როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები
ავტორი: „თბილისელები“ 17:00 09.10

ალელიშვილი
ალელიშვილთა საგვარეულო ფესვებს ქართლის სოფელ ალში იღებს, საიდანაც მეჩვიდმეტე საუკუნეში მათი ნაწილი ჯავახეთში, ქილდაში დამკვიდრდა. ქილდა ერთ დროს მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი იყო და აქ ალელიშვილებიც გამორჩეული სახელით ცხოვრობდნენ. ისტორიული საბუთები გვარს მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებიდან მოიხსენიებს, ხოლო მეცხრამეტე საუკუნეში, ანდრიანოპოლის ზავის შემდეგ, ქილდაში ისინი ადგილობრივ წარჩინებულთა შორის ითვლებოდნენ. ალელიშვილები ორ შტოდ იყოფიან – ხუბანაანთებად და ღვინიაანთებად. 2012 წელს, უწმიდესისა და უნეტარესის კურთხევით, გვარი ოფიციალურად დალოცეს და საგვარეულო ერთობად ჩამოყალიბდა.
დღეს ალელიშვილები, ძირითადად, თბილისში, რუსთავსა და გამარჯვებაში ცხოვრობენ, თუმცა გვარის წარმომადგენლები ბათუმში, ლანჩხუთში და ბორჯომშიც გვხვდებიან. ტრადიციად აქვთ ქილდაობა — წელიწადში ერთხელ წინაპართა სოფელში ასვლა და მათი ხსოვნის პატივისცემა.
სულ საქართველოში 298 ალელიშვილი ცხოვრობს.
ანდრონიკაშვილი
ანდრონიკაშვილები საქართველოში ერთ-ერთი უძველესი თავადური საგვარეულოა. გადმოცემით, ისინი ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკე კომნენის შთამომავლები არიან, რომლის შვილი ალექსი მეთორმეტე საუკუნეში კახეთში დამკვიდრდა. გვარს ეკავა ქიზიყისა და მარტყოფის მოურაობა. მოგვიანებით კი მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამხედრო როლი შეასრულეს ქართლ-კახეთის სამეფოში. ანდრონიკაშვილები მუდამ ერთგულნი იყვნენ მეფეთა და ქვეყნის სამსახურში, მათ შორის გამოირჩნენ სარდლები აბელ და თამაზ ანდრონიკაშვილები, ასევე, არტილერიის მეთაური პაატა ანდრონიკაშვილი. ეს გვარი დღესაც ასოცირდება ქვეყნის ისტორიულ წარსულთან და სამეფო ტრადიციებთან.
სულ საქართველოში ცხოვრობს 199 ანდრონიკაშვილი.
ბარათაშვილი
ბარათაშვილები წარმოშობით ქაჩიბაძეებიდან მოდიან, რომლებიც ქართლში აფხაზეთიდან გადმოვიდნენ მეათე-მეცამეტე საუკუნეებში. მეთხუთმეტე საუკუნეში ბარათა ქაჩიბაძის სახელიდან ჩამოყალიბდა „საბარათიანო“ – მათი სათავადო ქვემო ქართლში. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ბარათაშვილებს გაჩიანისა და გარდაბნის დიდი მიწები ეკუთვნოდათ. მეთექვსმეტე საუკუნიდან ისინი სამეფო სადროშოს სარდლები იყვნენ. საბარათიანოს რეზიდენცია სამშვილდე იყო. დროთა განმავლობაში გვარის განშტოებამ მრავალი სათავადო წარმოშვა. მეთვრამეტე საუკუნისთვის საბარათიანო დაიშალა და წამყვანი ადგილი ყაფლანიშვილებმა დაიკავეს. ბარათაშვილები ერთ–ერთი უძლიერესი საგვარეულო იყო, რომელთა გავლენამ საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ქართლის პოლიტიკური ცხოვრება.
სულ საქართველოში 1 521 ბარათაშვილი ცხოვრობს.
ბოყოველი
ბოყოველთა გვარი სათავეს სოფელ ბოყვადან, ზემო რაჭიდან იღებს. მეთვრამეტე საუკუნიდან ისტორიულ საბუთებში იხსენიებიან, ძირითადად, როგორც საეკლესიო გლეხები. მათ შესაწირავი იერუსალიმის ჯვრის მონასტერს გადაეცემოდა, რაც დღემდე შემორჩენილ სიგელებშიც დასტურდება. სამხედრო ვალდებულებით, ლაშქარში თითოეული კომლიდან ერთი კაცი გამოდიოდა. ბოყოველები იბრძოდნენ სამშობლოს დასაცავად, როგორც იმერეთის სამეფოს ლაშქრის ნაწილი.
სულ საქართველოში 351 ბოყოველი ცხოვრობს.
გაბრიჭიძე
გაბრიჭიძეები წარმოშობით იმერეთსა და სამეგრელოს უკავშირდებიან. გვარის ფუძედ სახელები „გაბრიჭა“ ან „გაბრიელ“ მიიჩნევა. მეჩვიდმეტე საუკუნიდან საბუთებში იხსენიებიან, როგორც სამეურნეო და სამხედრო ბეგარის გამცემები, მეთვრამეტე საუკუნეში კი უკვე იმერეთის ლაშქრის წევრები იყვნენ. მეცხრამეტე საუკუნეში აზნაურებად აღირიცხნენ და იმერეთის აჯანყებაშიც მონაწილეობდნენ. დღეს ისინი ცხოვრობენ ქუთაისში, ზუგდიდში, ხობში, თბილისსა და ბათუმში. გაბრიჭიძეები ერთ-ერთი ძველი და ღირსეული ქართული გვარია.
სულ საქართველოში 1 958 გაბრიჭიძე ცხოვრობს.
გალდავაძე
გალდავაძე ერთძირიანი გვარია, სათავეს მეჩვიდმეტე საუკუნეში იღებს სვანეთიდან გადმოსახლებულ გარდაფხაძისგან. თავდაპირველი ფორმა „გარდავაძე“ დოკუმენტებში მეჩვიდმეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში გვხვდება, ხოლო მეცხრამეტე საუკუნიდან დამკვიდრდა „გალდავაძე“. გვარის პირველსაცხოვრისი სოფელი ივანდიდია (იმერეთი). 1600 წლის ხონის საყდრის დავთარში პირველად იხსენიება გარდავაძეების ერთი კომლი. მეთვრამეტე საუკუნეში სოლომონ პირველის შეწირულობის წიგნში უკვე რამდენიმე კომლი ფიქსირდება, ხოლო მეცხრამეტე საუკუნის მეტრიკული ჩანაწერები გვარის სხვადასხვა შტოს აღწერს. გარდაფხაძე-გალდავაძეების სვანური შტო თავადურ წოდებას ინარჩუნებდა, იმერული შტო კი საეკლესიო და საბატონო გლეხებად ითვლებოდნენ. მიუხედავად სოციალური განსხვავებებისა, ყველა ერთი წინაპრის შთამომავალია. დღეს გალდავაძეები, ძირითადად, იმერეთში, ივანდიდსა და მის მიმდებარე სოფლებში ცხოვრობენ და ერთ-ერთ იშვიათ ქართულ ერთძირიან გვარს წარმოადგენენ.
სულ საქართველოში 198 გალდავაძე ცხოვრობს.
დავითიშვილი
ფეოდალური გვარი ქართლში. იყვნენ თავადები, „აწინდელთა მთავართა გვართათვის“ ვახუშტი ბაგრატიონი წერს: ჩხეიძე მოვიდა იმერეთიდან, ხოლო რამზისშვილი და დავითისშვილი არიან ავ–გიორგის ძმის დიმიტრისაგან, რომელი არჩენა მეფემან და არიან მიერითგან აქა“.
„დავითისშვილები გვარით ბაგრატიონები არიან, რომლებიც სახლობენ წულას ხეობაში. კერძოდ ცხინვალში. ესახლენ ორ სახლად: 1) ზაალიშვილებად და 2) ელიზბარისშვილებად, ხოლო მათი განაყოფები (მდაბიონნი არა თავადნი) ესახლნენ ფციაში მანშეშვილებისა და ლეონისშვილების გვარით“.
სულ საქართველოში ცხოვრობს 72 დავითიშვილი.
დავითაშვილში არ შეგეშალოთ – ეს სულ სხვა გვარია.
დაუჭამიაშვილი
აზნაურული გვარი კახეთში. 1722 წლის რუსთაველის სადროშოში შემავალ თავადაზნაურთა და ადგილთა ნუსხაში მოხსენიებულია აზნაური დაუჭამიაშვილი. შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.
ნალევი და იმდენად მცირე გვარია, რომ მათი აღწერა ვერ ხერხდება.
ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და
ვალერიან ხიმშიაშვილი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან