქართული გვარია. გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ლევანი, რომელიც სახელ ლეონის ქართული ფორმაა. ეს სახელი ქართულ ისტორიულ წყაროებში მეცამეტე საუკუნიდან დასტურდება, ხოლო მისი ფუძე უკავშირდება სიტყვას „ლომი“, რომელიც სიმამაცისა და ძალის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. ამავე ფუძიდან წარმოქმნილია სხვა ქართული გვარებიც: ლევანიშვილი, ლევიძე, ლეონიძე და სხვა.
ლევანიძეები ისტორიულ საბუთებში მეჩვიდმეტე საუკუნიდან იხსენიებიან. ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, დავით ერისთვისშვილმა გელათის მონასტერს შესწირა ჭარუხიძის სრული მამული გლეხებით, რომელთა შორის ლევანიძეებიც იყვნენ. ეს ცნობა ადასტურებს, რომ გვარის წარმომადგენლები იმერეთის სამეფოს სოციალურ და საეკლესიო ცხოვრებაში მონაწილეობდნენ.
სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ზოგ შემთხვევაში ლევანიძე შესაძლოა, უკავშირდებოდეს სომხური გვარის – ლევანიანის გაქართულებულ ფორმას, თუმცა ეს ყველა ლევანიძეს არ შეეხება და საკითხი ერთმნიშვნელოვნად გადაწყვეტილი არ არის. ამასთანავე, ქართული ისტორიული წყაროები გვარს დამოუკიდებლადაც ადასტურებენ, რის გამოც მისი წარმოშობის საკითხი დამატებით კვლევას საჭიროებს.
მიუხედავად მცირერიცხოვნებისა, ლევანიძე ისტორიული ქართული გვარია, რომლის ფესვები რამდენიმე საუკუნეს მოიცავს და რომლის სახელწოდება ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ქართულ ისტორიულ საკუთარ სახელს – ლევანს – უკავშირდება.
საქართველოში დღეს 102 ლევანიძე ცხოვრობს, მათგან თბილისში – 40, კასპში – 33, თეთრიწყაროში – 12, დანარჩენები კი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არიან განსახლებული.
ლელუაშვილი
ლელუაშვილი ძველი ქართული გვარია, რომელიც ისტორიულად გავრცელებული იყო შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში. გვარის ძირითადი ისტორიული კერები იყო გორის, მცხეთის, ნიჩბისის, ქსნის ხეობის, ძალისისა და ძეგვის მიდამოები.
ლელუაშვილები ისტორიულ საბუთებში მეჩვიდმეტე საუკუნიდან იხსენიებიან. 1656 წლის საბუთში მოხსენიებულია ნადირა ლელუასშვილი, რომელიც გარეჯვარში მცხოვრებად არის აღნიშნული. ამავე დოკუმენტში იხსენიება ქრისტესია ლელუასშვილი, რომლის მამულები წილში პირველად მანუჩარ და ჯიმშიტა თუმანიშვილებს, მოგვიანებით კი მხოლოდ მანუჩარ თუმანიშვილს ხვდა. გვარის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცნობა 1690 წლით თარიღდება. ამ საბუთის მიხედვით, კათოლიკოს-პატრიარქმა იოვანე დიასამიძემ ერთი კომლი ღელუასშვილი უწყალობა არქიმანდრიტ ნიკოლოზ გაბადიძეს. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ დოკუმენტში მოხსენიებული ღელუაშვილი ლელუაშვილის ძველი ან გადამწერისეული ვარიანტია, თუმცა ეს საკითხი დამატებით კვლევას საჭიროებს.
ლელუაშვილი პატრონიმული ტიპის გვარია და საკუთარი სახელის ლელუა-საგან არის წარმოქმნილი. მეჩვიდმეტე საუკუნის საბუთები ადასტურებს, რომ გვარის წარმომადგენლები ფლობდნენ მამულებს და აქტიურად იყვნენ ჩართული ქართლის ფეოდალურ-სამეურნეო ცხოვრებაში.
ლელუაშვილები შიდა ქართლის ძველ ისტორიულ გვართა რიცხვს მიეკუთვნებიან. მიუხედავად იმისა, რომ დღეს შედარებით მცირერიცხოვანი გვარია, მისი ისტორია რამდენიმე საუკუნეს მოიცავს და ქართული წერილობითი წყაროებით საიმედოდ არის დადასტურებული.
დღეს საქართველოში 276 ლელუაშვილი ცხოვრობს.
მამისთვალაშვილი (მამისთვალიშვილი)
მამისთვალაშვილი (ვარიანტი – მამისთვალიშვილი) ძველი ისტორიული გვარია, რომელიც ტრადიციულად ქართველ ებრაელთა საგვარეულოებს მიეკუთვნება. ისტორიულ საბუთებში გვარი სხვადასხვა ფორმით გვხვდება: მამისთვალაშვილი, მამისთვალასშვილი, მამისთუალაშვილი და მამისთვლისშვილი, რაც მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეების ქართულ დოკუმენტებში დამკვიდრებულ ორთოგრაფიულ მრავალფეროვნებას ასახავს.
გვარი მრავალჯერ არის მოხსენიებული მეთექვსმტე-მეჩვიდმეტე საუკუნეების სამართლებრივ საბუთებში. უძველეს ცნობათაგან ერთ-ერთია 1523 წლის დოკუმენტი, სადაც მოხსენიებულია მირიჯანა მამისთუალაშვილი, ტბისში მცხოვრები, რომელიც ბარათაშვილთა მამულების გაყოფის აქტში ფიგურირებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე ადრეული დადასტურებული ცნობაა გვარის შესახებ.
1675-1693 წლებში მამისთვალაშვილები არაერთი ნასყიდობის, გაცვლისა და სამამულო გარიგების მონაწილეებად და მოწმეებად გვხვდებიან. საბუთებში იხსენიებიან მამუკა, ლომია, პაპუნა, აბრამა, გრიგოლი, ივანე, მარკოზი, ელიოზი, მიხეილი, პეტრე და ოქროა (ოქრუა) მამისთვალაშვილები. განსაკუთრებით ხშირად გვხვდება მათი გარიგებები ხოჯა ხოჯასშვილთან, რაც მიუთითებს, რომ გვარის წარმომადგენლები მნიშვნელოვან ქონებას – მიწებსა და ვენახებს – ფლობდნენ და აქტიურად მონაწილეობდნენ ქართლის ეკონომიკურ ცხოვრებაში.
1693 წლის საბუთში მოხსენიებულია მამისთვალაშვილისგან ნაყიდი მიწა ჩოჩეთში, რომელიც მეტეხელმა პაპუნა აღნიაშვილმა ახალქალაქელ ნარიბეგ სპანდიერაშვილს მიჰყიდა. ეს დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გვარის წარმომადგენლები მიწათმფლობელები იყვნენ და მონაწილეობდნენ ფართომასშტაბიან ქონებრივ გარიგებებში.
მამისთვალაშვილები საუკუნეების განმავლობაში ქართველ ებრაულ თემში მნიშვნელოვან ადგილს იკავებდნენ. გვარის თანამედროვე წარმომადგენელთაგან განსაკუთრებით ცნობილია ისტორიკოსი ელდარ მამისთვალიშვილი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოსა და ქართველი ებრაელების ისტორიის კვლევაში.
დღეს საქართველოში 143 მამისთვალაშვილი ცხოვრობს.
ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და
ვალერიან ხიმშიაშვილი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



