საზოგადოება

როგორ ლოცულობდა ნოდარ დუმბაძე და ვის გულისხმობდა ის მზეში

№32

ავტორი: ეკატერინე პატარაია 21:00

ნოდარ დუმბაძე
დაკოპირებულია

ნოდარ დუმბაძე, ეს თავად მზიანი, თაკარა გულისა და მაღალი ბუნების გურული კაცი, რომელიც იუმორში ცდიდა ყველაფერს, იუმორი, სატირა და კალამი იყო მთელი მისი ცხოვრება. ალბათ, ამიტომაც ასე ადვილად იპყრობდა ადამიანთა გულებს. მუდამ რაღაც შინაგანი წვავდა მათთან ურთიერთობაში, მუდამ სიყვარულსა და გემრიელ, გულიან სიცილს აფრქვევდა ირგვლივ. განსაკუთრებული გაბედულებით წერდა ღმერთზე, უფლის სიყვარულსა და ლოცვის ძალაზე...

მწერლის ქალიშვილი ქეთი დუმბაძე მამასთან დაკავშირებით საინტერესო და უცნობ ისტორიებს იხსენებს:

„მამას თავისი განსაკუთრებულობა ჰქონდა. ის ძალიან ჰუმანური, დადებითი და ძალიან კეთილია და ყველა ასაკში სხვადასხვანაირად იკითხება. მამა სულ ამბობდა, იუმორი იმიტომ ავირჩიე, რომ თავისუფლება მინდოდაო. ოლღა ბებია რომ ამბობს, ჩემი ძუძუები გლოცავენო ან სიკვდილის წინ რომ ლოცულობს, რა მოხდა მერე, ყველა ბებია ხომ ლოცულობს თავისი შვილიშვილისთვის. ახლა ვეღარ ვკითხულობ მამას, იმიტომ, რომ სულ ვტირი, განა იმიტომ, რომ მამა მენატრება, არა, უბრალოდ, ყველაფერზე მეტირება, ქვეტექსტებს ვიგებ სულ სხვა დატვირთვით. მამას გამოცემისთვის ვამზადებდი „მე ვხედავ მზეს” და „მე, ბებია, ილიკო და ილარიონს” და კორექტურაში დახმარება ჩემს მეგობარს ვთხოვე. ჩემი მეგობარი მექანიკურად კითხულობდა და უცბად ერთ ადგილას გავჩერდი. მეგობარს ვუთხარი, ახალი აღმოჩენა გავაკეთე და ცუდად ვარ-მეთქი. არ ვიცი, მერამდენეჯერ ვკითხულობდი „მე ვხედავ მზეს“, მაგრამ მაშინ პირველად ჩავავლე ფრაზა, როდესაც სოსოია იცმევს შარვალს და ბრმა გოგოს ეუბნება, მიტრიალდი, შარვალი უნდა ჩავიცვაო. ვითომ ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ამაზე მეტი ჰუმანიზმი რა გინდათ? მისთვის ხატია არის ხატია, რომელიც ხედავს სოსოიას და ხედავს მზეს.

ერთხელ ჩემი ლევანიკო ავად იყო, ბაბუას მოთხრობები მომეციო, მთხოვა. ამოვარჩიე „ძაღლი“. ვიფიქრე, სიღრმეებში ვერ შევა და ვერ გაიგებს-მეთქი, ბაბუ რომ ეუბნება: ბაბუ, მე ეხლა ვკვდები და არ შეგეშინდეს, ქვისგანაც რომ სითბო იგრძნო, იცოდე, რომ ის ქვა მე ვარო. ბავშვმა გამოაქანა ეს წიგნი ტირილით და მითხრა, შენც ცუდი ხარ და ბაბუც ცუდიაო. ემოცია, რომელიც საჭირო იყო, ჩემმა შვილმა მაშინ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ნოდარ დუმბაძე იუმორისტი მწერალი ჰგონიათ, ეს ასე სულაც არ არის, მისი მოთხრობები დაღვინებულმა უნდა წაიკითხო... ახლა ვხვდები ბევრ რამეს. სიკვდილის წინ მამამ თქვა, მალე მოვკვდები, ჩემი გარდაცვალების მერე ჩემს წიგნებს სულ სხვანაირად წაიკითხავ, დრო გავა და სხვებიც სხვანაირად წაიკითხავენო და ეს მართლა გამოვცადე საკუთარ თავზე. ახლა მართლა აღმოჩენებს ვაკეთებ. ილიკო და ილარიონი ძალიან სასაცილოა 12-15 წლის ასაკში. როცა 35 წლის ასაკში კითხულობ, სულ სხვა ემოცია შემოდის. ხვდები, რომ იქ 37 წელია, რატომ არის ზურიკელა ობოლი, რატომ არის სოფელში, რატომ ეუბნება ოლღა ბებია, რა ვიცი, მამაშენი 37 წლის სახლიდან რომ გავიდა, მერე აღარ დაბრუნებულაო. „მზიან ღამეში“ პირდაპირ არის გაშიფრული – დედა გადასახლებიდან ჩამოდის, ღამე როგორ ეძებს იმ ხალს, რომელიც შვილს ჰქონდა, რომ დარწმუნდეს, საკუთარი შვილია თუ არა. სტალინი რომ კვდება, დედა ეუბნება, რადიომ თქვას, შვილო, შენ არ თქვა, არ გაიმეოროო. დედას რომ ეხვეწება, არ მომიკვდე, ახლა ვიგრძენი, რომ ჩემი დედა ხარ და ისევ არ მიმატოვოო. ახლა ვხვდები და ვიცი, მამაჩემი რატომ მოკვდა ასე ადრე, იმიტომ, რომ ამდენი უბედურება თავად გადაიტანა – ობლობა, შვილის სიკვდილი, ნათესავების ტრაგედია, ჰელადოსები, ოლღა ბებია, ყველაფერი მის ცხოვრებაში რეალურად იყო.

***

ცენზურის არ ეშინოდა. სულ ამბობდა, ისეთი ცენზორები მყავს სახლში, აღარავისი მეშინიაო. მანანა სულ ეუბნებოდა, გაგიჟდი, მამა, რეებს წერო. ყველა წინადადების ბოლოს ღმერთზე საუბრობს, ვითომ ხუმრობით, ვითომ შემთხვევით, ღმერთმა გიშველოს... ღმერთმა დაგლოცოს... სტუმარი ღვთისაა... ამის დამკვიდრება და ყველაფერში ღმერთის ძიება მართლა გამბედაობაა. როცა მამა ამბობდა, რომ მზე მიყვარს, ზღვას ველაპარაკებიო, ეს სიმართლე იყო. მართლა მინახავს, მამა როგორ ელაპარაკებოდა ხელაპყრობილი და მეგონა, რომ მზეს ელაპარაკებოდა. როცა გულრიფშში ჩავდიოდით, სულ მეუბნებოდა, მიდი ზღვასთან და მიესალმე, უთხარი, რომ ჩამოხვედიო. ან მეტყოდა, ღამე აუცილებლად დაჯექი და მზე რომ ჩადის, დაემშვიდობე, დილას სათევზაოდ რომ მოდიხარ ჩემთან ერთად, მზე რომ ამოდის, მიესალმეო. წყალში მუხლებით მაყენებდა და მეტყოდა, შეეხვეწე მზეს, რომ დილას ამოვიდესო. გვიან მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ლოცვა და ვედრება იყო. ამას მამა ყოველდღე აკეთებდა. ძაღლს მართლა ელაპარაკებოდა, ამბებს არ უყვებიან ძაღლს, მურადას საშუალებით სიყვარულს არ უხსნიან მერის, ძაღლები სიკვდილის წინ არ ეუბნებიან ილარიონს, არ ინერვიულო, ილარიონ, ძაღლი კოჭლობით არ კვდებაო? ეს სიკვდილთან საუბარი იყო ძაღლის ენით. ეს ყველაფერი ძალიან გვიან გავაანალიზე და გვიან მივხვდი, რომ ღმერთს ესაუბრებოდა. „მარადისობის კანონსა“ და „თეთრ ბაირაღებში“ როცა გამოცხადებებია, როცა მზეს მიჰყვება, როცა მზესთან ერთად თეთრ ბაირაღს გადმოფენს, იქ უკვე ყველაფერი გაშიფრულია. თუ ოდნავ მაინც ჩახედულია ადამიანი, უკვე გასაგებია, რომ ეს ღმერთია. „თეთრი ბაირაღები“ მთლიანად 10 მცნებაზეა აგებული. მამა რომ საოცრად ბევრს წერდა ღმერთზე, სიცოცხლეზე, სიკვდილზე, კეთილშობილებაზე და ეს ყველაფერი რომ ღმერთი იყო, ამაზე თვალი ამიხილა პატრიარქმა. მამას გარდაცვალების მეცხრე დღეს პატრიარქმა სიონში გადაუხადა პანაშვიდი და შემდეგ იქადაგა. მაშინ მოვისმინე დედამიწის ზურგზე ყველაზე დიდი, ნიჭიერი და ჭკვიანი კრიტიკოსის საუბარი ლიტერატურაზე. არ ვიცოდი, რას ნიშნავდა პატრიარქი, ვიცოდი, რომ ის იყო მღვდელმთავარი, მას უნდა ემთხვიო, მოწიწებით მოეპყრა, ეს ყველაფერი ვიცოდი სიტყვების დონეზე, მაგრამ იმ წუთას პატრიარქი ჩემთვის იყო ყველაზე დიდი ლიტერატურათმცოდნე, რომელმაც ყველაფერი, რასაც მამას ნაწარმოებების კითხვისას ვგრძნობდი, წინ დამილაგა და მითხრა, რომ მზე არის ღმერთი, რომ სიყვარული არის ღმერთი, ციტატებს ამბობდა მამას ნაწარმოებებიდან და იქვე გვიშიფრავდა. რას ნიშნავს, რომ „ადამიანი ფრესკა არ არის, რომ მას ერთ სიბრტყეში კი არ უნდა უყურო, უნდა შემოუარო და საიდანაც უკეთ იმზირება, იქიდან შეხედო“. იმაზე დიდი კეთილშობილება არ არსებობს, რომ, დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, მისი კარგი მხარეც დაინახო. ეს იყო საოცარი რამ, რომელიც ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება.

***

მამა ხშირად ჩანაწერებს აკეთებდა, მათ შორის, სახარებაზეც. სასწაულად განმარტა სიტყვა „ლაზარეთი“. მამა წერდა: „სულ ერთი კვირის წინ აღმოვაჩინე, რომ ფრანგული სიტყვა ლაზარეთი, რომელიც ლექსიკონში საველე ჰოსპიტალად არის განმარტებული, ლაზარედან მოდის. ამას რომ მიხვდე, აუცილებელი არ არის, იყო ენათმეცნიერი ან ლინგვისტი. მერე ერთ ლინგვისტს გავუმხილე ვარაუდი, ალბათ, ლაზარედან არის, ქრისტემ რომ გააცოცხლა ლაზარე-მეთქი. ძალიან გაუკვირდა. შემდეგ ლექსიკონში ჩავიხედე, ბერძნულად ლაზარე ღვთის წყალობას ნიშნავს. რა თქმა უნდა, ღვთის წყალობაა, კაცს რომ გააცოცხლებ. ეს შეიძლება, ლინგვისტმაც არ იცოდეს, ლაზარე რომ იცოდე, სახარება უნდა გქონდეს წაკითხული, ხოლო ჩვენი ლინგვისტების უმრავლესობას სახარება არ აქვს წაკითხული. თანაც უნდა გქონდეს წაკითხული ოთხთავი მთლიანად, იმიტომ, რომ ლაზარეს სასწაული მარტო იოანეს სახარებაშია. ეს თუ არ გაქვს წაკითხული, ვერ მიხვდები. ძველ აღთქმაზე არაფერს ვამბობ. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სწორედ იმ 40-მა დღემ განსაზღვრა და განაპირობა ნოეს აქეთ არსებული კაცობრიობის მორალური და ზნეობრივი საქციელი. შემთხვევით როდია ლექსიკონში კიდობანი ასე განმარტებული – „ფიცრის კოლოფი, რომელსა შინაცა იუდეანთა აქუან დამარხულ ფიცარნი სულისანი“. სწორედ ის 40 დღე გახლდათ დრო იმ სულიერი კათარზისისა, რომელიც განიცადა კაცობრიობამ, რამეთუ იმ 40 დღეში არ შეიძლება ნოეს ანალიზი არ გაეკეთებინა იმ შემზარავი სასჯელისთვის, რომლითაც დასაჯა გამჩენმა მის მიერვე შექმნილი და სულჩადგმული ადამიანი. მხოლოდ ასე და ამ ასპექტში უნდა იყოს წაკითხული ყოველგვარი მითოლოგიური და ბიბლიური, სხვანაირად ვერ წარმომიდგენია და ვფიქრობ, არც შეიძლება.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი