როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები
ავტორი: „თბილისელები“ 22:00
კეკუტია
კეკუტია ძველი მეგრული გვარია, რომლის ძირითადი კერები ისტორიულად სამეგრელოში – მარტვილის, სალხინოს, დიდი ჭყონის, ნახუნაოს, ტალერის, ჩხორიისა და ზუგდიდის მხარეში მდებარეობდა. გვარის ფუძეა ძველი მეგრული პიროვნული სახელი კეკუ, ხოლო კეკუტი მისი კნინობით-მოფერებითი ფორმაა. ამავე ფუძიდან მომდინარეობს მონათესავე გვარები: კეკუა და კეკურია. მეგრულში „კეკუა“ ნიშნავს „დარტყმას“, „ჩარტყმას“, რის გამოც მკვლევრები გვარის წარმოშობას ძველ მეტსახელს უკავშირებენ.
კეკუტიების შესახებ ერთ-ერთი უძველესი ცნობა 1616–1621 წლებით თარიღდება, როდესაც დარჩელის ეკლესიის ბეგრის ნუსხაში იხსენიება თორმიხილაი კეკუტია. ეს ჩანაწერი ადასტურებს, რომ გვარი უკვე მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში არსებობდა და ოდიშის საეკლესიო-სამეურნეო ცხოვრებაში მონაწილეობდა. ისტორიული ცნობებით, კეკუტიების მთავარი საგვარეულო ბუდე სალხინო და დიდი ჭყონი იყო, საიდანაც გვარის სხვადასხვა შტოები სამეგრელოს სხვა სოფლებში გავრცელდნენ.
გვარის სიძველეზე მიუთითებს ტოპონიმიც – საკეკუტიო, რომელიც ჭითაწყაროსთან მდებარე უბნის სახელწოდებად არის შემორჩენილი. მსგავსი ტოპონიმები, როგორც წესი, მხოლოდ ძველი და მრავალრიცხოვანი საგვარეულოების კვალს ინახავს. პირველი მსოფლიო ომის წლებში კეკუტიების არაერთი წარმომადგენელი რუსეთის იმპერიის არმიაში მსახურობდა. ცნობილია კონსტანტინე, სემიონ, მელიტონ, ნიკოლოზ და ივანე კეკუტიები, რომელთაგან ზოგი დაიჭრა, ზოგი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ზოგი კი სამხედრო ჰოსპიტლებში მკურნალობდა. ეს გარემოება გვარის წარმომადგენელთა აქტიურ მონაწილეობას ადასტურებს იმდროინდელ სამხედრო მოვლენებში. სულ საქართველოში 720 კეკუტია ცხოვრობს.
კვიტატიანი
კვიტატიანი ძველი მეგრული გვარია, რომელიც ისტორიულ სამეგრელოში – ოდიშში წარმოიშვა. გვარი, ძირითადად, გავრცელებული იყო ზუგდიდში, მარტვილში, ბანძაში, შამგონაში, ინგირში, ოდიშში, აბედათსა და ვედიდკარში.
გვარის საფუძველია ძველი კოლხურ-მეგრული პირადი სახელი ან მეტსახელი – „კვიტა“ ან „კვიტატი“. ამავე ფუძიდან მომდინარეობს სხვა დასავლურ-ქართული გვარებიც: კვიტანძე, კვიტაშვილი, კვიტაიშვილი და კვიტატია.
კვიტატიანები მთლიანობაში აზნაურულ გვარს არ წარმოადგენდნენ, თუმცა ზოგიერთი ოჯახი მომსახურე ფენას ეკუთვნოდა და სამხედრო თუ სამეურნეო საქმიანობასთან იყო დაკავშირებული. მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების სამხედრო საბუთებში გვხვდება გვარის რამდენიმე წარმომადგენელი, რომლებიც რუსეთის იმპერიის არმიაში მსახურობდნენ.
გვარის წარმომადგენლები სასულიერო სფეროშიც ჩანან. ცნობილი იყო იღუმენია ნატალია კვიტატიანი – ავჭალის წმიდა გიორგის დედათა მონასტრის წინამძღვარი.
კვიტატიანები ერთ-ერთი ძველი მეგრული საგვარეულოა, რომელმაც დღემდე შეინარჩუნა თავისი ოდიშურ-კოლხური ფესვები და რეგიონული იდენტობა.
სულ საქართველოში 534 კვიტატიანი ცხოვრობს.
იგრიაშვილი
იგრიაშვილი ძველი ქართული პატრონიმული გვარია, რომელიც წარმოქმნილია წინაპრის სახელიდან – იგრია. გვარის ისტორია დოკუმენტურად მეთხუთმეტე საუკუნიდან იკვეთება და მისი ძირითადი კერები ისტორიულად ქართლი და კახეთი იყო.
დღემდე აღმოჩენილი უძველესი ცნობა ეკუთვნის 1465 წელს, როდესაც ატენის ხეობის საბუთში იხსენიება ძაგანა იგრიაშვილი და მისი ვაჟები – კვიგრია, შიო და ანდრია. ეს წყარო ადასტურებს, რომ იგრიაშვილები ატენის რეგიონში უკვე მეთხუთმეტე საუკუნის შუა ხანებში ცხოვრობდნენ და წარმოადგენდნენ ადგილობრივ მკვიდრ საგვარეულოს.
მეჩვიდმეტე საუკუნის ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში მოხსენიებულია შიო ძე ძაგანა იგრიაშვილისა, ქვემოძვიმლეთის მცხოვრები. იმავე პერიოდში საბუთებში გვხვდებიან ქრისტესია იგრიაშვილი, ივანე იგრიაშვილი და სხვა წარმომადგენლები, რაც გვარის რამდენიმე შტოს არსებობაზე მიუთითებს.
ისტორიულად იგრიაშვილები განსაკუთრებით გავრცელებულნი იყვნენ ატენში, კასპში, მეტეხში, თელავში, ართანასა და რუისპირში. გვარის ფუძე „იგრია“ დღეს უკვე დაკარგული ან იშვიათი პირადი სახელის სახით უნდა განვიხილოთ, ხოლო გვარი სიტყვასიტყვით ნიშნავს „იგრიას შთამომავალს“. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 43 იგრიაშვილი ცხოვრობს.
ლაკერბაია
ლაკერბაია ისტორიული სამეგრელო-აფხაზეთის რეგიონის გვარია, რომელიც გვხვდება როგორც მეგრულ, ისე აფხაზურ გარემოში. გვარი დაკავშირებულია ფორმებთან – ლაკერბა და ლაკერბაა, ხოლო ზოგიერთი გადმოცემით, მისი ფუძე შესაძლოა, უცხოურ წარმომავლობასაც უკავშირდებოდეს. ისტორიული წყაროები კი ლაკერბაიებს აფხაზეთ-სამეგრელოს სივრცეში დამკვიდრებულ ძველ საგვარეულოდ წარმოაჩენს.
მეცხრამეტე საუკუნის საბუთებში ლაკერბაიები არაერთხელ იხსენიებიან. 1834 წელს სოფელ ლიხნში ქრისტიანობა მიიღეს ასმატიკ და გეზუღამ ლაკერბაიებმა. 1903 წელს სოფელ ბლაბურხვაში უკვე 13 ქრისტიანი ლაკერბაიას ოჯახი იყო აღრიცხული. საეკლესიო წყაროებში გვხვდებიან ლუკა ლაკერბაია – ოქუმის ხარების ეკლესიის დიაკვანი (1869) და იოსებ ლაკერბაია – გუდაუთის მღვდელი (1914).
გვარის წარმომადგენლები გამოირჩეოდნენ სამხედრო სამსახურშიც. პირველი მსოფლიო ომის წლებში გერასიმ, კონსტანტინე, გრიგორი და მიხეილ ლაკერბაიები არაერთი სამხედრო ჯილდოთი დაჯილდოვდნენ, მათ შორის წმიდა გიორგის ჯვრით. ლაკერბაიების საგვარეულოდან განსაკუთრებით ცნობილია მწერალი მიხეილ ლაკერბაია, ქართველებისა და აფხაზების მეგობრობის იდეის ერთ-ერთი გამორჩეული ქომაგი.
სტატისტიკური მონაცემებით, აზნაურ ლაკერბაიათა შტო 116 სულს ითვლის, ხოლო ლაკერბაიების ძირითადი შტო – 204 სულს. დღეს ისინი ძირითადად ზუგდიდში, თბილისში, ჩხოროწყუში, ქუთაისსა და აფხაზეთის ისტორიულ ტერიტორიებზე არიან გავრცელებულნი.
მამესწარაშვილი
მამესწარაშვილი ქართული გვარია, რომელიც ისტორიულად ქართლის რეგიონშია გავრცელებული. გვარი პირველად გვხვდება 1694 წლის საბუთში, სადაც მჟავას მცხოვრები გლეხი გიორგი მამესწარაშვილი იხსენიება. იგი გივი და ფარემუზ გურამიშვილების ყმა იყო, ხოლო მისი მამული ნაზარალი-ხანმა გურამ გურამიშვილს უბოძა.
მამესწარაშვილები, ძირითადად, გორის, ქარელის, რუისის, სკრის, ურბნისისა და მიმდებარე სოფლების მკვიდრნი იყვნენ. გვარი აგებულია ქართული ანთროპონიმური ფუძიდან „მამე“ და გვარსახელური სუფიქსიდან „-შვილი“, რაც წინაპრის შთამომავლობაზე მიუთითებს.
დღეს მამესწარაშვილები, ძირითადად, ქართლსა და თბილისში ცხოვრობენ. გვარის წარმომადგენლები საქმიანობენ სამართლის, ბიზნესის, განათლებისა და სპორტის სფეროებში. სულ საქართველოში 261 მამესწარაშვილი ცხოვრობს.
ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და
ვალერიან ხიმშიაშვილი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





