როგორ მოხვდა ნინო ნადირაშვილი მსოფლიო კატალოგში და რამ მოუტანა მას განსაკუთრებული წარმატება
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:20 04.10

დიზაინერ ნინო ნადირაშვილის გზა ძალიან საინტერესოა. ის წინააღმდეგობებითა და სირთულეებით, მაგრამ იმავდროულად, მნიშვნელოვანი გამარჯვებებით არის სავსე.
ნინო ნადირაშვილი: როგორც დედა მეუბნება, ხატვა ხუთი წლიდან დავიწყე. რვა წლის ვიყავი, როდესაც უკვე ჩამოყალიბებული აზრი მქონდა მომავალ პროფესიაზე და ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი გზა ხელოვნებასთან იქნებოდა კავშირში. დავიწყე სახელოვნებო სამხატვრო სკოლაში სიარული, რამაც ჩემი მომავალი პროფესია განაპირობა. ნამუშევრები, რომელსაც ბავშვობაში ვქმნიდი, დიდი შთაგონებითა და მომავლის იმედით იყო ნასაზრდოები.
– ეს იყო 90-იანი წლები, როცა ხელოვნებას მაინცდამაინც არ აღიქვამდნენ შემოსავლის წყაროდ. შესაბამისად, მშობლებიც არასერიოზულად უყურებდნენ ჩემს სურვილს და მათგან მალულად ვაგრძელებდი საქმესო, წერდით სოციალურ ქსელში...
– 90-იანი წლების მიწურული იყო. იმ პერიოდში ხელოვნებას სერიოზულად არ აღიქვამდნენ. მეტიც, ეს სფერო სიღარიბესთან ასოცირდებოდა. ყველას ეგონა, რომ რასაც ვაკეთებდი, ის ვერ იქნებოდა ჩემი მომავალი პროფესია. მამა ხშირად წუხდა იმ ფაქტის გამო, რომ სკოლაში სწავლა არ მიყვარდა. განიცდიდა, ალბათ, ამისგან არაფერი გამოვაო, ვერ ვიტყვი, რომ მიზეზი არ ჰქონდა, რადგან უკონკურენტოდ ოროსანი ვიყავი (იცინის). არა იმიტომ, რომ ვერ ვსწავლობდი, უბრალოდ, არ მაინტერესებდა. რადგან არ ვსწავლობდი, ეს არ ნიშნავს, რომ არაფერს ვაკეთებდი. იმ პერიოდში თიხის ნაკეთობები იყო მოდაში. მაშინ საქართველოში ახალი შემოსული იყო იტალიური თიხა და საკმაოდ ძვირი ღირდა. რადგან დედა ჩემს ინტერესსა და ნიჭს სერიოზულად ვერ აღიქვამდა, მისი მხარდაჭერის იმედი ვერ მექნებოდა და გამოსავალი ბებიის ხელშეწყობით ვიპოვე. სოფლიდან ჩამოტანილი თიხით დავიწყე ჩემი პირველი ხელნაკეთი სამკაულების შექმნა. შექმნილი სამკაულები გავყიდე, დაგროვებული თანხით მეორადებში ძალიან იაფად ტანსაცმელი ვიყიდე, ზოგს სახელო მოვაჭერი, ზოგი ნაქარგით გავალამაზე და ისიც გავყიდე. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ამ ყველაფრის შადეგაც დაგროვილ თანხას ჩუმად ფეხსაცმლის ქუსლში ვინახავდი. მშობლებმა ჩემი „ბიზნესსაქმიანობის“ შესახებ არაფერი იცოდნენ, მე კი საკმაოდ დიდი თანხა მქონდა შეგროვებული და რომ ენახათ, ძალიან გაუკვირდებოდათ (იცინის). ეს თანხა კი ისევ ჩემს განვითარებას მოვახმარე: ვიყიდე ფუნჯები, ზეთის საღებავები და ასე შემდეგ. შემდეგ დავიწყე მოდელების ხატვა. ჩანახატების გაკეთება ჩემთვის ძალიან ორგანული გახდა.
– როცა პროფესია აირჩიეთ, ოჯახი წინააღმდეგი არ ყოფილა?
– არა, საბოლოოდ, დამთანხმდნენ. დაინახეს, რომ გზა, რომელსაც მივყვებოდი, ნამდვილად ჩემი იყო. ცაბაძის ხელოვნების სამხატვრო ფერწერის სასწავლებელი დავამთავრე. სკოლის დასრულების შემდეგ კი შერვაშიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ხატვა-მოდელირებაზე ჩავაბარე და ყველაფერი აქედან დაიწყო. იქ ბევრი ჩემნაირი ადამიანი აღმოვაჩინე. ყველა ჩემსავით, თავის ხელით შექმნილ ნივთებს ატარებდა. ზოგი ჩანთებს ქმნიდა, ზოგი – სამკაულებს და ასე შემდეგ. ეს გარემო ჩემი შთაგონებისთვის კიდევ უფრო სასარგებლო გახდა. ამ პერიოდიდან დავინტერესდი ლუნევილური ქარგვის ხელოვნებთ და ამ მიმართულებით დავიწყე თვითგანვითარება. ლუნევილური ქარგვის ტექნიკა არის მაღალი მოდის შემადგენელი მთავარი კომპონენტი, რომელსაც მოდის ლეგენდები იყენებდნენ, მათ შორის, შანელი, ივ სენ ლორანი, ვერსაჩე, არმანი და ასე შემდეგ.
– როდის მოვიდა აღიარება და დაიწყო მნიშვნელოვანი წარმატებები?
– მნიშვნელოვანი წარმატებები 2015 წელს დაიწყო. მაშინ პირველად მოვხვდი მსოფლიო კატალოგში. ეს იყო უკრაინული მსოფლიო კატალოგი Made heart.
ერთ-ერთმა ჩემმა გამომწერმა მომაწოდა ინფორმაცია, რომ მსოფლიო მასშტაბის კონკურსი ტარდებოდა. ნამუშევრების გაგზავნიდან ზუსტად ორ კვირაში დამიკავშირდნენ და მათთან ერთწლიანი თანამშრომლობა გავაფორმე. ერთი წლის განმავლობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყიდებოდა ჩემი ნამუშევრები. ამას აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა განვითარება, რადგან უამრავმა ადამიანმა გაიცნო ჩემი სამკაულები. ხელოვანზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. დღეს, სოციალური ქსელების ეპოქაში, ბრენდის განვითარებისთვის ბევრი საშუალება არსებობს და ვფიქრობ, მე ეს შესაძლებლობები კარგად გამოვიყენე. ამას შედეგად მოჰყვა მოდის ჩვენებებში მონაწილეობა, კოლექციების წარდგენა ფართო აუტიდორიის წინაშე და ასე შემდეგ. ასე რომ, ყველაზე დიდი წარმატება ლუნევილური ქარგვის ხელოვნების შემოტანამ მომიტანა. განსაკუთრებული აქტიურობა 2017-2018 წლებიდან დაიწყო და ჩემმა ნამუშევრებმა სოციალურ ქსელში ძალიან დიდი ბუმი გამოიწვია. ამ საქმიანობას დღემდე წარმატებით ვაგრძელებ. საქართველოში მე ვარ პირველი ადამიანი, ვინც ეს მიმართულება აქტუალური გახადა და დიდ მასშტაბებზე გავიდა. დღეს ძალიან ბევრი მოსწავლე მყავს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. შემიძლია, ამაყად ვთქვა, ვინც საქართველოში ამ ტექნიკას ფლობს, ნახევარზე მეტი ჩემი დახელოვნებულია და ჩემი მოწაფეები ძალიან მეამაყებიან.
– ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ დაიწყო პანდემია და რთული პერიოდი დადგა...
– ნამდვილად ასე მოხდა. იმ პერიოდში ქირით მქონდა სახელოსნო აღებული და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მე ის დავკარგე. საკუთარი სახლის სარდაფში ჩავედი და დავიწყე ონლაინკურსების შედგენა. უმოკლეს დროში წარმოუდგენლად ბევრი მსურველი შემომიერთდა. საქართველოს გარდა, მიკავშირდებოდნენ და სწავლის სურვილს გამოთქვამდნენ ამერიკიდან, გერმანიიდან, ირლანდიიდან, საფრანგეთიდან და ასე შემდეგ. თქვენ წარმოიდგინეთ, პანდემიის პერიოდშივე შევიძინე სტუდია, რომელშიც ჩემს არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად დღემდე ვმუშაობ. ჩემი კურსები კი დღემდე ძალიან მოთხოვნადია. იმის გახსენება, რომ მიზნის მისაღწევად სარდაფში განათებისა და გათბობის გარეშე ვმუშაობდი, დიდ ძალას მაძლევს. მაშინვე ვუთხარი ჩემს თავს, თუ ამ რთულ პერიოდს გადავიტან, მე ვეღარაფერი გამაჩერებს-მეთქი და მართლაც ასე მოხდა. დღეს მე და ჩემი გუნდი ერთად ვქმნით კოლექციას. ჩემთვის მთავარი მიზანი და ოცნება სამოსის საკუთარი ხაზის შექმნა იყო. ჩემს თავს ვეკითხებოდი: როგორ, როცა არ მაქვს შესაბამისი ფინანსები?! გავიდა დრო და ჩემი ცოდნის მოსწავლეებისთვის გაზიარებამ მომცა ამის შესაძლებლობა. დღეს უკვე ჩემს ნამუშევრებში ჩემივე მოსწავლეების ოქროს ხელები ურევია. ჩვენ ვქმნით უნიკალურ სამკაულებს და სამოსს, რომელსაც ჩვენვე ვაფორმებთ აქსესუარებით.
– თქვენს ნამუშევრებს საქართველოში უფრო მოითხოვენ თუ მის ფარგლებს გარეთ?
– როდესაც უმაღლესი კლასის სამოსს ქმნი, ყველგან მოთხოვნადია, მაგრამ ჩვენი ნამუშევრები, ღირებულების მიხედვით, სხვადასხვა ბაზრისთვის არის გათვლილი. შესაბამისად, საქართველოშიც არის მოთხოვნა და მის ფარგლებს გარეთაც. მე, ფაქტობრივად, ემოციას ვყიდი, რაც უამრავ ადამიანს იზიდავს და მინდა, მასშტაბები კიდევ უფრო გავზარდო.
ახლა ჩემი მთავარი გამოწვევა ბიზნესისა და ოჯახური ცხოვრების ერთმანეთთან შეთავსებაა, ამ მხრივ, ბალანსის მიღწევა საკმაოდ რთულია, მაგრამ მჯერა, რომ გამომივა.
– ოჯახზეც მოგვიყევით, მეუღლე როგორი მხარდამჭერია ამ პროცესში?
– მეუღლე ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. მართალია, ის სრულიად სხვა სფეროში საქმიანობას, მაგრამ თავადაც ხელოვანების ოჯახიდან არის, ბევრი რამ ესმის და ძალიან კარგ რჩევებსაც მაძლევს. ვამაყობ იმით, რომ ჩემს ზურგს უკან დგას ოჯახი, რომლისგანაც დიდი მხარდაჭერა მაქვს. მყავს ორი შვილი, უფროსი – ბიჭი, 16 წლისაა, უმცროსი – გოგონა 13-ის. ძალიან მიხარია, რომ ჩემი გოგონა დაინტერესებულია ხელოვნებით. უნდა, რომ ჩემს გზას გაჰყვეს, მილანში ისწავლოს და დიზაინერი გახდეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან