საზოგადოება

როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები

№32

ავტორი: „თბილისელები“ 20:00

გვარები
დაკოპირებულია

იმედაძე

იმედაძე ძველი ქართული გვარია, რომელიც წარმოქმნილია საკუთარი სახელიდან „იმედა“ და ნიშნავს „იმედას შთამომავალს“. იმავე ფუძიდან მომდინარეობს მონათესავე გვარები იმედაშვილი და იმედიშვილი. ისტორიულად იმედაძეები, ძირითადად, დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით რაჭასა და იმერეთში იყვნენ გავრცელებულნი. მათი ძველი სამკვიდროებია ბუგეული და ჩორჯო (რაჭა), აგრეთვე, ჩუნეში (იმერეთი).

იმედაძეები ქართულ წერილობით წყაროებში უკვე მეთექვსმეტე საუკუნის პირველი მეოთხედიდან იხსენიებიან. ამ პერიოდის საბუთებში არაერთხელ გვხვდებიან მამისთვალა, გიორგი, მამისბედა, სულმამა, მამუჩა და მეფისა იმედაძეები. ისინი მონაწილეობდნენ მიწის, ტყისა და მამულების ნასყიდობის აქტებში, რომელთა მეორე მხარეს ხშირად ფადლაძეთა საგვარეულოს წარმომადგენლები იყვნენ. იმედაძეები ამ საბუთებში მოიხსენიებიან როგორც მიწის მესაკუთრეები, ისე მოწმეები, რაც მათ იმდროინდელ საზოგადოებრივ და სამეურნეო ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას ადასტურებს.

საარქივო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ იმედაძეთა საგვარეულოს სხვადასხვა შტოები ნათესაური კავშირებით იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული. მაგალითად, მამისთვალა იმედაძეს ჰყავდა შვილები — მეფისა, მამისბედა და გიორგი, ხოლო მამისბედას ძმები იყვნენ სულმამა და ნავროზა. ეს ცნობები გვარის გენეალოგიის შესწავლისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

დღეს საქართველოში 622 იმედაძე ცხოვრობს.

კარიჭაშვილი

კარიჭაშვილი ძველი ქართული გვარია, რომელიც ისტორიულად შიდა ქართლში, განსაკუთრებით გორისა და ხიდისთავის მხარეშია გავრცელებული. წერილობით წყაროებში გვარი მეჩვიდმეტე საუკუნიდან გვხვდება. 1677 წლის საბუთში მოხსენიებულია კარიჭაშვილის მიწა, რომელიც გივი ტლაშაძისთვის მიყიდულ მამულს ესაზღვრებოდა. მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს კი ერთ-ერთ საბუთში აღნიშნულია, რომ მაღალაძეთა ყმა კარიჭაშვილი ახალ მეპატრონეს გაცვლილი მიწის ნაწილს არ უთმობდა და მის ნაწილს ამუშავებდა, რაც იმდროინდელ სამიწათმფლობელო ურთიერთობებს ასახავს.

კარიჭაშვილთა გვარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში ამ გვარიდან მრავალი სასულიერო პირი მოღვაწეობდა. მათ შორის იყვნენ სვიმონ კარიჭაშვილი, რომელიც 1820 წელს ხიდისთავის წმიდა გიორგის ეკლესიაში მსახურობდა; იოსებ კარიჭაშვილი – ატენის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი (1830); გიორგი სიმონის ძე კარიჭაშვილი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ხიდისთავისა და გორის ტაძრებში მოღვაწეობდა; ანდრია კარიჭაშვილი, რომელიც ჯერ ახიელში, მოგვიანებით კი ხიდისთავის წმინდა გიორგის ეკლესიაში მსახურობდა; ასევე ნიკოლოზ და იორდანე კარიჭაშვილები, რომელთა საქმიანობაც გორის საეკლესიო ცხოვრებას უკავშირდებოდა.

კარიჭაშვილთა შორის განსაკუთრებით გამორჩეულია დავით კარიჭაშვილი (1862-1927) – მწერალი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, გრამატიკოსი და პედაგოგი.

დღეს საქართველოში კარიჭაშვილის გვარი 258 ადამიანს აქვს.

ლაჭყეპიანი

ლაჭყეპიანი ძველი ქართული გვარია, რომელიც ისტორიულად ლეჩხუმსა და იმერეთშია გავრცელებული. გვარის ძირითადი კერებია ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლები დეხვირი, ლასხანა და ტვიში, ასევე საირმე, ფერეთა და წყალტუბო.

ლაჭყეპიანები ისტორიულ საბუთებში მეთექვსმეტე საუკუნიდან იხსენიებიან. იმდროინდელ ლეჩხუმის საეკლესიო დოკუმენტებში მოხსენიებულნი არიან გოგინა და კვაკვალია ლაჭყეპიანები, როგორც ცაგერის საყდრის ბეგარის გადამხდელები. დაახლოებით, 1660 წლის საბუთით: კაცია ლაჭყეპიანმა გაბრიელ ჩიქოვანთან ერთად შესაწირი შესწირა ცაგერის ღვთისმშობლისა და ხვამლის წმიდა გიორგის ეკლესიებს.

მეცხრამეტე საუკუნეში გვარის წარმომადგენლები სასულიერო მოღვაწეობით გამოირჩეოდნენ. ზაქარია ლაჭყეპიანი ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მღვდელი იყო, ხოლო მისი ვაჟი, სიმონ ლაჭყეპიანი (1808-1852) მსახურობდა ბაგინეთის, სალომინაოსა და ვარციხის ეკლესიებში.

ლაჭყეპიანები დასავლეთ საქართველოს ძველი ისტორიული გვარია, რომლის წარმომადგენლები საუკუნეების განმავლობაში მონაწილეობდნენ როგორც საეკლესიო, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

დღეს საქართველოში 140 ლაჭყეპიანი ცხოვრობს.

ლემონჯავა

ლემონჯავა ძირძველი მეგრული წარმოშობის ქართული გვარია, რომელიც ძირითადად, ისტორიულ სამეგრელოშია გავრცელებული. გვარის უძველესი და ყველაზე დიდი სამოსახლოა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელი ზუმი, სადაც, ისტორიულად, 123 კომლი ლემონჯავა სახლობდა. იშვიათად გვხვდება გვარის ვარიანტი ლიმონჯავაც.

ლემონჯავები ისტორიულ წყაროებსა და საეკლესიო საბუთებში მეცხრამეტე საუკუნიდან მოიხსენიებიან. ცნობილია მოსე ლემონჯავა, რომელიც 1886-1915 წლებში მედავითნედ მსახურობდა კორცხელის, ნაკიფუსა და ზუმის ეკლესიებში. თანამედროვე საეკლესიო ცხოვრებაში აღსანიშნავია გერონტი ლემონჯავა, რიყის წმიდა გიორგის ეკლესიის ქომაგი (2001-2014) და დავითი ლემონჯავა, დიდინეძის წმიდა გიორგის მამათა მონასტრის სტიქაროსანი (2023).

ლემონჯავები სამეგრელოს ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი ისტორიული გვარია, რომლის წარმომადგენლები საუკუნეების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდნენ რეგიონის საზოგადოებრივ და საეკლესიო ცხოვრებაში. საქართველოში 1 935 ლემონჯავა ცხოვრობს, მათგან ჩხოროწყუში – 626, ზუგდიდში – 392, წალენჯიხაში – 275.

მამიჯანაშვილი

მამიჯანაშვილი ძველი ქართული ისტორიული გვარია, რომელიც ძირითადად შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში არის გავრცელებული. გვარის ისტორიული კერები იყო აგარა, გორი, სამწვერისი, სვენეთი, ქარელი, ხაშური და ბორჯომი.

გვარი ისტორიულ საბუთებში მეთექვსმეტე საუკუნის ბოლოდან იხსენიება. ერთ-ერთი უძველესი ცნობა 1592 წლით თარიღდება, როდესაც დოკუმენტში მოხსენიებულია იასე მამიჯვარისაშვილი, დეკანოზი, რომელიც ბარნაბა ტფილელისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნის მოწმე იყო. მკვლევართა აზრით, მამიჯვარისაშვილი შესაძლოა, მამიჯანაშვილის ადრეული ან პარალელური ფორმა იყოს, თუმცა ეს საკითხი დამატებით კვლევას საჭიროებს.

მეჩვიდმეტე საუკუნის საბუთებში მამიჯანაშვილები უკვე არაერთხელ ფიქსირდებიან. ფუტრევში მცხოვრები მამიჯანაშვილი თავისი მამულით დურმიშხან ბარათაშვილს ერგო მამულების განაწილებისას. ათაბეგა მამიჯანაშვილი (1677-1699) არაერთ სამართლებრივ აქტში გვხვდება მოწმედ, მათ შორის გლეხთა ნასყიდობისა და დედაშვილობის წიგნებში. ამავე წლებში დოკუმენტებში იხსენიება ხიზანა მამიჯანაშვილი, რომელიც მიწის ნასყიდობის აქტების მოწმე იყო, ხოლო ხაბა მამიჯანი ერთ-ერთ საბუთში მოწმედ არის დასახელებული.

ეს ცნობები ნათლად აჩვენებს, რომ მამიჯანაშვილები მეჩვიდმეტე საუკუნის ქართლში მიწათმფლობელთა და ადგილობრივი საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებს ეკუთვნოდნენ. მათი მონაწილეობა სამართლებრივ გარიგებებსა და სამამულო საქმეებში გვარის მნიშვნელოვან სოციალურ მდგომარეობაზე მიუთითებს.

დღეს საქართველოში 98 მამიჯანაშვილი ცხოვრობს.

ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და

ვალერიან ხიმშიაშვილი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი