როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები
ავტორი: „თბილისელები“ 14:36 01.04
თითბერია
თითბერია დასავლეთ საქართველოს გვარია, რომელიც წარმომდგარი ჩანს მეტსახელისგან „თითბერ(ა)“. სახელის ფუძე, სავარაუდოდ, დაკავშირებულია სიტყვასთან „თითბერი“ (სპილენძის შენადნობი), რაც შეიძლება მიუთითებდეს მეტსახელზე, პროფესიულ ნიშანზე ან პიროვნულ მახასიათებელზე. შედარებისთვის ცნობილია გვარი თითბერიძე, რაც იგივე ფუძისგან ნაწარმოები დასავლურ-ქართული პატრონიმული ფორმაა. ამრიგად, თითბერია წარმოადგენს მეგრული სივრცის ისტორიულ, თუმცა იშვიათ გვარს, რომლის ფუძე ძველი მეტსახელიდან მომდინარეობს და დასავლეთ საქართველოს გვართწარმოქმნის ტრადიციას ასახავს.
გვარი გავრცელებულია სამეგრელოს რეგიონში — განსაკუთრებით გალის, ხობისა და ზუგდიდის რაიონებში.
სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში თითბერიას გვარის მქონე, დაახლოებით, 133 ადამიანია.
თოდრია
თოდრია გურული წარმოშობის გვარია, რომელიც მომდინარეობს სახელიდან თოდორე („ღვთის ნაბოძები“). ისტორიულად მათი მთავარი კერა იყო ოზურგეთი, ჩოხატაური და ლანჩხუთი. მეთვრამეტე საუკუნის საბუთებში თოდრიები უკვე იხსენიებიან გურიაში. იყვნენ როგორც თავისუფალი მიწათმოქმედები, ასევე სამხედრო სამსახურში მყოფი ადამიანები. მონაწილეობდნენ ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლებში.
ამჟამად საქართველოში 777 თოდრიაა.
ზვანბაია / ზვამბაია
ზვანბაია (ზვამბაია) აფხაზური წარმოშობის გვარია. ისტორიული ცნობით, გვარის წარმომადგენლები აფხაზეთიდან გადმოსახლებულან და მოგვიანებით დასახლებულან აჭარაში — ბათუმისა და კახაბერის თემებში. წყაროებში ისინი მოიხსენიებიან, როგორც აზნაურები. ცნობილია ზვამბაია — პოდპოლკოვნიკი, რომელიც 1855 წელს თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში გმირად არის მოხსენიებული. მეოცე საუკუნის საბუთებში ფიქსირდება ამიკო პროკოფის ძე ზვანბაია, ოჩამჩირის რაიონის სოფელ აგუბედიიდან.
დღეს ზვანბაიას გვარი მცირერიცხოვანია – სულ, დაახლოებით, 79 ადამიანი.
ზამთარაული
ზამთარაული ძველი აღმოსავლეთქართული გვარია, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნის საბუთებში თიანეთსა და აღმოსავლეთ საქართველოსთან არის დაკავშირებული. 1610 წელს გიორგი ზამთარაული (თიანელი) და მისი ძმა ლომიტა იხსენიებიან საბუთში, სადაც თეიმურაზ მეფე მათ ლუარსაბ მაჟაშვილს უწყალობს. 1675 წელს ბერიკა ზამთარაული და მისი ძმა, ვეფხია, მოხსენიებულნი არიან თიანეთში მცხოვრებ პირებად. არჩილ მეფემ მათი წყალობა დაუმტკიცა როსებ მაჟაშვილს. ეს ცნობები აჩვენებს, რომ ზამთარაულები მეჩვიდმეტე საუკუნეში უკვე დამკვიდრებული საგვარეულო იყვნენ აღმოსავლეთ საქართველოში და მონაწილეობდნენ სამეფო სამართლებრივ ურთიერთობებში. გვარი ისტორიულად დაკავშირებულია თუშეთსა და თელავის მხარესთანაც.
მკვლევართა აზრით, გვარი ზამთარაშვილი ზამთარაულიდან არის წარმოშობილი.
დღეს საქართველოსი ცხოვრობს 40 ზამთარაული.
ვაზიძე
ვაზიძე ძველი ქართული გვარია, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნის საბუთებში უკვე დასტურდება. 1650 წლის ჩანაწერში მოხსენიებულია ქურციკა ვაზიძე, რომელიც ძმასთან ერთად ალავერდის ტაძარს შეწირულა. ეს ფაქტი მიუთითებს, რომ გვარის წარმომადგენლები იმ დროისათვის ეკლესიურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობდნენ. ვაზიძეები, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოში ცხოვრობდნენ და მეჩვიდმეტე საუკუნეში უკვე დამკვიდრებულ საგვარეულოს წარმოადგენდნენ. დღეს საქართველოში 59 ვაზიძე ცხოვრობს, ანუ ნალევ გვართა კატეგორიაში გადის.
ვადიაშვილი
ვადიაშვილი ძველი აღმოსავლეთქართული გვარია, რომელიც უკვე მეჩვიდმეტე საუკუნის საბუთებში ფიქსირდება. მახუა ვადიაშვილი მოხსენიებულია ალავერდის ტაძართან დაკავშირებულ ჩანაწერში, სადაც ალექსანდრე მეფემ ის ალავერდს შესწირა. მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში ვადიაშვილები კვლავ ჩნდებიან მამულთან დაკავშირებულ გარიგებებში. ნადირა ვადიაშვილი იხსენიება ვერეში მცხოვრებად – ედიშერისა და პაპუნა ციციშვილების გაყრის დროს მისი მამული პაპუნას ერგო (1688–1703 წწ.). ეს ცნობები ადასტურებს, რომ ვადიაშვილები მეჩვიდმეტე საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში დამკვიდრებული, მამულთან დაკავშირებული საგვარეულო იყო და მონაწილეობდნენ საეკლესიო და სამოქალაქო ურთიერთობებში.
დღეს საქართველოში 51 ვადიაშვილი ცხოვრობს
ესიკაშვილი
ესიკაშვილი ძველი ქართული გვარია, რომელიც სავარაუდოდ, ბიბლიური სახელიდან ესაია (ისაია) მომდინარეობს. ამავე ფუძეს ენათესავება გვარები: ესიაშვილი, ესაძე, ესებია და სხვა. გვარი უკვე დასტურდება მეჩვიდმეტე საუკუნის საბუთებში: 1690 წელს ესიკაშვილის ვენახი პაპუნა კვეზერელმა მიჰყიდა უგანაძის ასულ თინათინს. „ზაალის ყმათა დავთრის“ მიხედვით, ბერშოეთში მცხოვრები სუხიტა ესიკაშვილის კომლიდან ორ კაცს ევალებოდა თოფით ლაშქრობა. ეს ცნობები მიუთითებს, რომ გვარის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ როგორც სამეურნეო, ისე სამხედრო ვალდებულებებში.
დღეს ესიკაშვილები საქართველოში მცირერიცხოვანი გვარია.
ესებუა
ესებუა დასავლეთქართული (მეგრულ-ოდიშური) გვარია, რომელიც მომდინარეობს სახელიდან იოსებ (ესებ). ამავე ფუძეს ენათესავება გვარები: იოსებიძე, იოსებაშვილი და სხვა. 1628 წელს გურმიხილა ესებუა (მარცხეულში მცხოვრები) ლევან დადიანმა შესწირა ბიჭვინთის ღვთისმშობლის ტაძარს და დაუწესა გადასახადი – ძროხა, ღვინო, ღომი, ქათამი და პური. ეს ცნობა ადასტურებს გვარის არსებობას მეჩვიდმეტე საუკუნის აფხაზეთ-სამეგრელოს სივრცეში.
ისტორიულად ესებუები სამეგრელოში, განსაკუთრებით, ზუგდიდისა და ხობის მხარეში ცხოვრობდნენ, ნაწილი სენაკის რეგიონშიც იყო (საესებუო). ცნობილი წარმომადგენლები: ნესტორ ივანეს ძე ესებუა (1864-1931) – სახელგანთქმული ქართველი ფალავანი; მის ჭიდაობას აკაკი წერეთელმა პოემა „ჭიდაობა“ მიუძღვნა. ვლადიმერ მიხეილის ძე ესებუა (1917–1943) — საბჭოთა კავშირის გმირი.
დღეს ესებუა შედარებით გავრცელებული გვარია – დაახლოებით, 1 200-მდე ადამიანი.
ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და
ვალერიან ხიმშიაშვილი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





