როგორ შექმნა ირმა ფრანგიშვილმა ნანი ბრეგვაძის თოჯინა და რა ტრაგედიების გადატანა მოუხდა მას
ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 22.05
ხელოვნების პედაგოგ, მეთოჯინე ირმა ფრანგიშვილის ნამუშევრები საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოქცეულა. საინტერესოა როგორც მისი ნამუშევრები, ასევე, მისი ბიოგრაფია, რომლის შესახებაც ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ირმა ფრანგიშვილი: დავიბადე თბილისში, რადგან იმ პერიოდში დედა სტუდენტი იყო და აქ სწავლობდა. მაგრამ სამტრედიაში გავიზარდე, რვა კლასი იქ დავამთავრე. ბავშვობა ცოტა რთული მქონდა, რადგან ჩვენს ოჯახს ტრაგედია დაატყდა თავს – და-ძმა გარდამეცვალა. ექიმებმა ზუსტი დიაგნოზი ვერ დაუსვეს და სამწუხაროდ, ორივე ერთნაირად გარდაიცვალა. აქედან გამომდინარე, ბავშვობის პერიოდი ჩემთვის ძალიან რთულად გასახსენებელია. ოჯახში იმდენად რთული მდგომარეობა იყო, რომ მამამ რვა კლასის დამთავრების შემდეგ სასწრაფოდ თბილისში წამომიყვანა. ტექნიკუმში ჩავაბარე და სამკერვალო წარმოების ტექნოლოგიის სწავლა დავიწყე. თუმცა, ოჯახს უნდოდა, რომ სამედიცინოზე ჩამებარებინა და მეც ეს სურვილი მქონდა.
– ალბათ, ამის მიზეზი თქვენი და-ძმის გარდაცვალებაც იყო.
– დიახ, მათ სწორად ვერ დაუსვეს დიაგნოზი. ამიტომ ძალიან მინდოდა, ექიმი გავმხდარიყავი და ასეთი შემთხვევებისთვის ხელი შემეშალა. თუმცა, იმავდროულად, ხელოვნებისადმი სიყვარული ბავშვობიდანვე მქონდა. ვერ ვიტყვი, რომ პირველივე კლასიდან განსაკუთრებული მონაცემები გამოვავლინე, პირიქით, თავიდან ვერც ვხატავდი, დედა ფანქარზე ხელს მომაკიდებინებდა და თავისი ხელით მახატვინებდა. მერე და მერე უფრო გავიხსენი, ეს ჩემი ხატვის მასწავლებლის დამსახურება იყო. სამხატვრო სკოლაშიც ჩავაბარე, მაგრამ მაშინ უკვე მუსიკალურში ვსწავლობდი და რადგან იმ დროს მუსიკალური უფრო მოთხოვნადი იყო და დროები ემთხვეოდა, მუსიკალური ვარჩიეთ და სამხატვროს თავი დავანებე. მიუხედავად შვიდწლედის დამთავრებისა, მივხვდი, რომ მუსიკა ჩემი არ იყო.
– თოჯინები როდის გახდა თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი?
– სულ ვხატავდი, ვძერწავდი, მიყვარდა კერვა, ქსოვა – ამას ბებია მასწავლიდა. რვა კლასი რომ დავამთავრე, ზუსტად მაშინ გარდაიცვალა ჩემი ძმა. მაშინ სამედიცინოზე ვერ მოვახერხე ჩაბარება და როგორც გითხარით, მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმში ჩავაბარე, სადაც კერვა ძალიან კარგად ვისწავლე. შემდეგ ინსტიტუტში, ქიმიურ ფაკულტეტზე ჩავაბარე, რადგან სამედიცინოსთან იყო ახლოს. მესამე კურსზე მეორადად დიზაინის ფაკულტეტი ავირჩიე, თუმცა, ომიანობის პერიოდი დამემთხვა და სასურველი განათლება ვერ მივიღე. შემდეგ ბაღში და სკოლაში დავიწყე მუშაობა. ხელოვნებას ვასწავლიდი, წრეები მქონდა, ბავშვებს ვამუშავებდი. ყველაფერი აქედან დაიწყო. ათ წელზე მეტი წლის წინ მოსწავლეთა სასახლე ხშირად ატარებდა კონკურსებს, მათ შორის თოჯინების. ვცდილობდი, მათში ჩემს ბავშვებთან ერთად მიმეღო მონაწილეობა – სახალისო იყო მათთვისაც და ჩემთვისაც. იმდენად დამაინტერესა თოჯინებმა და ბავშვებიც ისეთი მონდომებულები იყვნენ, მათ რბილი, ხელზე წამოსაცმელი თოჯინები დავამზადებინე, დავამზადეთ დეკორაციებიც და სკოლაში თოჯინების თეატრი დავდგით, რომელიც კონკურსზე გავიტანეთ და გავიმარჯვეთ. შემდეგ სიღნაღში ვიყავით ფესტივალზე, მერე დაიწყო მიწვევები და მოგვეწონა ეს ყველაფერი. წარმატება მოგვიტანა ჩვენმა თოჯინებმა.
რამდენიმე წლის წინ საავტორო თოჯინების საერთაშორისო გამოფენაზე ვიყავი. მეთოჯინეები სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ ჩამობრძანებული. გამოფენა ფოლკლორის ცენტრში ტარდებოდა. იმდენად მომეწონა, გადავწყვიტე, რომ აუცილებლად უნდა მესწავლა და მეც დამეწყო ასეთი თოჯინების დამზადება. ამ სურვილმა მომიყვანა აქამდე. უკვე ექვსი წელია, რაც თოჯინებზე ვმუშაობ.
– თქვენი თოჯინები ძალიან დიდ ყურადღებას იმსახურებს და არა მხოლოდ საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც.
– საერთაშორისო გამოფენაზე, პრაღაში, ორჯერ ვიყავი. წაღებული მქონდა ჩემი თოჯინები. პირველად რომ ჩავედი, ახალი დაწყებული მქონდა თოჯინების დამზადება – სულ ერთი წლის, მეორედ შარშან ვიყავი. ორივეჯერ ძალიან სასიამოვნო იყო. პირველი ჩასვლისას ძალიან ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ჩემს ნამუშევრებს როცა უყურებდნენ, მეუბნებოდნენ, არ არსებობს, ეს საქმე ახალი ნასწავლი გქონდეთო, არ მიჯერებდნენ, რომ მე ეს საქმიანობა ახალი დაწყებული მქონდა.
– ბოლო პერიოდის ერთ-ერთ გამორჩეულ თოჯინაზე გვიამბეთ – ნანი ბრეგვაძის პორტრეტულ თოჯინას ვგულისხმობ, რომელიც თვითონაც უნახავს. როგორ შეაფასა?
– ეს ნამუშევარი გამოფენისთვის დავამზადე. თემა იყო „მოგზაურობა დროში“. თავდაპირველად „ჰოლივუდის“ მსახიობებზე ვფიქრობდი, მაგრამ მეგობარმა მირჩია, უკეთესი არ იქნება, თუ ქართველის თოჯინას შექმნიო და მაშინვე ნანი ბრეგვაძეზე ვიფიქრე. ის ყველანაირად დახვეწილი, ელეგანტური ქალბატონი და არაჩვეულებრივი მომღერალია. ამიტომ გადავწყვიტე, ამ კომპოზიციაში ქალბატონი ნანი ყოფილიყო და მისთვის ეს თოჯინა საჩუქრად გადამეცა. მისდამი ბავშვობიდანვე დიდი სიყვარული და პატივისცემა მაქვს და მიხარია, რომ ჩემი ხელოვნებით ამის გამოხატვის საშუალება მომეცა. ეს საკმაოდ რთული კომპოზიციაა. სცენა მაქვს გაკეთებული, სარკეებით შემოფარგლული, ქალბატონი ნანისთვის სტილი მისი 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან ავიღე.
რადგან თემა დროში მოგზაურობაა, მეორე ნამუშევრისთვის სტილი ახალგაზრდობის წლებიდან შევარჩიე, კონკრეტულად „ორერას“ პერიოდიდან. სცენაზე საათებია, რომელიც ცოტა ბუნდოვანი სურათებით მოვხატე, მოგონებების ეფექტი რომ ჰქონოდა – ეს მისი სასცენო მოღვაწეობის სხვადასხვა პერიოდს მოიცავს. როგორც ვთქვი, კომპოზიცია დროში მოგზაურობას ასახავს და მასში კიდევ ბევრი დეტალია ამ შინაარსის ხაზგასასმელად. დავუკავშირდი ქალბატონ ეკა მამალაძეს და ჩემი ნამუშევრის ფოტომასალა ვაჩვენე. ძალიან მოეწონა, ქალბატონმა ნანიმაც რომ ნახა, აღფრთოვანებული და ბედნიერი იყო.
– საერთოდ, თქვენი თოჯინები გამორჩეულია ხასიათით, ღიმილით, კომპოზიციების სირთულით... საკმაოდ დატვირთულია. როგორ იქმნება ეს ყველაფერი?
– როცა ნახატს ხედავ და თოჯინას მის მიხედვით აკეთებ, ეს უფრო მარტივია, მაგრამ როცა მხოლოდ ფანტაზიას მიენდობი, რთულია. ქალბატონი ნანის შემთხვევაშიც, უამრავი ჩანახატი და ესკიზი შევქმენი, უამრავი აზრი მქონდა და საუკეთესო გზას ვეძებდი. ჩემი პირველი შემფასებელი ჩემი მეუღლეა, ის ყოველთვის ძალიან საჭირო რჩევებს მაძლევს. ამ შემთხვევაშიც მეუღლის დახმარებით შევძელი კონსტრუქციის შექმნა. დიდხანს დავდიოდი ელიავაზე, ვეძებდი მასალებს, რადგან მათი შერჩევაც საკმაოდ რთულია. გაგიკვირდებათ, მაგრამ დაგვჭირდა „ტრუბაკვადრატი“, „სვარკა“ და ასე შემდეგ, ჩემი მეუღლეც ჩართულია პროცესში (იცინის). სიმართლე გითხრათ, ძალიან მიყვარს, როცა თოჯინას რაღაც თემის მიხედვით ვქმნი. მიყვარს ჩემი ფანტაზიებისა და იდეებისთვის ფრთების შესხმა. ეს რთულია, მაგრამ უფრო საინტერესო, ამიტომ თავს ბედნიერად მაგრძნობინებს. უბრალოდ ლამაზი თოჯინის დამზადება არ მიყვარს. ყველა თოჯინაში ვდებ ემოციას. კოვიდის შემდეგ შევქმენი თოჯინა „სულის ტკივილი“. მე მამა გარდამეცვალა კოვიდით. იმ პერიოდში ისეთი უძლური და უსუსური ვიყავი, ვერაფერს ვაკეთებდი. ბოლოს თოჯინის შექმნა დავიწყე. მისი საბოლოო სახე გამიზნული არ მქონია და თითქოს, თავისთავად, ამ თოჯინაში ჩემი შინაგანი განცდები გადავიტანე. ბოლოს რომ დავასრულე, თმა და საბოლოო დეტალები გავუკეთე, მივხვდი, რომ ეს თოჯინა მე ვიყავი. შინაგანი განწყობა ძალიან მოქმედებს და გადადის თოჯინაზე. ძალიან ბევრი თოჯინა მაქვს, რომელიც ჩემი სულის ანარეკლს წარმოადგენს, ჩემს სათქმელს ამბობს. როდესაც თოჯინებს ვამზადებ, ვაფიქსირებ ხოლმე, რომ რა ემოციაც მათშია, ჩემდა უნებურად, ზუსტად იგივე ემოციები მაქვს მეც სახეზე. დიახ, ძალიან მიყვარს რთული კომპოზიციების შექმნა. ბევრი ასეთი თოჯინა მაქვს. ამისთვის მიწევს ბევრი ინფორმაციის მოძიება, ქალბატონი ნანის თოჯინის შემთხვევაშიც ასე იყო, ბევრი წავიკითხე, ბევრს მოვუსმინე, რომ ეს შედეგი მიმეღო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან