როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები
ავტორი: „თბილისელები“ 19:45
იაგანაშვილი
იაგანაშვილი (ვარიანტები: იეგანაშვილი, იეგინაშვილი) მეჩვიდმეტე საუკუნის ქართულ წყაროებში მოხსენიებული გვარია. დოკუმენტებში ამ გვარის ადამიანები გვხვდებიან, ძირითადად, ქვემო ქართლსა და გორის მხარეში (სამშვილდე, გორი, დიღომი). ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი იყო ბაირამა იაგანაშვილი, რომელიც 1680-1691 წლებში მეღვინეთუხუცესის თანამდებობას იკავებდა. ის მრავალ ნასყიდობისა და მიწის გარიგების საბუთში იხსენიება მოწმედ, რაც მის სოციალურ ავტორიტეტსა და სამსახურებრივ სტატუსზე მიუთითებს. წყაროებში ასევე ფიქსირდებიან: თევდორე და ჰამზა იაგანაშვილები – სამშვილდეში მცხოვრებნი, რომლებიც 1643 წელს როსტომ მეფის წყალობის საბუთში არიან მოხსენიებული; დავრეშა, მერაბი, ნაზარა და ჟარახზანა იეგანაშვილები, რომლებიც მეჩვიდმეტე საუკუნის მიწისა და ვენახის ნასყიდობის აქტებში მოწმეებად გვხვდებიან; დავითა იაგანაშვილი, რომლის სახელიც დაკავშირებულია დიღომში ნასყიდი ვენახის სვეტიცხოვლისთვის შეწირვასთან. ამრიგად, იაგანაშვილები მეჩვიდმეტე საუკუნეში ადგილობრივ საზოგადოებაში ცნობილ გვარად ჩანან და მონაწილეობდნენ მიწათმფლობელობასა და სამართლებრივ გარიგებებში. დღეს საქართველოში 252 იაგანაშვილი ცხოვრობს.
იაგულაშვილი
იაგულაშვილი ძველი ქართული გვარია, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნის ისტორიულ საბუთებში ფიქსირდება. გვარის წარმომადგენლები, ძირითადად, ქვემო ქართლში, განსაკუთრებით ტბისსა და სომხითის მხარეში ცხოვრობდნენ. ისინი ხშირად იხსენიებიან მიწისა და ვენახის ნასყიდობის წიგნებში როგორც მოწმეები ან მონაწილეები, რაც მიუთითებს მათ საზოგადოებრივ ავტორიტეტსა და ადგილობრივ ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობაზე. ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი იყო ალავერდა იაგულაშვილი (დაახლოებით, 1636-1699), სომხითის აზნაური, რომელიც 1681-1695 წლებში ასრულებდა სამეფო კარის მოხელის – მეჰმანდარბაშის – მოვალეობას. წყაროებში ხშირად იხსენიებიან მისი ნათესავებიც: ალიხანა, ბეჟან, დურმიშხან, ზაალ, დავით და სხვა იაგულაშვილები, რომლებიც სხვადასხვა სამართლებრივ საბუთში ფიგურირებენ. დოკუმენტების მიხედვით, ალავერდა იაგულაშვილს მეფე გიორგი მეთერთმეტემ უწყალობა მამული სოფელ ჯახოშაში, ხოლო შაჰნავაზმა (ვახტანგ მეხუთე) განუახლა ადრე როსტომ მეფისაგან მიღებული თარხნობა სომხითში. ამ ცნობების მიხედვით, იაგულაშვილები მეჩვიდმეტე საუკუნეში ქვემო ქართლის აზნაურული საგვარეულოს წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც მონაწილეობდნენ როგორც სამეფო სამსახურში, ისე მიწათმფლობელობასა და სამართლებრივ ურთიერთობებში.
დღეს საქართველოში 61 იაგულაშვილი ცხოვრობს.
ერასტიშვილი
ერასტიშვილი ძველი აღმოსავლეთქართული, აზნაურული გვარია და მიჩნეულია რევაზიშვილების შტოგვარად, რაც მის წარმოშობას ერთ-ერთ გავლენიან საგვარეულოს უკავშირებს. 1636 წლის საბუთში ერასტიშვილი მოხსენიებულია „ლეკის ომში“ დაღუპულად. მისი ყმა-მამულის ნაწილი თეიმურაზ მეფემ იესე ჯორჯაძეს უწყალობა. აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ გვარის წარმომადგენლები ჩართულნი იყვნენ მეჩვიდმეტე საუკუნის სამხედრო დაპირისპირებებში და მათი მამულები სამეფო სამართლებრივ აქტებში ფიქსირდებოდა. გვარი, ძირითადად, გავრცელებული იყო აღმოსავლეთ საქართველოში – ქართლსა და კახეთში. ერასტიშვილები, როგორც აზნაურები, მონაწილეობდნენ სამხედრო სამსახურსა და ადგილობრივ მმართველობით ცხოვრებაში. ამ გვარის ისტორიული არსებობა და სოციალური სტატუსი მკაფიოდ დასტურდება მეჩვიდმეტე საუკუნის წყაროებით.
დღეს ერასტიშვილი იშვიათი და მცირერიცხოვანი გვარია.
ერაძე
ერაძე ძველი ქართული გვარია, რომლის ისტორიული კვალი უკვე მეთხუთმეტე საუკუნის საბუთებში იკვეთება. 1463-1478 წლებში ბობოთში მცხოვრებ ერაძეებს ბაგრატ მეფემ განუახლა მათი შეწირულება მთის წმიდა გიორგის ეკლესიას იმ პირობით, რომ ღაღანიძესა და ძაგანიშვილს მათზე უფლება არ ჰქონოდათ. ეს ფაქტი მიუთითებს, რომ ერაძეები იმ პერიოდისათვის ეკლესიისადმი მიძღვნილი მამულების მფლობელები ან მომვლელები იყვნენ და მათი უფლებები სამეფო აქტით იყო დაცული. გვარი მოგვიანებითაც ჩნდება საეკლესიო გარემოში.
ის, რომ დავით ერაძე 1820 წელს ანჩისხატის (თბილისი) ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის დიაკონი იყო, ადასტურებს, რომ ერაძეები ეკლესიურ მსახურებაშიც იყვნენ ჩართული. ისტორიულად ერაძეები დასავლეთ საქართველოსთან არიან დაკავშირებული, თუმცა დროთა განმავლობაში გვარი თბილისსა და სხვა რეგიონებშიც გავრცელდა.
დღეს საქართველოში დაახლოებით 1 455 ერაძე ცხოვრობს.
კავთიაშვილი
კავთიაშვილი ქართული გვარია, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნის საბუთებში გვხვდება. წყაროებში მოხსენიებულია რამდენიმე წარმომადგენელი, რომლებიც მიწის ნასყიდობისა და სამართლებრივ საქმეებში მონაწილეობდნენ. 1690 წლის საბუთში ბერუკა კავთიაშვილი იხსენიება მიწის ნასყიდობის წიგნის მოწმედ. 1699 წლის დოკუმენტის მიხედვით, თამაზა კავთიაშვილმა დუბეში მდებარე ერთი დღის მიწა მისცა ნინიასშვილს ეალში. ასევე ცნობილია მაზიტა კავთიაშვილი, რომელიც მოხსენიებულია ქვათახევის წინამძღვარ ქრისტეფორესა და მაღალაძეებს შორის სამამულე დავის განჩინებაში. ეს ცნობები მიუთითებს, რომ კავთიაშვილები მეჩვიდმეტე საუკუნეში მონაწილეობდნენ ადგილობრივ სამეურნეო და სამართლებრივ ურთიერთობებში.
დღეს საქართველოში 279 კავთიაშვილი ცხოვრობს.
ლათათია
ლათათია გვარია ოდიშში (სამეგრელოში). გადმოცემის მიხედვით, ლათათიები წარმოშობით გოშუები (გოშაძეები) ყოფილან. საგვარეულოს ადრეულ წარმომადგენლად ითვლება კოკი გოშუა, რომელიც სამურზაყანოდან გადმოსულა და სოფელ კირცხში (დღევანდელი ჩხოროწყუს რაიონი) დასახლებულა, სადაც დიდი ოჯახი შეუქმნია.
შემდგომ პერიოდში საგვარეულოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმომადგენელია უთუთი გოშუა, რომლის შთამომავლებისგან ჩამოყალიბდა გვარი ლათათია. კირცხში დღემდე შემორჩენილია ამ ოჯახის ძველი დარბაზის ნანგრევები, რაც მათ საგვარეულო საცხოვრებელს უკავშირდება. ადგილობრივი გადმოცემის მიხედვით, ლათათიები სწორედ უთუთიას მემკვიდრეებად ითვლებიან. ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში არსებობდა უბანი სალათათიო, სადაც ამ გვარის რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა. სტატისტიკური მონაცემებით, ლათათიების გვარი საქართველოში შედარებით მცირე რაოდენობით არის გავრცელებული და დაახლოებით, 44 ადამიანს ითვლის, ძირითადად ზუგდიდში, სენაკსა და ჩხოროწყუში.
ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და
ვალერიან ხიმშიაშვილი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





