რა უნდა დარჩეს განსვენებული მწერლის უჯრებში, ტარიელ ჭანტურიას აზრით და რატომ ადარებდა ის მწერლობას პოკერს
ავტორი: ეკატერინე პატარაია 48 წუთის წინ
რამდენიმე დღის წინ უხუცესი ქართველი პოეტი ტარიელ ჭანტურია 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. გთავაზობთ მის 2012 წლის, ერთი კვირის დღიურის ჩანაწერებს, რომლითაც უფრო ახლოს გაიცნობთ მის ბუნებას.
26 დეკემბერი, ორშაბათი:
„ჩემი ხნის კაცს, 79 წლისას, თურმე, 3 792 ორშაბათი ჰქონია უკან მოტოვებული! ამ ორშაბათ დღეს, ცხოვრებაში პირველად, დღიურის წერა რომ გადაგიწყვეტია – მნიშვნელობა არა აქვს, სხვისი რჩევით აკეთებ ამას თუ საკუთარი სურვილით – იმ ორშაბათებზე არ დაფიქრდები? იმ 3 791 ორშაბათზე? არის კი დღევანდელი ორშაბათი გამორჩეული რაიმეთი? უარესია იმ ორშაბათებზე თუ უკეთესი? შენ ამის თაობაზე არაფერი იცი! ნეტა, თუ იყო ან თუ არის ვინმე, გინესის ნამდვილი რეკორდსმენი, მთელი ცხოვრება რომ წერა დღიურები, ანუ, თუ დამკვიდრებულ ფრაზას ვიტყვით, მთელი ცხოვრება „აწარმოებდა დღიურს“? მას, ალბათ, მეტი ეცოდინებოდა ორშაბათებზე და არა მხოლოდ ორშაბათებზე. ჩემი ცოდნა, ამ მხრივ, მწირია. ის ვიცი მხოლოდ, რომ, მართლმადიდებლური ტრადიციის მიხედვით, ორშაბათი არ არის გასვენებების დღე! არც ისაა დასავიწყებელი, რომ კომუნისტებმა, რომლებიც კრიჭაში ედგნენ ღმერთს, ეს ტრადიციაც დაარღვიეს უფლის ჯინაზე და სწორედ ორშაბათობით კრძალავდნენ თავიანთ გენსეკებს. თავის დროზე ხუმრობაც მაქვს ამ თემაზე დაბეჭდილი: ორშაბათი „გენსეკუთრებით“ მიყვარს, იმიტომ რომ ამ დღეს გენსეკებს კრძალავენ-მეთქი! მოკლედ, 3 792 ორშაბათზე ვერაფერს ვიტყვი. დღევანდელ ორშაბათს რაც შეეხება: პირველი, რასაც გავაკეთებ, წავალ და ვიყიდი დღევანდელ პრესას – მაინტერესებს, ისევ ვახსოვარ თუ არა ჩემს პასკვილანტებს, რომელთაც სულ ვახსოვარ იმის გამო, რომ რუსთაველის პრემიების კომიტეტში ჩემი თავმჯდომარეობის დროს პრემიები ვერ მიიღეს. კიდევ ერთი რამის გამო შეიძლება, ყვითელი პრესის თემა გავხდე: კომუნისტების დროს არანაირი ორდენი არ მიმიღია, სამჯერ მაქვს დაბეჭდილი ეს სიტყვები: შენ, ეი, მეორდენე კაცო! რომ ზიხარ მანდ და არიგებ მაგ ორდენებს, მე არ მომცე, სულ ერთია, არ ავიღებ-მეთქი. გაბრაზდნენ, მაგრამ „დამიჯერეს“ და არანაირი ორდენი აღარ მოუციათ“...
28 დეკემბერი, ოთხშაბათი.
„დღეს ოთხშაბათია – ჩემი ოთხშაბათების ერთი სამი ათას შვიდას ოთხმოცდამეთორმეტედი! სიტყვა ჩემი ცხოვრების მთავარი საქმეა. ამიტომ დილით, პურთან ერთად, ვყიდულობ პრესას და არასოდეს მავიწყდება გაზეთი „ქართული სიტყვა“, რომელიც სწორედ ოთხშაბათობით გამოდის. დღესაც შევიძინე ეს გაზეთი, რომელმაც გამაკვირვა და გამაღიმა. გაზეთი კარგა ხანია, ბეჭდავს ლექსებს რუბრიკით: „დედა ქართულ პოეზიაში“. როცა სამოციანელების ლექსები გამოქვეყნდა, ჩემი ლექსი არ დაბეჭდეს. დღეს სამოცდაათიანელი პოეტების გვერდით ჩემი ლექსიც დაუბეჭდავთ. ესე იგი, გაზეთის რედაქციამ გადაწყვიტა ჩემი გაახალგაზრდავება. მადლობის მეტი რა მეთქმის! კი ვიფიქრე ასე თავიდან, მაგრამ მერე და მერე რომ დავფიქრდი, ეჭვი გამიჩნდა, რომ ასე მაინცადამაინც ჩემს გასახარებლად არ მოქცეულა გაზეთი. რაკი სამოციანელების – იმავე თამაზ ჭილაძის, იმავე ოთარ ჭილაძის, გივი გეგეჭკორის, ვახტანგ ჯავახაძის და სხვათა გვერდით არ დამბეჭდეს, ესე იგი, სამოციანელების თაობიდან დამითხოვეს. მერე იფიქრეს, მთლად უარის თქმა არ ივარგებსო და სამოცდაათიანელების გვერდზე ჩამაკვეხეს, ნაზი თარგამაძის ქვემოთ. ამით არ დაკმაყოფილდნენ და დედისადმი მიძღვნილი ჩემი მრავალი ლექსიდან აიღეს, მათი აზრით, უარესი, და ამ ორსტროფიან ლექსში, როგორც ჩანს, საგანგებოდ, დაუშვეს სამი კორექტურული შეცდომა. ასე მაგალითად, სიტყვა „მწარე“ შეცვალეს სიტყვა „მწვანით“. ეს ლექსი პირადად მე გადასაგდებად არ მემეტება, მაგრამ, ცხადია, უკეთესის დაბეჭდვა მერჩივნა.
მივხვდი, რატომ აირჩიეს მაინცადამაინც ეს ლექსი. ეტყობა, ორი სტრიქონის გამო: „და უსარგებლო ჩემი სიცოცხლე მწარე კვამლივით იბოლებს შენში.“ უსარგებლო რომაა ჩემი სიცოცხლე, ამის საბუთადაა მოტანილი ეს სტრიქონები! აი, ეს მომწერა თანაკურსელმა და თანამერხელმა სამოციანელთა თაობიდან და გადამწერა სამოცდაათიანელებში“.
30 დეკემბერი, პარასკევი.
„კიდევ ერთხელ ვიხსენებ ცნობილ ხალხურ ფრაზას: ორი პარასკევი აქვს დარჩენილიო! ამ სიბერეში დღიურების „დაკვეთა“ რომ მივიღე, ალბათ, იმაზეც უნდა დაფიქრდე, ოთხმოცს მიტანებული კაცი, რამდენი პარასკევი გაქვს დარჩენილი, და ისიც უნდა მოაგონო საკუთარ თავს, რომ კარგია, როცა განსვენებული მწერლის უჯრებში რჩება, რაც შეიძლება, მეტი დაუბეჭდავი მოთხრობა და ლექსი, და არა, რაც შეიძლება, მეტი პრეზერვატივი და ჰაშიში... მახსენდება მშვენიერი პოეტი ქალბატონის ფრაზა: ჩემ შემდეგ ჩემს უჯრებში ვერავინ ნახავს ჭუჭყიან საცვალსო. ეს უნდა იყოს, როგორც ჩანს, საფიქრალი ყოველი მწერლის, ვისაც ორი პარასკევი აქვს დარჩენილი. პარასკევი დღის თემაზე აღარაფერს ვიტყვი ამის მეტს. სხვას ყველაფერს ჩემს უჯრებში ნახავთ. მინდა მჯეროდეს, რომ ეს მოგვიანებით მოხდება“...
31 დეკემბერი, შაბათი.
„შაბათი პოკერის დღეა. რამდენჯერ წამოგვაძახეს მწერლებს, განსაკუთრებით მურმან ლებანიძესა და მე, – ჩვენ ხომ რუსთაველისა და სახელმწიფო პრემიებს „ვარიგებდით“, როცა პრემიების კომიტეტს ვხელმძღვანელობდით ჯერ ერთი და მერე მეორე – რომ ჩვენ ვართ შულერები, „კარტოჟნიკები“, ყომარბაზები! ასე, ძირითადად, ისინი მოგვიხსენიებდნენ, ვინც პრემია ვერ მიიღო. „თავის მართლების“ მიზნით, მე გამოვაქვეყნე იმ მწერალთა და ხელოვანთა გვარები, ვისთანაც მურმანი და მე წლების განმავლობაში ვთამაშობდით პოკერს – ასე ვთქვათ, „ჩავუშვი“ ჩვენი პარტნიორები. მოკლედ, დღეს პოკერია დანიშნული და ალბათ, წავალ.
Homo Ludens – მოთამაშე კაცი! დოსტოევსკი, მაიაკოვსკი, სელინჯერი, ილია ჭავჭავაძე – მოთამაშე კაცები! სხვათა შორის, მწერლობაც თამაშია; თამაშის სახეობაა. ცოტა უფრო რთული, ვინემ იგივე პოკერი, უფრო საინტერესო, უფრო ლამაზი, უფრო ტრაგიკულიც – აქ მეტის მოგებაც შეიძლება და მეტის წაგებაც – მაგალითებს თავად გაიხსენებთ... მოკლედ, შაბათი თამაშის დღეა! ვინ მოიგო და ვინ წააგო, ამას მოგვიანებით გაიგებთ. ხშირად – დიდი დაგვიანებით“...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




