როგორ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება ნატალია პაპინაშვილმა და რით იყო გამორჩეული მისი ცხოვრება
ავტორი: ქეთი მოდებაძე 17:31 26.08
ქართველი მოცეკვავე და პედაგოგი ნატალია პაპინაშვილი (ბეჟანის ასული) თბილისში, 1944 წლის 24 აპრილს დაიბადა. მან პროფესიული განათლება თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მიიღო, რომელიც 1962 წელს დაასრულა. მისი მასწავლებლები იყვნენ ცნობილი პროფესიონალები: ვახტანგ ჭაბუკიანი, მარიამ ბაუერი, მარგარიტა გრიშკევიჩი და თამარ ვიხოდცევა.
ვახტანგ ჭაბუკიანმა დამწყები ბალერინის განსაკუთრებული ნიჭი ადრევე შენიშნა. მან ახალგაზრდა მოცეკვავეს ყოყმანის გარეშე მიანდო მთავარი პარტიები საკუთარ დადგმებში – „დემონსა“ და „რაფსოდია ბლუზში“. აღსანიშნავია, რომ ამ სპექტაკლებში ნატალია სცენაზე თავად ვახტანგ ჭაბუკიანს პარტნიორობდა, რაც იმ პერიოდისთვის უდიდესი მიღწევა გახლდათ.
1962-1968 წლებში ის იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი.
1965-1967 წლებში გაიარა სტაჟირება ლენინგრადის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, ნატალია დუდინსკაიასა და კონსტანტინ სერგეევის ხელმძღვანელობით.
ლენინგრადში სწავლის დასრულების შემდეგ ნატალია პაპინაშვილი მშობლიურ თბილისს დაუბრუნდა და წლების განმავლობაში წარმატებით გამოდიოდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე. გარდა ამისა, სხვადასხვა პერიოდში იყო ერევნისა და ყაზანის თეატრების საბალეტო დასების წამყვანი სოლისტი, ხოლო 1988 წელს ქუთაისის თეატრის ბალეტმაისტერ-რეპეტიტორის პოზიციას იკავებდა.
1980 წელს მას საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა.
ნატალია პაპინაშვილის საშემსრულებლო როლების ნუსხა მოიცავს როგორც ქართულ, ისე კლასიკურ მემკვიდრეობას:
ქართული რეპერტუარი: ჯავარა (დავით თორაძის „გორდა“), შველი (ბიძინა კვერნაძის „ქორეოგრაფიული ნოველები“), თამარი (სულხან ცინცაძის „დემონი“) და სხვა.
მსოფლიო კლასიკა: რიჩი (გერშვინის „რაფსოდია-ბლუზი“), ჩელიტა და ჰამზათი (მინკუსის „დონ კიხოტი“, „ბაიადერა“), ჟიზელი (ადანის „ჟიზელი“), ოდეტა-ოდილია (ჩაიკოვსკის „გედების ტბა“), კოპელია (დელიბის „კოპელია“), პასკუალა (კრეინის „ლაურენსია“), სარი (ყარა-ყარაევის „ქუხილის ბილიკით“) და სხვა.
თბილისის ოპერის თეატრის დასთან ერთად გასტროლებით არაერთ ქვეყანაში იმყოფებოდა, მათ შორის რუსეთში, პოლონეთში, უნგრეთსა და იაპონიაში.
აქტიური სასცენო კარიერის დასრულებიდან 25 წლის შემდეგ, ბალერინამ კვლავ მიმართა განათლების მიღებას და პეტერბურგში, „ალმა-მატერში“ პედაგოგ-ბალეტმაისტერის კურსი გაიარა.
1988-1990 წლებში სანქტ-პეტერბურგის ცეკვის აკადემიაში (ხელმძღვანელი ი. ტროფიმოვა) მიიღო პედაგოგის კვალიფიკაცია.
1990 წლიდან აქტიურად ჩაერთო პედაგოგიურ საქმიანობაში.
1995 წელს აირჩიეს უკრაინის ცეკვის აკადემიის პროფესორად.
მისი მოსწავლეებიდან მრავალი წარმატებული არტისტი, პედაგოგი და ხელოვნების სასწავლებლების ხელმძღვანელია (მათ შორის: ელენე გლურჯიძე, რობერტ რეფლინგი, სელინ კრაალი, ტრიშა კარტერი და სხვა).
საერთაშორისო აღიარება და ნორვეგიული პერიოდი
1990 წლიდან დაწყებული ნატალია პაპინაშვილს მუდმივად იწვევდნენ მასტერკლასების ჩასატარებლად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში: ამერიკის შეერთებულ შტატებში (1990-1992), ფრენსის ცინცერეტის მოწვევით ამსტერდამის ხელოვნების სკოლაში (ჰოლანდია, 1993), გერმანიაში (1995) და კანადაში (1999).
პარალელურად, 1990 წლიდან მისი ძირითადი სამუშაო ადგილი ოსლოს (ნორვეგია) ბალეტის სკოლაში რეპეტიტორობა გახდა. ის იყო პირველი პედაგოგი, რომელმაც ნორვეგიის დედაქალაქში კლასიკური ბალეტის სტუდენტებს ვაგანოვას ცნობილი მეთოდი გააცნო. ეს იყო მნიშვნელოვანი სიახლე ოსლოსთვის, სადაც საბალეტო ტრადიციები იმ დროისთვის პრაქტიკულად არ არსებობდა. სასწავლებელში 12-წლიანი მუშაობის შემდეგ, მოღვაწეობა „ბარდერ დანს აკადემიაში“ (Bårdar Academy AS) განაგრძო.
1997 წელს საზღვარგარეთ კლასიკური ცეკვის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა სერგეი დიაგილევის სახელობის რუსული დიპლომით.
ნატალია პაპინაშვილი 2020 წლის 6 მარტს, ქალაქ ოსლოში გარდაიცვალა. პანდემიის გამო შექმნილი ვითარების გამო მისი სამშობლოში გადმოსვენება ვერ მოხერხდა, რის გამოც იგი იქვე დაკრძალეს.
გამოყენებული მასალების წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი; on.ge; ნადარეიშვილი ლეილა. პაპინაშვილი ნატალია ბეჟანის ასული // ქართული ბალეტი /ლ. ნადარეიშვილი; http://www.nplg.gov.ge/.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




