როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები
ავტორი: „თბილისელები“ 59 წუთის წინ
კოზმანაშვილი
კოზმანაშვილები ძველი ქართული აზნაურული საგვარეულოა, რომლის ფესვები ისტორიულ სამცხე-ჯავახეთში მდებარე სოფელ კოზმანეთს (დღევანდელი თურქეთის ტერიტორია, კოზანე/მოლამერგილი) უკავშირდება. გვარის სახელწოდებაც სწორედ ამ ტოპონიმიდან მომდინარეობს.
კოზმანაშვილები ისტორიულ წყაროებში უკვე 1572 წელს იხსენიებიან, როდესაც კოზმანეთში აზნაურული წოდებით არიან დაფიქსირებულნი. მეთექვსმეტე საუკუნის მეორე ნახევარში სამხრეთ საქართველოს ოსმალთა მიერ დაპყრობის შემდეგ საგვარეულოს ნაწილი იძულებული გახდა, მშობლიური კერა დაეტოვებინა და ქართლსა და კახეთში გადასახლებულიყო.
გვარის ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია 1670 წლის ალავერდის წყალობის სიგელი, რომელიც ბოდბელ კოზმანაშვილებს მოიხსენიებს და ადასტურებს მათ მნიშვნელოვან საეკლესიო, სამამულო და საზოგადოებრივ მდგომარეობას. ეს წყარო გვიჩვენებს, რომ კოზმანაშვილები მხოლოდ სამხედრო-სამსახურებრივი ფენის წარმომადგენლები არ იყვნენ, არამედ აქტიურად მონაწილეობდნენ საეკლესიო ცხოვრებაშიც.
მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში კოზმანაშვილებმა შეინარჩუნეს თავიანთი აზნაურული სტატუსი. რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ მათი თავადაზნაურული წარმომავლობა ოფიციალურად იქნა განხილული და 1826 წელს სახელმწიფო დონეზე დადასტურდა.
სულ საქართველოში 159 კოზმანაშვილი ცხოვრობს.
კიკაჩეიშვილი
კიკაჩეიშვილი ძველი ქართული, იმერული გვარია, რომელიც საკუთარი სახელიდან – კიკაჩედან არის წარმოქმნილი. სახელის საფუძველს წარმოადგენს კიკა, კიკო ან კიკაჩე. შესაბამისად, გვარის მნიშვნელობაა „კიკაჩეს შთამომავალი“. ამავე ძირიდან მომდინარეობს გვარები: კიკაძე, კიკაბიძე, კიკალიშვილი, კიკალია და სხვა.
კიკაჩეიშვილთა ისტორიული ბუდეებია ჯიხაიში, პატარა ჯიხაიში და ჭყვიში, სადაც გვარი საუკუნეების განმავლობაში იყო დამკვიდრებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჯიხაიშს, საიდანაც მომდინარეობს გვარის ცნობილი სასულიერო შტო.
კიკაჩეიშვილები განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ საეკლესიო მოღვაწეობით. მეცხრამეტე საუკუნეში, კიკაჩეიშვილები რამდენიმე თაობის წარმომადგენლები მღვდლები იყვნენ: გიორგი სტეფანეს ძე კიკაჩეიშვილი (1803-1845), სტეფანე ნიკოლოზის ძე კიკაჩეიშვილი (1851-1869) და დეკანოზი იოსებ სტეფანეს ძე კიკაჩეიშვილი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ქუთაისის საკათედრო ტაძარში მსახურობდა. იოსებ კიკაჩეიშვილი დაჯილდოებული იყო წმიდა ანას მესამე ხარისხის ორდენით, რაც იმ პერიოდის ერთ-ერთ მაღალ სახელმწიფო ჯილდოს წარმოადგენდა.
საგვარეულოს მნიშვნელოვანი სამხედრო ტრადიციაც ჰქონდა. პირველი მსოფლიო ომის დროს დავით კიკაჩეიშვილი, 170-ე ქვეითი მოლოდეჩნოს პოლკის პოდპორუჩიკი, დაჯილდოვდა წმიდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენით და წმიდა ანას მეოთხე ხარისხის ორდენით „მამაცობისათვის“. ასევე ცნობილია მიხეილ კიკაჩეიშვილი, რომელიც სამხედრო-სამედიცინო სამსახურში მოღვაწეობისათვის დაჯილდოვდა ვერცხლის მედლით – „მონდომებისათვის“.
დღეს საქართველოში, დაახლოებით, 1 294 კიკაჩეიშვილი ცხოვრობს
ილურიძე
ილურიძე ძველი ქართული გვარია, რომლის ისტორიული ფესვები ქსნის ხეობას და სოფელ ილურთკარს უკავშირდება. გვარი პატრონიმული წარმოშობისაა, რაც „ილურის შთამომავალს“ ნიშნავს. მკვლევართა ნაწილი ფუძეს ბიბლიური სახელის – ელიას – ძველ ქართულ ფორმებს უკავშირებს.
ილურთკარი საუკუნეების განმავლობაში ილურიძეთა საგვარეულო ცენტრი იყო. მეთვრამეტე საუკუნის აღწერების მიხედვით, სოფლის მოსახლეობის უმრავლესობას სწორედ ილურიძეები შეადგენდნენ. 1774 წლის აღწერაში იხსენიებიან ხაჯარა ილურიძე, რომელიც სოფლის მოურავი იყო და გივი ილურიძე, სოფლის მღვდელი. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ილურიძეები ადგილობრივ საზოგადოებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ.
ილურიძეები მონაწილეობდნენ ქვეყნის სამხედრო ცხოვრებაშიც. 1773 წლის მორიგე ლაშქრის სიებში მოხსენიებულნი არიან ხაჯარა და ტუხია ილურიძეები, რაც გვარის სამხედრო ტრადიციაზე მიუთითებს. მეცხრამეტე საუკუნის კამერალური აღწერებით, ილურთკარი მთლიანად ილურიძეთა დასახლება იყო და სოფელი ეკონომიკურად საკმაოდ ძლიერი გლეხური თემის სახეს ატარებდა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ილურიძეთა სასულიერო ტრადიცია. გვარიდან ცნობილი არიან გივი ილურიძე, დეკანოზი ბესარიონ ილურიძე, მღვდელი სპირიდონ ილურიძე, ასევე რამდენიმე მედავითნე და საეკლესიო მოღვაწე. მეცხრამეტე საუკუნეში ილურიძეები აქტიურად მონაწილეობდნენ განათლების სფეროშიც და მათ შორის იყვნენ სასულიერო სასწავლებლების მასწავლებლები და ზედამხედველები.
მეცხრამეტე საუკუნიდან გვარის წარმომადგენლები ილურთკარიდან გადავიდნენ მეჯვრისხევში, დორეთკარში, ზემო ბოლში, ახალგორში, გორსა და კასპში, რამაც საფუძველი ჩაუყარა გვარის ფართო გავრცელებას შიდა ქართლში.
2016 წლის მონაცემებით, საქართველოში 2 074 ილურიძე ცხოვრობდა.
მამრიკიშვილი
მამრიკიშვილი ძველი ქართული გვარია, რომელიც ისტორიულ წყაროებში მეთექვსმეტე საუკუნიდან გვხვდება. 1545 წლის საბუთის მიხედვით, მამრიკისშვილები ციხისთავისეული გლეხები იყვნენ და ბაგრატ მეფემ ისინი გელათის წმიდა გიორგის მონასტერს შესწირა. იმავე დოკუმენტში მოხსენიებულია რიონში მცხოვრები მამრიკისშვილი ნაცვალი, რომელიც თავის ოჯახთან ერთად ასევე, საგელათო მამულებში შევიდა.
მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში მამრიკიშვილები ბუეთში ცხოვრობდნენ და გელათის მონასტრის სასარგებლოდ სხვადასხვა ბეგარას იხდიდნენ. 1621 წლის საბუთებში იხსენიება გრიგოლ მამრიკიშვილი, რომელსაც ეკისრებოდა ფულადი და სასოფლო-სამეურნეო გადასახადი.
გვარი, ძირითადად, იმერეთში, განსაკუთრებით რიონის ხეობასა და ქუთაისის მიდამოებში იყო გავრცელებული. მისი ფუძეა საკუთარი სახელი ან მეტსახელი „მამრიკი“.
მამრიკიშვილების გვარიდან არაერთი ცნობილი პიროვნება წარმოსდგა. მათ შორისაა ძიუდოისტი გრიგოლ (გრიშა) მამრიკიშვილი, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების მონაწილე. გვარის წარმომადგენლები დღეს წარმატებით საქმიანობენ მეცნიერების, მედიცინის, ბიზნესისა და სპორტის სფეროებში.
მამრიკიშვილები იმერეთის ძველ საგვარეულოთა შორის ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებენ და მათი ისტორია თითქმის ხუთი საუკუნის განმავლობაში დოკუმენტურად იკვეთება.
ამჟამად საქართველოში 911 მამრიკიშვილი ცხოვრობს
ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და
ვალერიან ხიმშიაშვილი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




