როგორ დააქორწინა აზია ევროპაზე ალექსანდრე მაკედონელმა და რით გაამზითვა მან პატარძლები
ავტორი: ეკატერინე პატარაია 17:14 18.07
გუბაზ სანიკიძესთან ერთად გთავაზობთ ძალზე საინტერესო მოგზაურობას წარსულში. მოგითხრობთ ალექსანდრე მაკედონელზე, დამპყრობელზე, რომელმაც მსოფლიო შეცვალა, 20 წლის ახალგაზრდა მეფეზე, რომელმაც ათ წელიწადში ერთ-ერთი უდიდესი და უძლიერესი იმპერია შექმნა, რაც კი ოდესმე მსოფლიოს უნახავს.
ალექსანდრე მაკედონელი იყო შესანიშნავი ლიდერი მაკედონიიდან. ის 356 წელს დაიბადა და აღმზრდელად დიდი ფილოსოფოსი არისტოტელე ჰყავდა, რომელმაც მომავალ მხედართმთავარს ფილოსოფია, მეცნიერება და სამხედრო სტრატეგია ასწავლა – ცოდნა, რომელიც მოგვიანებით მის დაუოკებელ დაპყრობის სურვილს აღძრავდა. 22 წლის ასაკში ალექსანდრე ჩაერთო აზიის კამპანიაში, რომელიც ისტორიაში ჩაიწერა, როგორც მისი ლეგენდარული კამპანია. ყოველთვის მამაცად, უშიშრად იდგა ბრძოლის წინა ხაზზე, მიუხედავად მძიმე წინააღმდეგობებისა, რომელსაც მისი ჯარი იღებდა. ახალგაზრდა, ძლიერი მეფის იდეები მხოლოდ მისი იმპერიის საზღვრებში არ ვრცელდებოდა. ის არა მარტო იდეებს, ბერძნულ კულტურასა და თავის ცოდნას, მთელს მსოფლიოში, ავრცელებდა. მან ეგვიპტიდან ინდოეთამდე დააარსა ქალაქები, რომლებსაც ალექსანდრია ერქვა. მიუხედავად მისი ნაადრევი გარდაცვალებისა, 33 წლის ასაკში, ალექსანდრეს მემკვიდრეობა დღემდე გავლენას, რევოლუციას ახდენს უამრავ თაობაზე. იგი რჩება სიმბოლოდ ამბიციის, სტრატეგიული გენიოსობისა და კულტურული გაცვლის. მისი ისტორია სულ გვახსენებს, რომ ერთ ადამიანს მართლაც შეუძლია შეცვალოს მსოფლიო. და... ახლა კი, დროა, მის ერთ-ერთ ასეთ კამპანიის ნაწილზე, „პროექტზე“ – მსოფლიო ქორწილზე ვისაუბროთ.
მითი თუ რეალობა? მოდი, მოვუსმინოთ ამ არაჩვეულბრივ ისტორიკოსს:
გუბაზ სანიკიძე: „ალექსანდრეს ცოლად მოჰყავს დარიოსის უფროსი ქალიშვილი – სტატირა, ისოსის ბრძოლის დროს რომ ნახა. მის უახლოეს მეგობარს, ჰეფესტიონს მოჰყავს დარიოსის მეორე ქალიშვილი – დრიპედიტა. კრატეროსს ასევე მოჰყავს ალექსანდრეს ცოლის, როქსანას უმცროსი და – ამასტრისი. ერდიკას მოჰყავს მიდიის სატრაპის ატროპატესის ქალიშვილი. ტოლემეს მოჰყავს არტაკამა, არტაბაზოსის ქალიშვილი, ალექსანდრეს საყვარლის და. ევმენე კარდიელს მოჰყავს არტაბაზოსი უმცროსი ქალიშვილი – არტონისი. ეს ევმენე კარდიელი დავიმახსოვროთ, რადგან ყველაზე ჭკვიანი და იმავდროულად, ეშმაკია. ევმენე არის ალექსანდრეს პირადი მდივანი. გამოირჩევა ტყუილებით, კორუფციით, მაგრამ უამისოდ ვერავინ, ვერანაირ საქმეს ვერ აკეთებს, ყველაფერი იცის, რაც იმპერიაში ხდება. ნეარქოსს მოჰყავს მენტორ როდოსელის ქალიშვილი. იცით, სელევკოსს ვინ მოჰყავს ცოლად? აპამა, სპიტამენესის ქალიშვილი, აი იმ აჯანყებული სოგდიელის ქალიშვილი, ალექსანდრეს სისხლი რომ გაუშრო; სკვითებმა რომ თავი მოკვეთეს და მერე ალექსანდრეს გამოუგზავნეს. სელევკოსი აზიის დიდი მეფე გახდება. აპამა გაუჩენს ტახტის მემკვიდრეს – ანტიოქეს, სელევკოსს, ანუ, მათ ირანელი დიდებულების ქალიშვილები მოჰყავთ ცოლად. ესე იგი, რა გააკეთა ალექსანდრემ? აზია დააქორწინა ევროპაზე. ეს არ არის პოპულარული და მისაღები ქმედება ჯარში. ამ დროს არ არიან გახარებულები. მაკედონიაში პრობლემა არ იყო მრავალცოლიანობა, მაგრამ ბევრს არ უნდა ეს აზიელი ცოლები. ბევრს უნდა, მოსწონს, მაგრამ უფრო მატერიალური დაინტერესება აქვთ. ალექსანდრე სასწაულ მზითევს მისცემს ამ გოგოებს, პატარძლებს. გაამზითვებს.
ახლა იმაზე, თუ როგორ იწყება ქორწილი. ასი დივანი დგას სასახლეში, ათი ათასი წყვილია, სიძე-პატარძალი (მაშინ, ხელისმომკიდეები ანუ, მეჯვარეები არ იყვნენ). ანგარიშობენ ყველაფერს: სადღაც, ასი ათას კაცზე გაიშალა სუფრა. ნეტა, თამადა ვინ იყო? მე პირადად, აი, აქ დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი თამადა. სხვათა შორის, არ ვარ ცუდი თამადა. მე, ერთხელ, სამეგრელოში ათას ორასკაციანი ქორწილის თამადა ვიყავი. უკან არ დამიხევია. ათას ორასი მეგრელის თამადობა არაა ხუმრობა, მაგრამ მამაჩემის სკოლა მაქვს გავლილი. ასე რომ, არ ვარ ცუდი თამადა. ვინც ნამყოფია სუფრასთან ჩემი თამადობის დროს, ყველა კმაყოფილი წასულა... მაგრამ, აი, აქ რა ქორწილი იქნებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ. რაღაც სასწაული. მოკლედ, მთავარ სეფაში გაშლილია ასი დივანი, თან, სულ ვერცხლითაა გაწყობილი, მაგრამ შუაში დგას ალექსანდრეს დივანი, რომელიც სულ ოქროშია მოვარაყებული და იწყება ქორწილი. სამხედრო საყვირებითა და ბუკებით პირველი ნიშანი გასცეს. შემოვიდნენ ჯერ სიძეები. პირველ საყვირზე დასხდნენ სტუმრები, ბევრნი არიან, სუფრებია გაშლილი (შვიდას მეტრაზე იყო სეფა გაჭიმული), სადაც ეს მექორწილეები და მათი ნათესავები არიან. იქ კიდევ ბანაკებია განლაგებული. მეორე ბუკი დასცხეს – დასხდნენ სიძეები. ყველა მაგიდაზე დგას ოქროს თასი. გაავსეს ღვინით და შესვეს. მესამე ბუკი დასცხეს და შემოვიდნენ პატარძლები და გვერდით დაუსხდნენ თავინათ მეუღლეებს. შვიდი დღე მიდიოდა ღრეობა. მოკლედ, ქორწინების რიტუალი ჩატარდა ბერძნული წესით, მაგრამ საინტერესო აქ ამათი ღრეობაა. არსებობს ასეთი ცნობა, რომ ამ ქორწილში დაიკლა ათი ათასი ხარი. ცხვარი, ქათამი და ტკბილეულიც ბევრი იყო. სპარსეთში ხდება ეს ამბავი. ღვინოც, თავისთავად, ძალიან ბევრი იყო. სპარსელები თავისებურად ამზადებდნენ ღვინოს. მოკლედ, შვიდი დღე მიდის ქორწილი, დაინგრა ყველაფერი. ფლეიტისტები, არტისტები, ჯამბაზები. ფოკუსნიკები, მოკრივეები, თეატრი ჰყავდათ მოწვეული, ვინ აღარ იყო. არ იკლებენ არაფერს. ეს ქორწილი ხომ მიდის, მთელს იმპერიაში გავარდა ხმა, ყველამ იცის, რომ მზადება მიდიოდა. ყველამ, ევროპის სამფლობელოებიდან, აზიის სამფლობელოებიდან, ინდოეთის ჩათვლით, ეგვიპტე, კირენაიკა და სხვადასხვა ქვეყნის ხალხებმა, ერებმა, ვინც ჯერ დაპყრობილები არ არიან, მოკლედ, სახელმწიფოებმა, ტომებმა, ქალაქებმა, ოჯახებმა – აბსოლუტურად ყველამ, მექორწილეებს გამოუგზავნეს ოქროს გვირგვინები – ეს დიდი საჩუქარი იყო. იცით, რამდენი ოქროს გვირგვინი ჩამოვიდა? 15 000 ოქროს ტალანტის (ტალანტი ფართოდ გამოიყენებოდა ანტიკურ ხანაში, სადაც ერთი ანტიკური ტალანტი, დაახლოებით, 26.2 კილოგრამს უდრიდა, წონა ჰქონდა. ოქროს ტალანტი იყო 25 კილოგრამი, ხოლო ვერცხლის ტალანტი – 34 კილოგრამი. ახლა დაახლოებით წარმოვიდგინოთ, რა იქნებოდა იქ. რას შვრება ალექსანდრე. ამ, ათი ათას სასიძოს, ჯარისკაცებს, ყველას ათავისუფლებს ვალებისგან და გადასახდებისგან. ყველას, ათი ათასივეს აჩუქა ოქროს თასი. ამაში გადაიხადა ოცი ათასი ტალანტი. მოკლედ, ეს პატარძლები და სიძეები ყველანი მილიონერები არიან. გოგოებს მე ვამზითვებ, მე გაგათავისუფლებთ ვალებისგან და გადასახადებისგან – ეუბნება ალექსანდრე, ოღონდ გააჩინეთ ახალი ერი – მამით მაკედონელები და ბერძნები, დედით მიდიელები, სპარსელები, ზოგიც დიელები, ბაბილონელები და ასე შემდეგ.
ადამიანმა შეიძლება, რაღაც იოცნებო, მოიფიქრო, აიჩემო, მაგრამ ამხელა ქორწილის განხორციელება არ გინდა? რეები აქვს ალექსანდრე მაკედონელს გაკეთებული. არადა, ახალი გამოვლილი აქვს უდაბნო, ამხელა უბედურება. სიკვდილს რამდენჯერ ჩახედა თვალებში?! ერთხელ, ღაზაში კინაღამ მოკვდა, რამდენჯერ იყო დაჭრილი… იქ, მალებთან, ფაქტობრივად, უკვე მკვდარი იყო, გამოასვენეს. როგორ გადარჩა, დღესაც საკვირველია. უდაბნოში, მარტო დარბოდა ზღვასა და ჯარს შორის, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე და აგერ ახლა, რანაირ ქორწილებს აწყობს. ანუ, ამპლიტუდა ნახეთ მისი განსაცდელებისა და ბედნიერების. ორივეს ღირსეულად იტანს. მართალა ალექსანდრე დიდია თავისი მასშტაბებით, თავისი ახირებებით. რა მოისურვა და რა ვერ გააკეთა?! გაოცებული ვარ, აღფრთოვანებული ვარ ალექსანდრე მაკედონელით. როგორ შეიძლება, ადამიანმა ასეთი რაღაცები გააკეთოს, თან, ასეთ პატარა ასაკში, 31 წლისამ. მსოფლიო ქორწილი მოაწყო, სიძეები გაათავისუფლა ვალებისგან და გადასახადებისგან, ყველა ქალი გაამზითვა, თითქოს ძალით და ხათრით შვება ამ ყველაფერს. მე მჭირდება ახალი თაობა, დედით – აზიელები, მამით – ევროპელები. ეს იყო მისი მიზანი. ვინ გააკეთა ეს სხვამ?! ახალ ცივილიზაციას ქმნის და ისე გამოდის ინდოეთიდან. კი, მერე მისი სახელმწიფო დაინგრევა, მაგრამ ხომ შექმნის ამ ელინისტურ ცივილიზიაციას, სამასწლოვანს, რომელსაც დიდი პატივით რომი გადაიღებს და დღემდე მოიტანს. საერთოდ, ყველაფერი, რითაც დღეს ჩვენ ვსარგებლობთ, არის ალექსანდრეს მემკვიდრეობით. ქრისტიანული ენა რითი გავრცელდა? ბერძნული და ლათინური ენით და რატომ გავრცელდა? იმიტომ, რომ ალექსანდრემ გააბატონა ბერძნული ენა, მერე ითარგმნა, მერე წამოვიდა და წამოვიდა. გიჟდება, ისე უყვარს ალექსანდრე ყველა დაპყრობილ ხალხს. თქვენ წარმოიდგინეთ მოძულე ხალხი არ ჰყავს. ეს რა გვიქნა ალექსანდრემ, ეს რა გვაკადრა, არავინ ამბობს. ყველაზე უკმაყოფილოები მაკედონელები არიან თუ ვინმეა ამათში. მისი მეფობა და მისი ქცევა გაუგებარია, გონებისთვის მიუღწეველია, ამიტომ არისტოტელემაც ვერ გაიგო მისი... ალექსანდრე, საერთოდ, მასწავლებლად ორ კაცს აღიარებდა – არისტოტელეს და კალანეს, ერთი – ბერძენი, მეორე – ინდოელი ბრაჰმანი (ეს ინდოელი ბრაჰმანი ალექსანდრეს წამოჰყვა). საინტერესოა, ერთი მოწაფე და ორი მასწავლებელი. სხვათა შორის, რასაც ეს მასწავლებლები ეუბნებოდნენ, მათგან ალექსანდრე რაღაცებს იჯერებდა, მაგრამ ბოლომდე მაინც არ იზიარებდა. არც არისტოტელეს რჩევებს ითვალისწინებდა ბოლომდე და არც კალანის. თავმდაბალი იყავი... მოკვდავი ხარ... მიწა ის გეკუთვნის, რაც ფეხის ტერფის ქვეშ გაქვს და რომ მოკვდები მიწაში ჩაგაგდებენ... საფლავში რომ ჩაგაგდებენ, ის მიწაა შენი... ეუბნებოდნენ, მაგრამ ალექსანდრე – არა რა! არ იღებს ამ რჩევებს.“
დასასრული შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





